„ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, იმის მიუხედავად მას ეს სურს თუ არ სურს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში პრეზიდენტის გადასვლის საკითხს. ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციის აშენებისთვის სახელმწიფომ 26 მილიონი დახარჯა, თუმცა, ამის მიუხედავად გიორგი მარგველაშვილი არ აპირებს გამოვიდეს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან, რომელიც ექს-პრეზიდენტის ინიციატივით 2009 წელს აშენდა.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის უარს ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა.
„ამაზე დღეს ვეღარ დავხარჯავ დიდ დროს, უფრო საინტერესო თემებზე მკითხეთ. მაგრამ, მთავარი, რასაც მე ვხედავ, არის ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას კანონი, პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს და პირველ რიგში - პრეზიდენტმა. კომერციული ნაწილიც უნდა შეფასდეს, 10 მილიონს გადასცდა და ამბობს, რომ მოქალაქეების დასაცავად აკეთებს.
აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა. რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს, თუ არ სურს. სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავისი უფლებამოსილება. თავის დროზე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს. დადგება ეგ დროც“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა, როდესაც აღნიშნა - „იმის მიუხედავად, მას სურს თუ არა, ეს საკითხი დასრულდება“.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხზე მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება, ამ პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში კი, „ხმის ამოღებას“ აპირებს.
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს უფლება შეშფოთება გამოთქვას პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე ათონელზე მდებარე რეზიდენციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დაკეტილი შენობის შენახვაზე ყოველთვიურად ფული იხარჯება.
„ბატონ ბიძინას ნამდვილად აქვს უფლება, რომ შეშფოთება გამოთქვას ამ მიმართულებით. ერთადერთი, რაც შემიძლია მე დავამატო და დავამატო გულისტკივილით, არის ის, რომ ეს შენობა ძალიან კარგადაა გაკეთებული. მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ფულია დახარჯული, თუ არ ვცდები 26 მილიონი, დღესდღეობით კი დაკეტილია და ჩვენ ყოველთვიურად ფულის დახარჯვა გვიწევს იმისთვის, რომ აღნიშნული შენობის შესაბამის მდგომარეობაში შენახვა მოვახერხოთ. ამიტომ სასურველია, რომ გადაწყვეტილებები საკმაოდ სწრაფად იქნას მიღებული“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიაშვილმა.
თავის მხრივ ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით, პოზიციას არ იცვლის გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ათონელის რეზიდენციის ბედი პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ეხება. კოჟორიძის განმარტებით, ამ კითხვის ადრესატი არ არის არც პრეზიდენტი და არც მისი ადმინისტრაცია, არამედ კითხვა ეხება მთავრობას. საქართველოს პრეზიდენტი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
„ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ოფიციალური წერილობითი პასუხი გავეცით, რომ პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს და ეს პოზიცია არ შეცვლილა. ამ კითხვის ადრესატები არიან მთავრობის წევრები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ათონელის ბედი. ათონელის რეზიდენციის თუ შენობის ბედი არ ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. პრეზიდენტი რომ იქ არ გადადის, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
ივანიშვილის ყოფილი მრჩეველის, გია ხუხაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ პრემიერს ხშირად გამოუთქვამს ამ საკითხზე თავისი მოქალაქეობრივი პროტესტი, მთავრობის მხრიდან არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან მისი თქმით, შეუძლებელია მთავრობის მხრიდან ისეთი აქტის მიღება, რითაც იძულება გახდება ლეგალურად შესაძლებელი.
„პრეზიდენტს აქვს თავისი პოზიცია. ბიძინა ივანიშვილს როგორც მოქალაქეს, აქვს თავისი პოზიცია, რომელიც არ სცდება მოქალაქის პოზიციას. მთავარია, რომ ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი არ ამბობს ამას. არ მესმის რა განსხვავებაზეა საუბარი. პრეზიდენტი ათონელზე იქნება თუ ავლაბრის რეზიდენციაში, ხარჯები ამით რატომ იცვლება და მით უმეტეს, რა 10 მილიონზეა ლაპარაკი ჩემთვის ცოტა უცნაურია.
თუ ბატონი ბიძინა გვეტყვის რას გულისხმობს ამ 10 მილიონში, კარგი იქნება. შეიძლება მან იცის ისეთი რაღაცა, რაც ჩვენ არ ვიცით. კარგი იქნება უფრო სრულად გვაჩვენოს რაშია განსხვავება. ათონელზე იქნება თუ ავლაბარში, შუქი და წყალი იქაც ჭირდება. შესაბამისად, განსხვავება რომც იყოს, ეს იქნება ძალიან მიზერული, რაც სალაპარაკოდ არც ღირს. პრეზიდენტის ხარჯები არ განისაზღვრება იმით, რომელ რეზიდენციაში იქნება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ ათონელის რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და შესაბამისად, თავადვე უნდა მოუძებნონ შენობას ფუნქცია.
„პრეზიდენტმა ცალსახად თქვა, რომ ის რეზიდენციის შეცვლას არ აპირებს. ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტროს თავის ტკივილია, როგორ დაასაქმებს ამ შენობას - რომელიმე სხვა უწყებას გადაიყვანს თუ სხვა ფუნქციას მოუძებნის. ეს მათი საფიქრალია და არა პრეზიდენტის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი რამაზ საყავრელიძე თვლის, რომ საპრეზიდენტო რეზიდენციის საკითხი ივანიშვილი-მარგველაშვილის ურთიერთობაში უფრო დიდ ემოციურ მუხტს ატარებს, რომლის გარედან დანახვა შეუძლებელი ხდება. მისი თქმით, ყველა ამ კითხვებზე პასუხი ამ ორი პირისა და მათ ემოციებში გარკვების გარეშე ძნელია.
„პრინციპში, ჩვენ ვუყურებთ მხოლოდ ჭიდაობას იმაზე, შევა თუ არა ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მარგველაშვილი. დავუშვათ, შევიდა ათონელზე მარგველაშვილი, ასეთ შემთხვევაში რას ვუშვრებით არსებულ რეზიდენციას, სადაც ახლა არის? ერთმანეთთან ჭიდაობას ჯობია შემოგვთავაზონ რაღაცა კონცეფცია.
ჩვენ კავკასილები ვართ, ნანახი გავქვს კავკასური ცარცის წრეც, გვახსოვს ის სცენა, როდესაც თავის პრეტენზიაზე უარი თქვა რეალურმა დედამ და არა იმან, ვინც დედობას იბრალებდა. უარის თქმა ხანდახან უფრო დიდი სიყვარულის ნიშანია და მათ შორის ქვეყნის სიყვარულის. მიმაჩნია, თუ თავის ნაბიჯზე უარს იტყვის პრეზიდენტი, გაცილებით მეტს მოიგებს საზოგადოების გულში, როგორც პრეზიდენტი, ვიდრე გააგრძელოს ჭიდაობა ამ საკითხის გარშემო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.