„ევროპაში, დილის 4-5 საათზე, კანდელაკის გაგზავნილი მაილები მეტაფორა გახდა - ხალხი უკვე კომპიუტერს აღარ ეკარება“

„ევროპაში, დილის 4-5 საათზე, კანდელაკის გაგზავნილი მაილები მეტაფორა გახდა - ხალხი უკვე კომპიუტერს აღარ ეკარება“

საქართველოს ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში ადანაშაულებს და ევროპაში მათ მიერ გაგზავნილ მესიჯებს ასაჯაროვებს. უმცირესობა მმართველ გუნდს მოუწოდებს საკუთარ ქმედებებს ოპოზიციას ნუ გადააბრალებს და თავს ტრაგიკომიკურ ვითარებაში ნუ ჩაიყენებს.

ქვეყნის საგარეო ფრონტზე მიმდინარე პროცესების თაობაზე, for.ge პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, თედო ჯაფარიძეს ესაუბრა:

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომნაციონალური მოძრაობისწევრები: დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროპელებს სთხოვენ, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაცია არ მისცენ. მსგავსი ინფორმაცია, თქვენც გაქვთ?

- პრემიერ-მინისტრს გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მე, მაგრამ ჩემთან არაოფიციალური, პიროვნული საუბრების დროს, ევროპელი კოლეგების მხრიდან არაერთხელ ყოფილა მინიშნება, რომ ამგვარ ფაქტებს ადგილი აქვს. ისინი ამბობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ემისრები ჩამოდიან და ამ საუბრების დროს, ზოგი პირდაპირ, ზოგი მინიშნებით, თუ მეტაფორებით ამ თემაზე საუბრობს და ვიზა-ლიბერალიზაციის მიცემა-არმიცემას ოპოზიციასთან დამოკიდებულებას უკავშირებენო. ეს ყველაფერი ჩვენი პარტნიორებისგან ბევრჯერ მომისმენია და ეს არც ჩემთვის იყო სასიამოვნო და ამით ევროპელი პოლიტიკოსებიც ძალიან გაკვირვებულები არიან.

ნაციონალური მოძრაობისლიდერები ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის არმიცემას რატომ სთხოვენ? მათ რა მიზანი აქვთ?

- აქ შეიძლება, პირადი, ჯგუფური, კლანური, პარტიული და ძალაუფლებასთან დაკავშირებული ინტერესები იყოს. ყველაზე ვერ ვიტყვი, რომ ამას აკეთებენ, მაგრამ როგორც ჩანს, ვინც ამას აკეთებს, ფიქრობს, რომ ამგვარი მარცხი ხელისუფლების ცვლილებას გამოიწვევს. მათ თავიანთი „რეალობა“ აქვთ, რომელსაც მიჰყვებიან და თვლიან, რომ ევროპელების მისამართით მათი ამგვარი მესიჯი მათ პოზიციებს გაამყარებს.

ევროპელების განწყობა როგორია?

- ერთმანეთში რას საუბრობენ და ამ გზავნილებს როგორ აფასებენ, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ თუკი ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ შედეგს გავითვალისწინებთ, ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილი ამ მესიჯებს სკეპტიკურად უყურებს, ზოგი ირონიით. თავად შედეგი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ამ გზავნილებს ყურადღებას არ აქცევენ.

ანუ, საფრთხე არ არსებობს იმის, რომ ნაციონალების ძალისხმევის შედეგად, ქვეყანამ უვიზო მიმოსვლა ვერ მიიღოს?

- ვერ გეტყვით, რომ ყველა ნაციონალი ამ საქმითაა დაკავებული. საერთაშორისო ფორუმებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი მინახავს, რომელიც ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებებით გამოდის. მათ შორის, ისეთი ოპოზიციონერებიც არიან, რომლებიც ქუთაისში, პლენარულ სხდომებზე სიხიტითა და სიმძაფრით გამოირჩევიან. სამწუხაროდ, ისეთებიც არიან, რომლებიც თვლიან, რომ შესაძლოა, მათ ამ მეთოდებით შეუძლიათ რაღაც წარმატებას მიაღწიონ. ეჭვი მეპარება, რომ ეს ყველაფერი შიდა პოლიტიკისთვის რაღაცის მომტანი იქნება, მაგრამ გარეთ მათი რეპუტაცია ილახება და არ მინდა, ამაზე ვიზრუნო და ვიფიქრო. მათი ქმედებები საქართველოს პოლიტიკურ კლასს ეხება, სადაც შედის უმრავლესობაც და ოპოზიციაც. ამ ნაბიჯებით რეპუტაცია ილახება და ჩვენ არასერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშეებად აღგვიქვამენ.

საერთაშორისო ტრიბუნებზე, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ნაციონალების კამათი და დაპირისპირება არაერთხელ გვინახავს. უცხოელები ამ ყველაფერს როგორ აღიქვამენ?

- მათთვის ეს ყველაფერი გაუგებარია. ეს ყველაფერი რატომ და როგორ ხდება, ამას თავისი ტექნოლოგიები აქვს. სტრასბურგში, დარბაზში, რომელიმე ჯგუფთან ჩვენი პატივცემული ოპოზიციონერი მიდის, ელაპარაკება, შემდეგ დაწერილ ქაღალდს გადასცემს, ის წამოხტება და რაღაც განცხადებას აკეთებს. ამ ყველაფერზე ჩვენი რეაგირება ხდება. დარბაზებში 500-ზე მეტი საპარლამენტო ასამბლეის წევრი ზის და მათგან შეიძლება, საქართველოს შესახებ ნიუანსები ათმა ადამიანმა იცოდეს, დანარჩენებმა კი საერთოდ არ იციან, რა ხდება. დარბაზში ოპოზიციონერები გამოდიან ხოლმე, შემდეგ მათ ჩვენ ვპასუხობთ, ერთი-ორი ევროპელი წამოხტება ოპოზიციას დაიცავს, ხოლო დანარჩენები ამ პროცესებს პირდაღებულები უყურებენ. ისინი ვერ იგებენ, რა ხდება. საქართველოდან ერთი დელეგაცია მიდის და თუკი ჩვენი ორიენტაცია დასავლეთია, მათი პოლიტიკური კულტურის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, რომ კრიტიკა გარეთ არ ხდება. ჩვენთან ყველაფერი პირიქით ხდება. კრიტიკა, დებატები და დისკუსია ქვეყნების შიგნით - პარლამენტებში ხდება, ჩვენ კი, ეს ყველაფერი გარეთ გაგვაქვს და ყვირილი-აურზაური იწყება. სტრასბურგზე რომ ვისაუბროთ, იქ საქართველოს ტელევიზიების გარდა, არავინ არის. ამით გამორჩეულები მხოლოდ ჩვენ ვართ და ეს ყველაფერი გათვლილია შიდა აუდიტორიაზე, რომ იქ რაღაც ხდება.

იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ბაქრაძე-კანდელაკი ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან. ეს ადამიანები, ამ საქმიანობაში შემჩნეულნი არიან?

- ამ საქმით დაკავებული არც კანდელაკი მინახავს და მით უმეტეს არც ბაქრაძე, მაგრამ ევროპაში, დილის 4-5 საათზე, კანდელაკის გაგზავნილი მაილები მეტაფორა გახდა. უკვე ხალხი კომპიუტერს არ ეკარება, რადგან უაზრო რაღაცეები მისდით. კანდელაკი წერს, თითქოს, საქართველო ინგრევა, ქვეყანა სტალინის ძეგლებითაა გავსებული და თითქოს, ყოველ დღე აპოკალიფსი ხდება.

კანდელაკის თაობაზე მითი რეალობაა, რომ ის ევროპელ პოლიტიკოსებს მაილებით აწიოკებს?

- ბევრი ევროპელი კოლეგისგან მომისმენია, რომ კომპიუტერს ვერ ვეკარებით, რადგან ვიცით, დილით, კანდელაკისგან კომპიუტერი ავსებულია - ეს მოხდა, ის მოხდა, თოფაძემ ეს თქვა, ჯაფარიძემ რაღაც ჩაიდინაო.

ევროპაში კანდელაკს ენდობიან?

- ხომ იცით, ანდაზა - „მგელი მოდისო“? მას უფლება აქვს, მაილები აგზავნოს. ეს მათი პრობლემაა.

რაც შეეხება ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს, 15 დეკემბერს, საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს, რომლის შემდეგ ჯერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე დადგება. რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას?

- ამ პროცესს ოპტიმისტურად ვუყურებ. გრძელვადიანი პროცესის დასაწყისი ვიზა-ლიბერალიზაცია იქნება. თარიღებით საუბარი არ მიყვარს. ეს არის პროცესი და ევროპის მხრიდან საქართველო აღიარებულია როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. ევროპელების ნაბიჯს ველოდებით არა როგორც საბოლოო წერტილს, არამედ რაღაც ეტაპს გრძელ გზაზე ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული - რამდენად ადეკვატურები ვიქნებით და ჩვენი საქმიანობა რამდენად ნაყოფიერი იქნება.

ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციის პროცესი თავისი სირთულითა და სიმძიმით საქართველოს მოქალაქეებზე გადავა და ეს იქნება ქვეყნის მიღწევა და არა პრეზიდენტის და პრემიერის. ამ რეალიზაციაში ყველაზე აქტიური როლი მოქალაქეებს ეკისრებათ. სამოქალაქო საზოგადოებას ამ პროცესებზე განუზომელი გავლენა ექნება.

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ევროპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენას საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესები მოახდენს, ვინაიდან, ნაციონალებირუსთავი 2“-ის და პოლიტპატიმრების თემაზე აპელირებენ?

- ყველაფერს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, შეცდომები არ უნდა დავუშვათ, პრობლემა იქ არ უნდა შევქმნათ, სადაც არ არსებობს და არსებული ხარვეზები უნდა მოვაგვაროთ, რათა ეს მეტად რთული გზა გავიაროთ. კრიტიკა გაღიზიანებს, მაგრამ ამას მეორე მხრიდან უნდა შევხედოთ. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ სხვა ლიგაში გადავდივართ, ჩვენს მიმართ ყურადღება დიდია, ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდით და ევროპელების შეფასებები რაც უნდა გამაღიზიანებელი იყოს, ამას ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ევროპაში შევდივართ და ევროპელებს თავიანთი კრიტერიუმები აქვთ.