„იურიდიულად წაგებული საქმე რომ რამენაირად „გაეპრავებინათ“, ფარად გამოიყენეს, თითქოსდა ეს არის პოლიტიკური დევნა. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს, რომ ყველა მეზობელი თუ პარტნიორი ქვეყანა დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველოში არ ხდება მედიის თავისუფლების შეზღუდვა“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი, ოთარ აბესაძე, რომელსაც for.ge ესაუბრა.
ქიბარ ხალვაში დავობს საკუთრებაზე, რომელიც მისივე თქმით, 2006 წელს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა წაართვა. თუმცა, დასავლეთს მკვეთრი რეაქცია აქვს ამ საკითხის გარშემო და კეთდება შეფასება, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი.
ოთარ აბესაძე: ნებისმიერი იურიდიული განათლების მქონე ადამიანი გეტყვით, რომ ეს არის ორ ფიზიკურ პირს შორის შპს „რუსთავი 2“-ს შესახებ დავა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესია, რომ არ მოხდეს ჩარევა ამ საქმეში, მაგრამ შედეგად ვიღებთ, რომ მხარე, რომელსაც წარმოადგენს „რუსთავი 2“, ცდილობს სახელმწიფოს ჩართულობას ამ საქმეში.
პრემიერ-მინისტრმა და მმართველმა კოალიციამ გააკეთეს განცხადება, რომ ამ დავაში სახელმწიფო არ არის ჩართული და სიმართლე გითხრათ, მეც ამ აზრზე ვარ, რომ სახელმწიფო ამ დავაში არანაირად არ არის ჩართული და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პირი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ, შეფასებაში ყოველთვის უნდა იყოს ძალიან ფრთხილი.
ამ ვითარებაში, აღ გფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნებოდა თავად ხელისუფლებას მიეწოდებინა დასავლეთისთვის ინფორმაცია რეალურად რასთან გვაქვს საქმე?
- ჩემი სუბიექტური აზრია, რომ - არა. რომელ პოლიტიკურ ჩარჩოში ჯდება ორ კერძო პირს შორის სასამართლო დავის შესახებ ხელისუფლება ინფორმაციას აწვდიდეს, ზოგადად, საერთაშორისო ორგანიზაციებს?
მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, საკითხი გასცდა სამართლებრივ მხარეს და მიიღო პოლიტიკური დატვირთვა...
- ვინაიდან საკითხმა მიიღო პოლიტკური სახე და პრეტენზიები აქვთ მოსამართლის გადაწყვეტილებასთან, არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სხვადასხვა ზემდგომი, ან მისი მაკონტროლებელი ორგანო, მიმართონ ამ უწყებებს და თუ არის დარღვევა, გამოავლინონ.
გასაგებია, რომ სახელმწიფო ვერ ჩაერევა კერძო დავაში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მედიის საკითხს, არ აჯობებდა, რომ ხელისუფლებამ რეალური ინფორმაცია მიაწოდოს დასავლეთს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, თუნდაც იმისათვის, რომ მოიხსნას კითხვები?
- ეს ის დეტალია, რომელზეც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მმართველმა კოალიციამ. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ არც ერთი მთავრობა არ უნდა ერეოდეს კერძო ბიზნესის საქმეში. კერძო პირებს შორის დავაზე მთავრობამ აკეთოს განცხადება, ეს აპრიორში არასწორია. შეიძლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, იუსტიციის საბჭომ გააკეთონ განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ არა მთავრობამ. მთავრობა არ უნდა აკეთებდეს არანაირ შპს-ზე შეფასებას და განცხადებას ამ საკითხზე, მითუმეტეს დიპკორპუსთან. ანალოგიურად, ნებისმიერი მხარე და მითუმეტეს საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან ფრთხილი უნდა იყვენენ შეფასებებში და არ უნდა აკეთებდნენ შეფასებას ორ კერძო პირს შორის დავაზე.
თუ პოლიტიკურ მხარეზე ვილაპარაკებთ, არსებობს ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“ პოლიტიკური პარტიის პრეს-სამსახურია და არა ობიექტურობის ფორმულა საქართველოში. მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას სჭირდებოდა ამ საკითხს მისცემოდა პოლიტიკური მხარე, ვინაიდან ტელევიზია არის წართმეული.
იურიდიულად წაგებული საქმე რომ რამენაირად „გაეპრავებინათ“, ფარად გამოიყენეს, თითქოსდა ეს არის პოლიტიკური დევნა, რაც ასე არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს, რომ ყველა მეზობელი თუ პარტნიორი ქვეყანა დაარწმუნოს, - საქართველოში არ ხდება მედიის თავისუფლების შეზღუდვა.
ამ ვითარებაში რამდენად სწორია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ უმჯობესი იქნება, თუკი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გარდამავალ პერიოდში სპეციალური საბჭო შეიქმნება, რომელმაც არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს?
- ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო. თუ რაღაცა კითხვის ნიშნები ჩნდება, ჩერთოს ნებისმიერი დაინტერესებული მხარე და დასრულდეს ეს სახელმწიფო ჩარევის თემა. ყველამ უნდა გაიგოს, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ტელევიზიის წართმევა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს. პარადოქსია, როდესაც პირდაპირ ეთერში ლაპარაკობენ, რომ იზღუდება სიტყვის თავისუფლება.