აშშ-ს პრეზიდენტი სირიის ოპოზიციასთან ბრძოლის ნაცვლად, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისკენ მოუწოდებს რუსეთს. გადართავს თუ არა კრემლი ყურადღებას „ისლამურ სახელმწიფოზე“, რომელიც სირიის პრეზიდენტის ოპოზიციის პოზიციების დაბომბვით იყო დაკავებული, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.
ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარის, სტივენ პაიფერის თქმით, თუ კრემლმა ეს ცვლილება არ განახორციელა, დასავლეთსა და რუსეთს შორის სირიაში თანამშრომლობისთვის რეალური საფუძველი არ არსებობს.
„ჩემი აზრით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის სირიაში სავარაუდო თანამშრომლობის საფუძველზე დასავლეთი უკრაინის ან რაიმე სხვა თემის გაშემო დათმობაზე წავიდეს. შეიძლება, შედგეს გარკვეული სამხედრო თანამშრომლობა, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმის საშიშროებას, რომ დასავლეთი რუსეთთან დათმობაზე წავიდეს“, - განაცხადა სტივენ პაიფერმა.
აშშ-ს პრეზიდენტი თვლის, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება და დაკავდეს ჯიჰადისტებთან ომით და არა სირიის ოპოზიციის ძალებთან, რომლებიც ცდილობენ პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადაგდებას. ბარაქ ობამა მოუწოდეს რუსეთს სირიის ოპოზიციასთან ბრძოლის ნაცვლად, იერიში „ისლამურ სახელმწიფოსთკენ“ მიმართოს.
„რუსეთის თავდაპირველი სამხედრო ოპერაციები არ უწყობდნენ ხელს ძალისხმევას „ისლამური სახელმწიფოს“ შესაჩერებლად და გარკვეულწილად, ის გააძლიერეს კიდეც. რუსეთის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ მას უნდა დაარტყას, ვინც რუსეთის მოქალაქეებს კლავდა.
რუსეთს ოფიციალურად არ დაუდასტურებია თავისი მხარდაჭერა იმ გეგმისადმი, რომელიც ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ითვალისწინებს, მაგრამ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ გარდამავალ პროცესზე დათანხმდა“, - აცხადებს ამერიკის პირველი პირი.
ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ რუსეთი მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. შესაბამისად, ვლადიმერ პუტისთვის ახლა მთავარია დასავლეთს აგრძობინოს თავის საჭიროება, ამავე დროს, როგორმე მოხდეს ტერორისტების გადინება დასავლეთის მიმართულებით.
„პრინციპში ეს მოახერხა მას შემდეგ, რაც სამხედრო ოპერაცია დაიწყო სირიის წინააღმდეგ, სწორედ ამის შემდეგ მიაწყდა დასავლეთს ლტოლვილების ნაკადი და მათთან ერთად შევიდნენ ტერორისტები. პუტინისთვის ახალი მთავარია ორი რამ, პირველი - დასავლეთს აგრძობინოს მისი საჭიროება და მეორე - თუ სირიიდან ევროპაში მოხდება ტერორისტების გადინება, ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში, მას ევროპა თავს დაანებებს და მასთან ერთად გადავა ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ბუნებრივია, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით. ამ ორივე მიზანს ნაწილობრივ მიაღწია, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მიაღწევს, იმიტომ, რომ ევროპაში არის საკმაოდ პრინციპული ლიდერი მერკელის სახით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
for.ge-სთან სუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პუტინის მიერ სირიაში ინიცირებული სამხედრო ინტერვეცია, მიზნად ისახავს სირიის დაქვემდებარებას. მისი თქმით, ატყობს რა საფრთხის არსებობას, რომ სირია შესაძლოა, დასავლური გავლენების სფეროდ გადაიქცეს, შეეცდება სირიის პრეზიდენტს გაუხანგრძლივოს მმართველობა, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ სირია არის რუსეთის ანკლავი თავისი ბუნებრივი რესურსებით და სტრატეგიული მდგომარეობით.
„უასადო სირიის არ სჯერა პუტინს. მისი უპირველესი მიზანია ასადის დამკვიდრება რაც შეიძლება დიდი ხნით. პუტინი ამ თემით ღიად უპირისპირდება დასავლეთს, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი მუხტი იმისათვის, რომ ყოფილიყო მკაცრი „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ.
ბუნებრივია, რომ დასავლეთის ლიდერი ქვეყნები ამ საკითხებთან დაკავშირებით სიამოვნებით თანამშრომლობენ რუსეთთან. ცდილობენ როგორმე შეაცვლევინონ მიმართულება პუტინს აგრესიისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ დასავლეთი ჯერ შორს არის ამ მიზნიდან, რადგან პუტინის სიჯიუტის კოეფიციენტი უფრო მაღალია, ვიდრე დასავლელი ლიდერების ერთიანი კოეფიციენტი საერთო სიჯიუტისა“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.