ევროკავშირი აღიარებს, რომ ყველა ვალდებულება, რაც საქართველოს მთავრობას ეკისრებოდა, შესრულებულია. მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება ევროკავშირში. ამის შემდეგ უკვე, ევროკავშირის 28-ვე წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაეთანხმოს აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი პროცესი, ან შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.
„იქედან გამომდინარე, რომ ევროპაში ახლა რაც ხდება, ალბათ, ესეც იქნება გასათვალისწინებელი, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენი მხრიდან ყველაფერი არის დასრულებული და შესრულებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსოფლიოშს მასშტაბით ტერორისტების გააქტიურების ფონზე, არსებობს საშიშრობა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციამ ქვეყანას პრობლემები შეუქმნას იმ კუთხით, რომ ISIS-მა საქართველო თურქეთის გავლით შესაძლებელია ტრანზიტულ ქვეყანად გამოიყენოს, შემდეგ უკვე - ევროპაში შესასვლელად. როგორც ცნობილია, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს მარტივად შეუძლიათ სირიიდან თურქეთში შესვლა.
პოლიტოლოგი გიორგი მჭედლიშვილი აცხადებს, რომ ვიზების ლიბერალიზაცია დიდად არ ცვლის ამ განტოლებას, რადგან საფრთხე იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა საქართველო გამოიყენონ სატრანზიტო დანიშნულებისთვის, არსებობს.
„სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს მაგალითი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები თურქეთის გავლით აღმოჩნდნენ სირიაში. თუ თურქეთს იყნებენ, რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია საქართველოც გამოიყენონ როგორც სატრანზიტო ქვეყანა. აუცილებელია მჭიდრო კონტაქტები ევროკავშირის ქვეყნებთან, რომ აღმოიფხვრას პოტენციური ტრანზიტი. ამისთვის აუცილებელია საქართველოს ჰქონდეს მონაცემები იმ მოქალაქეებზე, რომელთა მიმართ არსებობს ეჭვები და რომლებიც ნამყოფი არიან სირიაში. მსოფლიოსთვის სასიცოცხლო ბრძოლაში თუ ევროპულ ქვეყნებთან ერთად ვიქნებით, ეს შესაძლებელია საქართველოსთვის ხელსაყრელიც იყოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მჭედლიშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ გაუგებარია რაში სჭირდებათ ახალი ტრანზიტი, როდესაც ლტოლვილებთან ერთად იმდენი ტერორისტი ჰყავთ შეგზავნილი ევროპაში, რომ ძალიან დიდხანს ეყოფათ ევროპის დესტაბილიზაციისთვია. მისი თქმით, საქართველოს გარდა უამრავი სხვა გზა არსებობს.
„იგივე თურქეთი იყო მთავარი სატრაზიტო პუნქტი ფუნდამენტალისტი ისლამისტების გატარების, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები თურქეთის საზღვრის გასწვრივ არსებულ ბანაკებში გადიოდნენ მომზადებას და ეს ხდებოდა ნატოს წევრ სახელმწიფოში.
ამ თვალსაზრისით უვიზო მიმოსვლა არაფერს ცვლის. მთავარია საქართველომდე ვერ შეძლონ შემოსვლა. თუკი რუსეთში დაიწყო მასობრივი ტერაქტები და ამ ნიადაგზე ჩრდილო კავკასიაში დაიწყო არეულობა, აუცილებელია სწორედ რუსეთ-საქართველოს საზღვრის გაკონტროლება.
საქართველო ვალდებულია საკუთარი საზღვრის დახმარების საქმეში დასახმარებლად სხვას უხმოს, ისევე, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა. საუბედუროდ, ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი, მაგრამ თუ ამის აუცილებლობა დადგა, გამოინახება სამართლებრივი ფორმა, როგორ შეიძლება საქართველომ მოიწვის სტრატეგიული პარტნიორები ჩვენი საზღვრის გასაკონტროლებლად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.
for.ge-სთან საუბრისას დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ როგორი კარგადაც არ უნდა იყოს დაცული საქართველოს საზღვარი, საშიშროება იმისა, რომ საქართველო გამოყენებული იქნას, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, არსებობს.
„ყოველთვის გამოცდილი ადამიანები მოახერხებენ ხვრელის პოვნას, რაც არაერთხელ დადასტურებულა ევროპის და ამერიკის მაგალითზე. მართალია, საქართველო ატარებს უსაფრთხოების ზომებს, მაგრამ ბუნებრივია, რომ ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. ჩვენ არ ვართ დაზღვეული, რომ უვიზო მიმოსვლა დესტრუქციული ელემენტების მიერ არ იქნება გამოყენებული.
როდესაც ჩვენ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა გვითრხეს, რომ 99% -ით გარანტირებული გაქვთ ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმის მიღება, შეიძლება ის 1% იყოს გადამწყვეტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ევროკავშირის უარი ვიზა-ლიბერალიზაციის მოცემაზე, განსაკუთრებით პარიზის ტერაქტის შემდეგ“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.
„ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით ზალკალიანი პირდაპირ ბმას ვერ ხედავს თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღებასა და სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიერ საქართველოს სატრანზიტო ქვეყანად გამოყენებას შორის.
„რაც შეეხება ტერორიზმთან ბრძოლას და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე დღეს მსოფლიოს ცივილიზებული სამყარო დგას, საქართველოც ამ ცივილიზებული სამყაროს ნაწილია და ბუნებრივია, ჩვენ ყველა შიდა რესურსით უნდა ვეცადოთ, ყველანაირი პირობა შევქმნათ იმისათვის, რომ საქართველოში არ მოხდეს ტერორისტებისა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული ადამიანების შემოსვლა საქართველოში.
ვფიქრობ, განსაკუთრებით ყურადღება არის მისაქცევი საემიგრაციო პოლიტიკაზე, საზღვრების კონტროლზე. ასევე, სამართალდამცავი სტრუქტურები მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. აუცილებელია კოორდინაცია, როგორც ევროკაშვირის ქვეყნების წარმომადგენლებთან, ასევე აშშ-თან.
გასაუმჯობესებელია კონტრდაზვერვითი სამსახურების საქმიანობა არა მარტო დასავლელ და ამერიკელ პარტნიორებთან, არამედ რეგიონის ქვეყნებთან, როგორიც არის თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. მიზანშეწონილი იქნება ამ ქვეყნებთან კოორდინაციული საქმიანობის გაუჯობესება“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ზალკალიანმა.