საფრანგეთი ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე დგას

საფრანგეთი ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე დგას

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე საუბრობს. მანუელ ვალსის განცხადებით, პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტი ბოლო არ არის და როგორც საფრანგეთის, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ტერორისტების აქტივობა შენარჩუნდება.

„ჩვენ კარგად გვესმის და ვაცნობიერებთ, რომ არსებობს ექსტრემისტების მიერ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხე. ტერორისტების მიერ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება. არსებობს იმის საშიშროება, რომ ტერორისტები ამ ტიპის იარაღს ტერაქტების დროს გამოიყენებენ“, - განაცხადა მანუელ ვალსმა.

ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი ყველა ქვეყანაში საკმაოდ სერიოზულადაა დაცული. თუმცა, ამის მიუხედავად ექსპერტები თვლიან, რომ ტერორისტებს ქიმიური იარაღის გამოყენება შეუძლიათ, მით უმეტეს, რომ ამგვარი შემთხვევები უკვე იყო და როგორც ექსპერტები აცხადებენ, ორი კვირის წინ სირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ქვედანაყოფში ქიმიური იარაღი აღმოაჩინა.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი - საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ ტექნიკურად ტერორისტების პრობლემას არ წარმოადგენს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის ხელში ჩაგდება და მათი ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, შეძლონ მისი დამუშავება.

„სამწუხაროდ, დღეს ეს არ წარმოადგეს სიძნელეს. გარდა ამისა, თვითონ ქიმიური იარაღი ძალიან გავრცელებულია, რამდენჯერმე იყო ინფორმაცია, რომ სირიის ხელისუფლებამ გამოიყენა. ტერორისტებს ქიმური იარაღის ხელში ჩაგდების რეალური შესაძლებლობა აქვთ, ეს რეალურია.

უფრო რთულია ბიოლოგიური იარაღის ხელში ჩაგდება, ვინაიდან ბიოლოგიური იარაღის წარმოება უფრო ძვირი სიამოვნებაა. თუმცა, თუ მონდომეს არც ეს არის დიდი სირთულე. ალბათ, ამას უნდა დავამატოთ ე.წ. რადიაციული საფრთხე. ასე რომ, საფრთხე რეალურია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი.

ექსპერტი უსაფრხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია თვლის, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ქიმიურ იარაღს სირიისა და ერაყის ტერიტორიის გარდა ვერსად შეძლებს.

„ის ფაქტი, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ ქიმიური იარაღი აქვს, ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს, რადგან ტერორისტებმა სირიაში ის ერთხელ უკვე გამოიყენეს. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობაა, რომ ისევ გამოიყენებენ საომარი მოქმედებების დროს სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე. მისი საფრანგეთში ან სხვა ქვეყნებში გამოყენება კი, არც ისე მარტივადაა შესაძლებელი“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ტაქტიკას ცვლის აშშ. პენტაგონის სამიზნე ტერორისტების სანავთობო ინფრასტრუქტურა გახდა. როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, აქამდე ამერიკა თავს არიდებდა ასეთ ობიექტებზე დარტყმებს, რადგან ამ დარგში მშვიდობიანი მოსახლეობა იყო დასაქმებული.

„მზად ვართ ჩვენი მონაწილეობის წესები შევცვალოთ. ჩვენ შევცვალეთ ტაქტიკა, როგორც ეს ბენზინმზიდებთან დაკავშირებით იყო. იწყება ტერორისტების სანავთობი ინფრასტრუქტურის განადგურება. აქამდე ამერიკა თავს არიდებდა ასეთ ობიექტებზე დარტყმებს იმის გამო, რომ ამ დარგში მშვიდობიანი მოსახლეობა იყო დასაქმებული. პარიზის ტერაქტების შემდეგ კი, ამერიკამ შეცვალა გადაწყვეტილება, რადგან ამ დარგიდან მიღებულ მოგებას ტერორისტები იღებენ“, - აღნიშნა ეშტონ კარტერმა.

ბესილ ალადაშვილი თვლის, რომ ზოგადად ავიადარტყმების თემა ძალიან საკამათოა, რადგან ავიადარტყმების ეფექტიანობა უნდა განისაზღვროს იმ დანაკარგით, რაც ავიადარტყმით მიიღო ტერორისტულმა დაჯგუფებამ და ეს მისი თქმით, მხოლოდ ხმელეთიდან შეიძლება შეფასდეს. ალადაშვილი სახმელეთო ოპერაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

„რაც შეეხება ნავთობის ინფრასტრუქტურას, ხაზი იყო გასმული, რომ ეს ეხება ნავთობის გადაზიდვის პროცესს, რადგან ტერორისტები ძირითადად თავიანთ გადმოქაჩულ ნავთობს ყიდიან ნავთობცისტერნებით. არის ეჭვი, რომ სირია ყიდულობს და შესაძლებელია სხვა ქვეყნებიც ყიდულობდნენ, იმიტომ, რომ იაფია.

ვფიქრობ, ირონიის გამომწვევია ამერიკელების მხრიდან განცხადება, რომ - „ჩვენ აქამდე ვერიდებოდით ავიდატყმებს, რადგან ამ დარგში მშვიდობიანი მოსახლეობა იყო დასაქმებულიო და არ გვინდოდა სამოქალაქო პირების მსხვერპლი“. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი შეცდომა მოსდით ამერიკლებსაც და მოკავშირეებსაც. მაგალითად, იგივე ავღანეთში, შეცდომით მოხდა საავადმყოფოების და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა.

ვფიქრობ, რომ ტერორისტების სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურების ოპერაცია აქამდეც უნდა დაწყებულიყო. მთავარია ტერორისტებისათვის ფინანსური რესურსების გადაკეტვა და ამის შემდეგ ბრძოლა მათ წინააღმდეგ უფრო გაადვილდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.