შოთაძეს პროკურატურა ჩააბარეს, ბადაშვილს ფინანსურ პოლიციას ჩააბარებენ

შოთაძეს პროკურატურა ჩააბარეს, ბადაშვილს ფინანსურ პოლიციას ჩააბარებენ

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა, მისი წინამორბედი გიორგი ბადაშვილი კი, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ბადაშვილის ფინანსთა სამინისტროში გადაყვანა უკვე გადაწყვეტილია.

აღნიშნულ თანამდებობაზე ბადაშვილის წარდგენა როდის მოხდება, ამას მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, მაგრამ უმრავლესობა ბადაშვილსა და შოთაძეს წარმატებულ პროკურორებად მიიჩნევს.

უმრავლესობისგან განსხვავებით, შოთაძის მომავალ საქმიანობას ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს და ვარაუდობს, რომ ის მმართველი გუნდის ხელში პოლიტიკური ინსტრუმენტი იქნება.

როგორც for.ge-ს ნაციონალმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, პარლამენტის გადაწყვეტილება ისეთია, რომელსაც ფრაზა აგრესიულ-მორჩილი მოუხდებოდა. მისი თქმით, უმრავლესობა ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხელი სისხლში აქვთ გასვრილი და შოთაძე ამას ებრძვის, მაგრამ ის სინამდვილეში შერჩევით სამართალს ახორციელებს და ამ პროცესში მთავარი ფიგურაა.

„სამართლიანი სასამართლოს პრინციპი ირღვევა, რომელიც დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანს უნდა ადარდებდეს. მათი მიზანია, ანგარიში ოპონენტებს გაუსწორონ. ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების დევნას ახორციელებს, ხოლო შოთაძე და სხვები ამის ინსტრუმენტები არიან“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

კობა სუბელიანი კი, შოთაძეს წარულს უხსენებს და აცხადებს, რომ ის ქონების მთავარი ჩამომრთმეველი იყო. სუბელიანის მტკიცებით, „ელიტ ელეტრონიქსის“, „ალბატროსისა“ და „სონის“ საქმეებში შოთაძე მონაწილეობდა.

„შოთაძე ზუსტად იმ წლებში, იმ ორგანოებს ხელმძღვანელობდა, რომლებიც ე.წ. ჩამორთმევებს ახორციელებდნენ. ამ თემაზე, ჩვენ რაღაზე გვედავებით?!“, - განაცხადა სუბელიანმა, რომლის კითხვაზე კონტრკითხვა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას.

for.ge-სთან საუბარში ბესელია ინტერესდება, ნაციონალები ადასტურებენ თუ არა, რომ ქონების ჩამორთმევა და ხალხის დაწიოკება ხდებოდა? ბესელიას თქმით, ქონების წართმევა მაშინ დაიწყო, როცა შოთაძეს პროკურატურაში საპასუხისმგებლო პოსტი არ ეკავა და მისი, ან ბადაშვილის გვარი არც ერთ საქმეში არ ფიგურირებს.

„ნაციონალების მიერ საკითხის დაყენება არასწორი იყო. ისინი ქვეცნობიერად ადასტურებენ, რომ თურმე, რასაც ჩვენ ვამბობთ, მართალი ყოფილა“, - დასძენს ბესელია, რომელსაც კითხვით მივმართეთ - თუკი სამართლიანობის აღდგენის პროცესი სამ წელიწადში ბოლომდე არ მიიყვანეს, მომავალში მოსალოდნელი რა არის?

ბესელია აცხადებს, რომ პროცესი სწორედ ბადაშვილის დროს დაიწყო, მან ახალი დეპარტამენტი შექმნა, 21 ეპიზოდი გახსნილია და ამ დროისთვის, 2 მილიონი ლარის ქონება დაბრუნებულია.

„ვინც ნაციონალების დროს მუშაობდა, იმ ადამიანთა 80 პროცენტი კვლავ სამსახურს ინარჩუნებს და როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაყარა ყველა ქუჩაში, ასე არ მომხდარა. თუკი ამ პროცესს მივყვებით, მაშინ ათასობით ადამიანი ქუჩაში უნდა გავყაროთ. პროცესი უფრო სწრაფი ტემპით მიდის და ამ გუნდს მხარდაჭერა ამიტომ სჭირდება. მათ ის დაიწყეს, რაც ჩვენი დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა. გერმანია-ირლანდიამ ასეთი ძალადობრივი რეჟიმი და სისტემა გაიარეს და მათ დიდი დრო დასჭირდათ, რომ მოქალაქეთა უფლებების აღდგენა მომხდარიყო. სრულად ამ პროცესის აღდგენა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მოხდა. მასშტაბები იმდენად დიდია და ილუზია იმისა, რომ ამ პროცესს სამ წელში დავასრულებთ, ეს ადამიანების მოტყუებაა, მაგრამ პროცესი დაიწყო და სამართლიანობის აღსრულების მესამე ეტაპი მიდის“, - აცხადებს ბესელია.

კანონმდებელი ფიქრობს, რომ კბილაშვილი-ნაცვლიშვილის საქმიანობის დასაწყისში რაღაცეები არასწორად წარიმართა.

„ამ საქმეების გამოძიება დაიწყო, მაგრამ უცებ თაროზე შემოდეს. ეს რატომ მოხდა, არ ვიცი და ეს კითხვები მეც მიჩნდება. რაღაც ეტაპზე ეს პროცესი შეჩერდა. ბადაშვილის დროს კომიტეტისთვის ყველა თემა გაიხსნა. სანამ ქვეყანაში ის ადამიანები არსებობენ, რომელთაც პრობლემები აქვთ, კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ დინამიკას ვაკვირდები - როგორ მივდივართ. კომიტეტს პროკურატურასთან მუშაობის პროცესში არცერთი ბარიერი არ ჰქონია“, - აღნიშნავს ბესელია, რომლის პათოსს იზიარებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

როგორც for.ge-ს კობახიძემ განუცხადა, ნაციონალები შეეცდებიან, რომ შოთაძეს ყველანაირად ჩირქი მოსცხონ და პიროვნულად მისი დისკრედიტაცია მოახდინონ.

კობახიძის მოსაზრებით, ნაციონალების დროს საჯარო სამსახურში ბევრი ადამიანი მუშაობდა და თუკი, მათ ბიოგრაფიაში ისეთი რაღაც არ არის, რაც კითხვის ნიშანს გააჩენს, მათ უფლება უნდა ჰქონდეთ, რომ გარკვეულ პოზიციებზე იმუშაონ.

„თუკი საკითხს ასე მივუდგებით, მაშინ არც ერთი მოსამართლე და არც ერთი საჯარო მოხელე თავის ადგილზე არ უნდა დაგვეტოვებინა. თუკი პოსტებიდან გარკვეული პირების განთავისუფლება მოხდა, მაშინ დევნას გვაბრალებენ. ყველას თავისი ბიოგრაფია აქვს, ყველა თავის ქმედებაზე აგებს პასუხს. დანაშაულებრივ სისტემას ის ადამიანები ქმნიდნენ, რომლებიც დარბაზში სხედან. ისინი კითხვებს ადეიშვილსა და მერაბიშვილს არასოდეს უსვამდნენ და პრეტენზია სისხლის სამართლის საქმეებთან არ ჰქონიათ. მათ პასუხისმგებლობის მოხსნა სურთ და ჩადენილ შეცდომებს არც ერთი არ ინანიებს და ურცხვად, ხელს შოთაძისკენ იშვერენ, რაც ცინიკური ქმედებაა. ბობოხიძისგან დემაგოგიისა და ცინიზმის გარდა, არაფერს ველოდი. ყველამ პასუხი თავის ბიოგრაფიაზე აგოს“, - აცხადებს კობახიძე.

დეპუტატი ამბობს, რომ მას არასწორად ის მიაჩნია, რომ საპროცესო გარიგებები ბრალდებულებთან დაიდო.

„სამწუხაროდ, პირველი წლის მიმართ გარკვეული შენიშვნები და კრიტიკა გვაქვს, შეიძლება, ბევრი რაღაც არც მე მომწონს. ნამდვილად არ მომწონდა, რომ წამებაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს საპროცესო შეთანხმებები გაუფორმეს. ეს სასამარლომ დაამტკიცა და ამის რევიზიას ვერ მოვახდენდით. ეს პირად საუბარში შოთაძესაც ვუთხარი“, - დასძინა დეპუტატმა.

კობახიძის განცხადებით, მას საქმეების გამოძიების ტემპებთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა და იმედი აქვს, რომ შოთაძის შემართება და მონდომება საქმეების განხილვას დააჩქარებს და შედეგს გამოიღებს.

„ამ პროცესს ხელოვნურად ვერ დააჩქარებ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. დეპარტამენტში ისეთი არც ერთი პროკურორი არ არის, რომელსაც საქმეებთან შემხებლობა ჰქონდა. ზოგჯერ, ისეთი მექანიზმი იყო, როცა მოქალაქის მომართვის საფუძელზე პროკურატურაში განცხადებას ვაგზავნიდით, პასუხს ის პირი გვცემდა, რომელიც საქმეში იყო ხსენებული. ეს სისტემა კრიტიკას ვერ უძლებდა. პროკურატურამ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მიიღო. ყველაფერი ადამიანებზეა დამოკიდებული. ერთი ხელის მოსმით ყველას ვერ გაუშვებ, კადრების გადახალისება და მოზიდვა ხდება“, - განაცხადა კობახიძემ.

კანონმდებელი განმარტავს, რომ ქვეყნები არსებობს, სადაც სამართლიანობი აღდგენა ათწლეულები გრძელდებოდა.

„სამართალი ასე ადვილად, ორ-სამ წელიწადში მოსაპოვებელი არ არის. საქმეების ზღვა არსებობს და ათასობით საჩივარზეა საუბარი. ამას ვინ გაუმკლავდება? რომელი კომიტეტი ან პროკურატურა? ამ შემთხვევაში, ყველა სამინისტრო პროკურატურად უნდა გადააკეთო. ამას კადრები და ფინანსური რესურსი სჭირდება“, - დასძენს კობახიძე, რომლის მსგავსად, შოთაძის საქმიანობას იმედიანად უყურებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.

for.ge-სთან საუბარში ვოლსკი აცხადებს, რომ ნაციონალების განცხადებებში ყოველთვის დემაგოგიის დიდი დოზაა.

მისი თქმით, საქართველომ როდესმე სამოქალაქო თანხმობას უნდა მიაღწიოს.

„თუკი ადამიანი დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული არ იყო, საზოგადოების გახლეჩვა - იმ პერიოდში ვინ უშაობდა და არ მუშაობდა, მართალი არ იქნება. შეიძლება, ვიღაცას ის შეხედულება აღიზიანებს, რომ ერთი ჯგუფის მარგინალიზაცია უნდა მოხდეს. საზოგადოება ერთმანეთთან დაპირისპირებული არ უნდა იყოს. შოთაძე აქამდე თავისი პერსონალური მონაცემებით მოვიდა და ეს ის ადამიანი იქნება, რომელიც სისტემას გამოადგება. თუკი პირიქით მოხდება, მისი პოსტიდან გადაყენების მექანიზმი არსებობს. მთავარია, რომ მან წესიერად იმუშაოს. მთავარია, ადამიანს დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, ის შოთაძე იქნება თუ სხვა. დაპირისპირებებით ხალხი დავღალეთ“, - დასძინა ვოლსკიმ.

რაც შეეხება შოთაძეს, ის პარლამენტმა 82 მომხრე ხმით, 15-ის წინააღმდეგ პოსტზე ექვსი წლის ვადით დანიშნა. შოთაძე პირობას დებს, რომ ე.წ. სამართლიანობის პორცესს ბოლომდე მიიყვანს და პროკურატურის რეფორმირების გაგრძელებს.