„ნაციონალებს ხალხი იყოს ცუდად, ოღონდ ამ მთავრობას არ მიეწეროს რამე წარმატება“

„ნაციონალებს ხალხი იყოს ცუდად, ოღონდ ამ მთავრობას არ მიეწეროს რამე წარმატება“

ვიზალიბერალიზაციის პროცესებთან დაკავშირებით, ხელისუფლების და ექსპერტთა გარკვეული ნაწილის იმედი ძალიან დიდია. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ვიზების ლიბერალიზაციისთვის სამოქმედო გეგმის სრულად შესრულება-შეფასება წლის ბოლომდე მოხერხდება, რიგის სამიტისთვის კი გეგმის დიდი ნაწილის პოზიტიურად შეფასებას ელოდებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ ეჭვის თვალით უყურებს მთავრობის ამ მოლოდინს და პროცესების გადავადებას ქვეყნის შიგნით, მთავრობის არასწორ და არადემოკრატიულ ქმედებებს უკავშირებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დამთავრებას. კერძოდ, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირისგან ითხოვენ, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს. 

სხვათა შორის, აღნიშნული ინფორმაცია ათიოდე დღის წინ, FOR.GE-ს ერთ-ერთმა გავლენიანმა ექსპერტმა მიაწოდა რაც საიტზე გამოქვეყნდა. (http://www.for.ge/view.php?for_id=42945&cat=2)

ჩვენი წყარო ყვებოდა: „ქართული მხარის იმედები შესაძლოა, უპრესპექტივო აღმოჩნდეს. for.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გიგა ბოკერიას და გიორგი კანდელაკის ესპანეთში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს შეეხებოდა. for.ge-ს ინფორმაციით, უცხოელ კოლეგებთან მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ამ წელს არ დაკმაყოფილებულიყო ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. ნაცმოძრაობის ლიდერებმა არგუმენტად ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა და თავისუფალ მედიაზე ზეწოლა დაასახელეს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ესპანეთიდან საქართველოსკენ მომავალი გიგა ბოკერია სტამბულში ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა“.

იგივე ინფორმაცია დღეს უკვე პრემიერმაც დაადასტურა: „მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი და აუცილებელი საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს. ამას რა უნდა დავარქვათ, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომაზე.

For.ge შეეცადა გიორგი კანდელაკთან დაკავშირებას, თუმცა საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც ევროსაბჭოს დეპუტატებთან, სოციალურ ქსელებში ხშირ პირად მიმოწერაშია შემჩნეული, ჩვენს შეკითხვებზე მხოლოდ წერილობითი პასუხის გაცემას დაგვპირდა და პრესსამსახურის წარმომადგენელ გიორგი პატარაიასთან გადაგვამისამართა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს დავით დარჩიაშვილს, მან პრემიერმინისტრის განცხადებას საბჭოთა სტილის დეზინფორმაციის ნიმუში უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის დამახასიათებელი ღარიბაშვილის, ქალბატონ წულუკიანის და ბიძინა ივანიშვილის აზროვნებისთვის.

„საუბარია იმაზეა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან, საერთაშორისო მეგობრობასთან, ისე ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა, ხდება გარჩევები იმ პროცესებისა, რაც ქვეყანაშია. პირველ რიგში, ეს მედიაპლურალიზმის მიმართ გაჩენილ საფრთხეს ეხება და ამაზე იყო სერიოზული შეშფოთება გამოხატული ძალიან ბევრი საერთაშორისო წრიდან და სწორედ ეს უქმნის პრობლემას ქვეყანას, მათ შორის ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებითაც “,-აცხადებს დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ სავიზო ლიბერალიზაციის სურვილის ქონას თუ არქონას, საქართველოს პარლამენტის წევრი საქართველოს მოსახლეობას 2010 წელს ახსენებს და ამბობს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა.

„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო და არის შემდეგი - ეს ქვეყანას სჭირდება და არა ღარიბაშვილს და ქვეყნის მოქალაქეებს. მან თავისი თავისი ქვეყანასთან გააიგივა, თავისი და თავისი კოლეგების კრიტიკა ქვეყნის კრიტიკად აღიქვა. ღარიბაშვილს არ ესმის საერთაშორისო ურთიერთობები, მაგრამ წულუკიანმა და სხვებმა ხომ იციან შესანიშნავად, კრიტიკის რა კორიანტელი ჰქონდათ ევროპის დედაქალაქებში დაყენებული ჩვენი ხელისუფლების მიმართ? ვინმე მათ მოღალატეს ეძახდა?“, - აღნიშნავს დარჩიაშვილი და აცხადებს, რომ ღარიბაშვილის განცხადება საბჭოთა აზროვნების სტილის ნიმუშია.

ჩვენს შეკითხვაზე, რეალურად ეწინააღმდეგებიან თუ არა კანდელაკი და ბაქრაძე ევროსაბჭოში ვიზალიბერალიზაციის მიღებას, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის პირველი მოადგილის გუგული მაღრაძის განცხადებით, ის ენდობა ღარიბაშვილის განცხადებას, რადგან დაუმტკიცებელი საბუთების გარეშე, არავინ არაფერს იტყვის. გარდა ამის, მაღარაძის თქმით, ისინი მოწმე არიან იმის,რომ არც ერთხელ, არც ოფიციალურ, არც არაოფიციალურ შეხვედრებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ უთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ასრულებს, მაშინ, როცა ევროკავშირის სტრუქტურები, ვინც ამ პროცესს ყურადღებით ადევნებს თვალყურს, სრულიად სხვა რამეს ადასტურებენ.

„როდესაც არაფერ დადებით შეფასებას არ აკეთებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ჩვენი ქვეყნის წარმატებები ევროსტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, გულზე არ ეხატებათ. ძალიან ხშირად ხდება ისიც, რომ, როდესაც საერთაშორისო ტრიბუნაზე მსჯელობა მიდის სრულიად სხვა საკითხებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იწყებენ არარელევანტურ საკითხებზე საუბარს. მაგალითად, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის გამოუძიებლობაზე და აცხადებენ, რომ ეს არის მედიამფლობელობის გაუმჭვირვალობის პროცესი. არის შემთხვევებიც, როდესაც სრულიად სხვა საკითხზე მიდის მსჯელობა და ისინი ბიძინა ივანიშვილის ფარულ მმართველობაზე იწყებენ საუბარს, „რუსთავი 2“-ზე საუბარი აღარ მაქვს.

ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ ამას და ცდილობენ ევროპაში წარმოაჩინონ, რომ საქართველოში პრობლემებია და არავინ არაფერს აკეთებს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ევროსაბჭოსაბჭოს დებატებზე საქართველოში მდგომარეობის გაუარესების საკითხი განხილულიყო, თუმცა მათ ევროსაბჭოს ბიურომ რამდენიმეჯერმე უარი უთხრა“,-აცხადებს დეპუტატი.

გუგული მაღრაძის განცხადებით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როცა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულდება, საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანდება, ეს ისევე წაადგება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შვილებს, როგორც ჩვენ ყველა დანარჩენს, მაგრამ მათ ურჩევნიათ ქართველი ხალხი იყოს ცუდად, ოღონდ ამ მთავრობას არ მიეწეროს რამე წარმატება.

ნაციონალების აზრით, არაფერი არ უნდა მოხდეს კარგი ამ ხელისუფლების ხელში. მათ თუკი საქართველო ენაღვლებათ, მაშინ ასეთ მცდელობებს უცხოელებთან ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არაკონსტრუქციულია ქვეყნისთვის, რომელსაც საკმაოდ მაღალი შეფასება აქვს ევროპის ასოცირებასთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მისი ხელისუფლების ნაწილის საერთაშორისო ტრიბუნიდან ევროპას მცდარ ინფორმაციას აწვდი. საერთაშორისო შეფასებები კი ამბობს, რომ საქართველოში ბევრი რამ გაუმჯობესებულია. ამას მოგერენის და სხვების განცხადებებიც მოწმობს.

მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად გაბოროტებულია, რომ განუსაზღვრელი პრივილეგია და გაუმჭვირვალე ფინანსები დაკარგა, რომ ყველაფერზე მიდიან და ეს არის მათი საწუხარი“, - აცხადებს მაღრაძე.