„ისლამური სახელმწიფოს რუკაზე მონიშნულია ჩრდილო კავკასია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონი სამიზნე გახდა“

„ისლამური სახელმწიფოს რუკაზე მონიშნულია ჩრდილო კავკასია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონი სამიზნე გახდა“

მასშტაბური სისხლიანი ტერაქტების შემდეგ „ისლამურმა სახელმწიფომ“ მუქარის შემცველი ახალი მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ტერორისტები აცხადებენ, რომ საფრანგეთი მშვიდობას მანამდე ვერ ეღირსება, სანამ სირიაში ისლამისტთა პოზიციების დაბომბვა არ შეწყდება. შეიძლება ითქვას, რომ ტერორისტების ამ მუქარისგან არაფრით განსხვავდება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის განცხადება, რომლის თქმით, საფრანგეთმა გადაიტანა ის, რაც სირიაში ბოლო 5 წელიწადია ხდება.

პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმების მიზანი საფრანგეთისთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ ის კვლავ რჩება „მთავარ სამიზნედ“. ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ცნობით, თავდასხმების განხორციელებამდე, მებრძოლებმა თავდასხმის ადგილები შეისწავლეს.

პარიზში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი განხორციელდა. ექვს სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 128 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. პარიზის სხვადასხვა ადგილზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რესტორნებს, საკონცერტო დარბაზებსა და ფეხბურთის სტადიონთან ახლოს. ყველაზე მაშტაბური შეტევა ტერორისტებმა თეატრ „ბატაკლანის“ შენობაზე განახორციელეს, სადაც როკ-კონცერტზე მისული დაახლოებით 100 ადამიანი მოკლეს.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასშტაბური ტერაქტები 8 ისლამისტმა განახორციელა, რომლებიც ე.წ. შაჰიდის ქამრებით და შაშხანებით იყვნენ შეიარაღებულნი. საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, ტერორისტული აქტების განხორციელების შედეგად ლიკვიდირებულია 8 ტერორისტი, აქედან 7-მა თავი აიფეთქა.

ფრანგული გამოძიება ეჭვობს, რომ ტერორისტული აქტი გაცილებით მეტმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა. შესაბამისად, საფრანგეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ჩაიკეტა საზღვრები, რათა დამნაშავეების გაქცევა არ დაუშვან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ფრანსუა ოლანდმა მომხდარს უპრეცედენტო ტერორისტული შეტევა უწოდა.

„ეს არის ომის აქტი, ამ თავდასხმის უკან ტერორისტული არმია, „ისლამური სახელმწიფო“, ჯიჰადისტები დგანან, რომლებიც საფრანგეთისა და იმ ფასეულობების წინააღმდეგ გამოდიან, რომელსაც მთელ მსოფლიოში ვიცავთ“, - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს აშშ, იტალია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი. პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია საქართველოშიც. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე.

საქართველო მონაწილეობას ღებულობს საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში, რაც ადასტურებს, რომ საქართველო არის საერთაშორისო უსაფრთხოების ნაწილი. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, შორენა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი დაცულობა, რადგან საქართველო ტერორისტების სამიზნე ხდება.

„ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რუკაზე მონიშნულია ჩრდილო კავკასია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი სამიზნე გახდა. დიახ, ჩვენ ვართ ამ საფრთხის წინაშე, შესაბამისად, აუცილებელია უსაფრთხოების ზომების მიღება. ასევე აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობა და ჩართულობა უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების მიღების თვალსაზრისით“, - აცხადებს შორენა ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, რაც უფრო აქტიური ხარ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, მით უფრო მოწყვლადი ხდები. აქედან გამომდინარე, საქართველო არის საფრთხის წინაშე, მითუმეტეს, რომ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყანა არის თურქეთი, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს.

„ძალიან რთული სიტუაციაა მსოფლიოში და ჩვენც ამის ნაწილი ვართ, რადგან ჩვენი სტრატეგია ამაზეა მიმართული. ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ავღანეთში, მონაწილეობენ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში. ჩვენც ამ საერთაშორისო უსაფრთხოების ნაწილი ვართ და ბუნებრივია, რომ გვჭირდება დაცვა, რადგან ტერორისტების სამიზნე ვხდებით.

უნდა გაძლიერდეს საერთაშორისო თანამშრომლობა უსაფრთხოების მიმართულებით, ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ მოხდეს პრევენცია შესაძლო ტერორისტული აქტებისა, რისი საფრთხე სამწუხაროდ არსებობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძემ.

ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ ისლამური სახელმწიფო ძალიან საშიში, აგრესიული და დიდი მიზნების მქონეა, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ქაოსი და რადიკალიზმი შეიტანოს მსოფლიოში. მისივე თქმით, ეს რადიკალიზმი მიუახლოვდა ევროპას, რაც ასევე გასათვალისწინებელია საქართველოსთვისაც, როგორც ყველა ნორმალური ქვეყნისათვის.

„ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნე შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ქვეყანა. ეს არ არის განყენებული თემა საქართველოსთვის და ხელისუფლებას მართებს ყურადღება, რომ კოორდინირებულად იმოქმედოს ჩვენს დასავლელ თუ რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა არ აღმოვჩნდეთ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაგეგმილი ტერორისტულ აქტების თუ სამხედრო ოპერაციების პირისპირ. ეს არის გლობალური გამოწვევა და საქართველო ნამდვილად არ არის იზოლირებული. ჩვენ ვართ იმ ბრძოლის ნაწილი, რომელიც გაემიჯნა რადიკალიზმს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი.