საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში, საქართველოს მიერ მიღწეულ სწრაფ პროგრესს სრულად ადასტურებს და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის ასოცირების საბჭოს რეკომენდაციებს აძლევს. ასოცირების კომიტეტის მიერ მომზადებული 32-პუნქტიანი განცხადება კი, ქართულ მხარეს იმედებს უსახავს, რომ საქართველო შეძლებს ისარგებლოს უვიზო მიმოსვლით.
ამის მიუხედავად, ქართული მხარის იმედები შესაძლოა უპრესპექტივო აღმოჩნდეს. for.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გიგა ბოკერიას და გიორგი კანდელაკის ესპანეთში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს შეეხებოდა.
for.ge-ს ინფორმაციით, უცხოელ კოლეგებთან მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ამ წელს არ დაკმაყოფილებულიყო ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. ნაცმოძრაობის ლიდერებმა არგუმენტად ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა და თავისუფალ მედიაზე ზეწოლა დაასახელეს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ესპანეთიდან საქართველოსკენ მომავალი გიგა ბოკერია სტამბულში ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
რამდენად გაითვალისწინებს დასავლეთი ნაციონალების არგუმენტებს, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ანალიტიკოსების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიზანმიმართულად მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხდებით, მმართველი კოალიციის ყველა წარუმატებლობა, ნაციონალებისთვის აღიქმება, როგორც გამარჯვება.
„რასაკვირველია ნაციონალები არ მოქმედებენ სახელმწიფოებრივად. მათ საკუთარი პოლიტიკური და პირადი ინტერესები დააყენეს ბევრად უფრო წინ, ვიდრე სახელმწიფოებრივი ინტერესები. მე დიდი ხანია ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას, რომ პროგრესი „ნაციონალურ მოძრაობისა“ გამოიხატება იმით, რომ ნაცვლად ნაციონალურ სადისტური მოძრაობისა, ხელში შემოგვრჩა ნაციონალ მავნებლური პოლიტიკური ძალა, რომელიც ცხადია ცდილობს ავნოს სახელმწიფოს.
ეს გახლავთ ნაწილი მათი წინასაარჩევნო პოლიტიკის, რომლის განხორცილება 2012 წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყეს ნაციონალებმა. მიზანი ერთია - „კვლავ ვიყოთ ნაციონალები ქვეყნის სათავეში“. დღევანდელი ხელისუფლების ყველა წარუმატებლობა, ნაციონალებისთვის არის გამარჯვება“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
მისივე განცხადებით, ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რა შედეგით მივა ქვეყანა იმ გადაწყვეტილების დღემდე, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის სიკეთეს ან მოგვანიჭებს ევროპა, ან შეიძლება რომელიმე კავკასიური ბოსელისკენ მიგვითითონ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გზა გადის დასავლეთის დარწმუნებაში, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი არ მიდის, რადგან ქვეყნის შიგნით ნაციონალებს უჭირთ, მოსახლეობის დამოკიდებულება არ შეცვლილა.
„ნაციონალების ძირითადი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ამიტომაც მიდიან ყველაფერზე. იმ შემთხვევაში თუკი ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი გაჭიანურდება, ეს იქნება თარგმნილი ისე, რომ აი დასავლეთმა იმის გამო, რომ „რუსთავი 2“-ზე არის შეტევა არ მოგვცა ვიზა ლიბერალიზაცია. იციან, რომ ეს მიდგომა მოსახლეობაში გამოიწვევს გაღიზიანებას და ამიტომ მუშაობენ ამ მიმართულებით. ძალიან მარტივადაა საქმე. ქვეყანაზე მოფიქრალი ნაცმოძრაობა მე არ მახსენდება“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
„რუსთავი 2“-ის საქმე საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში შემაბრკოლებელი ფაქტორი ვერ გახდება“ - ადასტურებს ევროკავშირის ელჩი, რომლის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესსა და „რუსთავი 2“-ის საკითხს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.
„მინდა გავიმეორო ის, რაც გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა. ჩვენ ახლა ვიზალიბერალიზაციის მოქმედებათა გეგმის იმპლემენტაციის შეფასების ეტაპზე ვართ. არ მგონია, რომ ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ საკითხთან, რომელიც ახლა საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგში დგას“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ზუსტად ერთ კვირაში, 16 ნოემბერს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართება, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე შეაჯამოს არსებული პროგრესი და მოამზადოს საფუძველი ახალი მიღწევებისა და ინიციატივებისთვის.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ მაქსიმალური ძალისხმევა გასწია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესასრულებლად.
„იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს ევროკომისიის ანგარიშში დადებითად იქნება შეფასებული საქართველოს მიღწევები, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველი გახდება. ეს გადაწყვეტილება იქნება ნათელი დასტური საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები მოაქვს“, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.