„ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა „რუსთავი 2“-ის ეთერიდან, თითქოს მე ვამბობ, რომ მომავალი წლიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები ემატებათ, მტკნარი ტყუილია და ნამდვილად არ შეეფერება ჟურნალისტურ ეთიკას“,- აცხადებს For.ge-სთან საუბარში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და განმარტავს, რომ ნაციონალების დროს სწორედ მის გამგეობაში მოკალათებული მაღალი თანამდებობის პირები ყოველთვიური გულუხვობით სამჯერ და მეტჯერაც იღებდნენ პრემიებს, მაშინ, როცა სოციალურად დაუცველი ხალხით ნაკლებად ინტერესდებოდნენ.
ჩუღურეთის რაიონის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ For.ge ჩუღურეთის რაიონის გამგებელს ზურაბ ჩიკვილაძეს ესაუბრა.
თქვენ ნაციონალების მძიმე მემკვიდრეობა გერგოთ წილად, როცა თანხები ძირითადად წინასაარჩევნო რეჟიმისთვის იყო მობილიზებული და კოორდინატორებისა თუ ზონდერების უზრუნველყოფას ხმარდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე რთული რაიონი ჩაიბარეთ სამართავად, სადაც სოციალურ სიდუხჭირეს დანგრეული შენობა-ნაგებობების მძიმე ფონიც ემატება. ამის მიუხედავად, როგორც ამბობენ, ერთნაირი ენთუზიაზმით მუშაობთ როგორც ისტორიული ძეგლების, ისე ჩვეულებრივი შენობების რეაბილიტაციაზე, სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დაცვასა და გზების მოწესრიგებაზე. რამდენად რთულია ამ რაიონის მართვა?
-47 წელია, ვცხოვრობ ჩუღურეთის რაიონში და როგორც იტყვიან თითოეული კენჭი, ხე და სახლი ვიცი. უკვე წელიწადი და სამი თვეა, ხელისუფლებაში ვართ, თვითმმართველობაში, და თავის საქებრად არ ვიტყვი, ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ გაკეთდა ქალაქში. სამწუხარო ის არის, რომ არცერთი მსხვილი სატელევიზიო საინფორმაციო საშუალება ჯეროვნად არ აშუქებს უამრავ დასრულებულ თუ მიმდინარე პროექტს და შესაბამისად სათანადოდ არ წარმოჩნდება ქალაქში გაკეთებული საქმე. თუმცა ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ რეალური შეხება გვაქვს მოქალაქეებთან, მათთვის ბევრ პროგრამას ვამუშავებთ და ამ პროგრამის ფარგლებში ვეხმარებით. მოსვლისთანავე მთლიანი ინვენტარიზაცია ჩაუტარდა ყველა სფეროს გამგეობის ფარგლებში. ერთ მაგალითს მოვიყვან და თქვენთვის ნათელი გახდება, რა მდგომარეობა დაგვხვდა გამგეობაში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სოციალურ განყოფილებაში არ ჰქონდათ ინფორმაცია, რამდენი მოსახლეობა იყო ჩუღურეთის რაიონში და, მათ შორის, რამდენი გახლდათ პენსიონერი, რამდენი- სოციალურად დაუცველი.
ეს გამიზნულად ხდებოდა, რათა სოციალურად დაუცველთა რეალურად მზარდი რიცხვი დაეფარათ?
-არა, იმდენად უმნიშვნელოდ მიაჩნდათ ეს ინფორმაცია, რომ არ აინტერესებდათ. მიფუჩეჩებული ჰქონდათ ადამიანებზე ზრუნვა, ისინი პიარზე იყვნენ ორიენტირებულნი. არადა, გამგეობის მოვალეობაა, იზრუნოს პენსიონერზე, ომის ვეტერანზე, მრავალშვილიან დედაზე, რომლის გარშემოც გამგეობა უნდა იღვწოდეს. სხვათა შორის, ინვენტარიზაცია ჩავუტარეთ ფულის ხარჯვის მიზანმიმართულებასაც, თუ რამდენად სწორად იყო ბიუჯეტი დაგეგმილი. აღმოჩნდა, რომ თვის განმავლობაში იყო შემთხვევები, როცა ძველ ხელისუფალთა წარმომადგენლებს ოთხჯერ და უფრო მეტჯერაც ჰქონდათ აღებული პრემიები. ეს თემა ძალზე აქტუალურია დღესაც და ქამრების შემოჭერის პოლიტიკას მისდევს ჩვენი ხელისუფლება. მთავრობის წევრები, პირადად ჩვენ და ჩვენი მოადგილეები პრემიებს არ ვიღებთ, პრემიებს იღებენ შედარებით დაბალი რანგის საჯარო მოხელეები, თუმცა ეს სიტყვა -„დაბალი რანგის მოხელე“ არ მიყვარს. უბრალოდ, ვგულისხმობ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ საქმის წარმატებისთვის. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს წახალისების სისტემა და ჩვენც კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ. ადამიანი, რომელიც როგორც ამბობენ 24 საათი მუშაობს, ოთხასი ლარის ოდენობის პრემია სამი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც რომ არ მისცე, სტიმულს დაკარგავს. კვალიფიცირებული მუშაკი კერძო სტრუქტურაში უფრო მეტ ანაზღაურებას ნახავს და წავა. ამაზეც უნდა ვიფიქროთ; მაგრამ დაუშვებელია ის მანკიერება, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე პრემიებს ყოველ თვე რომ იღებდნენ საკუთარი ფუფუნებისთვის და საკეთილდღეოდ. ნაციონალების დროს ბიუჯეტი მოქალაქეებისათვის არ იყო მორგებული. ამიტომაც არ იცოდნენ, რამდენი შეჭირვებული ადამიანი ცხოვრობდა ჩვენს რაიონში. ეს საკითხები ერთმანეთთან უშუალო კავშირშია.
როგორც ვიცი, ნაცვლად იმისა, რომ ნაციონალებისგან მიტაცებული და შემდეგ მათთვის ჩამორთმეული საბავშვო ბაღის გახსნის თემატიკით დაინტერესებულიყვნენ, ცალკეული ჟურნალისტები პრემიების საკითხმა ააღელვა. როგორია თქვენი არგუმენტი მათ საპასუხოდ?
- ეს მნიშვნელოვანი საკითხია და რაც ჩაიდინა „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა ეს იყო სიცრუის შეგნებული ტირაჟირება.ხშირად ჩემს თავს ვიჭერ იმაზე თუ რატომ მაქვს საერთოდ კავშირი ასეთი ტიპის ჟურნალისტებთან? ალბათ, მათთან ჩემი ურთიერთობა გამომდინარეობს მხოლოდ იმ ფაქტით, რომ ზოგადად ქართული ჟურნალისტიკისადმი დიდი პატივისცემა გამაჩნია.
გუშინ ადამიანები მოვიდნენ საბავშვო ბაღის გახსნის პრეზენტაციაზე. მინდა, მოსახლეობამ 132-ე საბავშვო ბაღის ისტორიის შესახებ იცოდეს. ვინც აღმაშენებლის გამზირთან ახლოს ცხოვრობს, ამ უბანშია დაბადებული და გაზრდილი, კარგად იცის, რომ 132-ე ბაღი ყველასთვის საყვარელი იყო, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, თუ არ ვცდები 2007 წელს, ნაციონალურმა მოძრაობამ დახურა. პარტიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ბავშვები, თავიანთ აღმზრდელებთან ერთად, გამოაძევეს საბავშვო ბაღიდან, დატოვეს ქუჩაში, სამაგიეროდ, იქ კომფორტული ოფისი მოიწყეს და ეს იყო ჩუღურეთის რაიონში ნაციონალური მოძრაობის შტაბი. იმ ბედნიერი დღის შემდეგ, 1-ელ ოქტომბერს, როცა მათი 9-წლიანი მმართველობა დასრულდა, პარალელურად, მიმდინარეობდა მუდმივი ბრძოლა საბავშვო ბაღის დასაბრუნებლად, რადგან არ თმობდნენ. ამ ბრძოლაში აქტიურობდა ჩვენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი-რიმა ბერაძე, ქალაქის მერი და ბევრი პოლიტიკოსი. ბაღის დაბრუნებისთანავე პროექტი შედგა და საბავშვო ბაღმა დაიბრუნა თავისი ეზოც, რომელიც უკვე სხვებს ქონდათ მისაკუთრებული. ერთ-ერთი ულამაზესი ბაღი მიიღო თბილისმა და ეს მნიშვნელოვანი დღე იყო ჩუღურეთის რაიონისთვის. ამ დროს მობრძანდნენ ზემოთ ხსენებული კონკრეტული არხის ჟურნალისტები და საერთოდ არ დაინტერესებულან ბაღის თემით, მათ მხოლოდ პრემიების თემა აინტერესებდათ. ერთმნიშვნელოვნად ვამტკიცებ, დღეს პრემიები ბევრად ნაკლებია და დარჩენილია მხოლოდ ქვედა რანგის მოხელის პრემირება, მისი შრომა-გარჯის შესაბამისად.
თქვენ ბრძანეთ, რომ ცდილობთ, დააფასოთ თქვენი თანამშრომლების ამაგი. ამ მოხელეების ღვაწლი როგორ აისახა თქვენს რაიონზე და ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად რას მიიჩნევთ?
-ლოკაციის თვალსაზრისით, თბილისში ერთ-ერთი უმძიმესი რაიონია ჩუღურეთი. არ არის პრობლემა დედამიწის ზურგზე, აქ არ იყოს კონცერტრირებული. მე, როგორც ჩუღურეთელმა, ვიცოდი ამის შესახებ. უმძიმესი სოციალური ფონია, განსაკუთრებით ზემო ჩუღურეთში, სადაც ბევრი ხევი და დამეწყრილი ქანია. ყოველდღიური შეხება გვაქვს ამ მაცხოვრებლებთან , ჩართულები ვართ კედლებისს აღდგენაში, ინფრასტრუქტურის მოწყობაში. ჩვენი მხრიდან ხალხისადმი დახმარება გაორმაგებულია. უფასო სასადილოები ახსენეთ და, როდესაც აქ მოვედი, ოთხი უფასო სასადილო დამხვდა ჩუღურეთის რაიონში. დოკუმენტებისა და განცხადებების ინვენტარიზაციის შემდეგ კი ვნახე, რომ დაახლოებით 800 ადამიანი თხოვდა გამგეობას სასადილოთი დაკმაყოფილებას.
რაოდენ პარადოქსულიც არ არის, სხვა რაიონებში მცხოვრები გაჭირვებული ადამიანები ნატრობენ, როდის გარდაიცვლება სხვა პენსიონერი, რათა მის ნაცვლად უფასო სასადილოს დახმარებით ისარგებლონ.
- ასეთი მდგომარეობა ნაციონალების დროს ჩვენს რაიონშიც ნამდვილად იყო. ახლა ჩუღურეთში ვითარება შეცვლილია. წარმოიდგინეთ, 800 ადამიანი მოლოდინის რეჟიმში ყოველდღიურ ვერმიშელის სუპსა და პურს ითხოვდა, რაიონის ბიუჯეტში ამის თანხები ჰქონდათ, მაგრამ წინა ხელისუფლება ჩუღურეთში დამატებით სასადილოს არ ხსნიდა. ჩვენ აგვისტოდან მოვედით და შესაბამისი შესყიდვის განხორციელების შემდეგ 25 სექტემბერს გავხსენით მეხუთე უფასო სასადილო. რა თქმა უნდა, პარალელურად ვზრუნავთ სოციალური შეჭირვების შესამცირებლად, რომ უფასო სასადილოებზე მოთხოვნა ნაკლებად იყოს და მეტი სტიმულირება ჰქონდეთ სხვა პროგრამებით. 26 ნოემბრის მონაცემებით, გამგეობის ეგიდით დაფინანსდა 4925 ადამიანიზე მედიკამენტები, 22 მშობიარობა, 270 ოპერაცია, 210 მკურნალობა, 200 გამოკვლევა, 850 ერთჯერადი ფულადი დახმარება.
თუ არის ისეთი პრობლემა, რასაც თქვენი რესურსებიდან გამომდინარე, ვერ აგვარებთ?
-ასეთი მზარდი ბიუჯეტი ჩვენს რაიონს აქამდე არასდროს ჰქონია. ამ ასიგნებების ფარგლეში ბევრი პროექტი განვახორციელეთ. მიუხედავად ამისა, რჩება პრობლემებიც, რომელთა მოგვარებაც დაწყებულია და 2016 წელს გაგრძელდება. თქვენ ჩუღურეთს იცნობთ და შენობების თითქმის 90 % ავარიული ან მძიმედ ავარიულია. ამიტომ ჩვენი ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ შენობების, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისთვის მიემართება. ამხანაგობასთან თანადაფინანსების პრინციპით, წელს ძველი თბილისური ტიპის 70 ეზო განახლდა და გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა. ასეთივე ტიპის დაახლოებით 170 ეზო მთლიანად გადაიხურა. ბევრ ეზოში საერთოდ არ იყვენენ შესულები, იქ გამოიცვალა წყალკანალიზაცია. თქვენ მკითხეთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვნი? ის, რომ ჩუღურეთის რაიონში არის ისეთი ქუჩები, სადაც 60-იანი წლების შემდეგ გზის საფარი არ შეცვლილა და ტროტუარი არ გამოცვლილა. მაგალითად, წელს შევედით ძალიან ლამაზ რომის ქუჩაზე, სადაც 70 წლის ქალბატონმა გვითხრა, რომ 60-ანი წლების დასაწყისში ბოლოჯერ იყვნენ გზის საფარის შესაკეთებლადო. დაახლოებით 42 ქუჩაზე განხორციელდა გზის საფარის შეცვლა, მოწესრიგება და ტროტუარის მოწყობა. ამ მხრივ გამოვარჩევ ტურგენევის, რომის, ბაქოს, ჭოროხის, სოსო და კოტე წერეთლების ქუჩას. აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მთლიანად გამოიცვალა ტროტუარები. თვალშისაცემია, როცა თბილისში
ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მაგრამ აქაც სირთულეს ვაწყდებით. ქუჩები თუ არ კეთდება, ბევრი გვიკიჟინებს, რატომ არ
კეთდებაო, ხოლო, როდესაც კეთდება, გადაადგილების საშუალება არ გვაქვსო. ამიტომ მოსახლეობას ასეთ დროს მეტი მოთმინება მართებს.
13 ივნისის სტიქია ჩუღურეთის რაიონსაც შეეხო?
-ღვთის წყალობით, ჩუღურეთის რაიონში მსხვერპლი არ ყოფილა, თორემ 112-ში პირველი ზარები ჩუღურეთის რაიონიდან შევიდა. მილიონ 520 ათასი გამოეყო ჩუღურეთის რაიონს სტიქიის გამო, 100-ზე მეტ მისამართზე ვასრულებთ გზის დამჭერი საყრდენი კედლების მოწყობას, ასევე, ვახდენთ სტიქიისგან დაზიანებული შენობების საყრდენი კედლების აღდგენას. 45 მისამართზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავები გამოიცვალა. რაც შეეხება ყველა ჩუღურეთელისთვის სასიხარულო ფაქტს, მომავალი წლიდან მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე დაახლოებით 45 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება მთლიანი რეაბილიტაცია და აღმაშენებლის გამზირი განახლდება და გალამაზდება. კიდევ ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს, აღმაშენებლის გამზირთან დაკავშირებით. ქალაქის ხელმძრვანელობასთან ერთად ვმსჯელობთ და განვიხილავთ აღმაშენებლის თბილისისთვის განსაკუთრებულ ზონად ჩამოყალიბების საკითხზე. კონკრეტულად თუ რა პროექტზეა საუბარი, ამას თბილისელებისტვის ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ.