რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს ვითარების ესკალაცია არ სურს. თუმცა, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ რუსული თვითმფრინავი „სუ-24“-ის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთსა და ნატო-ს წევრ ქვეყანას შორის ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მოსკოვმა შესაძლოა, თურქეთიდან მთავარი დიპლომატი გამოიწვიოს, რაც თურქეთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას გულისხმობს. ეს კი, ანალიტიკოსების განცხადებით, წითელი ხაზი იქნება ანკარა-მოსკოვის ურთიერთობაში.
თურქეთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე, რუსეთმა თურქეთთან ყველა სამხედრო კონტაქტი გაწყვიტა. რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა ნიკოლაი ლევიჩევმა „როსავიაციას“ მიმართა წერილით, რომ რუსეთ-თურქეთს შორის ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტოს. გარდა ამისა, რუსი დეპუტატები თურქეთიდან რუსი ტურისტების ევაკუაციას და თურქეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი ოფიციალურად არ მოიხდის ბოდიშს „სუ-24“-ის ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთი ერთობლივი ეკონომიკური პროექტების გაყინვით იმუქრება.
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, 15 დეკემბერს რუსეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმოს. შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი უკვე, გააუქმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საპარლამენტო დელეგაციამ.
კრემლის განცხადებით, მოსკოვი თურქეთს „სუ-24“-ის ჩამოგდებისთვის სამხედრო რეაგირებით არ ემუქრება, მაგრამ აფრთხილებს, რომ გარდაუვალი შედეგები ამ ფაქტს მოჰყვება - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში რუსულ ავიაბაზა „ჰმეიმიმზე“ უახლეს საზენიტო-სარაკეტო სისტემებს - С-400-ებს გადაისვრის.
„სუ-24“-ის ჩამოგდების შემდეგ სირიაში დისლოცირებულ რუსული საავიაციო ბაზის დასაცავად დამატებით ზომების მიღება აუცილებელია. გაფრთხილებთ, რომ გავანადგურებთ ყველა სამიზნეს, რომელიც ჩვენთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა რუსეთის გენშტაბის უფროსმა, სერგეი რუდსკოიმ.
რუსეთის მუქარას არ ღებულობს თურქეთის პრეზიდენტი, რომლის განცხადებით, თურქეთმა ზომები იმ თვითმფრინავთან დაკავშირებით მიიღო, რომელმაც მისი საჰაერო სივრცე დაარღვია.
„ყველამ პატივი უნდა სცეს თურქეთის უფლებას, დაიცვას თავი საფრთხეებისგან. ამოუცნობმა თვითმფრინავმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია. ხუთი წუთის განმავლობაში მან ათი გაფრთხილება მიიღო. რეაგირების მიღებული წესების ფარგლებში მას გაეწია წინააღმდეგობა. ეს გაკეთდა ჩვენი საზღვრების საფრთხეზე რეაგირების წესების ფარგლებში“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის მხარს უჭერენ მსოფლიო ლიდერები. ბარაქ ობამა აცხადებს, რომ თურქეთს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი საჰაერო სივრცე. თუმცა, აქვე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთმა და თურქეთმა დაიწყონ ერთმანეთთან საუბარი და გაარკვიონ, კონკრეტულად რა მოხდა და მიიღონ ზომები, რათა არ დაუშვან მომდევნო ესკალაცია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, რუსეთის თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებულმა ვითარებამ სირიის პრობლემის დარეგულირების საკითხი შესაძლოა, უკან დახიოს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ალიანსის გადაწყვეტილებით გაგრძელდება ნატოს სამხედრო საზღვრების მონიტორინგი. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განმარტებით, თურქეთის მიერ რუსულ „სუ-24“-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით მათ სხვა პარტნიორების მხრიდანაც ზუსტად ის ინფორმაცია აქვთ, რაც თურქეთმა მიაწოდა.
„ჩემი მოსაზრება მაქვს იმ სამხედრო ოპერაციებზე, რასაც რუსეთი ნატოს საზღვრებთან ახლოს ახორციელებს. იმედია, მომავალში ინციდენტების თავიდან აცილება მოხერხდება. ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ თურქეთის ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას. გავაგრძელებთ ნატოს სამხედრო საზღვრების მონიტორინგს ძალიან ახლოს“, - განაცხადა ბრიუსელში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იენს სტოლტენბერგმა.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებას სამი შედეგი მოჰყვა - რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობის საშიში დაძაბვა, რასაც დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ვერც ერთი ინტერესით, მათ შორის სახელმწიფო საზღვრების დაცვით, ვერ გაამართლებ.
„თურქეთმა ფაქტობრივად, საკუთარი ქმედებებით „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა დაცვის დემონსტრირება მოახდინა, რაც გასაკვირი არ არის იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ თურქ მაღალჩინოსანს პირდაპირი ფინანსური დაინტერესება აქვს, რომელიც უკავშირდება „ისლამური სახელმწიფოს“ კუთვნილ საწარმოებზე ნავთობპროდუქტების მიწოდებას.
შეირყა ხანგრძლივი კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, მათ შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამ ზარალის ანაზღაურება რთული იქნება. ამის პირდაპირი შედეგი შესაძლოა, გახდეს უარის თქმა მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე. თურქულმა კომპანიებმა კი შესაძლოა, რუსულ ბაზარზე პოზიციები დაკარგონ“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.