„საქართველოს განვითარების ფონდი“, - ამ სახელწოდების საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაცია დააფუძნა პაატა ბურჭულაძემ. ფონდი საჯარო რეესტრში 30 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარეა პაატა ბურჭულაძე, წევრები არიან: ვანო მაჭავარიანი, რომელიც ასევე არის აღმასრულებელი დირექტორი, მერაბ ტყეშელაშვილი, ირაკლი გურჩიანი, დავით ჯანდიერი, გიორგი რუხაძე და დამოუკიდებელი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.
ორგანიზაციის წესდების მიხედვით, ფონდის მიზანია წარუდგინოს ფართო საზოგადოებას წინადადებები შემდეგი მიმართულებით - სახელმწიფო მმართველობა და დემოკრატია, კონსტიტუციური საკითხები, ეკონომიკური პოლიტიკა, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, საგარეო პოლიტიკა, სამოქალაქო შერიგება.
ფონდის მიზნებზე და ამოცანებზე ოფიციალურ განცხადებას პაატა ბურჭულაძე მომავალ კვირას გააკეთებს, ხოლო დეკემბერში გაიმართება ფონდის პრეზენტაცია.
მაშ ასე, პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი, ახალი ძალა გამოჩნდა.
მართალია ფონდის წევრები აცხადებენ, რომ „საქართველოს განვითარების ფონდი“ - საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობით შემოიფარგლება, თუმცა არსებული ინფორმაციით, ორგანიზაცია საბოლოოდ პოლიტიკურ ძალად უნდა ჩამოყალიბდეს და ეს დასავლური ღირებულებების მატარებელი ახალი პოლიტიკურ ძალა იქნება საქართველოში.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი, რომელიც ფონდის აღმასრულებელი დირექტორია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ფოდის მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული ყველა იმ თემის განხილვაში, რომელიც მნიშვნელოვანია და აქტუალურია დღეს.
„უნდა შეიქმნას გარკვეული პირობები, რომ პაატამ და ფონდმა რეალურად ისაუბრობს, გააკეთოს ანალიზი და საზოგადოებას წარუდგინოს ის მნიშვნელოვანი თემები, რომლის საგნობრივი განხილვა დღევანდელი პორალიზებული ვითარებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება. ეს არის პაატას ინიციატივა და რომელიც ჩვენს მიერ - ხათუნა ლაგაზიძე, დათო ჯანდიერი, გიორგი რუხაძე და სხვების მიერ არის გაზიარებული. ეს არ გამორიცხავს მაქსიმალურად ბევრი ადამიანის და ორგანიზაციის ჩართულობას. იმიტომ, რომ პაატას და ამ ორგანიზაციას აქვს რესურსი იმისა, რომ ამ თემებზე სასაუბროდ მშვიდი დიალოგის კულტურა დანერგოს“, - ამბობს მაჭავარიანი.
რაც შეეხება ფონდის საბოლოოდ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას, მაჭავარიანის განცხადებით, ფონდი საზოგადოებას სთავაზობს ურთიერთობის ახალ ფორმას, რომელიც გულისხმობს მაქსიმალურ ჩართულობას თემებზე, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.
„ის ადამიანები, რომლებიც ამ ფონდის აღმასრულებელ სტრუქტურაში არიან, მათ რომ სდომოდათ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება, გაწევრიანდებოდნენ. აქ საუბარია საზოგადოებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიად არ არის დარეგისტრიტებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი.
დამოუკიდებელი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ადასტურებს კონსულტაციებს პაატა ბურჭულაძესთან. მისი თქმით, ფონდის საქმიანობაში ჩაერთვება როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი.
„მქონდა შეხვედრები პაატა ბურჭულაძესთან ფონდის თაობაზე და თემა ამ შეხვერდებისა იყოს ზუსტად ის, რაც არის ფონდის სათაური, ანუ - საქართველოს განვითარება. ვისაუბრეთ ჩემს ხედვაზე ამ თვალსაზრისით და მისი პერსპექტივაზე. ფონდის საქმიანობაში ჩავერთვები როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი. დანარჩენ საკითხებზე საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაწვრილებით ისაუბრებს თავად პაატა ბურჭულაძე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.