საქართველო პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია

საქართველო პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია

საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე რიგით მეოთხე ანგარიში 15 დეკემბერს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება ტექნიკური მხარე, როგორ შეასრულა საქართველომ VLAP-ით გათვალისწინებული საკითხები. ამ შეფასებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ევროკავშირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ.

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიში, რომელიც დეკემბერში უნდა გამოქვეყნდეს, ობიექტურ კრიტერიუმებს დაეფუძნება. როგორც ევროკომისარი აცხადებს, ევროპა დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას უპრეცენდენტო მიგრაციის სახით, მაგრამ ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება თავისუფალი გადაადგილებაა.

„ჩვენ ვამაყობთ შენგენის ხელშეკრულებით. ის არის ჩვენი ერთ-ერთი დიდი წარმატება“, - აცხადებს იოჰანეს ჰანი.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საშინაო დავალება შესრულებულია. ლატვიის პირველი დიპლომატი თვლის, რომ დასკვნა პოზიტიური იქნება და პოლიტიკური გადაწყვეტილებაც ასევე, პოზიტიური უნდა იყოს.

„საქართველომ გაატარა ყველა საჭირო ცვლილება კანონმდებლობაში, ყველა საჭირო სისტემა მუშაობს. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ საუბრების დროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, არავის უთქვამს, რომ არის რაიმე კავშირი საემიგრაციო კრიზისს ან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას შორის.

საქართველომაც და ევროკავშირმაც უნდა შეასრულონ საკუთარი დაპირებები, რაც არ უნდა მოხდეს. საბოლო ჯამში, პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მიიღონ, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვითხოვთ, რომ თუ ევროსაბჭოს დასკვნა იქნება პოზიტიური, პოლიტიკური გადაწყვეტილებაც უნდა იყოს ასევე პოზიტიური“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.

თუკი საქართველო დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, უნდა მიიღოს უვიზო მიმოსვლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველო მზად არის ეფექტიანად აითვისოს ის უნიკალური შესაძლებლობა, რასაც ევროკავშირთან გაღრმავებული ურთიერთობები გვაძლევს.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბატონი ჰანის წვლილს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ მზად ვართ, სრულად და ეფექტიანად ავითვისოთ ის უნიკალური შესაძლებლობა, რასაც ევროკავშირთან გაღრმავებული ურთიერთობები გვაძლევს. ამ პროცესში ევროკომისარი ჰანი აქტიურად გვეხმარება ჩვენ, საქართველოს მთავრობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთვის არის ნათლად გამოსახული და ეს არის ვიზალიბერალიზაციის პროცესი. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის რეალურად გავლენას მოახდენს თავისუფალი ვაჭრობის კონტექსტის გაღრმავებასა და მეტ კულტურულ კავშირებზე.

„ამ ნაბიჯებით ვიმოძრავებთ ჩვენ წინ, იმ საბოლოო პოლიტიკური მიზნისკენ, რომელიც ამ რეფორმების, ამ ძალიან რაციონალური და განსაზღვრული პოლიტიკის კონტექსტში საბოლოოდ საქართველოს მიიყვანს თავის ისტორიულ და გეოსტრატეგიულ მიზნამდე - ევროპის წევრობამდე.

მიუხედავად სირთულეებისა, რომელიც საქართველოს აქვს, ჩვენ აქტიურად ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდეც და ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესის წარმმართველი დოკუმენტი, რომელსაც ეფუძნება ჩვენი რეფორმები, გახდა ასოცირების ხელშეკრულება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მიიღებს თუ არა ევროკავშირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, იმ ფონზე, როდესაც ევროპა ტერორიზმის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე თვლის, რომ პრობლემები, რომლებიც ტერორიზმს უკავშირდება, არ აისახება და არ უნდა აისახოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გატარებაზე.

„ის პრობლემები, რომლებიც ტერორიზმს უკავშირდება და რომლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც, ჩვენ ვართ ევროპასთან და დემოკრატიულ მსოფლიოსთან ერთად, რა თქმა უნდა, არ აისახება და არ უნდა აისახოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გატარებაზე, ვინაიდან ეს არის ცალკე საკითხი, დაკავშირებული იმ სამოქმედო გეგმასთან, რომელსაც საქართველო ასრულებს და რომლის საბოლოო ანგარიშსაც ჩვენ ველოდებით 15 დეკემბრისთვის.

საქართველომ წარმატებით შეასრულა ეს სამოქმედო გეგმა. ასე რომ, ვფიქრობ, განხორციელებული რეფორმები და მიღწევები, რაც ჩვენ გვაქვს, ადეკვატურად იქნება შეფასებული. ამ საკითხს არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეებთან“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ევროკავშირი მუდმივად მარაგდება ნეგატიური ინფორმაციით საქართველოს შესახებ.

„ეს როგორც რუსული, ასევე მოგვწონს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ კვალია. რამდენადაც სამართლიანი არ უნდა იყოს ნაციონალების კრიტიკული ინფორმაცია, რომელსაც ისინი ავრცელებენ ევროპაში, რასაკვირევლია, ღრმა პატრიოტიზმის მიმანიშნებელი არ გახლავთ. სულსწრაფი პოლიტიკური ძალა, ხშირად მაჩანჩალას როლში აღმოჩნდება ხოლმე.

დღემდე საქართველო ევროპელების ცნობიერებაში გახლავთ მხოლოდ კავკასიასთანაც ასოცირებული, პლანეტის იმ სივრცესთან, სადაც არსებობს გაუთავებელი კონფლიქტები, და, რომ ამ რეგიონს მშვიდობიანი განვითარების პრესპექტივა არ გააჩნია. ამიტომ, კარგი იქნება თუ ევროპელების ცნობიერებაში საქართველოს შევუცვლით სავიზიტო ბარათს და არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ შავი ზვღის აუზის სახელმწიფოდ შევთავაზებდით საკუთარ თავს იმ ევროპელებს, რომელთაც აფრთხობთ რაიმე დამატებითი კომპონენტები, რომელიც შეიძლება დაემუქროს მათ უსაფრთხოებას“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.