„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე „პილატე პონტოელად“ შერაცხულია, „თავისუფალი დემოკრატები“ მომავალ მბრალდებელს „შნოსა და ლაზათს“ უწუნებენ, მმართველი გუნდი კი, საკუთარი ფავორიტის ნერვიული სისტემით აღფრთვანებულია და მის მხარდაჭერას გეგმავს.
საქართველოს პარლამენტში ირაკლი შოთაძის სტუმრობა დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა, რომელიც შენობის შიგნით და გარეთ აქცია-პერფორმანსის ფონზე დაიწყო და ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
დღის პირველ ნახევარში, შოთაძეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა უმასპინძლეს, მოგვიანებით კი, მას ნაციონალები და „თავისუფალი დემოკრატები“ ფრაქციების ფორმატში ცალ-ცალკე შეხვდნენ.
უმცირესობის სხდომა ნაციონალების მხრიდან იმის გარკვევით დაიწყო, შოთაძეს - შოთა ერქვა თუ ირაკლი, ხოლო „თავისუფალი დემოკრატებისა“ და კომიტეტების სხდომაზე აქცია-პერფორმანსი ჟურნალისტმა, ბუბა ჩივაძემ და „მომავლის იმედის“ ხელმძღვანელმა, თამარ ხაჭაპურიძემ დადგეს. ჩივაძემ ოჯახისთვის ქონების ჩამორთმევა ხელში პლაკატით გააპროტესტა, ხოლო ხაჭაპურიძემ ჩვილი ბავშვების საზღვარზე უკანონო გადაყვანა ხმაურით გამოხატა, სხდომაზე შეიჭრა და პროკურატურას საკითხით დაინტერესება კიდევ ერთხელ მოსთხოვა.
მას შემდეგ, რაც ხაჭაპურიძემ ვახტანგ ხმალაძისა და ეკა ბესელიას რეკომანდაცია გაითვალისწინა და სხდომის დატოვებას დარჩენა ამჯობინა, შოთაძემ გამოსვლა გააგრძელა და ყურადღება საკუთარ პრიორიტეტებზე გაამახვილა.
მომავალმა მთავარმა პროკურორმა საკუთარ მიზნად - ე.წ. სამართლიანობის აღდგენა, უწყებისთვის ნდობის ამაღლება და უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებაზე შექმნილი დეპარტამენტის გააქტიურება დაასახელა.
შოთაძის განცხადებით, მისი მთავარ პროკურორად არჩევის შემთხვევაში, პროკურატურა გაცილებით უფრო გამჭირვალე, დამოუკიდებელი და განვითარებული სტრუქტურა გახდება, რომელსაც სრული მხარდაჭერა ექნება როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების.
შოთაძე გამოსვლისას უწყებაში გასატარებელ რეფორმებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უწყების ხელმძღვანელობას უსიტყვოდ მორჩილი პროკურორები არ სჭირდება.
„ჩვენი მიზანია, უწყებაში პასუხისმგებლობის მქონე, დამოუკიდებელი პროფესიონალი კადრები გვყავდეს“, - დასძინა შოთაძემ.
მომავალმა მბრალდებელმა საკუთარ გეგმებზე საუბრისას განსაკურებული აქცენტი ე.წ. სამართლიანობის აღდგენაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაში ჩართულნი იყვნენ ყოფილი თანამდებობის პირები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი და მინისტრები.
„ბევრი ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს და საერთაშორისო დონეზე, სხვადასხვა ფორმით პროკურატურის პოლიტიკურ მოტივებზე ეჭვები გამოითქვა. პროკურატურის გამოწვევა ამ ეჭვების გაქარწყლება იქნება. მართალი გითხრათ, ამ საქმეებს პოლიტიკურ დევნასთან შეხება არ აქვს, რადგან სახეზეა კრიმინალი, რომელზეც ადეკვატური პასუხის გაცემა პროკურატურის ვალდებულებაა“, - დასძინა შოთაძემ, რომელმაც ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის ბოლომდე მიყვანის პირობა დადო.
მეორე პრიორიტეტულ საკითხად შოთაძემ პროკურატურაში შექმნილი დეპარტამენტის გააქტიურება მიიჩნია და აღნიშნა, რომ დეპარტამენტის რესურსი გაიზრდება და ყურადღება მიექცევა არა მხოლოდ ქონების უკან დაბრუნებას, არამედ ძალადობრივი ქმედებების გამოძიებას.
„ქონების დაბრუნება აქტიურად მიმდინარეობს და ეს შეუქცევადი იქნება. შეიძლება, ვიღაც ჩვენი ტემპით უკმაყოფილოა, მაგრამ მტკიცებულებები მოსაგროვებელია და ეს დროს საჭიროებს“, - აღნიშნა მომავალმა მთავარმა პროკურორმა, რომელმაც უწყების გამჭვირვალეობის პირობა დადო და ნდობის მოსაპოვებლად მუშაობის გააქტიურება დაანონსა.
მას შემდეგ, რაც შოთაძემ საკუთარ გეგმებზე საუბარი დაასრულა, მას უმრავლესობის წევრებმა კითხვებით მიმართეს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი სკანდალური კადრების გავრცელების საკითხით დაინტერესდა, რაზეც მთავარი პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ კადრების გავრცელების თაობაზე, საქართველოში უკრაინის სამართალდამცავი ორგანოებიდან პასუხები ამ დრომდე არ მოსულა, თავად კადრები კი, წინა ხელისუფლების პირობებშია გადაღებული, რომელიც ე.წ. კასრების სისხლის სამართლის საქმის ნაწილია.
ვოლსკის გარდა, შოთაძეს კითხვებით ანი მიროტაძემ მიმართა, რომელმაც გახმაურებულ საქმეებზე პროკურატურის მუშაობის ტემპი დაიწუნა და მან პასუხები ეროსი კიწმარიშვილის, ბარბარე რაფალინაცის საქმეებზე მოითხოვა.
მიროტაძის საპასუხოდ, შოთაძემ განმარტა, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმის ძიება ბოლოშია გასული და ფაქტობრივად ყველა საგამოძიებო მოქმედება ამოწურულია.
მისი ცნობით, როგორც კი პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქმეში არსებულ ყველა მასალას გაასაჯაროებს.
„სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მასალა და მტკიცებულება კიწმარიშვილის ოჯახს გადაცემული აქვს და ისინი სრულად ინფორმირებულნი არიან“, - დასძინა შოთაძემ, რომელმაც ბარბარე რაფალიანცის სისხლის სამართლის საქმის საწყის ეტაპზე დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა და თქვა, რომ დადგენილი არ არის, რა მოხდა რეალურად.
მომავალი მთავარი პროკურორის მოსაზრებით, რაფალიანცის საქმეში თვალში მოსახვედრია გამოძიების საწყის ეტაპზე გამოვლენილი არაკვალიფიციურობა.
„პირველი, რაც ამ საქმის გაცნობისას თვალში მომხვდა, არაკვალიფიციურობა იყო. შესაძლებელი იყო დნმ-ის კვალის აღება და მთელი სხვა რიგი კვალის აღება, რაც არ გაკეთებულა. ასევე ქვევრიც კვალიფიციურად არ არის დათვალიერებული. იქედან ამოღებულ საგნებზე შესაბამისი ექსპერტიზა დროულად არ არის ჩატარებული. ეს რაფალიანცის სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი შედეგის მიღებას ძალიან პრობლემატურს ხდის“, - განაცხადა შოთაძემ. მომავალი პროკურორი „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის სხდომაზე 28 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა და ამისთვის ბოდიშიც მოიხადა. სხდომაზე მთავარი პროკურატურის მუშაობა განსაკუთრებით გიორგი ცაგარეიშვილმა გააპროტესტა და შოთაძეს შნო და ლაზათი დაუწუნა.
ცაგარეიშვლის განცხადებით, ამ დრომდე, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენების გამოძიება არ მოხდა, რაც დაუშვებელია.
„თუ საქმის დასრულების შნო და ლაზათი არ გაქვთ, საქმეს რატომ იწყებთ? 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციები მხოლოდ მიშამ და ვანომ დაარბიეს? ეს აქციები სად დაიგეგმა, მასში ვინ მონაწილეობდა და ყაზარმებიდან ჯარი ვინ გამოიყვანა? ამას გარდა, კობა დავითაშვილი ვინ სცემა? დარწმუნებული ვარ - იცით. ასევე ჩემი კოლეგა ზურაბ აბაშიძე რატომ არ დაკითხეთ და მისი ცემის ფაქტი ბოლომდე რატომ ვერ მიიყვანეთ? - აბაშიძის ცემის კადრებში უამრავი ის ნაძირალა და ზონდერი მონაწილეობს, რომლებიც დღეს, ძალოვან უწყებებში მუშაობენ. იმ ადამიანებს ხელს რატომ აფარებთ, ვინც ჩვენს სხეულებზე იპარპაშეს? - ზოგიერთი პროკურორი, რომელიც დამნაშავეა, მოსამართლე გახდა და ეს საქმეები ბოლომდე მიიყვანეთ“, - მიმართა ცაგარეიშვილმა შოთაძეს.
ცაგარეიშვილის მსგავსად, შოთაძეს კითხვით ირაკლი ჩიქოვანმაც მიმართა, რომელიც დაინტერესდა, მთავარი პროკურორის პოსტის ისევ დაკავების სურვილი გიორგი ბადაშვილმა რატომ არ გამოხატა. შოთაძემ ბადაშვილის გადაწყვეტილება „პროკურატურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს დაუკავშირა და არც ის დააკონკრეტა, მისი წინამორბედი საქმიანობას სად გააგრძელებს.
გიორგი ბადაშვილის საკითხის გარდა, შოთაძეს პასუხების გაცემა ოთარ ფარცხალაძეზეც მოუწია, თუმცა, მას ამ კითხვებით ნაციონალებმა მიმართეს. უმცირესობის ფორმატში, გოკა გაბაშვილი დაინტერესდა, გერმანიაში ქურდობაში ბრალდებულ ფარცხალაძეს მთავარი პროკურორის პოსტის დაკავების უფლება ჰქონდა თუ არა და შოთაძე ისევ მეგობრობს თუ არა მასთან. შოთაძემ ფარცხალაძესთან მეგობრობა დაადასტურა, მაგრამ პროკურატურაზე მისი გავლენები კატეგორიულად უარყო. მომავალი მთავარი პროკურორის ცნობით, ფარცხალაძე ღირსეული ადამიანია.
„ეს ადამიანი საჯარო სამსახურში აღარ არის, მაგრამ მისი მისამართით მსგავსი განცხადებები კვლავ ისმის. ჩემს მეგობარზე გული შემტკივა და სამწუხაროა, რომ ეს ამ ფორმატში განსახილველი საკითხია. ისეთი მეგობრები არ მყავს, რომლებიც დანაშაულს სჩადიან. თუკი ჩემი მეგობარი დანაშაულს ჩაიდენს, რეაგირებას მოვახდენ“, - განაცხადა შოთაძემ, რომელიც ნაციონალებმა სიცრუის დემონსტრირებაში დაადანაშაულეს და მოუწოდეს მათ თვალებში ნაცარს ნუ აყრიდა.
ნაციონალების რეპლიკებს შოთაძე მოთმინებით შეხვდა, რომელსაც თათუხაშვილის საქმეზე ვაშაძე-მინაშვილი დაუპირისპირდნენ. მინაშვილმა შოთაძეს „საღი აზრის“ ნაკლებობა შეამჩნია, ხოლო ვაშაძემ მომავალ მბრალდებელს სისხლის სამართლის კოდექსზე ლექციის წაკითხვა შესთავაზა.
შოთაძემ ვაშაძეს განუმარტა, რომ მას საგამოძიებო ორგანოში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა.
„ბატონო გიორგი, ადამიანი ხმამაღლა რომ საუბრობს, ეს არ ნიშნავს, რომ სიმართლეს საუბრობს“, - მიმართა ვაშაძეს შოთაძემ, რასაც ნაციონალების სიცილი და ტაში მოჰყვა.
თანაგუნდელების მსგავსად, გიორგი თევდორაძემ შოთაძეს პასუხები ოპოზიციონერი დეპუტატების ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეებზე მოსთხოვა და დაინტერესდა, „რა უფრო მძიმე დანაშაული იყო - თაქთაქშვილის ცხვირის გატეხვა თუ ლორთქიფანიძისთვის პიჯაკის შემოხევა?!“.
შოთაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ მოყვანილი ორივე ფაქტი დაგმო და აღნიშნა, რომ ყველას ბრალი წარდგენილი ჩადენილი ბრალდების შესაბამისად აქვს.
საპარლამენტო უმცირესობის სხდომის დასასრულს, ნუგზარ წიკლაურმა შოთაძე - პონტოელ პილატედ შერაცხა, გივი თარგამაძემ ის პოსტისთვის შეუფერებელ პირად მიიჩნია და მას „ხელისკაცის, ხელისკაცი“ უწოდა, ხოლო ირმა ნადირაშვილი შოთაძის ბინით დაინტერესდა.
თავის მხრივ, შოთაძემ წიკლაურის რეპლიკა საინტერესოდ შეაფასა, თარგამაძის კომენტარი უპასუხოდ დატოვა, ხოლო 83 კვადრატული მეტრი ბინის ჯერ ყიდვის და შემდეგ გაყიდვის ფაქტი დაადასტურა.
ნუკრი ქანთარიამ შოთაძეს ნაციონალების შეხვედრაზე გამოჩენილი მოთმინების გამო, ნერვიული სისტემა შეუქო.
ქანთარიას თქმით, გამოჩნდა, რომ ნაციონლებს შოთაძის პროკურორობა აშინებთ.
„მცდელობები იყო იმისა, რომ თავიანთი აქტიურობით იმ დანაშაულების გადაფარვა მოეხდინათ, რომლზეც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. საქმეების ბოლომდე მიყვანაზე, გარკვეული კომპლექსები ხომ არ გექნებათ? რა იქნება თქვენი მკვეთრი ნაბიჯი?“, - მიმართა შოთაძეს ქანთარიამ.
შოთაძემ ქანთარიას საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა მის საქმიანობას ვერ შეაფერხებს.
ქანთარიას მსგავსად, ე.წ. სამართლიანობის აღდგენის ბედით უმრავლესობის სხვა წევრებიც დაინტერესდნენ. პაატა ბარათაშვილმა ამომრჩევლების გზავნილი გააჟღერა და იკითხა, პროკურატურაში ბევრი ისეთი ადამიანი რატომ მუშაობს, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს არასამართლიანი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული.
შოთაძემ განმარტა, რომ პროკურატურაში შესაბამისი დანაყოფები არსებობს, რომლებიც ნებისმიერ გადაცდომაზე რეაგირებას ახდენენ.
ბარათაშვილისგან განსხვავებით, პროკურატურის ტემპის თაობაზე უკმაყოფილება გელა სამხარაულმა გამოხატა და აღნიშნა, რომ გამოძიებები ჭიანურდება, რის გამოც დამატებითი კადრების მოზიდვა უნდა მოხდეს.
გამოსვლისას ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე იმ საქმეების ბედით დაინტერესდა, სადაც მოწმეებისგან ცრუ ჩვენებები ზეწოლის შედეგად მიიღეს.
„ჩვენებები მოწმეების წამებით მიიღებოდა. ამ საქმეებს, რა ბედი ეწევა? არის თუ არა პერსპექტივა, რომ ამ ადმაიანებმა რეალური ჩვენება მოგცეთ და არის თუ არა პერსპექტივა ამ საქმეების გადასინჯვის? - ეს ტვირთი თქვენზეა, რადგან ეს საქმეები სასამართლომდე ვერ მიდის“, - მიმართა შოთაძეს კობახიძემ. მომავალმა მბრალდებელმა კი განმარტა, რომ მაშინდელი მართლმსაჯულების სტანდარტი არასამართლიანი და სისტემა უსამართლო იყო.
რაც შეეხება 26 მაისის საქმეს, ამ საქმის ბოლომდე მიყვნა პარლამენტის ტრიბუნიდან აქციის მონაწილე ლუკა კურტანიძემ მოითხოვა.
„არ უნდა დამკვიდრდეს, რომ დანაშაული ვინც ჩაიდინა, მას ეს შერჩეს. 26 მაისი გამოსაძიებელია და საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. იმ ტრაგიკული ღამის მონაწილე ვარ. დაუშვებელი დანაშაულებები მოხდა“, - მიმართა კურტანიძეს შოთაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „იმ ავადსახსენებელ დღეზე პასუხი გაცემული კანონის სრული სიმკაცრით იქნება“.
პარლამენტი მთავარი პროკურორის პოსტზე გადაწყვეტილებას ხვალ, ფარული კენჭისყრით მიიღებს. შოთაძეს პოსტზე დანიშვნისთვის 76 დეპუტატის ხმა დასჭირდება და ვინაიდან, ფარული კენჭისყრა ჩატარდება, მომავალი მთავარი პროკურორი იმას ვერ დაადგენს, მის წინააღმდეგ მწვანე-წითელი ღილაკი ვინ გამოიყენა.