თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. თბილისის საკრებულომ 810 მილიონი ლარის მოცულობის ბიუჯეტის მერიას შესწორებებით უკან დაუბრუნა. უმრავლესობაში თვლიან, რომ ბიუჯეტის პროექტი მოქალაქეების ინტერესებს არ გამოხატავს. შესაბამისად, ნარმანიას მიერ შემუშავებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს ფრაქციებსა და კომისიებში განხილეს, მათი დასკვნები შენიშვნების სახით თან ერთვის ბიუჯეტის პროექტს.
ნარმანიას 10 დეკემბრამდე აქვს ვადა იმისათვის, რომ კორექტირებული ბიუჯეტი დასამტკიცებლად ისევ საკრებულოში დააბრუნოს. საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, თედო კობახიძე დარწმუნებულია, რომ მერია საკრებულოს შენიშვნებს გაითვალისწინებს. გაითვალისწინებს თუ არა დავით ნარმანია ამ შენიშვნებს, ეს ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან დედაქალაქის მერი თვლის, რომ მერიამ ძალიან კარგი ბიუჯეტი წარმოადგინა.
რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს მერის იმპიჩმენტის საკითხი და მსჯელობენ თუ არა საკრებულს უმრავლესობაში მერის იმპიჩმენტზე? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge თედო კობახიძეს ესაუბრა.
უმრავლესობა მერის იმპიჩმენტისთვის ემზადებით? საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, დავით ნარმანიას იმპიჩმენტზე „ქართულ ოცნებაში“ საუბარი მიდის, თუმცა მათ არ იციან ეს რა ფორმით მოხდება...
თედო კობახიძე: უმრავლესობაში არ განიხილება მერის იმპიჩმენტის საკითხი. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ის საკითხი, რომ თუ დეკემბერში არ დამტკიცდა ბიუჯეტი, ეს გახდება იმპიჩმენტის საკითხი. მერიიდან შემოვიდა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც მართალია, თვითონ მერი აკეთებდა განცხადებას, რომ ეს არის კარგი ბიუჯეტის პროექტი, თუმცა პირადად ჩემთვის, როგორც იურიდიული საკითხთა კომისიის ხელმძღვანელისთვის და მთელი რიგი დეპუტაციისთვის, ეს ბიუჯეტი არ არის მისაღები. ჩვენ გვაქვს ჩვენი შენიშვნები.
რა შენიშვნები გაქვთ?
- ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს არის გამართული ბიუჯეტი. შემოვიდა ახალი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი შენიშვნებით მივუბრუნეთ მერიას. ამ საკითხზე იქნება კონსულტაციები. დარწმუნებული ვარ, რომ კონსენსუსამდე მივალთ და ეს იქნება ჩვენს მოსახლეობაზე მორგებული ბიუჯეტი. როგორც გითხარით, მერიას შენიშვნები გადაეგზავნა. მერიას 10 დეკემბრამდე აქვს ვადა, რომ ჩვენი შენიშვნებით გათვალისწინებული ბიუჯეტის ახალი პროექტი შემოიტანოს საკრებულოში.
თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ არ მოხდება შენიშვნების გაზიარება, ამ შემთხვევაში, დაიწყება მერის იმპიჩმენტის პროცედურა...
- თუ ჩვენ გავყვებით პროცედურას და ამ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი ნორმებით მივუდგებით საკითხს, არც ეს არის სწორი. კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს სამთვიანი ვადა, რომ შევჯერდეთ საბოლოო ვარიანტზე. ანუ, იმ ვარიანტზე, რომელიც მისაღები იქნება საკარებულოს უმრავლესობისთვის. ვფიქრობ, რომ სამთვიანი ვადაც არ დაგვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ შევჯერდებით საბოლოო ვარიანტზე.
დარწმუნებული ხართ, რომ კორექტირებული ბიუჯეტი დაგიბრუნდებათ მერიიდან? მერი ამბობს, რომ ეს არის კარგი ბიუჯეტი, რომელიც არ საჭიროებს კორექტირებას...
- გასაგებია, მეც ვნახე მერის ეს კომენტარი, თუმცა კიდევ აღვნიშნავ, რომ პირადად ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ამ ბიუჯეტში მთელი რიგი საკითხები არ იყო მოსაწონი. დარწმუნებული ვარ, რომ მერია გაითვალისწინებს ჩვენს შენიშვნებს და ჩვენ დავამტკიცებთ სახეცლილ ბიუჯეტს.
თუკი არ მოხდა 2016 წლის ბიუჯეტის კორექტირება, ანუ მერიამ არ გაითვალისწინა საკრებულოს შენიშვნები, ასეთ შემთხვევაში რა მოხდება?
- ვფიქრობ, სწორი არ იქნება ასე საკითხის დასმა. ჩვენ შარშანაც გვქონდა შენიშვნები და მოხდა მისი გათვალისწინება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ არ ვართ სხვა და სხვა გუნდის წევრები, ასე რომ, ასე არ არის თითქოს, ვიღაცა ვიღაცას ეჯინება, ან ჩვენ გვაქვს რაღაცა ახირება, ან მერს - თავისი ახირება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკორექტირებთ წარმოდგენილ ბიუჯეტს.
ამ ბიუჯეტის შემადგენელმა შეიძლება ვერ დაინახა რაღაცა საკითხები ისე, როგორც საჭირო იყო, ან ვერ გაითვალისწინა. საკრებულოში არიან მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც წარმოადგენენ ფრაქციებს, კომისიებს, მათ ყოველდღიური შეხვედრა აქვთ ამომრჩეველთან და ა.შ. არის რაღაცა ნიუანსები, რომელიც არ იყო ასახული ამ ბიუჯეტში. ყველაფერი ამის დაკორექტირება უნდა მოხდეს. ძალიან ცოცხალი პროცესია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივალთ კონსენსუსამდე.
თუ დარწმუნებული ხართ, რომ მერია გაითვალისწინებს შენიშვნებს, მაშინ რატომ მოხდა ბიუჯეტის საკითხის დაკავშირება მერის იმპიჩენტთან?
- იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და შენიშვნები ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით. ამავდროულად, არის ოპონენტი მხარე, რომელსაც თავისი პოლიტიკური ხედვა აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ოპონენტებმა პოლიტიკურად გამოიყენეს ეს საკითხი, რაც უცხო არ არის მათი მხრიდან.
ბიუჯეტი არ არის ერადერთი საკითხი, რაზეც მერის მიმართ არის კითხვები და უკმაყოფილება. თქვენც მოძრაობთ თბილისში და ხედავთ რაც ხდება ქუჩებში. ეს ადასტურებს, რომ მერია ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას? პრობლემები არის საკამოდ ბევრი და ისიც ფაქტია, რომ ეს პრობლემები ყოველდღიურად მატულობს...
- რა თქმა უნდა, თბილისში არ არის ყველაფერი გამართულად, არის საკმაო პრობლემები და მთელი რიგი გამოწვევები. იმედი მინდა ვიქონიო, რომ თბილისის ახალი მთავრობამ, რომელიც ერთი წელია ფუნქციონირებს, შეიძინა გამოცდილება, დაინახეს ის პრობლემებიც, რაც მათ წინაშე არის. მინდა ვიქონიო იმედი, რომ 2016 წლიდან სულ სხვა შემართებით და თბილისელებზე ორიენტირებული მიდგომებით, შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდება ქმედითი ღონისძიებები. არ მინდა პროცესებს გავუსწრო, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გაკეთდება.
ამავდროულად, მინდა დავამატო, რომ ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეულები, იგივე მერიც არის ხალხის მიერ არჩეული. ამ შემთხვევაში, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენი მოსახლეობის პოზიციებს. იმის მიხედვით უნდა ვიმუშაოთ, რა სურს ჩვენს მოსახლეობას და არა ის, ჩვენ რა და როგორ გვინდა. ეს პრონციპი არავინ უნდა დაარღვიოს, არც მერმა, არც მერიის რომელიმე თანამშრომელმა და არც საკრებულომ.
ნომერ პირველი ამოცანა არის ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვა. თუ ვინმე არ იდგება ხალხის სამსახურში, ან იდგება არასწორად და არაჯეროვნად, კობახიძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, შესაბამისი პასუხი გაეცემა. თუ ადამიანი ვერ წევს იმ სიმძიმეებს, რომელიც მასზე არის დაკისრებული, მაშინ არ უნდა იყოს იმ სამსახურში, რომელშიც არის.