„ევროკავშირის ყალბ წარმოდგენებზე დაფუძნებული პოლიტიკა მარცხისთვის იყო განწირული“

„ევროკავშირის ყალბ წარმოდგენებზე დაფუძნებული პოლიტიკა მარცხისთვის იყო განწირული“

პარიზის ტერაქტების სერიამ და დასავლეთისთვის ტერორისტების მოსალოდნელმა მუქარამ ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, ბევრისთვის ცხადი გახადა, რომ ევროპის და ზოგადად, მსოფლიო უსაფრთხოება სულ მცირე, უკეთესს იმსახურებს. ექსპერტთა აზრით, ევროკავშირის თვითრწმენა, რომ ისეთი ევროპული თვითღირებულებები, როგორიც კეთილდღეობა და დემოკრატიაა, მრავალი მილიონი სხვა რჯულის, რწმენის და სოციალური ადამიანისთვის მისაღები იქნებოდა, სწორი და მიზანმიმართული არ გამოდგა და ევროკავშირის მოწინააღმდეგეებს კიდევ უფრო მეტი მასალა მისცა სამსჯელოდ, რომ ევროკავშირი იმდენად დასუსტებულია, ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად თავის შენახვას ვეღარ ახერხებს.

რა პოლიტიკური და ეკონომიკური შეცდომები დაუშვა ევროპამ წლების განმავლობაში, რამდენად სწორი და მისაღები აღმოჩნდა მისი ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებები დანარჩენი მსოფლიოსთვის და რატომ დადგა დღეს ევროპა და ზოგადად, დასავლეთი ამ პრობლემის წინაშე, რასაც მუსულმანური „ჯიჰადი“ ჰქვია?

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა დეფორმირებული და ყალბ წარმოდგენებზე დაფუძნებული, მარცხისთვის იყო განწირული. ევროპული კულტურა, დასავლური ცივილიზაცია, რომელმაც ადამიანის აყვანა განვითარების გარკვეულ საფეხურზე შეძლო, გზასაცდენილი იქნა, მოხდა ფასეულობების დეფორმაცია და ევროკავშირი, როგორც პოლიტიკური წარმონაქმნი, ძალიან უსუსრი აღმოჩნდა და დღეს მას არ შეუძლია გაუმკლავდეს იმ პრობლემსაც კი, რომლებიც პოლიტიკური შეცდომების გამო დაუდგა.

„ეს არის მცდელობა, სხვას მოახვიო თავს საკუთარი ფასეულობა და არ გესმოდეს, რომ სხვა კულტურის ფენომენი სხვა ენაზე საუბრობს. მას თავისი სიმართლე აქვს და უნდა შეგეძლოს მიიღო ის სიმართლე ისეთი, როგორიც არის და არა მოახვიო თავს შენი ფასეულობები, რომელიც საუკეთესო გგონია.

ევროკავშირი, დასავლური სახელმწიფოები, აღარაფერს ვამბობ შუა და აღმოსავლეთ ევროპაზე, უმძიმესი პრობლემების წინაშე არიან და გრძნობენ, რომ ამ პრობლემებთან გამკლავება და საკუთრი უსაფრთხოების დაცვა მარტოს აღარ შეუძლიათ. ევროკავშირი ერთგვაროვანი წარმონაქმნი არაა, მაგალითად, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც აბსოლუტურად სხვა ორინეტაციაზე არიან, ისინი სხვა პოლიტიკური მიმართულებით აკეთებენ აქცენტებს და ეს არის ევროკავშირის ლიდერების ბოლო წლების შეცდომები, რომლებმაც საკუთარი ინტერესების ნაცვლად,სხვის ინტერესებზე ითამაშეს და პოლიტიკაში ეს კონტრპროდუქტიულია“, - აცხადებს გიორხელიძე For.ge- სთან საუბარში.

გარდა ევროკავშირის შიგნით არსებული პოლიტიკური პრობლემებისა, რამაც დასავლეთის მაცხოვრებლები პარიზის ტერაქტების შემდეგ, ფაქტის წინაშე დააყენა, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი კავშირის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც საუბრობს. რა შედეგები ექნება ამ ტერაქტებს დასავლეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ხომ არ გაღრმავდება კიდევ ის კრიზისი, რაც ევროპაში უკვე არსებობს, წამყვანი ლიდერები ამაზე ღიად არ საუბრობენ.

როგორც დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, ეკონომიკური კრიზისი ევროპაში 2008 წლის შემდეგ უკვე არსებობს და ის დაძლეული არ არის, არც უახლოეს ორ-სამ წელიწადში იკვეთება იმის პერსპექტივები, რომ ევროპა ამ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას შეძლებს. ამას ვერ იგრძნობენ ჩვენი მოქალაქეებიც, რომლებიც საბერნეთსა და იტალიაში მრავლად არიან, ტერაქტების შემდეგ კი დასავლეთის ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გამოჩნდება.

ეს შეფასებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, საქართველომ მკვეთრი დასავლური კურსი რეალურად დააფიქსირა.

რა გავლენას მოახდენს დასავლეთის ეკონომიკური პრობლემები ყოფილ დსთ-ს ქვეყნებზე - საქართველოზე, უკრაინასა და ბელორუსზე, რომლებიც იმედით ელოდებიან ევროკავშირში შესვლას? ამ კითხავზე ეკონომიკის ექსპერტი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენარჩუნება, მის განვითარებაზე ზრუნვა, განსაკუთრებული სიფრთხილე ამ საოცარი დაპირისპირების პირობებში, როდესაც ორი გეოსტრატეგიული მოთამაშე ღია დაპირისპირებაზეა გადასული.

„სანამ რაიმე გონივრული კომპრომისი არ მოხდება ამ დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ჩვენ ჩვენი მოქმედებით პროვოცირება არ უნდა მოვახდინოთ. საქართველოსთვის დღეს კატასტროფული იქნება დისბალანსებზე თამაში. სიტუაცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან დანდობა არც ერთი მხრიდან არ იქნება. საქართველოს ინტერესები განსხვავებულია, ვიდრე დღეს ჩვენ ოფიციალური ხელისუფლება გვთავაზობს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს იმ საშიშროებაზე, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. დრო შეიცვალა, რომელსაც უზარმაზარი რისკები მოაქვს“, - აცხადებს გიროხელიძე.