„ისლამური სახელმწიფო“ ამერიკისა და ევროპის მსგავსად, საქართველოსაც ემუქრება, ქართული პოლიტიკური სპექტრი კი, ტერორისტების გზავნილებს ქვეყანაში შიშის, პანიკისა და ქაოსის დათესვის მცდელობად აფასებს და საზოგადოებას მოუწოდებს პროვოკაციას არ აჰყვეს და სიმშივიდე შეინარჩუნოს.
საქართველოს „ისლამური ხალიფატის“ სახელით, ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები დაემუქრნენ, რომლებიც წარმოშობით აჭარელი ეკომიგრანტები არიან. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნულ პირებს „გზააბნეულ“ ახალგაზრდებად ახასიათებს და ამბობს, რომ რელიგიისა და ძალადობის გამიჯვნა უნდა მოხდეს და
ქართული სახელმწიფოს მიერ იმ სერიფიკატის ცნობა უნდა აიკრძალოს, რომელიც უცხო ქვეყნის სამსახურების მიერ რელიგიის სწავლების თვალსაზრისითაა გაცემული.
„ესენი გზააბნეული ახალგაზრდები არიან. საქართველოში ნებისმიერი რელიგიის სწავლა შესაძლებელია, მაგრამ მეზობელ სახელმწიფოში, თურქეთშიც შესაძლოა, ოფიციალური სამსახურები იყოს, რომლებიც ადამიანებს „ავერბორკებენ“. ვინც ასეთი მუქარის შემცველ მასალებს აქვეყნებს და ამ ტერორისტულ ორგანიზაციაში იბრძვის, ძირითადად, ისინი „განსწავლულები“ არიან უცხო ქვეყნებში რელიგიის მიმართულებით“, - აცხადებს დუმბაძე, რომელიც ვიდეომიმართვის ერთ-ერთი მონაწილის მამის, ილია გობაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის ეს ოჯახი ნაცნობია.
კანონმდებელის ცნობით, გობაძეების ოჯახი მისი სახლიდან რადენიმე ასეული მეტრის მოშორებით ცხოვრობს და მათთან ძალიან ახლოს უზარმაზარი მეჩეთია, სადაც მუსლიმანებს საშუალება აქვთ, თავისი რელიგიური რიტუალი აღასრულონ.
„აჭარის ადმინისტრაციაში 200-მდე მეჩეთი ფუნქციონირებს. მუსლიმანები არსებობენ და ხვალაც იარსებებენ. ვიღაცამ განცხადება გააკეთა და ვიღაცამ ღორის თავი ჩამოკიდა და ასეთი ერთეული შემთხვევები შესაძლოა მართმადიდებლების მიმართაც მოხდეს. მართმადიდებლები ტერორისტული აქტების მოწყობას და ვიდეოიმართვების გავრცელებას ვერ დაიწყებენ. თუკი ვინმე კანონის მიღმა მოქმედებს, მან პასუხი უნდა აგოს“, - აცხადებს დუმბაძე.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებას ურჩევს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ვიდეომიმართვის მიზანი პანიკის შექმნაა. დეპუტატის შეფასებით, საფრთხე რეალურია და ეს საქართველოსთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ სიმშვიდის ფონზე ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც მას ევალება.
„სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, ხელისუფლება ასეთი საფრთხეებისთვის რამდენად მზადაა. უსაფრთხოების სამსახურის რესურსი კვლავ ოპოზიციის დევნასა და თვალთვალზე იხარჯება. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებ, ამ საქმეს სერიოზულად მიუდგეს და ყველა ის ინსტიტუტი აამოქმედოს, რომელიც საჭირო იქნება“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ბაქრაძე ამბობს, რომ ტერორიზმი მხოლოდ სპეცსამსახურების მუშაობით არ აღიკვეთება და პარალელურად, საჭიროა, ადგილზე მუშაობა, მუსლიმური მოსახლეობის მაქსიმალური ინტეგრაცია და მათთვის სტაბილური მომავლის შეთავაზება.
დეპუტატის თქმით, ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში არსებული ნიჰილიზმი ტერორიზმისთვის უფრო ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. ბაქრაძის შეფასებით, ტერორიზმი ყოველთვის არასტაბილურობით, სიღარიბითა და უპესპექტივობის განცდით იკვევება.
„საქართველოს დაცულობის საუკეთესო გზა ეკონომიკის გაძლიერება, დამშვიდება და ევროპისკენ სვლაა. ეს ზოგადი რეცეპტია, რაც სპეცსამსახურებთან ერთად მუშაობს ეფუძნება. სამწუხაროდ, ყველა ამ მიმართულებით, პოზიტიური განწყობები არ არის. ბოლო წლების ტერორიზმის ფენომენი ის არის, რომ ტერორისტული ორგანიზაციები ქვეყნებში ადგილობრივ ახალგაზრდებს ეძებენ. ასე იყო როგორც საფრანგეთში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. ეს საგანგაშო და პრობლემურია. ტერორისტების კეთილ ნებას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, როცა ადამიანი მშვიდობიან მოსახლეობას აფეთქებს“, - აცხადებს ბაქრაძე.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე კი ფიქრობს, რომ ტერორისტული აქტების საფრთხეებიდან გამომდინარე, საკითხზე პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. როგორც for.ge-ს დოლიძემ განუცხადა, პარიზის ტერაქტისა და მსოფლიოში გაძლიერებული საფრთხეების ფონზე, ინსტიტუტების შეკრება აუცილებელია, რათა საფრთხეების სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს.
„საფრთხეები და გამოწვევები ახალ შესაძლებლობებს ყოველთვის ქმნიან. თუკი შესაბამისი ნაბიჯები არ გადავდგით, მაშინ მომავალში საქმიანობა კიდევ უფრო გაგვიჭირდება. ხელისუფლებას პარლამენტი არ აინტერესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებას ვერ ხედავს. სუსტი პარლამენტის პირობებში დემოკრატიაც სუსტია“, - დასძენს დოლიძე.
საკითხზე საუბრისსას „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია განსაკუთრებულ აქცენტს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე აკეთებს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან გაჟღერდა მუქარა და არა - რეალური მოქმედებები. პარლამენტის ექს სპიკერის მოსაზრებით, ქვეყანა საფრთხეში იმის გამო იმყოფება, რომ სამეზობლოში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
„რუსეთის თვითმფრინავთან დაკავშირებით სიტუაცია დაიძაბა და საქართველოს მიმართ უფრო მეტ საფრთხეს ამ ნაწილში ვხედავ, ვიდრე ჩვენს მიმართ „ისლამურ სახელმწიფოს“ მხრიდან. ქვეყნის უშიშროებამ უსაფრთხოების ზომების დაცვა უნდა შეძლოს. გეოპოლიტიკურ ვითარებაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან მნიშვნელოვანია, ჩვენ სად ვიქნებით და ჩვენს საზღვრებს ვინ დაიცავს“, - აცხადებს დავითაია.
დავითაია მიიჩნევს, რომ საქართველოს საზღვრებთან დიდი გლობალური შეტაკება ძალიან ბევრ კატაკლიზმს გამოიწვევს, რადგან ქვეყანას ბევრი მტერი ჰყავს.
„მტრებს შორისაა - რუსეთი. ასევე შესაძლოა, პრეტენზია აჭარასთან მიმართებაში თურქეთს გაუჩნდეს. მუქარა, რაც გაჟღერდა, მხოლოდ მუქარაა. პრევენციის სახით, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რისი საშუალებაც არის, თუმცა, საჯაროდ ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ კონსულტაციებში უნდა ვიყოთ“, - აღნიშნავს დავითაია, რომლის მსგავსად, „ისლამური სახელმწიფოს“ პროვოკაციაზე აქცენტირებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე.
for.ge-სთან საუბარში სანიკიძე აცხადებს, რომ მუქარის უკან უფრო პროვოკაციები დგას, ვიდრე რეალობა.
მისი თქმით, ტერორისტების მიზანია, ქართულ საზოგადოებაში პანიკისა და გამძინვარების ელემენტები შემოიტანონ.
„ქვეყანა ამ მუქარას მშვიდად უნდა შეხვდეს, თუმცა, სიფხიზლე არ გვაწყენდა. ინფორმაცია მაქვს, რომ ძალოვანი უწყებები გამართულად მუშაობენ. საზოგადოება ფხიზლად, მობილიზებულად უნდა იყოს და პანიკის ნიშნები არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ყველაფერი გათვლილი იმისთვის იყო, რომ ქვეყანაში პანიკა გამოწვეულიყო“, - აცხადებს სანიკიძე.
კანონმდებელი განმარტავს, რომ საქართველოში სამი რეგიონია, სადაც პოტენციურად, გარკვეული გაუგებრობები შეიძლება იყოს.
„ესაა - აჭარის რეგიონი, ქვემო ქართლი და პანკისის ხეობა. ეს იმიტომ კი არა, რომ იქ მუსლუმური მოსახლეობაა, არამედ იქ ნიადაგია, რომ პროვოკაციური რაღაცეები მოხდეს. რაიმე სერიოზულს ვერ ვხედავ და რაც მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სისტემა გამართულად მუშაობს“, - დასძენს სანიკიძე, რომლის პათოსს იზიარებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
როგორც for.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები ყველა მიმართულებით გამკაცრებულია. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში პირდაპირი საფრთხეების ნიშნები არ არის, მაგრამ პრევენციისთვის ყველაფერი კეთდება.
„ბოლო ათი დღის მანძილზე, ქვეყანაში, საზღვარზე 479 ადამიანი არ დავუშვით, რადგან მათი მიზნობრიობა გაურკვეველი იყო. ტერორისტები ამ ფორმებით მოსახლეობას აშინებენ, რადგან ეს მათი სტრატეგიაა. იმ ფონზე, როცა ევროპაში უმაღლესი დონის განგაშია გამოცხადებული, ისინი ამ მძიმე ფონს საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის იყენებენ. ამ ვიდეო მასალის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს“, - ამბობს სესიაშვილი.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველო რელიგიურად შემწყნარებელია და ამ ტრადიციებს ყველამ პატივი უნდა სცეს.
„ქვეყანაში ადგილი რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა, რომელიც ხელისუფლებამ დაგმო და ამ ცალკეულ კრიმინალს ვერ ავცდებით. რელიგიებს დიდ პატივს ვცემთ და ამ მიმართულებით, ყველაზე სწორად ჩვენი უწმინდესი გვასწავლის, რაც ძალიან კარგია. ერთი მორწმუნე ისლამისტის აზრია, რომ მას საქართველოში დევნიან, მაგრამ ეს ასე არ არის“, - ამბობს სესიაშვილი, რომელიც ამ ეტაპზე, უსაფრთხოების საკითხებზე კომიტეტის სხდომის მოწვევის მიზანშეწონილობას ვერ ხედავს და „თავისუფალ დემოკრატებს“ ურჩევს, მის ოთახს ეწვიონ და მასთან კომუნიკაცია ჰქონდეთ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ძალოვანების მოსმენაში პრობლემას ვერ ხედავს და for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი საჭირო იქნება, ეს საკითხები ფართო ფორმატში განიხილება. ვოლსკის განცხადებით, მთავარია, ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება, რადგან ქვეყანაში დიდი მოცულობის ინვესტიციებია დაგეგმილი.
„რა პრობლემას ვქმნით იმისგან, რომ ძალოვანების მოსმენა მოხდეს? - ვერ ვიტყვი, რომ ამ მიმართვას არ მოველოდი და რომელიმე ქვეყანა ისე დარჩება, რომ მის მიმართ მუქარა გაჟღერებული ვიდეო მიმართვით მაინც არ იქნება. რისკ ჯგუფები არსებობს, რაც იციან. ნუ გადავწყვეტთ, რომ ეს მხოლოდ პანკისის ხეობას ეხება. შეურაცხყოფად ნურავინ მიიღებს იმას, თუკი ვინმე ჩათვლის, რომ მათთან მუშაობაა საჭირო. საქართველო რელიგიათა შორის ლოიალური დამოკიდებულებით ყოველთვის გამორჩეული იყო და ჩვენი ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სუნიტები და შიიტები ორგანიზაციულად გაერთიანებული არიან“, - აცხადებს ვოლსკი.