სასურველი იყო თუ არა, „რუსთავი 2“-ის თემა შიდა თუ გარე პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა შრეებზე უკვე აისახა და ვისთვის ნეგატიურ - ვისთვის კი პოზიტიურ შედეგსაც მოიტანს. შეიცვლება თუ არა მოვლენათა განვითარების ვექტორები ან ვინ როგორ შეიძლება გამოიყენოს არსებული სიტუაცია, ამ თემაზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
რამდენიმე დღის წინ რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ ემიჯნებიან მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. რამდენად შეიძლება გახდეს მათი ეს პოზიცია მმართველ კოალიციაში დაპირისპირების საგანი და შემდეგ კიდევ უფრო სიღრმისეული გაგრძელება მოჰყვეს?
- დაპირისპირება არ მოხდება, რადგან ისინი სასიცოცხლოდ არიან გადაჯაჭვული ერმანეთთან. „ქართული ოცნების“ მხრიდან რესპუბლიკელების გაყვანა კოალიციიდან საკუთარ განაჩენზე ხელის მოწერას ნიშნავს, რაც მათ ანტიდასავლურ ძალად საბოლოოდ დასახელებაში გამოიხატება.
დღეს „რესპუბლიკური პარტია“ არის მათი დასავლური ფერუმარილი. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი კითხვა და საკმაოდ სერიოზული განცხადებები არსებობს დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მიმართულებით, რომელიც მედიისა და სასამართლოს უფლებების შეზღუდვას უკავშირდება. ამ ფონზე რესპუბლიკელების გაყვანა ალიანსიდან ნიშნავს „ქართული ოცნების“ პირდაპირ გადაბარგებას ანტიდასავლური პოლიტიკური ძალების რიგში.
თუ „ქართულ ოცნებას“ ეს არ აქვს გადაწყვეტილი, მას „რესპუბლილური პარტია“ სამომავლოდაც დასჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან განხეთქილებაზე საუბარი ვერ იქნება.
რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, მას მეორე საჭიროება აქვს, მისთვის „ქართული ოცნება“ არის ორთქლმავალი, რომელსაც უნდა ჩაებას იმისათვის, რომ ხელშესახები შედეგი დადოს - საუბარი არ მაქვს ბარიერის გადალახვა-არგადალახვაზე და პარლამენტში მოხვედრაზე. საუბარია იმაზე, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რესპუბლიკელებს დარჩეთ შანსი, კვლავ ხელისუფლებაში მოსვლის და წარმომადგენლობითი პოსტების აღების, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
ამიტომაც ვფიქრობ, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, არის სასიცოცხლო საჭიროება, ერთმანეთს ჩასჭიდონ ხელი და ასე მივიდნენ არჩევნებამდე.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ის ძალა, რომელსაც არჩევნების გზით წასვლა აწყობს, რადგან ამ გადასახედიდან გამარჯვების შანსი არ გააჩნია. რამდენად აქვს რესურსი, მართლაც რევოლუციურ რელსებზე გადაიყვანოს პროცესები?
- გააჩნია რესურსს რას ვეძახით, რადგან როდესაც დაიძაბა სიტუაცია, საუბრობდნენ იმაზე, რომ არ არსებობს დესტაბილიზაციის საფუძველი. რა თქმა უნდა, ფარტომასშტაბიანი დესტაბილიზაციის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ გავიხსენოთ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან ჩამოცილების პერიპეტიები - რამდენი შეიარაღებული პირი იყო მაშინ ორივე მხარეს მთლიანობაში? - მაქსიმუმ ხუთი ათასი, შესაძლოა, ამის ნახევარი.
2000 თავზეხელაღებული ადამიანის პოვნას და მათ შეიარაღებას არაფერი უნდა და ეს შეიძლება, ძალიან ტრაგიკულად დამთავრდეს ქვეყნისთვის - ამაზეა საუბარი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მალე ახალი ჩანაწერები გამოქვეყნდება, შედეგად ნაცმოძრაობის ლიდერებს დაიჭერენ და საფრთხეც ამოიწურება... ჰგავს ეს რეალურ სცენარს?
- ამ მასალების სააშკარაოზე გამოსვლით ხელისუფლებამ პრევენცია მოახდინა და დღეს საფრთხე უკვე მინიმუმამდეა დაყვანილი. ერთია, როცა პროცესები იწყება ისე, რომ საფანელი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, ხოლო მეორეა, როდესაც ეს ჩანაწერები სააშკარაოზეა ამოსული.
ამ ჩანაწერების სრული ვერსია, ალბათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ხელშია და არ ვიცით, მთლიანობაში რასთან გვაქვს საქმე. ფრაგმენტებით მსჯელობა ძნელია, რამდენად ეწერება ეს ყველაფერი სახელმწიფო გადატრიალებნის სცენარში, მაგრამ თავისთავად, ის ფრაგმენტებიც კი, რომელიც გამოქვეყნდა, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ხალხი გახდეს ძალიან ფრთხილი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება აგორდეს ან დაგეგმილი იყო, რომ აგორებულიყო.
ამის საშიშროებას ახლა ვეღარ ვხედავ, თუმცა თავის დროზე, შესაძლებელი იყო ასეთი ალბათობა დაგვეშვა, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო გადატრიალების ინსპირირებას არ სჭირდება ფართო მასშტაბები. მცირე რაოდენობის ხალხიც კი საკმარისია იმისათვის, რომ სიტუაცია შეუქცევად პროცესებში გადაიზარდოს - განსაკუთრებით საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით.
რაც შეეხება ნაცმოძრაობის ლიდერების შესაძლო დაკავებას, თუ ამ სცენარით განვითარდა მოვლენები, რამდენად შეძლებს პროკურატურა მათი ბრალის დასაბუთებას, გამომდინარე იქიდან, რაც მოხდა უკვე დაკავებული ნაციონალების საქმეებთან დაკავშირებით? ამ გზით წასვლა დამატებით კითხვებს არ გამოიწვევს დასავლეთისგანაც და ქართული საზოგადოებისგანაც?
- დღევანდელი ხელისუფლება როდესაც წარმატებით ეთანამშრომლება წინა ხელისუფლებისგან მიღებულ ყველაზე „შავ საქმეებზე“ ხელისმომწერ სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებს, ძალიან მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ყველა სიბინძურეზე უწერდნენ ხელს წინა ხელისუფლებას, ხოლო დღეს ამ ხელისუფლებას „ემსახურებიან“, არ გახდებიან მთავარი მახვილები, რომელსაც ამ ხელისუფლებას შემოურტიალებენ?
ადამიანი, რომელიც ამორალური ქმედების შემსრულებელია რომელიმე ერთი ხელისუფლების ხელში, მზად არის ნებისმიერი ხელისუფლების ხელში იყოს ყველაზე ამორალური იარაღი. ამ ხელისუფლების ადგილზე ამ თემაზე ათიათასჯერ დავფიქრდებოდი.
რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს - ვერ საბუთდება ბრალი იმგვარად, რომ დასავლეთისთვის კითხვები არ დარჩეს - ეს სწორედ იმ მემკვიდრეობით მიღებული ნარჩენების ბრალი მგონია დიდწილად, რომელიც წინა ხელისუფლებისგან ერგო ამ ხელისუფლებას და რომელიც ასე ჩაიხუტა მკერდში, იმიტომ, რომ ყველას სჭირდება ბინძური შემსრულებლები.
ვინმეს აქვს გარანტია რომ ისინი ორმაგ თამაშს არ თამაშობენ? თითქოს ამ ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ, მაგრამ იმავდროულად ნაციონალების წისქვილზე არ ასხამენ წყალს? - ამისი გარანტია არავის აქვს. ასევე, არავინ იცის, რამდენად პროფესიულად შეძლებს პროკუტრატურა ამ ბრალის დადასტურებას და „დამოკლეს მახვილივით“ ისევ უკან არ დაუბრუნდება ხელისუფლებას ეს დაუსაბუთებელი ბრალდებები. არის გარანტია, რომ სასამართლოც ისეთივე სამარცხვინო გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, რასაც ვხედავთ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით?!.
„რუსთავი 2“-თან მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. ნაციონალები თვლიან, რომ მოსამართლე ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს, ხოლო ხელისუფლება თვლის, რომ ამ შემთხვევაში, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებები მთავრობას აზიანებს. ორმაგი თამაშის ნიშნები ხომ არ ჩანს ამ ყველაფერში?
- ურთმელიძე ამისი ძალიან კარგი მაგალითია - ვინმეს თუ ჰგონია, რომ დღეს მხოლოდ ხელისუფლების დაკრულზე ცეკვავს ურთმელიძე, ვფიქრობ, ცდება. ეს არის ორწვერიანი მახვილი, რომლის ორივე წვერი ხელისუფლებას ურტყამს. ვისი დაკვეთითაც არ უნდა მოქმედებდეს, ყველა შემთხვევაში ხელისუფლებას ურტყამს და ასეთი არაერეთი შემთხვევაა.
თუ სასამართლო ხელისუფლება ვერ ასრულებს თუნდაც დაკვეთას იმ დონეზე, რომ ამან ასეთი აჟიოტაჟი არ გამოიწვიოს, საქართველოს იმიჯთან დაკავშირებით, ესეც ნაციონალებისგან მემკვიდრეობით მიღებული მოსამართლეების ბრალია.
ხვალ თუ საშიშროების წინაშე დადგა ეს ხელისუფლება, გარწმუნებთ, პირველები სწორედ ესენი იქნებიან - მემკვიდრეობით მიღებული, ყველაფერზე ხელისმომწერი, სასამართლოს და პროკურატურის თანამშრომლები, რომლებიც ამ ხელისუფლებას განაჩენს გამოუტანენ.
ევროკავშირის ელჩი მიიჩნევს რომ „რუსთავი 2“- ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ვიზალიბერალიზაციის პროცესის შემაფერხებელი ფაქტორი ვერ გახდება. ეს ნიშნავს რომ დასავლეთი თვალს ხუჭავს თუ მართლაც თვლის, რომ სასამართლო დავასთან გვაქვს საქმე და ეს პოლიტიკა არ არის?
- არც ერთი და არც მეორე - დასავლეთს არ სურს საქართველოს საბოლოოდ ჰკრას ხელი და ჩააგდოს რუსეთის მკლავებში. დასავლეთმა დაინახა, რომ საქართველოს ხელისუფლება მის მწვავე განცხადებებზე არ რეაგირებს და ნაკლებად აღელვებს ის სანქციები, რომელიც შიძლება ქვეყანას დაუწესდეს იმ შემთხვევაში, თუ მედიისა და სასამართლოს შეზღუდვა დადასტურდა.
დასავლეთი სიტყვიდან საქმეზე რომ გადავიდეს და სანქციების დაწესება დაიწყოს, ერთ-ერთი პირველი, უვიზოდ მიმოსვლაზე უარის თქმა იქნება - ეს საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე შესაძლოა, გადაულახავ დაბრკოლებად იქცეს და რუსეთის ორბიტისკენ გადაისროლოს. ისინი პროცესების ფორსირებას ერიდებიან, რომ კიდევ უფრო მეტი საფრთხე არ შუქმნან საქართველოს პროდასავლურ კურსს, თორემ არც თვალს ხუჭავენ მიმდინარე პროცესებზე და არც იმას თვლიან, რომ ერთ ჩვეულებრივ სასამართლო პროცესთან გვაქვს საქმე.