პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტიდან გამომდინარე,
ნაციონალები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას სთხოვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ კონტრტერორისტული ცენტრისა და საზღვრის დაცვის სამსახურისთვის დაფინანსების გაორმაგებას ითხოვენ, მმართველი გუნდი კი, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე აპელირებს.
უშიშროების საბჭოს სხდომა ნოემბერში გაიმართება, უსაფრთხოების საბჭოს სხდომა კი, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, 18 ნოემბერს იმსჯელებს.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა უკვე მოიწვია, თუმცა, ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აკმაყოფილებს და ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე მსჯელობა უშიშროების საბჭოს ფორმატში უნდა მოხდეს.
როგორც for.ge-ს ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ განუცხადა, ტერორისტული აქტები ქვეყანას აიძულებს, რომ თადარიგი დაიჭიროს და საჭიროებისამებრ, შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, აშკარაა, რომ ყველა ნორმალური ცივილიზებული ქვეყნისთვის საფრთხეები არსებობს.
„ყველა სახელმწიფო უწყება, რომელიც უსაფრთხოების ზომების გასატარებლად კოორდინირებულად უნდა მოქმედებდეს, განადგურებულია. კრიზისების მართვის საბჭო მხოლოდ იმიტომ გაყვეს, რომ ივანიშვილს მის მიერ შერჩეული პრეზიდენტი აღარ მოსწონს. სასურველია, პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო მოიწვიოს და ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხების მინიმილიზაცია მოხდეს“, - განაცხადა ბარამიძემ.
კანონმდებელი „თავისუფალი დემოკრატების“ წინადადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა. მისი განცხადებით, ვინც პატრიოტი ოფიცერი იყო, სამსახურიდან გააგდეს და უწყებებში საეჭვო რეპუტაციის ხალხი მიიყვანეს, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არ იცავენ.
„პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის საფრთხეები შემცირების ნაცვლად, გაორმაგდა, მაგრამ შესაბამისი უწყებები ქვეყანას კი არ იცავენ, არამედ ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფით არიან დაკავებული“, - აღნიშნა ბარამიძემ.
ბარამიძისგან განსხვავებით, უშიშროების სამსახურში არსებულ ინფორმაციას არ ფლობს ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე. for.ge-სთან საუბარში ჯაფარიძე აცხადებს, რომ კონტრდაზვერვაზე გამოყოფილი თანხები რაში იხარჯება, არ იცის. შესაბამისად, საუბარი გაუჭირდება, უწყებისთვის გამოყოფილი თანხები საკმარისია თუ არა.
„ბიუჯეტში ბევრი რესურსი და ფულია, რომელიც იფლანგება. ამ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფო ბიუროკრატია ძალიან დიდ ფულს ხარჯავს. უსაფრთხოების სისტემა ეფექტურად უნდა მუშაობდეს და მას შესაბამისი დაფინანსებაც უნდა ჰქონდეს. რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ამ საკითხებს ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეჭვი მაქვს, რომ უშიშროების სამსახური კარგად არ მუშაობს და ფულის ხარჯვით არის დაკავებული“, - დასძენს ჯაფარიძე.
უმრავლესობა ირწმუნება, რომ საფრთხეებს აანალიზებს და ვითარებას აკონტრლებს. for.ge-სთან საუბარში პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე განცხადებას აკეთებს. მისი შეფასებით, ნაციონალები სისულელეს ამბობენ, რომ თურმე, უშიშროება არ არის და უსაფრთხოება არ მუშაობს.
„ისინი ღრუბლებში არიან. მათ როგორც კი, განცხადების გაკეთების შანსი მიეცემათ, აჟიოტაჟს ტეხენ. უშიშროების საბჭოს თავისი ორგანული კანონი აქვს და ის პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა. თუკი პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, რომ სხდომა მოიწვიოს, ის ამას გააკეთებს. ნაციონალებზეა ნათქვამი - „კუმ ფეხი გამოყოო“, - ამბობს სესიაშვილი.
კანონმდებელი კონტრდაზვერვის სამსახურისთვის დაფინანსების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაფინანსების გაზრდა სჭირდება, საკითხი მხოლოდ თანხით არ წყდება.
„შალვა შავგულიძე მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, დღესაც გვაკრიტიკებს და ამბობს, რომ თურმე, კონტრდაზვერვის საქმიანობა უნდა გაკონტროლდეს. ტერორიზმთან ბრძოლა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს და ამ მიმართულებით პარტნიორებთან აქტიურად ვთამაშრომლობთ. მათაც ძალიან კარგად იციან, რომ კონტრდაზვერვისთვის რაც შემოვიტანეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე მარტო პოლიტიკური პიარით არ კეთდება“, - აცხადებს სესიაშვილი.
დეპუტატის განმარტებით, ტერორისტების სამიზნე ძირითადად განვითარებადი ქვეყნებია, მაგრამ ტერორისტული აქტი პარიზშიც მოხდა.
„ასი თვალი და ყური გვინდა, ფრთხილად უნდა ვიმუშაოთ და პარტნიორებთან აქტიურები უნდა ვიყოთ. დამატებითი გამოწვევაა, რომ გეოგრაფიულად სირია ახლოსაა და ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთ ჯგუფს მათთან კავშირი აქვს, რაც დამატებით ყურადღებას იმსახურებს“, - ამბობს სესიაშვილი.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე კონტრდაზვერვის სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდას მართებულად არ მიიჩნევს და for.ge-სთან აცხადებს, რომ გამოწვევები არის, მაგრამ კონტრდაზვერვის ბიუჯეტის გაზრდა არ უნდა მოხდეს.
დეპუტატის თქმით, ქვეყანა იმ ანტიტერორისტული პოლიტიკის ნაწილი უნდა გახდეს, რომელიც მსოფლიოშია.
„დაფინანსება რამდენითაც არ უნდა გაზარდო, საქართველო ამ პრობლემას პასუხს ცალკე ვერ გასცემს. ტერორიზმის ახალი ტალღა, რომელიც მსოფლიოში დაიწყო, იმდენად დიდია, რომ ბიუჯეტის გაზრდა თავის მოტყუება იქნება. მესმის, რომ ვიღაცისთვის ეს შეიძლება დამშვიდების საშუალება იყოს, მაგრამ სწორად არ მიმაჩნია. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს, ის რომ შეიკრიბოს, რას გაკეთებს? - შეიკრიბონ, მაგრამ არ მინდა, რომ ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ამ ტერორისტული აქტის გამო შევშფოთდით და შევშინდით“, - განაცხადა ფოფხაძემ.
რაც შეეხება ანტიტერორისტული ცენტრისა და საზღვრის დაცვის სამსახურის დაფინანსების თაობაზე მთავრობის განწყობას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ კონკრეტულ სამინისტროებს კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი დაფინანსების გაორმაგება უფრო მეტ ეფექტს მოიტანს.
„მთავარია, მათ ის პირობები ჰქონდეთ, რომელიც მათ ეფექტური მუშაობის საშუალებას მისცემთ“, - დასძენს კაკაურიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პარიზში, რამდენიმე ადგილას ტერორისტული აქტი მოხდა, რომლის შედეგად დაახლოებით 150 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-მდე დაჭრილია.