„ჩვენი ჯარისკაცები ისედაც ღარიბი ოჯახებიდან არიან, ამიტომ მათი დაჯარიმება აბსურდულია“

„ჩვენი ჯარისკაცები ისედაც ღარიბი ოჯახებიდან არიან, ამიტომ მათი დაჯარიმება აბსურდულია“

„იარაღის გაგებაში არ არიან ჩვენი წვევამდელები. იარაღს აძლევენ მხოლოდ და მხოლოდ ფიცის დროს“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თანათავმჯდომარე, „დაპატიმრებულ სამხედროთა მხარდამჭერი კომიტეტის“ ხელმძღვანელი ჯიმშერ ოთანაძე. იგი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუკი თავდაცვის სამინისტროში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობისას მათაც, როგორც გამოცდილ სამხედრო სპეციალისტებს, ჩართავენ და მათ აზრსაც გაიზიარებენ.

საქმე ისაა, რომ თავდაცვის უწყება ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რაც ჰაუპტვახტების გაუქმებას ითვალისწინებს. ამის სანაცვლოდ, განაწესისა და დისციპლინის დამრღვევი სამხედრო-მოსამსახურეების მიმართ ფინანსური სანქციების გამკაცრება იგეგმება.

თინა ხიდაშელის თქმით, ჰაუპტვახტები არ არის ეფექტური სანქცია, ამიტომ მისი გაუქმების პარალელურად, გამკაცრდება ფინანსური სანქციები იმ გადაცდომებზე, რომლისთვისაც დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენებოდა.
გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის აზრით, სამხედრო სავალდებულო გაწვევის სისტემა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს, რადგან ჩვენ ახალგაზრდები არა ჯარში, არამედ ყარაულში გვყავს გაწვეული. ამდენად, შესაძლოა, გაწვევის სისტემა იყოს არა ერთწლიანი, არამედ ექვსთვიანი, რაც ყარაულად ყოფნას გამორიცხავს.

მინისტრის პირველ ინიციატივასთან დაკავშირებით, ჯიმშერ ოთანაძე ამბობს, რომ ყველაფერი, რაც კომუნისტების დროს იყო, ხელწამოსაკრავი არ ყოფილა. იმ პერიოდში მეთაური აფასებდა ჯარისკაცის წარმატებას თუ წარუმატებლობას და ამის მიხედვით ან აჯილდოვებდა, ან სჯიდა სამხედრო მოსამსახურეს. დასჯის ფორმა კი სწორედ ჰაუპტვახტი იყო.

„ის, რომ ჩვენი ჯარისკაცები ფინანსურად დავაჯარიმოთ და მათმა მშობლებმა თანხა გადაიხადონ, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, დღეს ღარიბი ოჯახებიდან მსახურობენ ჯარში, ასეთ ოჯახებს არ შეუძლიათ, დაიხსნან თავიანთი შვილი სამხედრო ვალდებულებისგან. მათ რომ კიდევ სანქციები დავაკისროთ, ეს ხომ აბსურდი იქნება. საერთოდ, საჯარიმო სისტემის წინააღმდეგი ვარ ყველა სფეროში. რაც შეეხება ჩვენი ჯარისკაცების მომზადების დონეს, ისინი მართლაც ყარაულებად არიან გადაქცეულნი. საერთოდ, დაცვის პოლიციაში ჯარისკაცი როგორ უნდა მსახურობდეს? თუ ჯარია, ჯარი უნდა იყოს. ისინი არავითარ ჯარისკაცულ მოვალეობას არ ასრულებენ, არადა, ჯარისკაცმა იარაღის გამოყენება უნდა იცოდეს. მინიმუმ, ორი წელიწადი მაინც უნდა იმსახუროს, რომ ისწავლოს, რა არის საბრძოლო მოქმედებები, ტაქტიკური გადაადგილება. ჩემმა შვილმაც ჯარი ორი წლის წინ გაიარა, მაგრამ არც მათ ასწავლეს იარაღის გამოყენება“, - აღნიშნა ჯიმშერ ოთანაძემ.

ამასთან, განმარტა, რომ მისმა თაობამ რუსულ ჯარში შეიძინა ეს უნარები, ისინი ორი წლის განმავლობაში გადიოდნენ სამხედრო სამსახურს, სადაც ყოვედღიური მეცადინეობა მიმდინარეობდა, შემდეგ ე.წ. „ზბორებზე“ მიდიოდნენ, გასვლები წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა და ნასწავლი ცოდნის განახლება უწევდათ, რათა მეომარს უნარ-ჩვევები არ დავიწყებოდა.

ჯიმშერ ოთანაძის თქმით, ამის ანალოგიურად სააკაშვილიც შეეცადა რეზერვის ჩამოყალიბებას, თუმცა აგვისტოს ომში სასაკლაოზე ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს ჩვენი რეზერვისტები. არადა, როგორ შეიძლებოდა განათებულ გორში ყვითელი ავტობუსებით ამდენი რეზერვისტის ჩაყვანა?! იქ ხომ არც მეთაურები იყვნენ, არც არავინ არ გასცემდა საბრძოლო მოქმედებებისთვის განკარგულებებს.

„კარგად დავინახეთ, ვინ იყვნენ იქ ჩასულები - გაბაშვილები და სხვები. ღმერთმა დაგვიფარა, რომ იქ არ მოხდა საბრძოლო მოქმედებები, თორემ მთელი ჩვენი ახალგაზრდობა უაზროდ ჩაიხოცებოდა“, - მიიჩნევს ჯიმშერ ოთანაძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჰაუპტვახტი ჰაუპტვახტია, ეს არის მძიმე სასჯელის ფორმა და ფინანსური სანქციებით მისი ჩანაცვლება ყველაფრის გაუფასურება გამოდის.

„ჩვენს ჯარისკაცებს ბიუროკრატიულ „უნარებში“ რატომ ავარჯიშებენ?! მაშინ, როცა ისინი პატრიოტულ მოტივებზე უნდა აღზარდონ. ეს წმინდა სამხედრო სპეციფიკაა. აუცილებელია, შეიქმნას კადრირებული შენაერთები, რომელიც მებრძოლებს ისე მოამზადებს, რომ მათ კადრირებულ ნაწილს მიამაგრებს და არა ისე, სააკაშვილმა ფარასავით რომ შეყარა რეზერვისტები ცხინვალის რეგიონში. ომი რომ დაიწყო, სამხედრო დაზვერვის მაიორი ვიყავი, მივედი სამხედრო ნაწილში, მკითხეს, რეზერვისტი ხარო? ვუთხარი, არა-მეთქი. მაშინ არ გვჭირდებიო და უკან გამომიშვეს. თუ რეზერვის სისტემაზეა საუბარი, აქტიური რეზერვი უნდა შექმნან. თორემ სააკაშვილი 18 დღეში რომელ მებრძოლს მოამზადებდა?! კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებას 3-4 თვე მაინც სჭირდება. მარტო იარაღის დაჭერა და სროლა არაფერია. იქ არის ტაქტიკური გადაადგილებები, როგორ უნდა დაიცვას მებრძოლმა თავი საჰაერო და სხვა დაბომბვისას. მთელი ნიუანსებია, ეს „უჩებკა“, ეს სასწავლო კურსი უნდა გაიაროს ახალგაზრდა მებრძოლმა, რაც ასე კარგად იყო აწყობილი საბჭოთა კავშირში. თუმცა ჩვენი აზრი თავდაცვაში არ აინტერესებთ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

აქვე განმარტავს, მთავარია, გავიგოთ, რა არის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული ხედვა, თორემ ეს სისტემა ისევე დახურულია, როგორც ზუმბაძის და ალასანიას დროს. წვევამდელებს ასაქმებენ საყარაულო სამუშაოებზე, უშუალო საბრძოლო წვრთვნებზე მათი მომზადების დონე არ არის საკმარისი. გარდა ამისა, შეიარაღებული ძალების რაოდენობაც დასადგენია, 20% წვევამდელებზე მოდის, 70-80% კი-საკონტრაქტო სამსახურზე.

ექსპერტი თვლის, რომ უკეთესი იქნება, თუკი წვევამდელების სისტემა ე.წ. აქტიური რეზერვის მოდელს მიებმება და 6-თვის შემდეგ წვევამდელები უკვე მოქმედი რეზერვისტები გახდებიან.