საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭების მოლოდინშია. ქვეყანაში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა ცნობილი 15 დეკემბერს გახდება, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭო კი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებენ.
იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლას მიიღებს, მსოფლიოში ტერორისტების გააქტიურებიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის საფრთხეებს შეიცავს თუ არა ვიზა-ლიბერალიზაცია და უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს გავლით შეძლებენ თუ არა ევროპაში მოხვედრას, ამის გარკვევას for.ge ქართველ დეპუტატებთან და ექსპერტებთან შეეცადა.
for.ge-ს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი არწმუნებს, რომ უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების საკითხები წინასწარ დამუშავებულია, საქართველომ ის კანონები მიიღო, რომელიც ქვეყანაში თვითშემოდინებებს გამორიცხავს. კანონმდებელის მოსაზრებით, გამორიცხულია, რომ საქართველომ პასპორტების დარიგება დაიწყოს.
„დღეს მოქმედი კანონებით, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება ძალიან გართულებულია. უცხოეთის მოქალაქეობის დროს, ის მექანიზმები ჩაერთვება, რომელიც ევროპამ მოითხოვა, რომ გამარტივებული წესი არ იქნეს გამოყენებული. უვიზო რეჟიმი უპასპორტო რეჟიმს არ ნიშნავს, საქართველოს პასპორტის გაცემა კი, კონტროლქვეშაა. საუბრები, რომ რომელიმე ქვეყნიდან საქართველოში დიდი შემოდინება იქნება, წარმოუდგენელია“, - აცხადებს ბერძენიშვილი.
დეპუტატის თქმით, სირიასა და საქართველოს შორის ნატოს წევრი ქვეყანა - თურქეთი მდებარეობს და ქვეყანაში როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო შემოდინებები გამორიცხულია.
„რაც შეეხება სხვა საფრთხეებს, ლაპარაკია, რომ თითქოს, შესაძლოა, ქვეყანა ადამიანებისგან დაიცალოს, მაგრამ აქ საუბარია, ტურისტულ ვიზაზე და არა სამუშაო ვიზაზე. უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს, რომ იქ მუშაობის საშუალება იქნება. ადამიანები, რომლებიც ევროპაში არალეგალურად არიან, ისინი რეანმისიის წესით სახლში ბრუნდებიან, ახალ პასპორტებს იღებენ და შემდეგ, იქ ამ ფორმით წავლენ“, - ამბობს ბერძენიშვილი.
ევროინტეგრაციის კომიტეტის მსგავსად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელდება და ეს პროცესი იმ პირებს არ შეეხება, რომლებიც საქართველოში შემოდიან. მისი განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ევროპული ვიზები საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მიიღონ, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყო, მაგრამ იმდენად სანდო პიროვნება არ იყო, რომ საზღვრის დატოვების უფლება მოგცენ.
„მოქალაქე უნდა გახდე, რომ ვიზა მიიღო და მექანიზმების მაპინულაციისგან დაცული არ ვართ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ხშირი იყოს. ვიზა-ლიბერალიზაციას თავისი შეზღუდვები აქვს. ეს არის პროცესის გამარტივება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უფლება აქვთ ევროპაში შევიდნენ და მათ ვიზები აღარ დასჭირდებათ. სპეცსამსახურების მხრიდან რა კონტროლიც უნდა იყოს, ეს მაინც რჩება“, - განუცხადა for.ge-ს მაღრაძემ კითხვის საპასუხოდ, რამდენად მოსალოდნელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ფინანსური სარგებელის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქესთან ხელი მოაწერონ, ქორწინებაში შევიდნენ და შემდეგ, ამ გზით უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ.
მაღრაძეს მოლოდინი აქვს, რომ საქართველო უვიზო მიმოსვლას მიიღებს.
„მოგერინი საქართველოში იყო ჩამოსული და მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ძალიან მაღალი შეფასება მისცა. მათ შორის, მართლმსაჯულებასა და მედია თავისუფლებას. შიდა ამბებში „რუსთავი 2“ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გარეთ ეს ერთი ეპიზოდია, რომლის თაობაზეც ევროპა გეუბნება, რომ ფრთხილად იყავით, რათა ყველაფერი კანონის დაცვით იყოსო“, - აღნიშნავს მაღრაძე.
პოლიტიკურ კულუარებში კი, for.ge-ს ევროპული გზავნილი გაანდეს, რომლის მიხედვით, დიდი ალბათობით, 15 დეკემბერს, ევროკომისიის დასკვნა დადებითი იქნება, რაც ევროპაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მაგრამ გაზაფხულზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გავლენას საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებიც მოახდენს, რის გამოც ქვეყანა ფრთხილად უნდა იყოს.
ზემოთ აღნიშნული კანონმდებლების მსგავსად, „მწვანეთა პარტიის“ წევრი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ თავისუფალი მიმოვლის დროს, საფრთხეები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ამ პროცესის უარყოფითი-დადებითი მხარეები უნდა აიწონოს. დეპუტატის თქმით, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაცია ქვეყნის განვითარებისთვის უფრო დადებითის მომტანია და საფრთხეებთან ბრძოლა შეიძლება.
„თუკი ევროკავშირთან ერთად ვიქნებით, ამას როგორმე მოვერევით. ევროკავშირმა პროცესი დაიწყო, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებთან იქნება დაკავშირებული. იგივე ტერორისტული ჯგუფების გადაადგილებასთან დაკავშირებით და ალბათ, საქართველოც ინფორმირებული იქნება. იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს, ეს საკითხი საქართველოს სასარგებლოდ დასრულდება, მაგრამ აფრიკის ომების გამო, ევროკავშირს დევნილები მიაწყდნენ და ვიზების გამარტივებაზე შესაძლოა, ზოგიერთმა ქვეყანამ თავი შეიკავოს. ამ პროცესმა ხელი ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერებას შეუწყო. განსაკუთრებით, საფრანგეთში. იგივე მარი ლეპენი ლიბერალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგია. სხვა ყველაფერი შესრულებული გვაქვს, რომ ეს საკითხი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდეს“, - განუცხადა for.ge-ს გაჩეჩილაძემ.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატების მსგავსად, საფრთხეებს თითქმის გამორიცხავს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭება ამ საფრთხეების ჩაკეტვასაც უკავშირდება, ევროპა კი უვიზო მიმოსვლამდე მანამდე არ მოდის, სანამ უსაფრთხოების საკითხები დარეგულირებული არ იქნება.
„მას შემდეგ, რაც ეს საკითხები ლაგდება, უვიზო-მიმოსვლის საკითხი შემდეგ იწყება. უსაფრთხოებაზე მხოლოდ ჩვენ არ ვფიქრობთ და ისინიც ზრუნავენ. საფრთხეების პრევენცია და რეაგირება ერთდროულად ხდება“, - დასძენს ებრალიძე.