ექსპერტები ბევრს მსჯელობენ იმაზე, რამ გამოიწვია ევროპის ე.წ. 11 სექტემბერი, რა არასწორი პოლიტიკა წარმართა საფრანგეთმა, რამაც ეს ქვეყანა საექსპერიმენტო ლაბორატორიად გადააქცია?!
რა მოუტანა საფრანგეთს ზედმეტად ტოლერანტულმა პოლიტიკამ? სად შეცდნენ ფრანგები და რატომ აწარმოეს მათ შარლ დე გოლისგან განსხვავებული პოლიტიკა?
ამ საკითხთან დაკავშირებით For.ge ექსპერტს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილს ესაუბრა.
პირველად, 1944 წლის შემდეგ (როცა საფრანგეთი ნაცისტებისგან გათავისუფლდა), პარიზში დღესაც კომენდანტის საათი გამოცხადდა, პარალელურად, ეიფელის კოშკზეც გამორთულია განათება. „შარლი ებდოს“ ტრაგედიის შემდეგ, ვერ ვიტყვით, რომ ამჯერადაც კარიკატურებმა შეურაცხყვეს მუსლიმანთა რელიგიური გრძნობები. პრინციპში, ვერც იმას ვიტყვით, რომ ქრისტიანებმა მუსლიმანებთან მიმართებით კონკრეტული შეცდომები დაუშვეს, რადგან ISIS-ის ძალები არც მუსლიმანებს ინდობენ. ვინ დაუშვა შეცდომები?
- ქრისტიანულმა სამყარომ კი არ დაუშვა შეცდომა, არამედ პოლიტიკოსებმა დაუშვეს შეცდომა. ეს საკითხი რამდენიმე ასპექტიანია. პირველი, ეს არის საყოველთაო ტოლერანტიზმი, რომელიც ევროპასა და ამერიკაში 90-იანი წლებიდან წამოვიდა, როდესაც მემარცხენეები მოვიდნენ ამ ქვეყნების ხელისუფლებაში. ამერიკაში 1992 წლიდან 2000 წლამდე „დემოკრატები“ იყვნენ სათავეში, ხოლო ევროპაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მემარცხენე ტენდენციები წამოვიდა. მაშინ გაიხსნა საზღვრები და ტოლერანტული გახდა ევროპა ისლამის მიმართ. ისლამის მიმდევარ ემიგრანტებს ევროპაშიც და ამერიკაშიც ისლამური ფული მოჰყვა. თუ ადრე მუსლიმანებს სჭირდებოდათ ამერიკული ფული და ევროპული თუ ამერიკული ტექნოლოგიები იმისთვის, რომ განევითარებინათ ნავთობის მომპოვებელი წარმოება და ინფრასტრუქტურა, უკვე საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების პერიოდში მუსლიმანური ქვეყნების დიდმა ნაწილმა (კატარი, საუდის არაბეთი, სპარსეთის ზღვის აუზის ქვეყნები) განავითარა ინფრასტრუქტურა, მათ უკვე გაუჩნდათ ფული და მიგრანტებთან ერთად დაიწყეს ფულის დაბანდება ევროპასა და ამერიკაში. მაგალითად, სენატორ კლინტონის არჩევნების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელი იყო „ამერიკელი მუსლიმანები დემოკრატებისთვის“, მუსლიმანებმა უზარმაზარი თანხა შესწირეს ამ არჩევნებს, ისევე, როგორც - ობამას არჩევნებს.
მუსლიმანების ინტერესი იყო, რომ ლობისტებს გამოიყენებდნენ, თუკი ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში?
- რა თქმა უნდა, ამის ბევრი მაგალითი არსებობს, რომ მუსლიმანები ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ ლობისტებში, რათა თავიანთი ინტერესები გაატარონ ევროპასა და ამერიკის კონგრესში, სენატში. მუსლიმანებმა კარგად შეისწავლეს დასავლური ლიბერალური კანონები. უბრალოდ, კი არ შეისწავლეს ეს კანონები, არამედ განათლება მიიღეს ევროპაში, მათ ყველაფერი იციან, დასავლეთი რით ცხოვრობს და როგორ სუნთქავს, მაგრამ თავიანთ ქვეყნებში კი არ განახორციელეს ამის ექსპორტი, როგორც ეს ჩაფიქრებული ჰქონდა შარლ დე გოლს, რომელსაც საფრანგეთში მუსლიმანების შეყვანა უკავშირდება. პირველი ემიგრაცია და არაბების შეყვანა საფრანგეთში სწორედ დე გოლმა დაიწყო, მაგრამ დე გოლის დროს იქ სხვა მიდგომა იყო, არაბების ასიმილაცია ხდებოდა ფრანგულ მოსახლეობაში, ისინი თავიანთი შეგნებით ფრანგები ხდებოდნენ. თუმცა 90-იან წლებში, როცა მუსლიმანთა მასობრივი ემიგრაცია დაიწყო საფრანგეთსა და ევროპაში, არ მოხდა მათი ასიმილაცია, რადგან მუსლიმანები რომ ჩადიოდნენ ევროპაში, მათ პოლიტიკური პლურალიზმით ეუბნებოდნენ, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ეროვნული თვითმყოფადობა, ამაში ჩვენი სახელმწიფო ხელს შეგიწყობთ, თანაც, ფულს უხდიდნენ, მეჩეთებს უშენებდნენ. რა იყო ამაში ცუდი?
ევროპისგან განსხვავებით, ამერიკაში ეს პროცესი მოგვიანებით, 1998 წლის შემდეგ დაიწყო, როცა სერბეთის ომის მერე მუსლიმანების მასობრივმა ემიგრაციამ მოიცვა ამერიკა.
ამერიკის 11 შტატი სირიელი დევნილების მიღებაზე უარს აცხადებს, განსხვავებით ევროპისგან, რომელიც სირიელ დევნილებს პერმანენტულად იღებს. დასავლეთი უკვე გადადის იერიშზე და ისლამური სახელმწიფოს საწვრთვნელ ბაზებს ბომბავს. სასათბურე პირობების შემდეგ, ეს ხომ არ გამოიწვევს ნეგატივს მუსლიმანთა თვალში?
- ამერიკაში ახლა საპრეზიდენტო არჩევნებია და, პარალელურად, კონგრესისა და სენატის არჩევნებიც მიმდინარეობს. ახლა მიდის სერიოზული ბრძოლა კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის, ისინი ყველაფერში ედავებიან ერთმანეთს და მუსლიმანთა საკითხიც მნიშვნელოვნად მოქმედებს არჩევნების ბედზე. კონსერვატორები იძახიან, აი, ხომ ხედავთ, ევროპაში ტერაქტები მოაწყეს აქ შესულმა დევნილებმა, ამიტომ ისინი არ უნდა მივიღოთო, ამ დროს კი ობამას აქვს სირიელი დევნილების მასობრივად მიღების გეგმა. ამის საწინააღმდეგოდ, კიდევ მოიმატებს იმ შტატების რაოდენობა, რომლებიც სირიელი დევნილების მიღებაზე უარს იტყვიან. რაც შეეხება ევროპას, ევროპა უარს ვერ იტყვის მათ მიღებაზე, რადგან გამოდის, ამით თავის ნათქვამს გადაახტება.
როგორც კი მასობრივი დაბომბვები დაიწყო, ისლამური სახელმწიფოს მამოძრავებელი „შტურმავიკები“, დამრტყმელი ძალა, დევნილებთნ ერთად, გადავიდა თურქეთში, ერაყში, ევროპაში. ისინი ახლა დაიწყებენ ტერორისტულ აქტებს ევროპაში და, ჩემი აზრით, ტერორისტული აქტები მხოლოდ პარიზში ნუ ჰგონიათ, ერთ ან ორ კვირაში სხვაგან მოხდება. ყველას ვერ დაიჭერენ. ევროპაში ახლა მუსლიმანების მასობრივი დაჭერა რომ დაიწყოს, მემარცხენეები ისეთ ამბავს ატეხენ... თანაც, ეს ფაშიზმი გამოვა. ესენი განახორციელებენ ამ ტერაქტებს, რათა მერე ამით ევროპა აიძულონ, რომ რუსეთმა შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია. ამისთვის ხდება ეს ტერაქტები, თორემ საფრანგეთი ყველაზე უფრო ტოლერანტული ქვეყანა იყო ისლამისთვის.
მაგრამ „შარლი ებდოს“ კარიკატურები საფრანგეთში დაიხატა.
- იმ პერიოდში მუჰამედის კარიკატურა დახატეს. „შარლი ებდოს“ პათოსის მსგავსი ბევრგან არის და ბევრი ფიქრობს, შევაჩეროთ მსოფლიოს ისლამისტური ორგანიზაციებიო.
საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე აცხადებს, რომ მუსლიმანური რელიგია აქ არაფერ შუაშია და ეს ადამიანები ბოროტ ნებას ავლენენ, საქართველოში რა პროცესებს ელით? ლტოლვილთა ნაკადის მიღება უნდა შეჩერდეს?
- მე ვთვლი, რომ ისლამი ძალიან აგრესიული რელიგიაა, ეს აგრესია მას უდევს ყურანში და თავის სწავლებაში. მაგალითად, ბიბლიაში დაწერილს მერე წმინდა მამები განმარტავენ, თუ რა იკითხება დაწერილს მიღმა. ასევეა ისლამშიც, ჰადისებში ყურანია ახსნილი, სადაც ისლამელი მქადაგებლები მკაცრად განმარტავენ იმ ამბებს, რაც ისლამში წერია. დღეს კიდევ უბედურება ის არის, რომ ისლამი გადაიქცა პოლიტიკურ მოძღვრებად, ულტრამემარცხენე ძალების პოლიტიკურ თავშესაფრად. მარტო არაბები ხომ არ არიან ისლამური სახელმწიფოს რიგებში? იქ არიან ევროპელებიც, ამერიკელებიც, ძირითადად მემარცხენეები, ულტრამემარცხენეები. მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარცხენე ობამამ გაიმარჯვა ამერიკაში და გახდა ამერიკის პრეზიდენტი, ამერიკელები მაინც თავისი შინაარსით, თავისი შეგნებით არიან კონსერვატორი ქრისტიანები. ამ დროს კი ისლამს ამოეფარნენ მემარცხენეები და ისლამის ხელით ატერორებენ მთელ მსოფლიოს. საქართველოში ლტოლვილების შემოყვანას რაც შეეხება, ვინმეს თუ ჭკუა აქვს, საერთოდ არ უნდა შემოუშვან ეს ლტოლვილები და ყველანაირად გაამკაცრონ ამ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი, თურქეთიც უნდა შეიყვანონ მაგ სიაში და ყველა უნდა შეამოწმონ. რაც მთავარია, ინფორმაციის გაცვლა უნდა მოხდეს კოალიციაში შემავალ ძალებთან. მოკლედ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ტერორისტი, რაც ჩვენ დღეს არ ვიცით. ხომ გამოჩნდა ინტერნეტში „ჰესბოლას“ წარმომადგებლის ფოტო პლეხანოვზე?! აღმაშენებელზე არის ისრაელის საელჩო და ახლა „ჰესბოლას“ წარმომადგენელი ფოტოს რომ იღებს ისრაელის საელჩოს ქუჩაზე, ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. თორემ, მათთვის ანტაგონისტურია ისიც, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები, რადგან ფიქრობენ, რომ მათი რწმენა მართალია, და ვინც მათი რწმენის არ არის, ან უნდა გაანადგურონ, ან ჯიზია გადაახდევინონ, ან მონად გაიხადონ და გაყიდონ.
პუტინი ისრებს აქეთკენ ისვრის და ამბობს, რომ დიდი ოცეულის რამდენიმე ქვეყანა აფინანსებს სირიაში ტერორისტებს. შესაძლოა, ეს რეალობასთან ახლოსაა, მაგრამ, მორალური თვალსაზრისით, კითხვებს აჩენს, რადგან კრემლი თავადაც დიდი წარმატებით აფინანსებს სეპარატისტებს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, დონბასში და ა.შ.
- ამ შემთხვევაში, პუტინი სიმართლეს ამბობს. ამას მარტო პუტინი კი არა, ამერიკელი სენატორი, კონსერვატორი ტედ კრუზიც ამბობს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატია. ის მიიჩნევს, რომ ობამამ შექმნა ISIS, ანუ „ისლამური სახელმწიფო“ და სწორედ ობამა ეხმარება, აფინანსებს ამ სახელმწიფოს. სენატორი ტომ კოტონიც იზიარებს ამ აზრს. დაახლოებით 50 სენატორი, კონგრესმენი, მარტო ისინი, ვინც თუნდაც მე მყავს ფეისბუკში, წერენ, რომ ობამა სპეციალურად უქმნის კატარს კარგ პირობებს, რომ კატარმა მერე კარგად დააფინანსოს „ისლამური სახელმწიფო“.
რაც შეეხება აფხაზი და ოსი სეპარატისტების დაფინანსებას კრემლის მხრიდან, ადრე მათ დაფინანსებას სხვა მოტივი ჰქონდა, მაგრამ დღეს რუსეთს თავისი უსაფრთხოებისთვის სჭირდება ბუფერული ზონა და, ცხადია, სეპარატისტებსაც დააფინანსებს, რომ ტერორისტები არ შეიპარონ რუსეთში. ეს ტერორისტები ღიად ემუქრებიან რუსებს.
ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანმა ფრანგულმა სპეცსამსახურმა „შარლი ებდოს“ ტრაგედიის შემდეგ რატომ ვერ გათვალა ანალოგიური ტერორისტული ხელწერის დიდი ალბათობა?
- ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს. მე ვფიქრობ, რომ საფრანგეთის სპეცსამსახურებში ძალიან ბევრი მუსლიმანი მუშაობს და სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა ტერორიზმის აღკვეთა. პარიზის პოლიცია ძირითადად მუსლიმანებითაა დაკომპლექტებული. ფრანგების ტოლერანტობამ და იმან, რომ ფრანგმა ლიბერალებმა ბოლომდე ვერ მოახერხეს მუსლიმანების გაფრანგება, სპეციალურად არ გააფრანგეს ისინი, გამოიწვია ასეთი მძიმე შედეგი. ევროპა ახლა რასაც აკეთებს, ეგ არის ფაფხური, ეგენი არაფრის გამკეთებლები არ არიან, ერთდერთი, ვინც მოაგვარებს ამ ამბავს, ეს არის დიდი ბრიტანეთი, ამერიკა და რუსეთი.
მაგრამ, თუკი ობამას პოლიტიკა გაურკვეველია?
- ობამა ერთ წელიწადში აღარ იქნება პრეზიდენტად, თორემ ობამას ინტერესია, არჩევნებში მიიზიდოს ფული. „დემოკრატიული პარტიის“ საარჩევნო კამპანიისთვის კი დიდი დაფინანსება სწორედ ისლამური ქვეყნებისგან მოდის.
ალბათ, გახსოვთ, კადაფის ვაჟიც ამბობდა, სარკოზის საარჩევნო კამპანიას ვაფინანსებდით და მერე სარკოზიმ მოგვიშორაო.
- დიახ, იმ პერიოდში სარკოზის 50 მილიონი მისცეს, ასევე ხდება ახლაც. სხვათა შორის, კადაფი პროამერიკელი იყო იმ დროს, როდესაც სარკოზის ფული მისცა. კადაფი ამერიკელებს, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ეხმარდებოდა მაშინ, როცა ტერორისტები გადაჰყავდათ ამერიკელებს გვანტანამოდან მათთან, აწამებდნენ და იგებდნენ, სად უნდა მომხდარიყო ტერაქტი. იმ დროს კადაფისგან ფულის აღება არ იყო „გრეხი“, მაგრამ საერთოდ, ისლამურ ქვეყნებს უკვე იმდენი ფული აქვთ ნავთობის გამო, რომ პოლიტიკაში დებენ ფულს. მათ შორის - ევროპულ მრეწველობაშიც აქტიურად მოღვაწეობენ. მაგალითად, „შანელი“ და სხვა ნივთები ეგვიპტეში კეთდებოდა. მთელი ინფრასტრუქტურა მუშაობდა, ყველაფერი იქმნებოდა ისლამურ ქვეყნებში. როგორც ჩინეთი ჭამს ამერიკის ეკონომიკას, ისევე ჭამენ ისლამური ქვეყნები ევროპის ეკონომიკას.