საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის რუსეთში ვიზიტს დასავლეთი არცთუ დიდი მოლოდინით უყურებს. მიუხედავად იმის, რომ ოლანდმა კრემლში ოფიციალურ ვიზიტამდე შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან გამართა და გარკვეული კონსულტაციებიც მიიღო, დასავლეთი მაინც მიიჩნევს, რომ ეს არის ფრანსუა ოლანდის პირადი ვიზიტი, რომელიც მას შემდგომ არჩევნებზე წაადგება.
„ეს ვიზიტი პრინციპულად მნიშვნელოვანია საფრანგეთის პრეზიდენტისთვის, რათა დაანახოს თავის ამომრჩევლებს, რომ ის ყველაფერს აკეთებს პარიზის ტერაქტების შემდეგ.
იკვეთება პარალელები 2008 წელთან მიმართებაშიც, როდესაც საფრანგეთის მაშინდელი პრეიზდენტი ნიკოლა სარკოზი აქტიურად ჩაება რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ მედიატორად და გარკვეულ შედეგებსაც მიაღწია. რომ არ ჩარეულიყო სარკოზი, სიტუაცია ბევრად უფრო რთული შედეგებით დამთავრდებოდა, ან მინიმუმ, კიდევ დიდხანს გაიწელებოდა. სწორედ ამიტომ სურს ოლანდს სარკოზის გზის გამეორება, რათა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, სარკოზის აქტიური წინააღმდეგობა გაუწიოს“, - აღნიშნავს BBC-ისთან საუბარში საერთაშორისო საკითხებში რუსეთის საბჭოს გენერალური დირექტორი ანდრეი კორტუნოვი.
ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების მსგავსებასა და განსხვავებაზე საუბრობს კიდევ ერთი რუსი ექსპერტი, აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის დირექტორი ანდრეი ოკარა. ოკარას განცხადებით, ერდოღანიც და პუტინიც ავტორიტარული ორიენტაციის მმართველები არიან, ორივე ქარიზმატული ლიდერისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით გამოირჩევა და ორივეს სურს იყოს ნამდვილი ლიდერი რეგიონში.
„ორივე რაღაცით ჩამოჰგავს მუსოლინს - პოლიტიკური და სახალხო გამოსვლებით. თუმცა, არის პრინციპული განსხვავებაც - ისინი სხვადასახვა პოლიტიკურ სისტემებში მოქმედებენ. რუსეთში პუტინი შეუცვლელი და უალტერნატივოა.
თურქეთისთვის კი დასავლეთის დემოკრატიისთვის ხელისუფლებების ცვლაა დამახასიათებელი. ტერმინები „მემკვიდრე“- „მეორე მემკვიდრე“ - „მესამე ვადა“ თურქეთში უბრალოდ არ მუშაობს. ამით განისაზღვრება სწორედ თითოეული ლიდერის პოლიტიკური გადაწყვეტილების სიხისტე. ერდოღანს შეიძლება ხშირადაც სურს სხვანაირად ან უფრო ხისტად მოქცევა, თუმცა ხელისუფლების სისტემა ამის საშუალებას არ აძლევს. მაშინ, როცა ეს პუტინისთვის ჩვეულებრივი დღის წესრიგია“, - აცხადებს ოკარა.
Financial Times-ი კი დიდ სტატიას უძღვნის რუსეთის პრეზიდენტს სათაურით „როგორ არ უნდა ვიქონიოთ საქმე „დამცირებულ“ პუტინთან?“
ბრიტანელი მიმომხილველის ფილიპ სტივენსის აზრით, როდესაც რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ფონზე, პუტინს ძველებური მომხიბვლელობა დაკარგული აქვს, დასავლეთს შეუძლია პუტინს დააძალოს გადახედოს თავის პოზიციებს სირიაში, შემდეგ კი, სირიის კრიზისის დარეგულირების საქმეში აქტიური მონაწილეობა მიაღებინოს. ვაშინგტონი, ბერლინი და პარიზი არ უნდა ჩაერთონ სერიოზულ მოლპარაკებაში რუსეთთან, რადგან ეს სერიოზულ შედეგებს ვერ მოიტანს.
რა სურს პუტინს სინამდვილეში? - კრემლის ხელმძღვანელი მოინდომებს დასავლეთს სირიის დარეგულირების საკითხი უკრაინაზე გაცვალოს.
„თუ გავიხსენებთ მარგარეტ ტეტჩერის ფრაზას - „ახლა არ არის დრო კანკალის და ყოყმანის“. დასავლეთელმა დიპლომატებმა კი ზუსტად უნდა განსაზღვრონ თავისი მოქმედების პუტინთან. უპატიებელი შეცდომა იქნება სირიას მიებას უკრაინის საქმე“, - წერს გამოცემა.
„დროა, ზოგიერთმა რეგიონალურმა მოთამაშემ შეწყვიტოს ექსტრემისტების დაფანანსება“, - აცხადებს Daily Telegraph-თან საუბრისას რუსეთის ელჩი ლონდონში ალექსანდრ იაკოვნეკო და აღნიშნავს, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, რის შედეგადაც ერთ-ერთი პილოტი ტერორისტების ხელში აღმოჩნდა, დასავლეთის ალიანსისთვის დამახასიათებელ საშიშ რეალობას ავლენს.
„მუქარას, რომელიც სირიელ მშვიდობიან მოსახლეობას ემუქრება, ძველი ალიანსი ეფექტურად ვერ გადაწყვეტს. რუსეთმა კი, ამ დროს ზუსტი მოქმედების გეგმა დაუსახა დასავლეთს, როგორ უნდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა. მინდა განმარტება გავაკეთო - რუსეთი სულაც არ აპირებს სირიის საკითხი დაუკავშიროს სხვა რამეს, მაგალითად, უკრაინას“, - აცხადებს რუსი დიპლომატი.
კიდევ ერთ ბრიტანულ გამოცემა Times-ში აფიქსირებს თურქეთის პოზიციას პრემიერ მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ და აღნიშნავს, რომ მისი ქვეყნის სურვილი სულაც არ ყოფილა, რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა. პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებულ კომენტარებში აშკარად შემცირებულია აგრესია თურქეთის მხრიდან, აქცენტი კი ალიანსის ერთობლივ ქმედებებზეა გადატანილი.
„თურქეთმა გამოიყენა ქმედება, რომელიც მისი ქვეყნის ტერიტორიული უსაფრთხოებისთვის ფარგლებში ჯდება. ჩვებ ისევ ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის დაცვა, თუმცა ასევე ვაპირებთ თანამშრომლობას რუსეთთან“, -აღნიშნა დავუთოღლუმ.
თურქეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ახლა შესაფერისი დროა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სიმტკიცის და ერთიანობის გამოვლენის.
„ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, თურქეთის და სხვა დიდი სახელმწიფოებს შეუძლიათ სიტუაცია გადატეხონ წელში და გადატეხავენ კიდეც აუცილებლად“, - აღნიშნავს პრემიერ მინისტრი.