რას „იმკის“ მერკელი და რა შუაშია მოსკოვი და ვაშინგტონი პარიზის ტერაქტთან?

რას „იმკის“ მერკელი და რა შუაშია მოსკოვი და ვაშინგტონი პარიზის ტერაქტთან?

ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საქართველოს აქტიურ ჩაბმულობაზე ექსპერტთა გარკვეული ნაწილი საუბრობს. რა სოციალური, პოლიტიკური და უსაფრთხოების კონტექსტები უნდა გაითვალისწინოს საქართველომ, რა როლი შეიძლება შეასრულოს პატარა ქვეყანამ გლობალურ პროცესებში და რამდენად „იმკის“ გერმანია და ზოგადად, ევროპა სირიელი დევნილებისთვის „კარების ფართოდ გახსნის“ შედეგებს?

For.ge სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორს ალექსანდრე რუსეცკის ესაუბრა

ალექსანდრე რუსეცკი: საუბარია იმაზე, რომ ეს მიზანმიმართული პროცესია, რომელიც მიზნად ისახავს ევროპულ საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შექმნას. საჭიროა ეფექტურად მართვადი პროცესები არა მარტო სოციალურ, არამედ პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში. პრობლემამ მიიღო საერთშორისო ხასიათი. იმას, რაც მოხდა საფრანგეთში, გამოხმაურება და სიტუაციის ესკალაცია მოჰყვა მაგალითად, კანადაში, რაც მეჩეთის დაწვით გამოიხატა. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ქონდეს შეჯერებული პოლიტიკა და განასხვავოს კონტექსტები.

რას გულისხმობთ ამ კონტექსტებში?’

- საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა როგორც საკუთარ ტერიტორიაზე მყოფ, ასევე ჩეჩნეთიდან შემოსულ დევნილებს. საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება დახმარება შესთავაზოს საერთაშორისო საზოგადოებას და კონსულტაციები გაუწიოს დევნილების კუთხით. თუ მოხდება დევნილების გადმოსახლება-ჩასახლება, უნდა გავითვალისწინოთ ბევრი საკითხი, მაგალითად ჩვენი ეკონომიკური მდგმარეობა და ამან არ უნდა გამოიწვიოს ახალი პრობლემების შექმნა. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, საქართველო საერთაშორისო საზოგადოების წევრია და ამ პროცესებში ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ შესაძლებელია საერთაშორისო საზოგადოებას ინოვაციური გადაწყვეტილება შევთვაზოთ დევნილთა განსახლების პროცესებში და გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება ამ პრობლემის მართვის. შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით, ამ თემაზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება.

დევნილების მიღება ისეთი ევროპული გრანდებისთვისაც კი, როგორიც საფრანგეთია, არ აღმოჩნდა უსაფრთხო. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კი, უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, ნატოს კონტიგენტის გაზრდას ითხოვენ. დაუშვა ევროპამ შეცდომა, როდესაც ასიათასობით სირიელ დევნილს კარი ფართოდ გაუღო?

- დევნილების შეშევება-არშეშვება მარტო ევროპაზე არ იყო დამოკიდული, აქ იდგა ლეგალური და არალეგალური მიგრაციის საკითხიც. ევროპელებმა ისიც გაითვალისწინეს ალბათ, რომ ჩაეკეტათ საზღვარი, გაიზრდებოდა არალეგალ მიგრანტთა რაოდენობა, რომელთა გაკონტროლებაც კიდევ უფრო რთული აღმოჩნდებოდა. ამით მათ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, ერთი ხელის მოსმით ამის შეფასება არ შეიძლება.

ვფიქრობ, დევნილთა შესვლას ევროპის ტერიტორიაზე, უფრო სისტემური ხასიათი უნდა ჰქონოდა. მეორე საკითხია ისიც, რომ ტერორისტული აქტები დევნილების გადასახლებასთან, პირდაპირ კავშირში შეიძლება არც იყოს.

ფრანსუა ოლანდის განცხადების მიუხედავად, რომ ტერაქტი სირიაშია დაგეგმილი და ბელგიაშია მომზადებული?

- ოლანდმა გააკეთა ეს განცხადება, თუმცა, აქ საუბარია იმაზე, ვინ იყო ამ ტერაქტების ორგანიზატორი. ბელგიაში სირიელების კომპაქტური დასახლებიდან რამდენიმე კაცის აყვანა არ ნიშნავს იმას, რომ ფართომასშტაბიანი აქცია იქ იყო დაგეგმილი.

ამ ტერაქტის თაობაზე არსებობს რამდენიმე მოსაზრება. ექსპერტების ნაწილი მიუთითებს, რომ ეს აქტები მოსკოვის ორგანიზებით მოხდა და ამის არგუმენტირებული ფაქტებიც მოჰყავს, თუ რაში აწყობდა ეს მოსკოვს.

ექსპერტთა მეორე ნაწილი ამერიკის ინტერესებზე საუბრობს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ტერაქტების ორგანიზება „ისლამურმა სსახელწმიფომ“ აიღო თავის თავზე. ამიტომ, ვისი ორგანიზებით მოხდა და ვის აწყობდა, ეს თემა უფრო ღრმა ანალიზს მოითხოვს.

ყოველ შემთხვევაში, ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებას უფრო აქტიური პოზიცია უნდა ეკავოს, რადგან პატარა ქვეყანამაც შეიძლება გარკვეული როლი შეასრულოს მიმდინარე პროცესებში.

რამდენად ეთანხმებით ექსპერტთა იმ მოსაზრებას, რომლებიც თვლიან, რომ მერკელმა მიუხედავად ადგილობრივი მოსახლოების წინააღმდეგობისა, მილიონობით დევნილი გერმანიაში იაფი მუშახელის მიღების სურვილით შეუშვა, ეს კი ვეროპას ცუდად მოუტრიალდა?

- ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ამ მოსაზრებას მართლაც იზიარებს, მაგრამ მომხდარის ფონზე, რატომ მიიღო მერკელმა ეს გადაწყვეტილება, მსგავსი შეფასებების გაკეთება არასწორია. როგორ გაგრძელდება პროცესები, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული დევნილების ახალ ტალღასთან დაკავშირებით, ეს კომპლექსურად გადასაწყვეტი საკითხებია. დევნილები, როგორც არ უნდა იყოს, აგრესიის ფაქტორად და ტოტალურ მკვლელებად არ უნდა განვიხილოთ, მიუხედავად იმისა, რომ ტერორსტები არიან მათ შორის. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან.

მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა უშიშროების საბჭოს მოწვევის შემდეგ, მაგრამ, მეტი უსაფრთხოების და გამჭვირვალობის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა ამ საკითხებზე ექსპერტებთან ერთად ემსჯელათ.