ობამა-პუტინის შეხვედრა - რა შეიცვალა პარიზის ტერაქტების შემდეგ?

ობამა-პუტინის შეხვედრა - რა შეიცვალა პარიზის ტერაქტების შემდეგ?

პარიზში მომხდარი ტერაქტების სერიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში დიდი ოცეულის შეხვედრის ძირითადი მიმართულება შეცვალა. ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ, რომელსაც მედია, ექსპერტები და მსოფლიო დიდი ინტერესით ელოდებოდა, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებმა მოკლე შეხვედრა მხოლოდ თარჯიმანების თანდასწრებით გამართეს.

როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა შეხვედრის დროს სირიის და უკრაინის საკითხები განიხილეს.

„ორივე ქვეყნის ხელმძღვანელი შეთანხმდა იმაზე, რომ სირიაში საჭიროა პოლიტიკური ტრანსფორმაცია, რომლის სათავეშიც მხოლოდ სირიელები იქნებიან. პრეზიდენტებმა შეხვედრაზე უკრაინის საკითხებიც განიხილეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შედარებით უხვსიტყვიანი იყო კრემლის განცხადება. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ინტერესების დაახლოების შესახებ.

„შეხვედრაზე იყო შესაძლებლობა დაწვრილებით განეხილათ ორი უმთავრესი საკითხი ჯერ სირიის, შემდეგ კი უკრაინის მიმართულებით. ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგია ორივე ქვეყანას ერთი და იგივე აქვს, განსხვავება მხოლოდ ტაქტიკაშია“, - აღნიშნა უშაკოვმა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ აუცილებელია წინ აღვუდგეთ ტერორიზმს და დავეხმაროთ მილიონობით ადამიანს, რომლებიც საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა, ამის მიღწევა კი მხოლოდ მთელი მსოფლიოს საზოგადოების ძალთა გაერთიანებით შეიძლება. აუცილებელია ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა, თუმცა გაეროს მიერ შემუშავებული დადგენილების მკაცრი გათვალისწინებით, ჩვენ უნდა დავიცვათ საერთაშორისო ნორმები, პატივი ვცეთ თითოეული სახელმწიფოს სუვერენულ უფლებებსა და ინტერესებს“, - აღნიშნა პუტინმა.

რაც შეეხება ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას, როგორც რუსული მედია აღნიშნავს, ობამა შედარებით ფრთხილი და ნაკლებად კატეგორიული იყო, როდესაც სირიაში რუსეთის როლის შესახებ საუბრობდა.

ამერიკულმა მედიამ კი თეთრი სახლის მეთაურის განცხადება, სადაც ობამამ ხაზი გაუსვა რუსეთის სამხედრო ქმედებების მნიშვნელობას სირიაში, პუტინის მიმართ პოზიციის შეცვლად აღიქვა.

კიდევ ერთი დეტალი - თუ შარშან ავსტრალიაში გამართულ ფორუმზე დიდი ოცეულის ლიდერები პუტინთან შეხვედრებს დემონსტრაციულად გაურბოდნენ, პარიზის ტერაქტების ფონზე, პუტინი ყველაზე პოპულარულ პერსონად იქცა ანტალიაში.

ამერიკელი ექსპერტი სტივენ სესტანოვიჩი The Wall Street Journal-ში წერს, რომ ობამამ ყურადღება აღარ უნდა მიაქციოს რესპუბლიკელებს, რომლებიც „ცუდ ბიჭებთან“ ლაპარაკის გამო აკრიტიკებენ თეთრი სახლის მეთაურს.

„გამოჩნდება თუ არა ობამა სუსტი, თუ პუტინს დაელაპარაკება? რესპუბლიკელები, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ობამა „ცუდ ბიჭებს“ ელაპარაკება, გალანძღავენ, მაგრამ თუ შენ შეგიძლია აჩვენო შენი თანმიმდევრულობა და მიაღწიო სასურველ კომპრომისებს, მაშინ საშიშიც არაფერია“, - წერს ამერიკელი ექსპერტი.

რუსული გამოცემის „Россия в глобальной политике“-ს რედაქტორის ფეოდორ ლუკიანოვის აზრით, ობამას განცხადებაში ნათლად გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ დასავლეთის მოთხოვნა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის გადაყენების და ქვეყნის მართვის დროებითი საბჭოს გადაცემის შესახებ, მეორე ადგილზე გადადის.

„პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, დასავლეთისთვის ახლა მთავარია მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ ის ასადის რეჟიმს კი არა, სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ და ტერორიზმს ებრძვის“, - განაცხადა ლუკიანოვმა და აღნიშნა, რომ ლიდერებმა გადაწყვიტეს ერთმანეთს ხელი, უბრალოდ, არ შეუშალონ.

დღესვე იგეგემება ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის დევიდ კემერონის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა. სულ რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთი უარს აცხადებდა რუსეთისთვის გადაეცა ეგვიპტეში ჩამოვარდნილი А321-ის თვითმფრინავის შესახებ, მისი კონტრდაზვერვის მიერ მოპოვებული მასალები, დღეს კი კემერონი გაცხარებით ამტკიცებს: „არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაშიც ჩვენ ყველა ვთანხმედებით, თუ დამარცხდება „ისლამური რესპუბლიკა“, ჩვენ უსაფრთხოდ ვიქნებით როგორც რუსეთში, ისე ბრიტანეთში“.