„არ გამოვრიცხავ რუსეთმა მოისურვოს ისლამური ხალიფატის განადგურება პოსტსაბჭოთა სივრცეში და დაბომბოს საქართველოს ტერიტორია“

„არ გამოვრიცხავ რუსეთმა მოისურვოს ისლამური ხალიფატის განადგურება პოსტსაბჭოთა სივრცეში და დაბომბოს საქართველოს ტერიტორია“

„ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან იმედისმომცემი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის ვიზიტის შეფასებისას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა უშუალოდ მოგერინის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც ჩანს, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომის წინ.

„მე მივდივარ ბრიუსელში. 16 ნოემბერს გვექნება ერთობლივი კონფერენცია, გვექნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც დეტალურად განვიხილავთ სფეროების მიხედვით იმ პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

რა მხარდაჭერას უნდა ველოდეთ და რეალურად რა ტიპის თანადგომაა დღევანდელი გამოწვევების ფონზე აქტუალური საქართველოსთვის, ამ თემაზე ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

საქართველოს პრემიერის განცხადებით, იმედისმომცემია ის პოზიტიური მესიჯები, რომელიც მოვისმინეთ ევროსაბჭოს წარმომადგენლისგან. თქვენი შეფასებით, ეს მართლაც ასეა თუ ევროპა ისევ გვამხნევებს? ან, ეს იმედი კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციაში გამოიხატება თუ ზოგადად დასავლეთის მხარდაჭერაზეა საუბარი?

- ჩემი აზრით, უკვე გამოცდილმა პოლიტიკოსმა არჩია, გაემხნებვებინა ჩვენი ხელისუფლება და მიეცა მისთვის შანსი, უფრო დამაჯერებელი ნაბიჯების გადასადგმელად იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია დემოკრატიული საქართველო.

რამდენად სწორად გაიგეს, ეს გზავნილი მალე შევიტყობთ, მაგრამ განსაკუთრებულ სატრაბახო თემას ვერ ვხედავ, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ჩემმა კოლეგამ, რიგითმა მოქალაქემ და ჩემსავით უმუშევარმა ბიძინა ივანიშვილმა ამისთანა პრესკონფერენცია გამართა ფეხზე მდგომი ჟურნალისტების გარემოცვაში... ამასაც გადაუთარგმნიან, ბრიუსელშიც გაუგზავნიან, ვაშინგტონშიც და მერე გაუკვირდებათ მცდარ ინფორმაციას რატომ უგდებენ ყურსო.

ვიზიტი რომ შედგა და გაუგებრობებს ადგილი არ ჰქონდა, მისაღებია. შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ჩვენი ხელისუფლება უამრავი გამოწვევის პირობებში, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ველში.

როცა ისლამური ხალიფატი საქართველოში უკვე გურჯისტანის ვილაიეთს აარსებს ჩვენი ისლამისტების დახმარებით, ამ დროს ნებისმიერი მოქალაქე, რიგითი, გნებავთ მაღალჩინოსანი, დაინტერესებული უნდა იყოს იმითი, რომ დღის მთავარი თემა არ იყოს პრეზიდენტის სასახლიდან გამოძევება.

მოგეხსენებათ, ფედერიკა მოგერინი არის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, როგორც ითქვა ის განსაკუთრებით დაინტერესდა რუსეთისგან მომავალი საფრთხეებით და ცდილობდა, დეტალურად მიეღო შეხვედრის თანამონაწილეებისაგან აღნიშნული ინფორმაცია. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეების რისკი კიდევ უფრო იზრდება?

- როგორც ჩანს, ეს იყო პროვოკაციების კრიალოსანი, რომლის არსენალიც საკმაოდ დიდი აქვს კრემლს, მაგრამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში სირიამ მიიპყრო მისი ყურადღება.

არ გამოვრიცხავ საწინააღმდეგოს - რუსეთმა თავად მოისურვოს ისლამური ხალიფატის განადგურება პოსტსაბჭოთა სივრცეში, სიამოვნებით დანაღმოს და დაბომბოს საქართველოს ტერიტორია და შემდეგ გამართლებაც მისცეს აფხაზეთთან დადებულ ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობდა 15 ათასი ჯარისკაცის განლაგებას ე.წ. აფხაზეთის ტერიტორიაზე.

სხვათა შორის, ობამას თანაშემწემ, სელესტ უოლანდერმა რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო მზადაა საკუთარი წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ზომები მიიღოს. თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მიიღო ნატო- ანალოგიური ზომები საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, უოლანდერის განცხადებით, განსხვავება იმაშია, რომ 2008 წელს რუსეთისაქართველოს იმ რაიონებში შეიჭრა, სადაც რუსული ჯარები იმყოფებოდნენ“. გამოდის, რომ საფრთხეების თვალსაზრისით, ჩვენთვის არაფერი შეცვლილა?

- ცოტა დავიღალეთ კიდეც მუდმივი შეშფოთება-აღშფოთებით ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ყოველ შემთხვევაში, ინფორმაციის წყარო მათ უფრო მდიდარი აქვთ, ვიდრე ქართულ სახელმწიფოს. ვნახოთ, თავად როგორ გააგრძელებენ მშფოთვარე ვითარებაში ქმედებებს, რადგან დღევანდელი დედამიწა გამომდინარე ამ საუკუნის ტექნოლოგიებიდან, იმდენად დაპატარავებულია, რომ ყველა ყველასთან მეზობლობს და ყველა მეზობელს შეიძლება მიაყენოს მტკივნეული დარტყმა - ამიტომ, ჩვენ არ ვიქნებით გამონაკლისი, თუ არ მოვიქცევით გონივრულად და წინმსწრებად არ ავიცილებთ იმ საფრთხეებს, რომელიც კარსმომდგარია.

ამას კი სჭირდება პროფესიონალიზმი, შემართება და მხარდაჭერა და არა ქუჩა-ქუჩა ბრძნული აზრების ფრქვევა იმის თაობაზე, თუ როგორ „აბინძურებენ“ ზოგიერთი არასამთავრობო წარმონაქმნები ქართულ საზოგადოებას.

სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ყველანაირად ვცდილობთ დავარწმუნოთ ჩვენს გულწრფელობაში. ეს ფრაზა იმაზეც ხომ არ მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით კითხვები გაჩნდა?

- ეს მეტყველებს იმაზე, რომ ახალ ხელისუფლებას თითი თითზე არ დაუკარებია სიმართლის შემცველი ინფორმაციის მისატანად დასავლელ პარტნიორებთან, თანაც წუხან იმ შედეგების გამო, რა ინფორმაციასაც ნაცმოძრაობა აწვდის დასავლეთს მათ შესახებ.