„საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი პოლიტიკურ ჭრილშია გადასული“

„საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი პოლიტიკურ ჭრილშია გადასული“

იენს სტოლტენერგის განცხადებით, საქართველო მზად არის წევრობისთვის. ალიანსი თანხმდება, რომ საქართველოს სამხედრო შემადგენლობა მზად არის ნატო-ს წევრობისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, საქართველომ უნდა იცოდეს, ნატო-ს ყველა წევრი არ იქნება თანახმა, რომ საქართველო ერთ, ორ ან სამ წელიწადში გახდეს ნატოს წევრი. ლატვიის პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ ნატო იცავს გაფართოების პოლიტიკას, თუმცა საქართველოს წევრობას გარკვეული დრო დასჭირდება.

„ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ნატო-ს გაფართოების პოლიტიკას. თუ ქვეყანა აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს და თუ ეს შედის ნატო-ს ინტერესებში, ქვეყანა ხდება ნატო-ს წევრი. ჩვენ ასევე ყოველთვის ვამბობთ, რომ არ უნდა იყოს ქვეყნები ნატო-ს გარეთ, რომლებსაც ექნებათ ვეტოს უფლება, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრი არ იქნება თანახმა, თუ შევთავაზებთ, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი ერთ, ორ ან სამ წელიწადში.

ამ საკითხზე ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს მიღწეული კონსენსუსი, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, ეს არის როგორც თავდაცვისუნარიანობის განვითარება, ასევე პოლიტიკური რეფორმები, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ კარი არავისთვის, მათ შორის, არც საქართველოსთვის, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.

ანალიტიკოსების განცხადებით, თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ალიანსში გაწევრიანება.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ლატვიის პირველი დიპლომატი ცდილობს საქართველო შეაგუოს იმ რეალობას, რომელიც ალიანსშია.

„ამ განცხადებაში მოულოდნელი არაფერია. უკანასკნელი კვირეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ნატოში არის სერიოზული შფოთვა, რაც გამოწვეულია რუსულ-თურქული თუ „ისლამური სახელმწიფოს“ საკითხებით. აქედან გამომდინარე, რუსეთთან ურთიერთობის დამატებითი გამწვავება, ალიანსისითვის ნაკლებად მისაღებია, ვიდრე ეს იყო 2-3 თვის წინ.

შევეგუებით იმას, რასაც ჰქვია პარტნიორობის უფრო მაღალი ხარისხი და იმასაც ვისწავლით, რომ ზედმეტი ოპტიმიზმის გაღვივება, ყოველთვის ნეგატიურად გვიბრუნდება. თუმცა, საქართველო და ნატო, ეს არ იქნება ერთმანეთისგან დაშორებული ცნებები, ისინი მხოლოდ მიახლოვებაზე არიან ორიენტირებულნი“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მიხეილ დარჩიაშვილის განცხადებით, ის რეფორმები, რომელსაც საქართველო ალიანსში მიმავალ გზაზე ახორციელებს, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რაც ასევე ეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

„დღეს, სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან მაღალ დონეზე ვართ. საქართველო ალიანსთან მაღალი თავსებადობის დონეზეა, რომელიც თავისი ძალისხმევით ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კონტრიბუტორი ვიყოთ. ჩვენს მზადყოფნას სათანადოდ აფასებს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ სამხედრო თვალსაზრისით საქართველო ძალიან მაღალ დონეზეა.

ამდენად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი პოლიტიკურ ჭრილშია გადასული და ეს 28 წევრი ქვეყნის ხელმძღვანელების გადასაწყვეტია. საქართველოს ნატოში გაწევრიანება განამტკიცებს საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოებას, რაც პირდაპირ იმოქმედებს ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე“, - აღნიშნა მიხეილ დარჩიაშვილმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი თვლის, რომ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსეთის ქმედებები მეტყველებს, რომ რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტს ხელშეუხებელ პრინციპად აღარ მიიჩნევს. იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ვითარება ევროპაში ნაკლებად პროგნოზირებადი და სტაბილური გახდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთმა ნატო-ს საზღვრებთან სამხედრო აქტივობა მნიშვნელოვნად გაზარდა და მზად არის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალა გამოიყენოს.

„ჩვენს სამეზობლოში მზარდ არაპროგნოზირებადობაზე საპასუხოდ, ნატო-მ ყველა მოკავშირის დასაცავად თავდაცვითი ზომები მიიღო. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. ამასთანავე, ევროპაში გრძელვადიანი სტაბილურობის აღდგენა მოითხოვს ასევე, ევროპის უსაფრთხოების წესების მოდერნიზებას.

რუსული სამხედრო სწავლებების რაოდენობა ცივი ომის დასრულების შემდეგ უპრეცედენტოა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთმა 18 მოულოდნელი სამხედრო სწავლება ჩაატარა, ზოგიერთ სწავლებაში 150 000-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული.

ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთის საჰაერო და საზღვაო აქტივობის გაზრდას, რაც როგორც ჩანს, მეზობლების რეაქციის შემოწმების მიზნითაც კეთდება. სამხედრო სწავლების უფლება ყველა სახელმწიფოს აქვს, თუმცა რუსეთისგან განსხვავებით, ნატო სწავლებების გრაფიკს ყოველთვის ასაჯაროებს და იწვევს დამკვირვებლებს, მათ შორის რუსეთიდანაც“, - აღნიშნავს იენს სტოლტენერგი.