პუტინი მსოფლიოში წესრიგს ამყარებს. „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ყოველი შეტევის დროს რუსეთის ლიდერის წონა იზრდება და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის დაწესებული სანქციები არავის ახსოვს. აგრესიის შემოქმედი კრემლი ისლამისტების აგრესიის ფონზე დასავლეთისთვის შეუცვლელი ხდება და უწყინარ ნიღაბს ირგებს.
როგორი იქნება რუსეთის როლი ისლამისტებთან ბრძოლის საქმეში და პრაგმატული დასავლეთი მიუტევებს თუ არა მას ძველ შეცოდებებს?!
For.ge-მ ამ შეკითხვით მიმართა პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს.
- ვაშინგტონის მეთაურობით კოალიცია მიზანს ვერ აღწევს, წელიწადზე მეტია დასავლეთი ბომბავს და ბომბავს სირიას და ერაყს, ხანაც სირიაში ეხმარება ე.წ. ზომიერ ოპოზიციას. ამ დროს რა არის ზომიერი ოპოზიცია? ის, ვისაც იარაღი უჭირავს და, ასე თუ ისე, კანონიერ მთავრობას ებრძვის, სწორედ მათ ეხმარებიან ამერიკელები. ამ ბრძოლაში ჩაერთო რუსეთი, თანაც ახლა ამას დაემთხვა საფანგეთის დიდი ტრაგედია და რუსეთის წარმატებები მთელ მსოფლიოში.
რუსეთმა უკვე გამოიყენა შორეული მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებიც ვოლგისპირეთიდან აფრინდნენ, კასპიის ზღვას გადაუარეს, დაბომბეს სირიის ქალაქი-რაყა, 15 საათი იყვნენ ჰაერში და უკან დაბრუნდნენ. ამას ვერავინ ვერ აკეთებს, ვერც საფრანგეთი და ვერც ამერიკა. ამიტომ, რუსეთის როლი დღითი დღე იზრდება. დღეს ერთადერთი საკითხი, რომლის ირგვლივაც კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები, ეს არის ბაშარ ასადის მომავალი. რუსეთი არ გაწირავს ბაშარ ასადს და არ გამოვრიცხავ, გაზაფხულზე, შესაძლოა, აპრილშიც, როდესაც ექვსი თვე გავა და დადგება სანქციების გაგრძელების ან შეკვეცის დრო, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ძალზე შეიზღუდოს ან საერთოდ გაუქმდეს კიდეც. ეს დამოკიდებულია რუსეთზე.
ამ დღეებში დაგეგმილია ოლანდის ვიზიტი მოსკოვში, ის შეხვდება პუტინს და შეიქმნება ერთიანი გეგმა, სადაც უკვე ანტიისლამური სახელმწიფოს საწინააღმდეგო კოალიციის არაოფიციალურ ხელმძღვანელობას რუსეთი ჩაიბარებს, ანუ ამ კოალიციის აქტიური ლიდერი გახდება რუსეთი. როდესაც საკითხი დგება სამხედრო ძალის გამოყენებაზე, აქ უკვე რუსეთს კონკურენტი არ ჰყავს, გამოცდილებაც მეტი აქვს და, რაც მთავარია, რუსეთი ნაკლებად უფრთხილდება თავისი ხალხის სიცოცხლეს. პუტინს სულაც არ ადარდებს, რომ რუსი დაიღუპება და არჩევნებზე ხმებს დაკარგავს. ეს ადარდებს ოლანდს, ამერიკის დღევანდელ და მომავალ პრეზიდენტებს, მაგრამ პუტინს ხელისუფლებაში დარჩენის, რეიტინგის დაწევისა და აწევის პრობლემა არ გააჩნია. ამიტომ მას ხელში გაუჭრელი კოზირი აქვს. ასე რომ, ახლო მომავალში, დასავლეთში პუტინის გავლენა და საჭიროება, მოთხოვნილება მკვეთრად გაიზრდება. ეს რუსეთს წისქვილზე ასხამს წყალს.
ევროპისა და ამერიკის ლიდერებთან პუტინის თანაბარწონიანობა რამდენად აისახება საქართველოზე, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა და შარშანდელ 78%-ს 17% დააკლდა. სავარაუდოდ, ნიჰილიზმი პარიზის ტერაქტის შემდეგაც გაღრმავდება. დასავლეთისადმი ინტერესი იკლებს, რადგან სტაბილური არ არის ევროკავშირი?
- ამის მიზეზი არის გულაცრუება, რადგან ევროკავშირში ჩვენი მიღება მაინც შორეული ამბავია. გარდა ამისა, მთავარი ის არის, რომ იმ თამასუქებს, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერიოდში დაუფიქრებლად გასცა, არავითარი სიკეთე რიგით მოსახლეობისთვის არ მოუტანია. ვიზალიბერალიზაციის საკითხიც ძირითადად ფულიანი ხალხისთვისაა, თორემ მშიერი მოქალაქისთვის, რომელიც იმას ფიქრობს, 150-ლარიანი პენსიით კომუნალური გადასახადი გადაიხადოს, ბინის ქირა თუ წამლები იყიდოს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თავისუფალი იქნება მონაკოში ჩასვლა, კაზინოში შესვლა თუ ამას ვიზა დასჭირდება. კომპლექსურად, ეს ყველაფერი იწვევს იმედგაცრუებას.
ზღაპრები, რომ თავისუფალი ბაზარი, ევროპის ბაზარი ქმნის ახალ პერსპექტივას, ამ ეტაპზე არადამაჯერებელია. 50 და 100 წლის შემდეგ, რასაკვირველია, ევროპის ბაზარი შეიძლება უფრო პერსპექტიულად ჩანდეს, მაგრამ დღეს და ხვალ, როცა საქართველოში ათეულობით ათასი მანდარინი, ატამი, ვაშლატამა, ხილი ლპება, ღვინო გასაყიდად საერთოდ არ არის, ელემენტარულად, ტყემალი ორჯერ ძვირია ღვინოსა და ყურძენზე, რუსეთის ბაზარი უალტერნატივოა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი დონალდ იენსენი აცხადებს, რომ პუტინი დაიახლოვებს და ნელ-ნელა მკერდთან მიიკრავს საქართველოს და ამის ნიშნები უკვე არსებობს. პარალელურად, პუტინი უკრაინის მიმართაც მოლბა და დავალიანების ნაწილის ჩამოწერასაც არ გამორიცხავს. როგორ გგონიათ, მსოფლიოში პოზიციების განმტკიცების, რეაბილიტაციის შემდეგ რა დამოკიდებულებას გამოავლენს რუსეთი მისგან დაზარალებული საქართველოსა და უკრაინის მიმართ?
- საუბედუროდ, ქართულ დიპლომატიას ანალიტიკური სამსახური საერთოდ არ გააჩნია და კაციშვილმა არ იცის, რა ხდება ქართულ დიპლომატიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, რითი არიან დაკავებულნი ჩვენი დიპლომატები ან თბილისში, ან ჩვენი საელჩოები. ხომ ვნახეთ, როდესაც რუსეთს მართლა უჭირდა, სანქციას სანქციაზე უმატებდა დასავლეთი, როდესაც ობამას პუტინთან შეხვედრა კი არა, დალაპარაკებაც არ უნდოდა და შარშან ოცეულის შეხვედრიდან პუტინი გამოაგდეს, პრაქტიკულად, აიძულეს, გამოქცეულიყო, მაშინაც კი, კრემლი ძალზე თავშეკავებულად იქცეოდა საქართველოსთან ინიციატივების თვალსაზრისით. იმ პერიოდშიც კი, რუსეთისგან არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიგვიღია, რადგან არ ჩქარობს რუსეთი. რუსეთმა მშვენივრად იცის, რომ დრო მასზე თამაშობს. რუსეთი ელოდება იმას, რომ საქართველოში კიდევ შემცირდება დასავლეთსადმი იმედით მაცქერალთა რიცხვი და ეს კრიტიკულ ზღვარამდე დავა. რუსეთი ელოდება, როდის მიხვდება მთელი საქართველო, რომ საბოლოოდ ნატოში არ გვიღებენ. რუსეთი ელოდება ვარშავის სამიტს, სადაც არც კი განიხილავენ საქართველოს საკითხს.
უკრაინა-საქართველოს საკითხი დღის წესრიგშიც არ არის ვარშავის სამიტზე, ერთადერთი, ჩერნოგორიაა, რომელსაც მიიღებენ. მაშინ დაინახავს რეალობას ჩვენი თავდაცვის მინისტრი, რომელიც დღეს ასეთ ბრახა-ბრუხა განცხადებებს აკეთებს - ჩვენ ძალიან შევწუხდებით, თუ თქვენ არ მიგვიღებთო. უარს რომ გვეტყვიან, მაშინ მაინტერესებს, როგორი იქნება ხიდაშელის კომენტარები. ამას ელოდება და პირველ ნაბიჯს თვითონ არ გადადგამს რუსეთი, არამედ დაგველოდება, ჩვენ როდის გადავდგამთ.
რაც დრო გადის, საქართველოს უფრო წამგებიანი პოზიციებიდან მოუწევს რუსეთთან დიალოგის დაწყება.
ობამას და ოლანდის-ამ სუსტი პოლიტიკოსების ფონზე პუტინის უფლებები მართლაც იზრდება. მუქარის ტონი გამოსჭივის მის ფრაზებში, რომ „დიდი ოცეულის“ წევრები ISIS-თან თანამშომლობენ და ნავთობგარიგებაში არიან შემჩნეულნი. გარდა ამისა, რუსეთი „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“ტერორისტულ ორგანიზაციებად არ მიიჩნევს. ცალკეულ ფრაზებში ჩანს პუტინის სიძლიერე?
- რასაკვირველია, ჩანს პუტინის სიძლიერე, პუტინი სარგებლობს იმით, რომ ის არის რუსეთის ლიდერი. პუტინი რომ იყოს საფრანგეთის ან ამერიკის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, ის არანაირად არ იქნებოდა ძლიერი, პიროვნულადაც კი ვერ იქნებოდა ძლიერი, მაგრამ რუსეთში ეს ძალიან ადვილია, როცა ტოტალიტარული სისტემაა, როცა თავისი ჯიბის პარლამენტი ჰყავს, თავისი ძველი, კგბ-ს თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული მთელი ძალოვანი სტრუქტურა, როდესაც სახელმწიფო მონოპოლიები ჯერ კიდევ ისე ძლიერია, რაც ცივილიზებული მსოფლიოსთვის მიუწვდომელია - „გაზპრომიდან“ დაწყებული, „როსნეფტით“, „რუსალუმინით“ დამთავრებული. პუტინი რასაც იტყვის, შესწორებასაც ვერ უბედავენ. ძლიერი პუტინი ჩანს სუსტი ევროპის ფონზე, ისევე, როგორც პრობლემა ისლამიზმის სიძლიერე კი არა, ევროპის სისუსტეა.
როდესაც ინგლისის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კორბინი, რომელიც ხვალ შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს, საფრანგეთის ტერაქტის შემდეგ პროტესტს გამოთქვამს, როგორ შეიძლება ვესროლოთ ტერორისტებსო, ასეთ პირობებში პუტინი ძლიერი ჩანს. როდესაც ევროპის ლიდერები ამბობენ, კი, ისლამისტები გვაფეთქებენ, გვხოცავენ, ქალებს და ბავშვებს გვიკლავენ, მაგრამ ჩვენ ისინი ისე უნდა გავაუვნებელყოთ, რომ იარაღი არ ვიხმაროთო. ეს ყოველგვარი ლიბერალიზმის მიღმაა. ცხადია, კორბინის მსგავსი ადამიანების ფონზე პუტინი ძლიერია.
მაგრამ არც პუტინია უსაფრთხოდ. ის, რომ ისლამისტებთან ბრძოლის საქმეში პუტინი დასავლური კოალიციის არაფორმალური ლიდერია, რამდენად აქცევს რუსეთს ისლამისტების სამიზნედ? მართალია, რუსები ისლამისტების დაბომბვისას უფრო სწორ სამიზნეებს არჩევენ, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინს ისლამისტები კარგა ხანია, ემუქრებიან.
- რასაკვირველია, ისლამისტები ისე ძლიერები არ არიან, როგორც იმუქრებიან და ბაქიბუქობენ. ისინი ძლიერები ჩანან ცივილიზებული სამყაროს სისუსტის ფონზე, ვინაიდან დასავლეთი მხოლოდ საჰაერო დაბომბვებით ფონს ვერ გავა. როდესაც ომია და თვითონვე ამბობენ, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოო, როდესაც პარიზში, საფრანგეთის დედაქალაქში 130 ადამიანი მოკლეს, 90 სიკვდილის პირასაა მიყვანილი და ეს კიდევ არაფერია, როდესაც პროფესიონალი ჯარისკაცი, რომლის პროფესიაც სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე სიარულია, არ მიჰყავთ რადიკალ ისლამისტებთან საბრძოლველად, დასავლეთისთვის ეს უკვე მარცხია. ამიტომ, სანამ იქ ქვეითი ჯარი არ შევა, მანამდე ისლამური სამყარო იქნება და იარსებებს. დაბომბვები არაფერს იძლევა. თორემ რუსეთი ბომბავს, სირიას არ ჰყავს არმია, იქ ყველაზე ძლიერად კიდევ ქურთები იბრძვიან, მაგრამ ქურთები იბრძვიან თავიანთ ტერიტორიაზე, მათ სულაც არ აინტერესებთ ქურთებით დაუსახლებელი ტერიტორია. ქურთებს აინტერესებთ ის ადგილები, სადაც ისინი სამომავლოდ მოიაზრებენ თავიანთ სახელმწიფოს, ავტონომია ექნებათ თუ სრული დამოუკიდებლობა, თორემ ბაშარ ასადს არმია არ ჰყავს. ხომ ხედავთ, რა ხდება, რუსეთმა ქვა ქვაზე არ დატოვა, მაგრამ არმია ვერ შედის იქ, ვერ იბრძვიან, ვნახოთ, რაყას-ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქს თუ აიღებენ, რომელიც უკვე მთლიანად დანგრეულია ისლამისტების მიერ.
კრემლი უკვე დიდი ხანია, ისლამისტების სამიზნეა, მაგრამ რუსეთში რთულია მოქმედება. იმავე საფრანგეთში მთელმა პოლიციამ, კონტრდაზვერვამ იცის ასობით ისლამისტი სად ცხოვრობს, რას საქმიანობს, ეს სიები აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დაუჭერიათ. ამ ისლამისტებს ჯერ არავინ მოუკლავთ და როგორ დავიჭერთო?! ეს არის მათი ლოგიკა. რუსეთში კი ეჭვს მიიტანენ ვიღაცაზე და მეორე წუთს ის უკვე ციხეშია, ამიტომ გაცილებით რთულია რუსეთში რადიკალების მოქმედება. გარდა ამისა, ბევრი აღშფოთებულია რუსეთში კადიროვის თვითნებობით, რომელმაც ააშენა მსოფლიოში ყველაზე დიდი შადრევანი, ახლა აპირებს ყველაზე მაღალი შენობის აშენებას, ევროპაში ყველაზე დიდი მეჩეთიც ააშენა, ვისი ფულით? ეს ხომ დოტაციური რესპუბლიკაა, ყველაზე მეტ ფულს მოსკოვისგან დღეს იღებს ჩეჩნეთი და პირადად კადიროვი. სამაგიეროდ, კადიროვი ყელს გამოღადრავს ყველა რადიკალ ისლამისტს, რადგან ისლამისტები თუ შევლენ ჩეჩნეთში, კადიროვის პატარა ხალიფატს ბოლო მოეღება. შეიძლება, განმეორდეს მეორე მსოფლიო ომის სიტუაცია. გავიხსენოთ, რა იყო სტალინი მსოფლიოსთვის 1939 წელს, როდესაც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გააფორმა და რა იყო 1945 წელს, როდესაც ბერლინი აიღო და გაანადგურა. კომუნისტური პარტიები სწორედ მაშინ აყვავდა და საფრანგეთსა თუ იტალიაში თავისუფალი არჩევნების საშუალებით ლამის კომუნისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. რასაკვირველია, სხვადასხვა ეპოქაა, სხვადასხვა მასშტაბებია, მაგრამ, თუ პუტინის ჩარევის შედეგად მართლაც მოხდა „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხის გაუვნებელყოფა, მაშინ პუტინი სულ სხვანაირად წარდგება ცივილიზებულ მსოფლიოში.
შეიძლება ნობელის პრემიაც მიანიჭონ?
- არ არის გამორიცხული. როდესაც, პრაქტიკულად, პუტინმა ითავა და შეძლო სირიის ქიმიური იარაღის განადგურება, დაიყოლია ასადი, მაშინ პუტინს ძალზე დიდი იმედი ჰქონდა და წარდგენილიც იყო ამ პრემიაზე, რუსეთის ბევრმა ორგანიზაციამ წარადგინა ის ნობელის პრემიაზე და ძალზე განაწყენდა კიდეც, როდესაც მას არ მისცეს ნობელის პრემია. სადაც თავის დროზე იასირ არაფატმა, მსოფლიოს ნომერ პირველმა ტერორისტმა მიიღო ნობელის პრემია და ებრაული სამყარო, ვერცერთი სიონისტური ორგანიზაცია წინ ვერ აღუდგა იმას, რომ იასირ არაფატი არ გამხდარიყო ნობელის პრემიის ლაურეატი, პუტინს ვინ აღუდგება წინ, თუკი ამ საქმეში შეასრულა გადამწყვეტი როლი. მაგრამ, ჯერ ნაადრევია დასკვნები, ეს მხოლოდ პერსპექტივაა, პერსპექტივიდან რეალობამდე დიდი გზაა გასავლელი.