სახელმწიფო უწყებებში პრემია დანამატმა ჩაანაცვლა, სახელფასო სისტემის მოწესრიგება კი, 2017 წლისთვის იგეგმება. ქვეყანაში, საჯარო სამსახურებში გაცემული პრემიისა და დანამატის თაობაზე ვნებათაღელვა ეტაპობრივად მაშინ იწყება, როცა შესაბამისს ინფორმაციას აუდიტის სამსახური, ან არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.
პარლამენტის წევრები სახელფასო სისტემის ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე აპელირებენ, მთავრობა ირწმუნება, რომ არცერთი მინისტრი პრემიას არ იღებს, აუდიტის სამსახურის ცნობით კი, პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ საკითხის დარეგულირება ვერ უზრუნველყო.
გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებში პრემიების გაცემა სახელფასო დანამტებით შეიცვალა. მისი ცნობით, თანხობრივ გამოხატულებაში, პრემიის სახით გაცემული ხელფასი 31 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო სახელფასო დანამატი 45 მილიონით გაიზარდა.
„რეგიონული განვითარების სამინისტროში დანამატების გაცემის ოდენობა 69%-ით გაიზარდა, იუსტიციის სამინისტროში - 206%-ით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში - 412%-ით, კულტურის სამინისტროში 150%-ით, დევნილთა სამინისტროში 35%-ით, ჯანდაცვის სამინისტროში - 270%-ით. იმას არ ვეწინააღმდეგებით, რომ ქვეყანაში პრემია ან დანამატი არსებობდეს, მაგრამ ყველა პრემია უნდა იყოს დასაბუთებული, რისთვის, რა გასამრჯელოსთვის არის გაცემული. ასევეა დანამატის საკითხიც. არ შეიძლება, ერთი წლით ადრე, რომელიმე თანამდებობის პირმა განსაზღვროს ის, რომ საჯარო პირმა ყოველთვიურად სახელფასო დანამატი უნდა აიღოს“, - აცხადებს თორდია.
სახელმწიფო უწყებებში თუ რა დამსახურებისთვის გაიცემა დანამატი და პრემია, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე for.ge-ს განუმარტავს, რომ ხელფასი სამი კომპონენტისგან შედგება - თანამდებობრივი სარგო, დანამატი და პრემია. მისი თქმით, ხელფასი იმ პასუხისმგებლობითა და სამუშაოს იმ მოცულობით უნდა განისაზღვრებოდეს, რომელიც პიროვნებამ შეასრულა. პარლამენტის ყველა წევრს ერთი და იმავე სარგო უნდა ჰქონდეს, მაგრამ ვინაიდან, დეპუტატთა ნაწილს უფრო მეტი მოვალეობა აქვს, ვიდრე სხვებს, ასეთ დროს შესაძლებელია, იყოს როგორც თანამდებობრივი სარგო, ასევე თანამდებობრივი დანამატი.
„როცა პასუხისმგებლობისა და სამუშაოს რაოდენობა იზრდება, დანამატიც მეტი უნდა იყოს. ძირითადად, ხელფასში ორი ელემენტი უნდა იყოს. თანამდებობრივი სარგო მკაცრად სტაბილური უნდა იყოს, ხოლო დანამატი შეიძლება მერყეობდეს. სახელფასო დანამატები თუ სწორად გაკეთდა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რადგან ეს უფრო სწორია, ვიდრე ის მიდგომა, რაც აქამდე იყო. მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის უნდა შემოვიფარგლოთ თანამდებობრივი სარგოთი და დანამატით. თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს პოზიციიდან გამომდინარე, ხოლო დანამატი იმ ფუნქციებიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც ერთსა და იმავე რანგის თანამდებობის პირს შეიძლება სხვადასხვა ჰქონდეს. ჩემი აზრით, პრემიებს უნდა შევეშვათ“, - აცხადებს ხმალაძე.
დეპუტატს მიაჩნია, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირებს პრემია არ უნდა ჰქონდეთ.
„მათი ნაწილი არჩეულია და მათ გარკვეული საქმის გასაკეთებლად ირჩევენ. როცა მას ირჩევენ, წინასწარ იცის, რაზე მიდის და რა საქმეს კიდებს ხელს. მან ის საქმე კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს. მას პრემია რაში უნდა მისცე, იმაში, რომ თავის საქმეს ასრულებს? ერთი და იმავე რანგის თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგო ერთი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ კონრეტული სამუშაოდან გამომდინარე, შეიძლება, მათ სხვადასხვა დანამატი ჰქონდეთ. ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საჯარო მოხეელების ხელფასები უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის ქვეყნების. დანამატი და პრემია ნაკლებად ფუნქციური იყო. პრემია ლამის ყველას ეძლეოდა, რაც არასწორია. პრემია ჯილდოა, დანამატი არის დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის და უფრო მაღალი პასუხისმგებლობისთვის. არ შეიძლება, რომ თანამდებობის პირი მუდმივად რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებდე. ხანდახან, შეიძლება, მსგავსი რაღაც მოხდეს“, - აცხადებს ხმალაძე.
კანონმდებელი ფიქრობს, რომ თუკი სახელმწიფოს სურს, გარკვეულ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი იყოს, მაშინ შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა იყოს.
„ზოგიერთი სამინისტრო ისეთია, სადაც მუშაობა მუდმივი სტრესის ქვეშ მიმდინარეობს და ასეთ მინისტრს შეიძლება უფრო მეტი დანამატი ჰქონდეს, ვიდრე სხვას. ეს განსაზღვრული ნორმატიული აქტით უნდა იყოს. შს და სასჯელაღსრულების მინისტრებს უფრო მეტი დანამატი შეიძლება ჰქონდეთ, ვიდრე სპორტის მინისტრს. ვინმეს დაკნინება კი არ მსურს, მაგრამ სამუშაო სპეციფკის გამო, ერთს უფრო მეტი დატვირთვა და სტრესი აქვს, ვიდრე მეორეს“, - აცხადებს ხმალაძე.
სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი ფიქრობს, რომ სახელფასო წესის მოგვარების მიზნით, ძალიან ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი. როგორც for.ge-ს ხაბარელმა განუცხადა, სახელფასო სისტემა უნდა დარეგულირდეს, რადგან გაუგებარია, დანამატი რა არის და რა - პრემია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მინისტრი, მისი მოადგილე, დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამდენს იღებენ.
„ჩემი აზრით, პირდაპირ ხელფასი უნდა იყოს გაწერილი და ისე არ უნდა ხდებოდეს, რომ დანამატმა პრემია ჩაანაცვლოს. ეს საკითხი ჩემთვის გაურკვეველია, ისევე როგორც საზოგადოებისთვის. გაუგებარი მცნებები დღის წესრიგიდან ამოღებული უნდა იყოს“, - აცხადებს ხაბარელი.
სახელფასო სისტემის მოწესრიგების მნიშვნელობაზე საუბრობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე. for.ge-სთან საუბარში ებანოიძე აცხადებს, რომ ანალიზი უნდა გაკეთდეს, ყველაზე დიდი დანამატი რომელმა უწყებამ აიღო და მათ ამის რა არგუმენტები აქვთ.
დეპუტატის განცხადებით, დანამატით უკვე პრემიის ჩანაცვლება მოხდა.
„არ მგონია, რომ ტერმინი - პრემია უფრო მჭახე იყოს, ვიდრე დანამატი. სიტყვა- პრემია ცუდი კონტექსტის შემცველი გახდა, ამიტომ, ის ჯერ კიდევ გაურყვნელი ტერმინით შეიცვალა. რიგ უწყებაში დანამატი საჭიროა, მაგრამ შემთხვევებს გააჩნია. სანამ, 2017 წლიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალაში შევა, სახელფასო სისტემა უნდა მოწესრიგდეს“, - აცხადებს ებანოიძე, რომლის პათოსს იზიარებს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოაგდილე თამარ კორძაია.
for.ge-სთან საუბარში კორძაია აღნიშნავს, რომ როგორც წინა ხელისუფლების, ასევე ამჟამინდელის პირობებში, კარგად ჩამოყალიბებული სახელფასო ანაზღაურების სისტემა არ არსებობს, რადგან არსებული კანონმდებლობა იძლევა პრემიების დაუსაბუთებლად გაცემის შესაძლებლობას.
კორძაია ამბობს, რომ როცა ახალი ხელისუფლება ოპოზიციაში იყო, მსგავსი გადაწყვეტილებების გამო, წინა ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდა.
„უფრო ღია პროცედურები შემუშავდა, რომლითაც ანაზღაურება წმინდა ხელფასში არ აისახება. წინა ხელისუფლების პირობებში პრემია იმ ინფორმაციად ითვლებოდა, რომელიც დახურული იყო. ჩანს, რომ პრემიები გადატანილია სახელფასო დანამატებში, რაც პრობლემის მოგვარება არ არის. თინა ხიდაშელს პრემიების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტი ჰქონდა, რომლის განხილვაც გავაჩერეთ, რადგან ამ ეტაპზე, ერთიანი სრულყოფილი წესის შემოღება შეუძლებელია“, - აცხადებს კორძაია.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ საჭიროა - სათანადო რანგირება და რანგირების შესაბამისი განსაზღვრა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონშიც არ ჩანდა ხელფასების მოწესრიგების საკითხი, რის გამოც, შიდა მოლაპარაკებების საფუძველზე ის მოვახდინეთ, რომ ხელფასებისა და პრემიების წესი ცალკე კანონით უნდა მოწესრიგდეს. ეს გარდამავალი პერიოდი უსიამოვნოა, მაგრამ ყველას განსაკუთრებული ყურადღება მაშინ გვამართებს, როცა ეს კანონი დაიდება. ახალი კანონით, მოქალაქეს ეცოდინება, რომ საჯარო სამსახურში დაქირავებული მოხელე რომ ჰყავს, შეიძლება, მას იმაზე მეტს უხდის, ვიდრე ადრე უხდიდა. მან უნდა იცოდეს, რომ საჯარო მოხელე რაღაც რაოდენობას იღებს და ვიღაცას მისთვის დამატებითი ანაზღაურების მიცემის სურვილი აღარ გაუჩნდება. ეს სისტემა დახვეწას რომ ითხოვს, არ ვდაობთ. რიგ შემთხვევებში აღმასრულებელი ხელისუფლების, ან თვითმართველობების პირობებში გაიცემოდა პრემია, რომელიც დანამატმა ჩაანაცვლა. ვინც ამ პროცესს არ აგრძელებს, საქართველოს პარლამენტია, რომელმაც პრემიაზე უარი თქვა“, - აცხადებს კორძაია.
რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, for.ge-სთან ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე არწმუნებს, რომ მინისტრებს პრემია არ აუღიათ. მისი შეფასებით, ზოგადად, რაც შეეხება ანაზღაურებას, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჯარო მოხელეს მისი ფუნქციების შესაბამისი ანაზღაურება ჰქონდეს.
„შესაძლებელია საუბარი იყოს ხელფასების მოწესრიგების ნაწილზეც. აუდიტის სამსახურშიც ხელფასების მოწესრიგება მოხდა და რიგ აუდიტორს უფრო მაღალი აქვს ხელფასი, ვიდრე მინისტრს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ხელფასების მოწესრიგება უნდა მოხდეს. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს“, - აცხადებს კაკაურიძე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი, ამ თემაზე ატეხილ აჟიოტაჟს სპეკულაციად მიიჩნევს. პრემიერის მტკიცებით, არც ერთი მინისტრი პრემიას არ იღებს.
ღარიბაშვილის განცხადებით, ორი დღეა, მედიაში ინფორმაცია ვრეცლდება, თითქოს, სამინისტროებში დამატებით პრემიები და დანამატები გაიცა.
„მინისტრის ხელფასი 5 ათასი ლარია, რაც საჯაროა და ამაში დაფარული არაფერი არ არის. ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, ამ დროს კი პრაქტიკულად არაფერი არაა. არის ჯარისკაცების ხელფასები გაზრდილი 113 მილიონი ლარით, პოლიციელების 106 მილიონი ლარით. ასევე გაზრდილია მასწავლებლების და ექიმების ხელფასები. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ თავისთვის ხელფასები გაიზარდა, სრული სიცრუეა. მგონი, ნამუსი უნდა ეყოთ, რომ ამ თემით სპეკულაცია დაასრულონ“, - აცხადებს ღარიბაშვილი.
მთავრობის მეთაურის ცნობით, სახელფასო სისტემა 2017 წლისთვის მოწესრიგებული იქნება.
„საჯარო სამსახურის რეფორმა დამთავრებული ჯერ კიდევ არ არის, რომელიც სახელფასო სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს. ვვარაუდობთ, რომ 2017 წლისთვის მთელი ეს სახელფასო სისტემა მოწესრიგებული იქნება და ხელფასს დაერქმევა ხელფასი, დანამატს დანამატი და აღარ მოხდება ასე ქაოტურად გაცემა დანამატების და პრემიების“, - დასძინა პრემიერმა.