„ეს არის ომი, რომელსაც არც ეროვნება და არც რელიგია აქვს, ეს არის ტერორისტული ომი ცივილური სამყაროს წინააღმდეგ“

„ეს არის ომი, რომელსაც არც ეროვნება და არც რელიგია აქვს, ეს არის ტერორისტული ომი ცივილური სამყაროს წინააღმდეგ“

„ეს არის ტერორისტული ომი ცივილური სამყაროს წინააღმდეგ. ამ ცივილურ სამყაროში, მოიაზრება როგორც ისლამური, ასევე ქრისტიანული სამყარო“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე.

რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო? რა შემთხვევაში შეიძლება დასჭირდეს რუსეთს დასავლეთის დახმარება და შეიცვლება თუ არა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

საფრანგეთის პირველი პირის შეფასებით, ეს არის ომის აქტი, რომლის უკანისლმაური სახელმწიფოჯიჰადისტები დგანან. თუ გადავხედავთ ტერორისტული აქტების სიმრავლეს და სტრატეგიას, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მოდიფიცირებული ომის წინაშე დგას?

ხათუნა ლაგაზიძე: ეს არის თანამედროვე ომი, რომელიც კაცობრიობისთვის ცნობილი ომების ფორმატში არ ეწერება. შესაბამისად, მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა ამ ომს, იმიტომ, რომ სრულიად ახალი მოდიფიკაციაა. შესაბამისად, ცივილიზებულ სამყაროს ამ ომის წინააღმდეგ ანტივირუსი ჯერ არ მოუგონია. ამიტომაც არის აუცილებელი ძალისხმევის გაერთიანება, რათა მოხდეს იმ ძირის ლოკალიზაცია, საიდანაც ეს ომი მოდის.

თავისთავად, ეს არის უმძიმესი ტრაგედია და ბუნებრივია, უნდა მივუმსაძიმროთ ამ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს, მაგრამ ჩემი სამძიმარი მხოლოდ საფრანგეთს არ ეხება. მოგეხსენებათ, რომ ბოლო თვეების მანძილზე არაერთ ქვეყანაში მოხდა ტერორისტული აქტი და მათ შორის ისლამურ ქვეყნებში. ეს არის ომი, რომელსაც არ აქვს არც ეროვნება და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ აქვს არც რელიგია. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ისლამის ომი ქრისტიანობის წინააღმდეგ.

თუკი არ არის ისლამის ომი ქრისტიანობის წინააღმდეგ, მაშინ რა არის?

– ეს არის ისლამური ტერორიზმის ომი ყველა კულტურული და ცივილური რელიგიის წინააღმდეგ. ტერაქტები მოხდა საფრანგეთში, მაგრამ ახლახანს თურქეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა, რომლის შედეგად 100–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ასევე, რამდენი დღის წინ ტერაქტი მოხდა ლიბანის დედაქალაქში, სადაც ასევე 40–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამიტომ ვამბობ, რომ აქამდე ომები ეროვნების ან რელიგიური ნიშნით იმართებოდა, მაგრამ ეს არის ომი, რომელსაც არც ეროვნება აქვს და არც რელიგია. ეს არის ტერორისტული ომი ცივილური სამყაროს წინააღმდეგ. ამ ცივილურ სამყაროში, მოიაზრება როგორც ისლამური, ასევე ქრისტიანული სამყარო. ამიტომაც უნდა გაერთიანდეს მთელი ცივილიზებული სამყარო ამ ძალიან სასტიკი ომის ირგვლივ, სხვაგვარად ამის დამარცხება წარმოუდგენელია.

თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ომი ტერორიზმისა, როგორც ისლამური, ასევე ქრისტიანული სამყაროს წინააღმდეგ. როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს?

– ჩვენ ვსაუბრობთ ცივილიზაციათა გაერთიანებაზე და ალბათ, გახსოვთ თეორია, რომელიც ცივილიზაციათა შორის ომს წინასწარმეტყველებდა, მაგრამ სრულიად სხვა რეალობა მივიღეთ. ეს არ არის ცივილიზაციათა ან რელიგიათა ომი. ეს არის ცივილიზაციის ომი ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ. ამ ცივილიზაციათა გაერთიანებაში ისლამური და ქრისტიანული სამყაროს გაერთიანება უპირისპირდება ვანდალიზმს, რომელსაც ჰქვია ტერორიზმი.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ გაერთიანებებზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ცივილიზაცია უნდა გაერთიანდეს ამ ტერორიზმის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს მსოფლიოში სრულიად ახალ ძალათა კომბინაციას. დეტალურად, რომ მივყვეთ, დიდი ალბათობით შეიცვლება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა. შესაძლოა, ნატო იძულებული გახდეს ფართომასშტაბიანი სამხედრო სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს ახლო აღმოსავლეთში და მათ შორის სირიაში, ერაყაში და ლიბიაში, სადაც განლაგებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, როგორც მთავარი ტერორისტული ორგანიზაციის ძირითადი ძალები.

იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი ახლო აღმოსავლეთში დაიწყებს სამხედრო სახმელეთო ოპერაციას, ამ კამპანიაში ნატოს რომელი ისლამური ქვეყანა გაუწევს პარტნიორობას?

– საუდის არაბეთი, თავისთავად თურქეთი, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო და ცივილიზებული ისლამური სამყაროს სხვა წარმომადგენლები, სხვაგვარად წარმოუდგენელია ამ სენთან განმკლავება.

მოგეხსენებათ სირიაში უკვე იმყოფება რუსეთი თავისი სამხედრო შენაერთებით და შეიარაღებით, ბუნებრივია, დასავლეთი იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს ამ რეალობას და შეეკრას რუსეთს უფრო დიდ ბოროტებასთან – ისლამურ ტერორიზმთან საბრძოლველად.

დასავლურ პრესაში უკვე ისმის საუბრები იმის თაობაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იძულებული გახდეს ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ შექმნას ერთგვარი თანამედროვე ანტიჰიტლერული კოალიციის მსგავსი გაერთიანება.

ამავე დროს გამორიცხავთ, რომ რუსეთს თავად დასჭირდეს დასავლეთის დახმარება? რადგანისლამურმა სახელმწიფომჯიჰადი გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ...

– იმ შემთხვევაში, თუ ტერორიზმთან ბრძოლამ რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული მასშტაბები შეიძინა, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთს დასჭირდეს დასავლეთის დახმარება. მით უმეტეს, რომ ყველა ტერორისტულმა ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, რომ ისინი აცხადებენ საღვთო ომს რუსეთის წინააღმდეგ. ასე რომ, რუსეთისათვის ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა, რაც არ გამორიცხავს, რომ რუსეთს შესაძლოა დასჭირდეს დასავლეთის დახმარება ამ საფრთხესთან გასამკლავებლად. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩრდილო კავკასიაში შეიქმნა ე.წ. ისლმაური სახელმწიფოს დანაყოფი და ალბათ, ამ საღვთო ომში ამ დანაყოფს ერთ–ერთი გადამწყვეტი როლი დაეკისრება, რაც ნიშნავს ჩრდილოკავკასიის შესაძლო აფეთქებას და მასშტაბურ ტერორისტულ აქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

ტერორიზმის საფრთხე შეიძლება შეეხოს საქართველოს?

– ჩამოთვლილ საფრთხეებთაგან პირდაპირ შეიძლება შეეხოს საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთმა ჩვენი პრობლებისთვის ვერ მოიცალა, ეს პირდაპირ გამოძახილს პოვებს რუსეთის პოლიტიკაზე ჩვენს მიმართ და შეიძლება მთავარი ფარი ჩამოგვეცალოს. გარდა ამისა, თუ პრობლემებში ჩაბმულ რუსეთს თავად ეყო რუსერსები, შეიძლება ველოდოთ რუსეთის ზეწოლის გაძლიერებას საქართველოზე.

მთავარი, ეს არის ტერორიზმის საფრთხის მოახლოვება ჩვენს საზღვრებთან. რუსეთის წინააღმდეგ საღვთო ომის დაწყების შემთხვევაში, რაც ამ პროცესში ჩრდილო კავკასიის ჩართვას გულისხმობს, ეს ტალღა შესაძლოა საქართველოსაც მოწვდეს. არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთმა თავად უზრუნველყოს „ტერორისტების“ ექსპორტი საქართველოში, იმ შემთხვევაში, თუ ეს დასჭირდა საქართველოს დასამორჩილებლად.

როგორ შეიძლება საქართველომ აღკევთოს რუსეთის მხრიდან .. ტერორისტების ექსპორტი ქვეყანაში?

– ამისათვის საქართველოს სჭირდება ძალიან კვალიფიციური და რეალისტური ტერორიზმის პრევენციისა და მისგან თავდაცვის გეგმა. ჯერ კიდევ შარშან მქონდა ინიციატივა, რომ აშშ–ის, ნატოს წევრი ქვეყნების რეგიონული სახელმწიფოების მონაწილეობით საქართველოში შექმნილიყო ტერორიზმის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც არანაკლებად ფეთქებად რეგიონებში შეისწავლიდა ტერორიზმის ხელმშემწყობ პირობებს, გავრცელების მასშტაბებს, ასევე შეიმუშავებდა პრევენციის ზომებს ტერორიზმის გავრცელების წინააღმდეგ და ამასთანავე უზრუნველყოფდა ამ კუთხით საჭირო კოორდინაციას. თუმცა, მაშინ ეს იდეა, იდეად დარჩა.

არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ ეს იდეა დღეს უფრო აქტუალურია?

– რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ტერორისტული აქტი უკვე მოხდა თურქეთში, მასშტაბური ტერორისტული აქტებით ემუქრებიან რუსეთსაც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აუცილებელია რეგიონში მსგავსი ცენტრის არსებობა, რომელსაც ერთი მხრივ დაევალება პრევენცია, მეორე მხრივ კოორდიანაცია. დასავლეთის ინტერესშიც უნდა იყოს საქართველოში ასეთი ცენტრის ამოქმედება.

საქართველოს ხელისუფლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან დროული და საჭირო ზომებია მიღებული ამ კუთხით. აუცილებლდ უნდა აღსდგეს კამერები საქართველოს აეროპორტებში, რომელიც ე.წ. ფეისკონტროლს ახორციელებდა და ევროკავშირის სრულიად გაუგებარი მოთხოვნის შედეგად მოიხსნა. უმთავრესია, რომ საქართველოს საზოგადოებამ გაათვითცნობიეროს, რომ ეს არის რელიგიათა შორის ომი.

ამ ვითარებაში, ალბათ, უნდა აღიკვეთოს ყველანაირი პროვოკაციის მცდელობა, რომლის მიზანი იქნება რელიგიათა შორის შესაძლო დაპირისპირება საქართველოში, რომლის საფრთხე რეალურად არსებობს საქართველოში...

– ნამდვილად. გაგახსენებთ, რომ ორი წლის წინ ადგილი ჰქონდა მუსლმან და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაპირისპირების პროვოცირებას, მაგრამ ქართველმა სპეცსამსახურებმა ოპერატიულად აღკვეთეს მაშინ ეს პროვოკაცია. ბევრი შეეცდება ანალოგიური საბაბით დაპირისპირების პროვოცირებას, ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებს საქართველოს საპატრიარქოს და მუსლიმთა თემის ლიდერებს.

ახლა არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საზოგადოების ერთიანობა ნებისმიერი საფრთხის წინაშე. ერთი მხრივ, არ გავაჩინოთ კითხვის ნიშნები რელიგიათა შორის ურთიერთობებში და მეორე მხრივ ამ დაძაბულ ფონზე დასავლეთის რადარებისგან კი არ გავქრეთ, არამედ პირიქით დავარწმუნოთ იმ იდეის კოორდინაციის აუცილებლობაში, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ეს არის საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოების სერიოზული გამოწვევა, რომ ამ უმძიმეს სენს მომზადებულები შევხვდეთ.

ამ გამოწვევის ფონზე, რამდენად ეფექტურია უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც უკვე გაატარა საქართველომ?

– აქ არის უამრავი ისეთი თემა, რომელზეც არ შეიძლება საუბარი იყოს საჯაროდ. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგად აცნობიერებს რა საფრთხეების წინაშე აღმოჩნდეს ქვეყანა. დღეს არის შანსი ამ საფრთხეების მინიმიზაციის და პრევენციის, მერე უკვე ამაზე საუბარი გვიანი იქნება. ამიტომ, ეს ეტაპი გაცილებით მნიშვნელოვანია. ეს არის სრულიად ახალი ტიპის ომი, რომლისთვის მზად არა თუ საქართველო, არამედ მსოფლიო არ არის. ამიტომ, საჭიროა მაქსიმალური კოორდინაცია და შიგნით პროვოკაციების მინიმიზაცია, ეს არის გზა, რომელსაც უნდა მივყვეთ.