სანამ პოლიტიკოსები ისლამისტების განადგურებით იმუქრებიან და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პოვნას ჰპირდებიან, მეცნიერები იმ მიზეზებს უღრმავდებიან, თუ რატომ წამოვიდა მუსლიმანებისგან ეს აგრესია და რისი პასუხია თვითმკვლელობები, ტერაქტები, სამყაროში ყველაფრის სიძულვილი?!
ამ მხრივ საინტერესოა, ქადაგებს კი ყურანი სიძულვილს, თუ აგრესიული მოწოდებები უფრო ყურანის ინტერპრეტატორებს უკავშირდება?! ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge აღმოსავლეთმცოდნე ზაურ მჭედლიშვილს ესაუბრა.
სად და როდის გადაიკვეთა მუსლიმანთა რელიგია პოლიტიკასთან?
- მას შემდეგ, რაც ერაყში სადამ ჰუსეინი ჩამოაგდეს და ერაყში დამყარდა განუკითხაობა, სწორედ მაშინ წამოყო თავი „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, იმ დროს ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი სტრუქტურები ყველაზე დასუსტებული იყო, რადგან 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიო ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ აღდგა და ავღანეთსა და ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციები ჩატარდა. „ისლამური სახელმწიფოს“ რელიგიურმა წარმონაქმნმა „ისლამური სახელმწიფოს“ სახელი კი დაირქვა, მაგრამ ძირითადად, ეს იყო ერაყში მოქმედი „ალ ქაიდას“ განშტოება, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მეთაურობით. ესენი იყვნენ უფრო ვაჰაბიტური მიმდინარეობის წარმომადგენლები - სალაფიტები. ვაჰაბიტები და სალაფიტები ერთი და იგივეა, როგორც რადიკალური ისლამის მიმდევრები. თვითონ ვაჰაბიტებიც და სალაფიტებიც აღიარებენ მხოლოდ ყურანის პირველ სახეს და მიიჩნევენ, რომ მეშვიდე საუკუნეში შექმნილი ყურანის მიხედვით უნდა იცხოვროს მთელმა ისლამურმა სამყარომ და მომავალში მთლიანად მთელი დედამიწის მოსახლეობამ.
მუჰამედმა წერა-კითხვა არ იცოდა და ყურანი მექასა და მედინაში მისი ქადაგებების, იგავების, ლოცვების მიხედვით შედგენილი წიგნია მუჰამედის გარდაცვალების 20 წლის თავზე. თუმცა საინტერესოა, რას ეყრდნობიან დღევანდელი რადიკალი ისლამისტები? ისლამურ სამართალს, რომლებიც კანონმცოდნეებმა, ანუ მუსლიმანური სამართლის მთავარი სკოლის ფუძემდებლებმა შექმნეს?
- ერაყში ძალიან ბევრი შიიტი ცხოვრობს. სუნიზმი და შიიზმი ერთმანეთის მიმართ აგრესიულად დაპირისპირებული განაყოფებია. შუა საუკუნეებშიც ოსმალეთსა და ირანს შორის ომები ძირითადად, შიიტებსა და სუნიტებს შორის იმართებოდა. შიიტებს ძალიან უჭერს მხარს ირანი. მსოფლიოს მუსლიმანებს შორის შიიტები 18-დან 15%-მდე არიან, დანარჩენები სუნიტებს და სხვა მიმდინარეობებს მიეკუთვნებიან. სადამ ჰუსეინის დროს ქვეყანას მართავდა სუნიტი არაბების ელიტა. მისი დამხობის შემდეგ ერაყში შიიტებმა იმძლავრეს და სამთავრობო თანამდებობები დაიკავეს. ისლამისტურმა დაჯგუფებებმა კი, რომლებიც სუნიტურ მოძრაობას წარმოადგენენ, ბრძოლა გამოუცხადერს შიიტურ ხელისუფლებას სირიასა და ერაყში და 2014 წლის 10 ივნისს აიღეს ქალაქი მოსული, ერაყის მეორე დიდი ქალაქი რიცხოვნობით, რომელიც ქურთისტანის რეგიონში მდებარეობს. იქ გააჩაღეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა. მოსულის მოსახლეობა, იეზიდი, თურქმენი თუ ქრისტიანი გაწყვიტეს, მათი დევნა დაიწყეს და ერთ კვირაში 40-მდე ქრისტიანული ეკლესია დაანგრიეს. ასე რომ, მათი დაპირისპირება პოლიტიკურმა სისუსტემ წარმოშვა. ამის შემდეგ ისლამისტური დაჯგუფებები სირიაში გადავიდნენ, რადგან სირიაშიც 2011 წლიდან მიმდინარეობდა ბაშარ ასადის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები და შეიარაღებული ბრძოლები. სირიაში არის ასეთი „ალ ნუსრას“ ფრონტი, ანუ არაბულად „გამათავისუფლებელი ფრონტი“, რომლებიც თავიდან ბაშარ ასადის მოწინააღმდეგენი იყვნენ და, სხვათა შორის, მათ დასავლეთი აფინანსებდა, აიარაღებდა. ქალაქ მოსულის შემდეგ ისლამურმა ძალებმა სირიის ერთ-ერთი დიდი ქალაქი - რაყა აიღეს და დღეს მათ რაყაში აქვთ ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქი.
ისლამის აიებში (მუხლებში) არის ცალკეული მკაცრი გამონათქვამები - „იბრძოლე მანამ, სანამ მთელი რწმენა არ მიემართება უფალს“ და სხვა.
- თავდაპირველმა ყურანმა, რა თქმა უნდა, 14 საუკუნის განმავლობაში ინტერპრეტაცია განიცადა. ბოლოს და ბოლოს, მე-7 საუკუნეში შეიქმნა ყურანი, მას შემდეგ ბევრი რამ დაემატა, ყველა გადამწერმა თავისი შეხედულება დაამატა. მოგეხსენებათ, მაშინ სტამბა არ არსებობდა, გადამწერები ძირითადად ძალიან განსწავლულები იყვნენ ყურანში, ზოგს თავისი ინტერპრეტაცია უჩნდებოდა და რაღაცებს ამატებდა, ამიტომ მე-20 საუკუნემდე საკმაოდ შეცვლილი ყურანი მოვიდა, თორემ პირვანდელ ყურანში, რომელიც ხალიფა ოსმანის დროს შეიქმნა (ოსმანისეული ყურანი) აგრესიული თავდასხმის შესახებ თითქმის არ არის. მანამდე წერა არ იცოდნენ, ზეპირად ვრცელდებოდა ყველაფერი. კი ბატონო, ყურანში არის მხოლოდ ის, რომ ურჯულოები, რომლებიც გებრძვიან, გაწყვიტეთო, ეს 47-ე სურის მეოთხე აიაშია, თორემ ყურანში კაცის კვლა აკრძალულია. მათ, ვინც სირიაში იბრძვის ისლამური სახალიფოს სახელით და ისლამის დროშით ანგრევს მთელ ისტორიულ ფასეულობებს, განურჩევლად რწმენისა და ასაკისა ხოცავს ადამიანებს, ისლამთან საერთო არაფერი აქვს. ისინი ისლამის სახელს ბოროტად იყენებენ. სალაფიტები, იგივე ვაჰაბიტები, სწორედ პირველ ყურანს უბრუნდებიან.
სხვათა შორის, ჯიჰადიც, ანუ მუსლიმანთა საღვთო ომი თავდაცვითი (და არა- თავდასხმითი) მოვლენაა, რადგან ყურანში მკაფიოდაა ნათქვამი, იბრძოლეთ ისე, როგორც ისინი გებრძვიან და არასოდეს წამოიწყოთ ბრძოლა პირველებმა. უფრო მეტიც, ჯიჰადის დროს არ შეიძლება ბავშვებისა და მოხუცების მოკვლა, ასევე, - გარემოს, ცოცხალი ბუნების განადგურება. ამის საწინააღმდეგოდ, ქიმიური იარაღით იმუქრებიან რადიკალი ისლამისტები. ესეც ყურანის არასწორი ინტერპრეტაციაა?
- ადამიანიური პოზიციებიდან მათი განხილვა ძალზე რთულია. მათ არ აქვთ ადამიანური სახე და ამის მერე უკვე რელიგიაზე აღარც შეიძლება ლაპარაკი. ამიტომ რელიგია მათთვის მხოლოდ იარაღია, ხელში ხმალი უჭირავთ და ხმალს ისლამის სახელით იქნევენ. თორემ ჯიჰადი არის ბრძოლა მათი რწმენის დასაცავად.
თქვენ პირვანდელ ყურანზე საუბრობთ, სადაც აგრესია არ არსებობს. სხვათა შორის, იქ ასეთი რამ წერია, ვინც ერთ სულს მოკლავს, მაშინ ის მოკლავს მთელ კაცობრიობას. როგორ უნდა გაიაზრონ ISIS-ს მებრძოლებმა ეს შეგონება?
- მართალი ბრძანდებით, ვიღაცის მოკვდინების წყურვილი გზას უხსნის ბოროტებას. ერთს რომ მოკლავ, მერე ათასი უნდა მოკლა, ათასს რომ მოკლავ, მერე მილიონები უნდა დახოცო. ამ გზით მიდიან ეგენი. ამიტომ ხდება პარიზის მოვლენები, ლონდონში თამაშის დროს მატჩის შეჩერება და სხვა.
ისლამი იუდაიზმისა და ქრისტიანობის გავლენით ჩამოყალიბდა, როცა არაბმა ვაჭარმა - მუჰამედმა თავი ღვთის რჩეულად (მესიად) გამოაცხადა, რომლის მოსვლასაც იუდეველები ელოდნენ იესო ნაზარეველის სახით. თუკი პირველწყაროდ იუდაიზმსა და ქრისტიანობას ავიღებთ, იქაც არანაირი მოწოდება არ არის აგრესიისკენ.
- მუჰამედის ცხოვრება წაკითხული მაქვს, ვიცი, რომ მის მეუღლეებს შორის ხუთი მათგანი ქვრივი, ობოლი, მრავალშვილიანი ქალი იყო, რომლებიც სახლში მიიყვანა და მათ ცოლებს ეძახდა, რათა მათთვის მიეხედა, როგორც მეუღლეებისთვის. ასეთი სახეც ვიცი მუჰამედის. ის წმინდანად შერაცხეს, მაგრამ, სამწუხაროდ, რელიგიური ფანატიზმი ისლამში უფრო მეტად იდგამს ფეხს, რადგან ისლამი ყველაზე თვინიერი რელიგიაა. თვითონ ისლამი მოდის aslama-დან, ე.ი. თვინიერება, მორჩილება, წყნარად ყოფნა. აგრესიული ბუნების ზოგიერთმა ადამიანმა ეს მორჩილება შეიძლება ისე წარმოსახოს, რომ ნახეთ, მე ვარ მორჩილი ღვთისა და ამიტომ ყველა მე უნდა დამემორჩილოს.
დასავლურ სახელმწიფოთა ხელისუფლებებში რომ ყოფილიყვნენ ტეტჩერის, რკინის ლედის მსგავსი ძლიერი პერსონები, ალბათ, რადიკალიზმის წინაშე არ აღმოჩნდებოდა მსოფლიო.
- რა თქმა უნდა, ლიბერალურ დემოკრატიასაც მიუძღვის წვლილი, რომ დასავლეთმა სერიოზულად ვერ აუღო ალღო ამ მოვლენებს. არადა, 1995 წელს, როდესაც თურქეთში ვმუშაობდი, იზმირის კათოლიკე კარდინალმა ბერტონმა განაცხადა, სანამ წმინდა პეტრეს საყდრის ქონგურიდან რომში მოლა არ დაიძახებს, მანამდე ევროპა ვერ გაერკვევა, რაშია საქმე?! 2009 წელს მივლინებით გახლდით საფრანგეთში და, როცა ფრანგ მეცნიერებს ვუთითებდი, რომ მომავალი ძალზე სახიფათო ექნებოდათ, ისინი დემოკრატიასა და ლიბერალიზმზე მიწყებდნენ ახსნა-განმარტებას. ეს მაშინ, როცა რატომღაც ყველა მიგრანტი აგრესიული მხვდებოდა, რადგან მათ დამკვიდრება სურდათ იმ ქვეყნაში.
„შარლი ებდოს“ ტრაგედიის შემდეგ კი, იანვარში ერთ-ერთი ფრანგი მეცნიერი დამიკავშირდა და მითხრა, მართალი ყოფილხარო. ლიბერალიზმის მესმის, ვერსალის კონფერენციის შემდეგ ლიბერალიზმის დამკვიდრება უნდოდათ და სწორედ ლიბერალიზმის დროს წარმოიშვა ფაშიზმიც, კომუნიზმიც და იაპონური ნაციონალზიმიც. ამიტომ, მეც მაინტერესებს, ლიბერალიზმის ფონზე ხომ არ ხდება ისლამის ფანატიზმამდე მისვლა და მისი ცუდი მხრიდან გააქტიურება?
ცალკეული ექსპერტები აცხადებენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციიდან, ქართველები უკვე მათ ტერიტორიაზე, ანუ კავკასიის ვილაიეთში ვცხოვრობთ. დღეს კიდევ ერთი ვანდალური აქტის შესახებ გახდა ცნობილი, ახალქალაქის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე თურქულ ენაზე წააწერეს - „ერთ დღეს ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით“, თანაც, პანთურქული და ისლამური სიმბოლოები გამოსახეს. ადრე ვსაუბრობდით თურქიზაციის პროცესზე აჭარის კონტექსტში. ჩვენ არ ვიცით, რას ასწავლიან ქართველ ბავშვებს ე.წ. მუსლიმანურ პანსიონებში აჭარის ტერიტორიაზე.
- ცხადია, უნდა გაკონტროლდეს, იქ როგორი სწავლება მიმდინარეობს, მაგრამ ეს ყველაფერი ცოტა დაგვიანებულად მეჩვენება. ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავი სრულდება 2021 წელს და იმ ხელშეკრულების მიხედვით, თურქეთმა ბათუმის ოლქის სუვერენიტეტი საქართველოს იმ პირობით დაუთმო, რომ იქ ადგილობრივი მოსახლეობის კულტურული და რელიგიური ავტონომია შენარჩუნებულიყო და ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ საყოველთაო პლებისციტი ჩატარებულიყო. ღმერთმა ნუ ქნას, ხუთი წლის შემდეგ აჭარაში რეფერენდუმი ჩაატარონ და რეფერენდუმის უმრავლესობით გამოუსწორებელი შედეგები მივიღოთ. არადა, როგორც ვხედავ, ყველაფერი აქეთკენ მიდის, 25 ათასამდე თურქი მოქალაქე უკვე საქართველოს მოქალაქეცაა, მათ ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭეს, ასევე, ადგილობრივები ძალიან ძლიერ მუშაობენ და პატრიოტობაზე აქეთ მოგვიწოდებენ - თუ ქართველებმა პატრიოტობა შეინარჩუნეს, ეს ჩვენ, მუსლიმანმა ქართველებმა შევინარჩუნეთ და ზღუდე ვიყავით, რომ საქართველო რუსეთთან არ გათქვეფილიყოო.