თაფლობის თვე დასრულდა - ერდოღანი ქმედებებზე გადავიდა

თაფლობის თვე დასრულდა - ერდოღანი ქმედებებზე გადავიდა

გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა ნატოს წევრი სახელმწიფოს, თურქეთის საჰაერო სივრცე, სირიის მხრიდან დაარღვია. რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად, თვითმფრინავმა ფრენა გააგრძელა, რის შემდეგაც თურქულმა გამანადგურებლებმა F-16-ებმა იგი ჩამოაგდეს.

თურქული მედია წერს, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების იყო. მედიაში გავრცელდა ვიდეომასალაც, სადაც ჩანს, რომ ორმა მფრინავმა კატაპულტირება მოახდინა. როგორც თურქული მედია „CNN Turk“ იუწყება, თვითმფრინავიდან კატაპულტირებული ერთი პილოტი დაიღუპა, ხოლო მეორე სირიელი თურქმენების შეიარაღებულ დაჯგუფებას ტყვედ ჰყავს აყვანილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სირიის ტერიტორიაზე რუსულმა თვითმფრინავმა სუ-24-მა კატასტროფა სავარაუდოდ ხმელეთიდან განხორციელებული გასროლის შედეგად განიცადა. უწყების ცნობით, მფრინავთა ბედი მათთვის ჯერჯერობით უცნობია. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ფრენის დროს თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, თურქეთი ნატო-სთან კონსულტაციებს იწყებს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფერდინანდ სინირლიოგლუს რუსული სუ-24 ჩამოგდებაზე ნატო-ს, გაერო-სა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების გამართვა დაავალა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული ალიანსმა მე-5 მუხლი აამოქმედოს და გააძლიეროს თურქეთის, როგორც ნატოს წვერი სახელმწიფოს თავდაცვითი სისტემა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ის ფაქტი, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების დღის წესრიგშია, ეს მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციისთვის. ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთი შეგნებულად ახდენს ძალის დემონსტრირებას, რათა თურქეთმა აქტიურობა არ გამოიჩინოს სირიის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ნატოს წევრი სახელმწიფოს, თურქეთის საჰაერო სივრცე ოქტომბერში ორჯერ დაარღვია. მაშინ რუსულმა მხარემ ეს ინციდენტი როგორც შემთხვევითობა ისე შეაფასა, რომელიც კრემლის ინფორმაციით უამინდობით გამოწვეული შეცდომა იყო.

ალიანსმა კი რუსულ მხარეს მოუწოდა, რომ თავი აარიდოს ალიანსთან დაძაბულობას, რადგან ალიანსი თვლის, რომ საჰაერო სივრცის ზედიზედ მეორედ დარღვევა შემთხვევითობას არ ჰგავს.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტი აფრთხილებდა რუსეთს, რომ თურქეთზე თავდასხმა ნატო-ზე თავდასხმას ნიშნავდა.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი თვლის, რომ რუსეთი თურქეთის სახით კარგავს მეგობარს, რომელთანაც ის ბევრ საკითხში თანამშრომლობს და უნდა იცოდეს, რომ ამით ბევრს წააგებს. ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის გამო, თურქეთში ვიზიტი ჩაშალა საპარლამენტო დელეგაციამ, რომელიც თვის ბოლოს იყო დაგეგმილი. რუსული მედიის ინფორმაციით, თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადადოს.

რუსეთის სახელმწიფო დუმა თურქეთის ქმედებას „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერას უწოდებს. კრემლში აცხადებენ, რომ რუსული ბომბდამშენი არ იმყოფებოდა თურქეთის საზღვარზე, არამედ იგი სირიის ტერიტორიაზე იყო. რუსმა პოლიტიკოსებმა უკვე დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით.

რუსეთის სახელმწიფო დუმას საერთაშორისო კომიტეტის წევრის, რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერის, ნიკოლაი ლევიჩევის განცხადებით, რუსეთმა აუცილებლად უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება

„როდესაც მსოფლიო იწყებს სრულფასოვან ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც სირიაში არიან, თურქეთი სოლიდარობას უცხადებს ტერორისტებს და აგდებს ჩვენს თვითმფრინავს. ახლა, უკვე, ნათელია კავშირი ანკარასა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის. ჩვენ აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, - განაცხადა ნიკოლაი ლევიჩევმა.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ნატოს წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცის დარღვევა ტრადიციად იქცა, არა მარტო სამხრეთ მიმართულებით, არამედ იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით.

„ალიანსის მხრიდან ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცეში საჰაერო საპოლიციო ოპერაციების დაწყების მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ძალიან ხშირად ხდებოდა რუსეთის მიერ ბალტიის სამი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა. რაც შეეხება თურქეთს, ალიანსის მთავარი ვალდებულებაა კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფა. ჯერჯერობით, არ არის ისეთი ვითარება, რომ ამ ფაქტს სერიოზული ქმედითი ნაბიჯი მოჰყვეს ალიანსის მხრიდან.

რუსეთის ქმედებების ანალიზსს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ იზრდება აგრესიული ქმედებები. იგივე, ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულ ავიარეიდებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ამ რეიდების დროს მიზანში ამოღებულია არა ტერორისტული ორგანიზაციების ქვედანაყოფები, არამედ ოპოზიცია, რომელიც იბრძვის სირიის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ. ასე რომ, ძალიან ნათლად შეიძლება გავაანალიზოთ რა სახის ქმედებები ხორციელდება რუსეთის მხრიდან, რა მიზნები ამოძრავებთ და როგორი იქნება მათი მოქმედება მომავალში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.

ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის თაფლობის თვე მას შემდეგ დასრულდა, რაც მათი ინტერესები ერთმანეთს ვერ დაემთხვა ენერეგომატარებლების მარშუტების საკითხში. ამ უთანხმოებამ კი, კულმინაციას მას შემდეგ მიაღწია, რაც მკვეთრად გაიმიჯნა მოსკოვისა და ანკარის ინტერესები ბაშარ ასადთან მიმართებაში.

„თურქეთსა და რუსეთს შორის გაუცხოების ტენდენცია უკვე არესებობს. რუსეთის განცხადება, რომ კატასტროფა განიცადა თვითფრინავმა, მიგვანიშნეს იმაზე, რომ რუსეთს არ სურს პრინციპულ დონეზე დააყენოს ეს საკითხი. მაშინ მან თავი უნდა იმართლოს რატომ დაირღვა საჰაერო სივრცე. ის, რომ თურმე მფრინავს შეეშალა და გზა დაებნა ეს უკვე არგუმენტი არ არის.

ასეთ შემთხვევაში იბადება კითხვა, რა დონის და რა მომზადების მფრინავები გააჩნია რუსეთს, რომელსაც ზესახელმწიფოს პრეტენზიები აქვს. არ უნდა ველოდოთ იმას, რომ რუსეთი და თურქეთი ღიად დაიკავებენ ერთმანეთთან მიმართებაში რთულ პოზიციას. იქნება გაუცხოება, მაგრამ როგორც კი ასადის პრობლემა გადაწყდება, რუსეთი და თურქეთი კვლავ დაუბრუნდებიან ტრადიციულ საგარეო პოლიტიკურ კურსს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ