პროკურატურას 6 წლით შოთაძე ჩაიბარებს

პროკურატურას 6 წლით შოთაძე ჩაიბარებს

საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ოფიციალურად უკვე წარდგენილია, პარლამენტი კი, კანდიდატის მასპინძლობის მოლოდინშია. for.ge-ს ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო ირაკლი შოთაძის კანდიდატურაზე სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას იმსჯელებს, მაგრამ სანამ დეპუტატები ქვეყნის მომავალ მთავარ მბრალდებელს მოუსმენენ, მანამდე, მისი კანდიდატურა იუსტიციის მინისტრმა მთავრობას უნდა წარუდგინოს, აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში კი, პოსტზე შოთაძის დამტკიცება პარლამენტს მოუწევს.

მმართველი გუნდის წევრები ირაკლი შოთაძის მხარდაჭერას აპირებენ და მას აქტიურ-ენერგიულ ადამიანად მიიჩნევენ, თუმცა, for.ge-ს კითხვას - „მთავარ პროკურატურას რას მისცემს შოთაძე“ ფილოსოფიურ რეპლიკად აღიქვამენ.

როგორც for.ge-ს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, საპროკურორო საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საკმაოდ ხანგძლივი იყო, სადაც სამივე კანდიდატის ხედვა და მოტივაცია დეტალურად გამოიკითხეს. დეპუტატის თქმით, სხვა კანდიდატებთან მიმართებაში შოთაძეს უპირატესობა ის იყო, რომ მას მიმდინარე საქმეებთან ყველაზე მეტი შეხება აქვს.

„ის მთავარი პროკურორის პირველ მოდგილედ 2013 წელს დაინიშნა და იმ საქმეებთან მეტი შემხებლობა აქვს, რომელიც გამოძიების ქვეშაა. დაწყებული პროცესი ბოლომდე მისაყვანია და ამავე დროს, მოთხოვნები ძალიან მაღალი იყო. კონკრეტული საკითხები იყო, რომლის თაობაზე ძალიან მწვავე კითხვებიც დაისვა. პარლამენტი რას იზამს, ვნახოთ. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  ახალი მთავარი პროკურორი ანგარიშვალდებული ხდება პარლამენტთან“, - აცხადებს ბესელია, რომლის მოადგილე გედევან ფოფხაძე შოთაძის მხარდაჭერას გეგმავს.

for.ge-სთან საუბარში ფოფხაძე აცხადებს, რომ ის პროკურატურაში ახალი ადამიანის მისვლას არ ელოდებოდა. დეპუტატის თქმით, გასულ წლებში, სისტემურად პროკურორი რაღაც შეკვეთების შემსრულებელი იყო, მომავალში კი, მათ საკუთარი ღირსების დაცვის საშუალება ექნებათ.

„საპროკურორო საბჭოში უმრავლესობა იმას ნიშნავს, რომ სისტემის ნგრევას და რადიკალურ ცვლილებებს არ ვაპირებთ. ირაკლის როგორც პროფესიონალს ყველა დადებითად აფასებს და მისი კანდიდატურა ჩემთვის მოულოდნელი არ იყო. ის, როგორც იურისტი, შემიძლია, დადებითად დავახასიათო“, - აცხადებს ფოფხაძე, რომელსაც for.ge იმავე კითხვით მიმართავს - „მთავარ პროკურატურას რას მისცემს შოთაძე?!“.

ფოფხაძე გვპასუხობს, რომ ჩვენი კითხვა ილია ჭავჭავაძისეულია და ფილოსოფიურ ელემენტებს შეიცავს.

„ილია ჭავჭავაძის კითხვებს სვამთ. რა უნდა მისცეს ირაკლიმ უწყებას - ეს გლობალური და ფილოსოფიური კითხვაა. ის პროფესიონალია და წესით, ის წარმატებული უნდა იყოს“, - დასძენს ფოფხაძე, რომლის მსგავსად, შოთაძეს დადებითად აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.

for.ge-სთან საუბარში ვოლსკი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ოპონენტების მოსალოდნელ კრიტიკასაც პროგნოზირებს და ამბობს, რომ ოპონენტების მხრიდან, ნებისმიერი გადაწყვეტილება პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი გახდება და კანდიდატი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარდება. კანონმდებელი ფიქრობს, რომ შოთაძის შერჩევით, ყველაზე რაციონალური და ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„საზოგადოების დიდ ნაწილს საქმეების იმ დიდ მასაზე ნაკლები ინფორმაცია აქვს, რაც პროკურატურის მიერ გაწეულია. გიორგი ბადაშვილი ერთ-ერთი ნიჭიერი და შესანიშნავი იურისტია და მასთან ერთად შოთაძესაც აღვნიშნავ. მათ ძალიან კარგი ხედვა აქვთ, მომავალში პროკურატურა როგორი უნდა იყოს“, - აცხადებს დეპუტატი.

ვოლსკი წინადადებით გამოდის, რომ ახალი პროკურორის მოსმენით მიზნით, პარლამენტში საგანგებო სხდომა დაინიშნოს.

„მას კითხვით მივმართავდი - დეპარტამენტი მუშაობის გაგრძელებას როგორ აპირებს, რომელიც წართმეული ქონების დაბრუნების საკითხებზე მუშაობს?“, - დასძენს ვოლსკი, რომლის პათოსს იზიარებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

ტყემალაძე ამბობს, რომ ის შოთაძის კანდიდატურის მხარდაჭერას გეგმავს. მისი შეფასებით, როგორც პირველი მოადგილე შოთაძე აქტიური იყო და მას შემდეგ, რაც ის პირველი კაცი იქნება, უფრო აქტიური და ენერგიული გახდება.

„მას საპროკურორო საბჭოს 14 წევრიდან მხარი 13 ადამიანმა დაუჭირა. კახიშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და არსებული კანდიდატებიდან ის ყველაზე ოპტიმალური იყო. იგივე პროკურორი რომ დაეტოვებინათ, შეიძლება, მეთქვა, რომ პროკურატურის რეფორმა ფორმალურ ხასიათს ატარებდა“, - განუცხადა for.ge-ს ტყემალაძემ.

პარლამენტში მთავარი პროკურორის არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდება, შესაბამისად, გაურკვეველი დარჩება იმ დეპუტატების ვინაობა, ვინც შოთაძეს ნდობას გამოუცხადებს, ან თავს შეიკავებს. როგორც მოსალოდნელი იყო, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია. საბჭოს 14 წევრიდან ფარული კენჭისყრის შედეგად შოთაძის კანდიდატურას 13 წევრმა დაუჭირა მხარი.

საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატს საპროკურორო საბჭოს სახელით, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, შოთაძეს კანდიდატი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.

იმ შემთხვევაში, თუკი, შოთაძის კანდიდატურას უმრავლესობა მხარს დაუჭერს, საქართველოს მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით ირაკლი შოთაძე იქნება. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერთი თვის განმავლობაში საჯარო კონსულტაციებს მართავდა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, აკადემიურმა წრეებმა პროკურორობის კანდიდატებად - ვლადიმერ გაბრიჩიძე, ლაშა გოლუბიანი, ლენა კაპანაძე, ნანა რევაზიშვილი, პაატა შავაძე, ირაკლი შოთაძე და კოტე ჭილაია დაასახელეს. ერთ-ერთმა კანდიდატმა კახა კახიშვილმა თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

ახალი მთავარი პროკურორის შერჩევა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. „ჩაწყობილი არჩევნები“ „,ვერგანხორციელებული დეპოლიტიზაცია“ „სტრასბურგიდან „ელიტა-ბურჯამდე“ „იპოვე ერთი განსხვავება მაინც“ „წულუკიანი გამპრავებელი“ - ასე გააპროტესტეს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა შოთაძის დანიშვნა.

ყოფილი თანაპარტილების პროტესტს გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი და როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის ერთი ნაწილი უკან სვლის რეჟიმში არის, პარტიას უკან ექაჩება და არ აძლევს განვითარების საშუალებას.

„დასანანია, რომ მათ მოუწიათ თავიდან ამ აქციის გამართვა იუსტიციის სახლთან და მერე გაიგეს, რომ თურმე იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროში ზის, მაგრამ, ალბათ, ამაშიც დაიხვეწებიან მომავალში. როგორც ჩანს, შეეტყო ჩემი პარტიიდან წასვლა, აღარ იციან სად ვზივარ. რაც შეეხება თვითონ სლოგანებს ამ აქციისა, მე ვხედავ, რომ სამწუხაროდ, „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის ერთი ნაწილი უკან სვლის რეჟიმში არის, პარტიას უკან ექაჩება და არ აძლევს განვითარების საშუალებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატს გაესაუბრნენ, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართა. საპროკურორო საბჭომ თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე უყარა კენჭი. როგორც საპროკურორო საბჭოს წევრი, ირმა ჭკადუა აცხადებს, საბჭოს მხრიდან დაისვა მწვავე კითხვები იმ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი აქვს პროკურატურაში. მისივე თქმით, ყველა მწვავე და პრიორიტეტულ კითხვაზე შოთაძეს პასუხი ჰქონდა.

ირმა ჭკადუა არ იზიარებს ექსპერტების განცხადებას, რომ მთავარი პროკურორის ფარული კენჭისყრით დანიშვნა აბსოლუტური ფორმალობა იყო, რადგან დაახლოებით 2 თვით ადრე ცნობილი იყო, რომ გიორგი ბადაშვილს მისივე პირველი მოადგილე შეცვლიდა.

„ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ შეფასებებს, რადგან ყველასთვის ცნობილი იყო, რომ გარკვეული პრეტენზიები მქონდა და მაქვს პროკურატურასთან. ის, რომ პროცესები დემოკრატიულად მიმდინარეობდა, ამაზე მეტყველებს ჩემი საბჭოში ყოფნა. თუკი ხელისუფლების ნება იყო, რომ ასე ხელაღებით დაენიშნათ შოთაძე ამ თანამდებობაზე, მგონია, რომ მათ ამაში ხელს ვერავინ შეუშლიდა“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

for.ge-ს კითხვაზე, რაც ვერ შეძლო ბადაშვილმა, შეძლებს მის შეცვლას შოთაძე? - ჭკადუა ამბობს: „იგივე კითხვები მქონდა მეც და მან ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რატომ ვერ მიდიოდა საქმეები წინ და რატომ იყო ხარვეზები. მან წარმოადგინა მისი ხედვა, როგორ აპირებს ამ პრობლემების მოგავრებას“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

ექსპერტი საერთაშორისო სამართლის საკითხებში, ლია მუხაშავრია თვლის, რომ რადგანაც შოთაძე იმ პროკურატურის წარმომადგენელი იყო, რომლის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობდნენ, მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ამ პოზიციიდან ის არ უნდა ყოფილიყო დაწინაურებული.

„იმიტომ, რომ მოადგილესაც აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც იყო და რის გამოც იყო უკმაყოფილება პროკურატურის მისამართით. ჩვენი ხელისუფლება ძალიან ცდილობს, როგორმე გამოასწოროს საერთაშორისო იმიჯი, რომელიც მნიშვნელოვნად აქვს შელახული. ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც ძალიან რთული ვითარებაა ჩვენთან, ეს არის პროკურატურის უნიათობა.

ამიტომ, ეს პროცედურები - კანონმდებლობაში ცვლილება, ახალი პროკურორის დანიშვნა, ყველაფერი წარდგენილი იქნება ევროკავშირისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, როგორც ძალიან დიდი პროგრესული ნაბიჯი. სანამ ისინი მიხვდებიან ეს პროგრესული ნაბიჯია წინ თუ უკან, მანამდე ამ ხელისუფლებას აქვს დრო, თავის საქმეები აგრძელოს და ცოტა ხანი ამოისუთქოს.

ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან არსებით პრობლემას უკავშირდება, როგორიც არის სამართლიანობის აღდგენა. მარტო ჩვენ არ ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, იგივეს ითხოვს საერთაშორისო საზოგადოება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.