ალიანსის პარალელურად, საჰაერო სივრცის გაძლიერებას იწყებს რუსეთი. მას შემდეგ, რაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ნატოს წევრი სახელმწიფოს, თურქეთის საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვიეს, ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ყველა თავისი მოკავშირის დაცვა შეუძლია, მათ შორის - თურქეთის, რომელიც ალიანსის ძლიერი მოკავშირეა.
იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს სრულად სცეს პატივი ნატო-ს საჰაერო სივრცეს და თავი აარიდოს ალიანსთან დაძაბულობის ესკალაციას. ალიანსის გაფრთხილება კრემლმა თურქეთთან მიმართებაში გაითვალისწინა, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია სომხეთთან რეგიონული გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნაში.
„რია ნოვოსტის“ ინფრომაციით, რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთთან რეგიონული გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის განკარგულება გასცა. ვლადიმერ პუტინმა ასევე დაავალა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომ სომხურ მხარესთან მოლაპარაკებები გამართოს და აღნიშნულ შეთანხმებას მოაწეროს ხელი. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, ანალოგიური დოკუმენტის დადება ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთან იგეგმება. როგორც ცნობილია, 2013 წელს რუსეთმა გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმება უკვე დადო ყაზახეთთან.
პოლიტოლოგი გიორგი მჭედლიშვილი აცხადებს, რომ სომხეთთან რეგიონული გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმება, რუსეთის მხრიდან მინიშნებაა დასავლეთისთვის, აჩვენოს მისი სიძლიერე, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოს, თურქეთის გვერდით, რუსეთს ექნება საჰაერო სივრცე.
„ეს არის პასუხი ალიანსისთვის, რომ აი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სომხეთის საჰაერო სივრცე, პირდაპირ ემიჯნება ნატოს საჰაერო სივრცეს. ანუ, ჩვენი საჰაერო სივრცე უკვე ნატოს საზვრებთან არის. მითუმეტეს, რომ რუსეთსა და ალიანსს შორის იყო დაძაბულობის მომენტი და ეს ნაბიჯიც ზრდის დაძაბულობის გრადუსს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს საომარი მოქმედებისთვის მომზადებას, ეს უფრო ემოციურობის დონეზე გადადგმული ნაბიჯია, რომ აი, ჩვენც შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო სივრცე.
რუსეთისთვის სომხეთის საჰაერო სივრცის გარანტირებულად ხელში ჩაგდება, ნიშნავს, რომ შესაძლოა სირიაში შეჭრისთვის მეორე დერეფანი გაიხსნას. იცით, რომ სომხეთი ესაზღვრება ირანს და ძალიან ადვილია გასვლა სირიამდე. სირია არის საბრძოლო მოქმედების თეატრი, სადაც რუსეთს ფსონები აქვს დადებული. მით უმეტეს, რომ ირანი არის რუსეთის მოკავშირე და მხარს უჭერს ასადის რეჟიმს. შეიძლება ეს დერეფანი არც გამოიყენოს რუსეთმა, მაგრამ დასავლეთისთვის ახალი თავსატკივარია და რაც მთავარია, მინიშნება იმაზე, რომ ხალხმა ნახოს - თურმე, რა ძლიერია რუსეთი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მჭედლიშვილი.
რუსეთის გადაწყვეტილებაზე, სომხეთთან რეგიონული გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, ამ დრომდე უცნობია ოფიციალური ერევნის პოზიცია. გიორგი მჭედლიშვილი აცხადებს, რომ სურვილის შემთხვევაში, სომხეთს არ ექნება ბერკეტები შეეწინააღმდეგოს რუსეთის მოთხოვნას.
„რადგან სომხეთი, ისევე როგორც ტაჯიკეთი და ყირგიზეთი არიან კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრები, რუსეთი არის ამ ორგანიზაციის სულისჩამდგმელი ქვეყანა, ამიტომაც, რასაკვირველია, მთავარი ქვეყნის მოთხოვნა უნდა შესრულდეს. სომხეთის თავისტკივილია აზერბაიჯანთან კონფლიქტი, რომელიც ძირითადად არის სახმელეთო.
ამ კონფლიქტიდან 20 წელი გავიდა და შეიძლება ჩაერთოს ავიაცია. აშკარად მატულობს დაძაბულობის გრადუსი და თუ 5 წლის წინ კონფლიქტის განახლების ალბათობა იყო ძალიან მცირე, დღეს ასე არ არის. შეიძლება რუსეთის ეს ინიციატვია სომხეთის დაცვის დამატები ფაქტორი იყოს“, - ამბობს გიორგი მჭედლიშვილი.
for.ge-სთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ რუსეთმა სომხეთთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესახებ შეთანხმება კოლექტიური თავდაცვის პრინციპის მიხედვით გააფორმა. მისივე თქმით, საუბარია ასევე ყირგიზეთზე და ტაჯიკეთზე.
„ეს ქვეყნებიც ასევე არიან კოლექტიური თავდაცვითი უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრები, ანუ პრორუსული სამხედრო ალიანსის წევრები. ფაქტიურად, ამ სამხერო ბლოკის შემადგენლობაში შეიქმნა ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა, რომელიც ასევე შეიცავს ანტისარაკეტო სისტემის ელემენტებს.
ეს არ უნდა განვიხილოთ მარტო სომხეთთან მიმართებაში. ეს უნდა განვიხილოთ იმ სივრცის ფორმატში, რომელსაც მოიცავს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია. რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე პირდაპირ თქვა, რომ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკური ბირთვულ ელემენტებს იმისათვის, რომ გაარღვიოს ეს სისტემა. ანუ, სიმეტრიულად უპასუხოს ნატოს ეგიდით ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების შექმნას“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.