„თავის დროზე კონსულტაციები გვქონდა - ივანიშვილი -პრემიერად, ბურჭულაძე-საპრეზიდენტო კანდიდატად“

„თავის დროზე კონსულტაციები გვქონდა - ივანიშვილი -პრემიერად, ბურჭულაძე-საპრეზიდენტო კანდიდატად“

„მე და პაატა ვცდილობთ, პაატა დარჩეს აპოლიტიკური. მას არ აქვს სურვილი, პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს და ეს ჩემთვის გასაგებია“, - განაცხადა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილმა და იმ პერიოდში მისთვის შეუცვლელ - გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

დღეს კი პაატა ბურჭულაძესთან პოლიტიკა „თავად მივიდა“ და მისმა მოულოდნელმა არჩევანმა საფიქრალი გაუჩინა როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. მედიაში კითხვები მრავლადაა, ხომ არ არის პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის პროექტი? ან კიდევ, მსოფლიო ბანის პოლიტიკაში გამოჩენამ საძირკველი ხომ არ შეურყია „ქართულ ოცნებას“?
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე პაატა ბურჭულაძის ხელისუფლებაში მოსვლას საეჭვოდ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ბურჭულაძე ივანიშვილს ვერ ჩაანაცვლებს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი აცხადებს, რომ სახელს -პაატა ბურჭულაძე, შეუძლია ფინანსების გარკვეული დონის აკუმულირება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ბურჭულაძის გარშემო სრული კოლაფსია და ის პიროვნებები, რომლებიც ამ ახალი პოლიტიკური პროექტის დიდ კონსტრუქციად უნდა იქცნენ, ვერ ტოვებენ საზოგადოებაში დიდ ენთუზიაზმს.

პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მსოფლიო ბანს უწინასწარმეტყველებს, რომ პოლიტიკაში მოსვლა პაატა ბურჭულაძეს მიწასთან გაასწორებს. მისი აზრით, საქართველოში ერთი პიროვნება მაინც უნდა დარჩეს, რომელმაც ქველმოქმედება გააკეთა ქველმოქმედებისთვის და, სამაგიეროდ, პოლიტიკური აღიარება არ მოითხოვა, ვინაიდან, არ ჩანს ისეთი ადამიანი, რომელმაც ტაძარი ააშენა და შემდეგ პოლიტიკოსობა, დეპუტატობა, ან პრეზიდენტობა არ მოითხოვა.

For.ge-სთან საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ერთადერთი, ვისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს ბურჭულაძე, ეს „ქართული ოცნებაა“. მსოფლიო ბანი ვერ გადაიბირებს ვერც „ნაციონალების“ და ვერც ნინო ბურჯანაძის მომხრეებს, შესაბამისად, მისი ბაზა არის „ქართული ოცნების“ ელექტორატი და უფრო მნიშვნელოვანია ის ელექტორატი, რომელიც დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“.

პაატა ბურჭულაძემ მომავალი წლის საკონცერტო კონტრაქტები გააუქმა. ის მზადაა, ქვეყნის გარეთ გამართოს შეხვედრები, თვლის, რომ უსმენენ და უკმაყოფილოა ამ ხელისუფლების მუშაობით. ბიძინა ივანიშვილთანძალიან კარგიურთიერთობის მიუხედავად, მსოფლიო ბანს არ მოსწონს, როცა მთავრობა ამბობს, ყველაფერი კარგადააო. არადა, სიტუაცია შესაცვლელია და ამაზე უმოქმედობა არ შეიძლება. ახლო წარსულშიც იყო დრო, როცა პოლიტიკური უმოქმედობა მართლაც არ შეიძლებოდა, მაგრამ ეს ნაბიჯი პაატა ბურჭულაძემ მაშინ არ გადადგა. თქვენი აზრით, ახლა რატომ უნდა გადაეწყვიტა მსოფლიო ბანს პოლიტიკაში მოსვლა?

- დიდი ხანია, პაატა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეულ როლს თამაშობდა. ის წარმატებული იყო თავის პროფესიაში, ქველმოქმედებას ეწეოდა თავისი ფონდის მეშვეობით, ინტეგრირებული იყო ამ პროცესში და მისი ავტორიტეტის ექსპლუატაცია ხდებოდა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ როდესაც ვიწყებდით საარჩევნო პროცესს, გარკვეული კონსულტაციები გვქონდა მასთან, რომ მასაც მონაწილეობა მიეღო ჩვენთან ერთად ამ პროცესში. ის, რომ პაატა ბურჭულაძე ხელოვანია, გასაგებია, გარკვეული სკეპტიციზმი იყოს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის არ არის მარტო ხელოვანი. ის ჩართული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. რაც შეეხება მის პერსპექტივებს, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ის დღეს შევიდა კონკურენციაში პირადად ბიძინა ივანიშვილთან, რადგან ის ველი, რაც პაატა ბურჭულაძემ აირჩია, პირველ ეტაპზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ველი - საზოგადოებრივი აქტიობა, ანალოგიურად გაცხადებული ამოცანები, ანუ ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი პროექტი „2030“, აქვს საზოგადოება „მოქალაქე“, პაატამ კი ამის ალტერნატიული გზა წარმოადგინა. შესაბამისად, ის უკვე არის პოლიტიკაში და, პარტიას დააფუძნებს თუ არა, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. არც ბიძინა ივანიშვილია პარტიაში, მაგრამ ის რომ გავლენას ახდენს პროცესებზე, ამას არავინ არ უარყოფს. ბურჭულაძის ბიოგრაფიაც იმეორებს ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიას. პაატა ბურჭულაძე უკვე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, ყოველ შემთხვევაში, ალასანიასა და ივანიშვილთან კონსულტაციებს არ უარყოფს, რაც ზოგიერთებში ეჭვებს აღძრავს, რა საერთო აქვთ ივანიშვილსა და ბურჭულაძეს?

- არ ვიცი, შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს, ამის დამადასტურებული ფაქტი არ მინახავს. მე არ ვუყურებ ამ პროცესს ისე, რომ ეს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული პროექტია. მით უმეტეს, პაატა ბურჭულაძის ძირითადი გზავნილები აშკარად კონფლიქტში შედის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებთან. ის უფრო ალტერნატივად წარმოადგენს თავს, ვიდრე პარტნიორად.

ალტერნატივაში გულისხმობთ ირაკლი ალასანიასა და ვანო მაჭავარიანთან პაატა ბურჭულაძის დაახლოებას?

- ამას არ ვგულისხმობ, ეს ყველაფერი მომავლის საკითხია იმიტომ, რომ ერთია, განაცხადი და მეორეა, რეალური ქმედებები. პაატა ბურჭულაძემ კიდევ უნდა გაიაროს ქართულ საკმაოდ აგრესიულ და სახიფათო საცერში, რასაც ჰქვია გადარჩენისთვის ბრძოლა ქართულ პოლიტიკაში. ახლა დაიწყება შეტევა მასზე. ვნახოთ, როგორ გაივლის ამ პერიოდს და იმის მიხედვით ვიმსჯელოთ. ყველას აქვს შანსი და, თუ ვინმეს აქვს ამის უფლება, პაატა ბურჭულაძესაც შეიძლება ჰქონდეს ამბიცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში გააქტიურდეს და უფრო მეტი გავლენა მოიპოვოს.

2013 წლისთვის არასაპარლამენტო ოპოზიცია მსოფლიო ბანს საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილავდა. მაშინ ამბობდნენ, რომ პაატა ბურჭულაძე მარგველაშვილს აჯობებდა და ნაციონალები ვერ გაუწევდნენ კონკურენციას. იმ პერიოდში პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა და ივანიშვილი ამბობდა, მარგველაშვილს პაატა ბურჭულაძით არ ჩავანაცვლებ და მარგველაშვილს ბოლომდე ვენდობიო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბურჭულაძის საპრეზიდენტო კანდიდატურას განიხილავდით?

- ჯერ კიდევ საარჩევნო პროცესში გვქონდა ამაზე კონსულტაციები პაატა ბურჭულაძესთან, რომ ტანდემი შექმნილიყო - ბიძინა ივანიშვილი - პრემიერ-მინისტრად და პაატა ბურჭულაძე - საპრეზიდენტო კანდიდატად. მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ ამ საუბრების და ეს არც არის დასამალი. აჯობებდა თუ არა მარგველაშვილს, არა მგონია, დღევანდელი კონსტიტუციით, რასაც წარმოადგენს პრეზიდენტი, პაატა ბურჭულაძე მარგველაშვილზე უკეთესი კანდიდატი ყოფილიყო. თუმცა, იმ პერიოდში ბურჭულაძეს შეეძლო, თავისი სინერგია მიეცა რეჟიმთან ბრძოლის პროცესისთვის.

რატომ არჩიეს მას მარგველაშვილი? თვითონ პაატა ბურჭულაძისგან ხომ არ იგრძნობოდა პასიურობა მის საპრეზიდენტო კანდიდატობასთან დაკავშირებით?

- მე არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ფაქტია, საბოლოო ჯამში, არ შედგა ეს ალიანსი. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა.

პაატა ბურჭულაძის რუსულ ძალასთან გაიგივებას ცდილობენ და ფიქრობენ, რომ ქართულ პოლიტიკაში ის განსაკუთრებული დავალებით შემოდის. ასევე, საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს, რომ მას შეხვედრები ჰქონდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან. ეჭვობენ, რომ მან კონსულტაციები გაიარანაცმოძრაობასთანაც“.

- ეს ცნობილი ტექნოლოგიაა საქართველოში, ნებისმიერ ახალ ძალას უნდა დაბრალდეს რუსეთთან ურთიერთობა. როგორ გაუძლებს ამ ყველაფერს მსოფლიო ბანი, არ ვიცით. მე ვფიქრობ, ტექნოლოგიურად სწორად მოიქცა პაატა ბურჭულაძე, როდესაც გვერდში დაიყენა ადამიანები, რომელთა ბრალდებაც პრორუსულობაში რთული იქნება, ანუ გარკვეული ბუფერი შექმნა, რომ ამ საკითხის მაღალ ტემპერატურამდე აწევა არ მომხდარიყო. გვესმის ცალკეული განცხადებები, რაზეც ვიღაც შეეცადა, აეგო რაღაც თეორია, მაგრამ მე ვურჩევ პაატა ბურჭულაძეს, მაინცდამაინც თავის მართლებას ნუ დაიწყებს ყველაფერზე, როგორც ამ ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით მოხდა და მან რატომღაც გადაწყვიტა, თავი ემართლებინა. არაფერში არ სჭირდება თავის მართლება. მას სრული უფლება აქვს, თავისი აზრი ჰქონდეს იმავე 2008 წლის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გადანაწილების შესახებ. არ უნდა ჩადგეს თავდაცვის რეაქციაში.

შესაძლოა, მაგრამ მაინც თითქოს დანაკლისი იყო მისი რეაქციის არარსებობა, როცა იგი აგვისტოს ომში ქართული მხარის ბრალეულობაზეც ალაპარაკდა. ალბათ, გახსოვთ, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილსაც ჟურნალისტები ვერ ათქმევინებდნენ, იყო თუ არა რუსეთი ოკუპანტი, ამიტომ ბურჭულაძის მეორე განცხადებამ, რომ რუსეთი ოკუპანტია და ქართული მხარე მიამიტურად არ უნდა წამოგებოდა მოსკოვის პოლიტიკას, დააცხრო მღელვარება.

- პოლიტიკოსს აქვს თავშეკავების ლიმიტი. თუ ყველაფერზე ასე იტყვის და მერე უარყოფს, ეს არ მიგულისხმიაო, ეს სისუსტეზე მეტყველებს. ამიტომ სჯობს, დაიცვა შენი პოზიცია და არ გაგიჩნდეს იმის კომპლექსი, რომ ვიღაც ამის გამო გაგკიცხავს და ამით დაიქცევა ქვეყანა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე პაატა ბურჭულაძეს საპრეზიდენტო კანდიდატურად განიხილავდნენ, მაშინ შესაძლოა, გარკვეული ეტაპის გავლის შემდეგ სამომავლოდ უმიზნებდეს საპრეზიდენტო კამპანიას?

- საპრეზიდენტო კამპანიამდე კიდევ სამი წელია დარჩენილი. საპარლამენტო მოგვადგა კარს და საპარლამენტოს წინ იწყებს ეს ადამიანი აქტიურობას.

პაატა ბურჭულაძე ილია მეორესთანაც დაახლოებული პირია, მახათას მთაზე ივერიის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა სწორედ მას ჩააბარა უწმინდესმა. მის პოლიტიკურ არჩევანში იგრძნობა საპატრიარქოსგან მხარდაჭერა?

- არ მგონია, საპატრიარქო ღია პოლიტიკაში ჩაერთოს და თავისი კანდიდატი ჰყავდეს ნებისმიერ არჩევნებზე. ეს არ იქნებოდა სწორი და პატრიარქი ამას არ გააკეთებს, თუმცა არსებობს ირიბი ფორმები, სადაც საპატრიარქოს კეთილგანწყობამ შეიძლება თავისი როლი ითამაშოს არჩევნებზე, თუკი არჩევნებამდე მივიდა საქმე. ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. ის, რომ რეალური პოლიტიკური ალიანსი შედგება პაატა ბურჭულაძესა და საპატრიარქოს შორის, ამას გამოვრიცხავ, თუმცა საკითხი ძალიან სპეციფიკურია და ირიბად ეს კარტი შეიძლება იყოს ძალიან კარგად გათამაშებული.

თავისი ნებით პოლიტიკაში მოსვლის სურვილი შესაძლოა, ნაკლებად უჩნდებოდეთ ხელოვან ადამიანებს. პაატა ბურჭულაძის განცხადებები, რომ უწმინდესი არის ადამიანი, რომელიც წყვეტს საქართველოს ცხოვრებას და იგი უნდა ერეოდეს პოლიტიკაში იმდენად, ვინც მას ეკითხება ჭკუას (და ჭკუას ამ დროს ეკითხება საზოგადოების დიდი ნაწილი), ხომ არ ნიშნავს, რომ მეტ-ნაკლებად, იგი საპატრიარქოსგან არის მოწოდებული?

- პაატა ბურჭულაძე ყოველთვის პოზიციონირებდა, როგორც მორწმუნე, საპატრიარქოსთან ინტენსიური ურთიერთობის მქონე საზოგადო მოღვაწე. პრინციპში, მას არ შეუცვლია ეს ურთიერთობა და ვერ ვიტყვით, რომ ის ამას აკეთებს პოლიტიკის გამო და ახლა სპეკულირებს საპატრიარქოს თემებით. მეორე მხრივ, ზედმეტი ექსპლუატაცია ამ თემის, არა მგონია, რომელიმე პოლიტიკოსისთვის მაინც და მაინც მომგებიანი იყოს. რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ფაქტორი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი, თუკი სწორად და ჯანსაღად განვითარდება მოვლენები.