რესპუბლიკელები ხიდაშელ-აგულაშვილის პოსტებიდან გადაყენებას გამორიცხავენ და „პატრიოტთა ალიანსს“ ურჩევენ, ერთმანეთს ბინძურ ლაპარაკში ნუ შეეჯიბრებიან

რესპუბლიკელები ხიდაშელ-აგულაშვილის პოსტებიდან გადაყენებას გამორიცხავენ და „პატრიოტთა ალიანსს“ ურჩევენ, ერთმანეთს ბინძურ ლაპარაკში ნუ შეეჯიბრებიან

„პატრიოტთა ალიანსი“ დაკავებული თანამდებობებიდან თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების - თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის გადაყენებას ითხოვს და ამ მიზნით შიმშილობის აქციას მართავს. მმართველი გუნდი კი ოპონენტ ძალას ურჩევს, შიმშილობა შეწყვიტოს და დავა სასამართლოში გააგრძელოს.

მთავრობის კანცელარიასთან, ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი მესამე დღეა შიმშილობენ და ისინი ამის მიზეზად საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას ასახელებენ. „რესპუბლიკურ პარტიაში“ მიიჩნევენ, რომ ხიდაშელისა და აგულაშვილის მხრიდან კანონდარღვებას ადგილი არ ჰქონია და ინაშვილის პოლიტიკური ნაბიჯები კოალიციასა და რესპუბლიკელებს შორის განხეთქილების ჩაგდებას ემსახურება.

რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, ნაციონალები „პატრიოტთა ალიანსის“ შეფასებას იზიარებენ და ამბობენ, რომ საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა, ხოლო „თავისუფალი დემოკრატები“ მხარეებს მოუწოდებენ მტკიცებულებები სასამართლოში წარადგინონ.

for.ge-სთან საუბარში ნაციონალი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიციებს შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ ის ინაშვილს იმაში ეთანხმება, რომ არჩევნები გაყალბდა.

დეპუტატის მოსაზრებით, არსებული საარჩევნო სისტემით ყველა არჩევნები გაყალბდება.

„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, დავით უსუფაშვილი ივანიშვილის ხოშზე საარჩევნო სისტემას როგორ ირგებს. მხოლოდ 2016 წლის არჩევნებისთვის უნიკალური სისტემა კეთდება, სადაც რომელი ოლქი სად შედის, არავინ იცის. ამაზე მეტი ცინიზმი გაგიგიათ? ამ ადამიანებმა პროცედურულ დემოკრატიაზე უნდა მიგვითითონ?“, - აცხადებს დეპუტატი.

მაჭავარიანის მოსაზრებით, საგარეჯოს არჩევნებში, მმართველი გუნდის მხრიდან გამოყენებული იქნა როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ასევე სამხედროები.

„როგორც ჩანს, ეს პრობლემები ისევ გამწვავდა და დარჩება კიდეც. არ მახსოვს, რომ ჩვენს თავდაცვის მინისტრებს საარჩევნო შტაბში ოქმები შეეყვანათ და ხელებაკაპიწებულებს ემუშავათ. ჩვენს დროს კეზერაშვილი რომ დამჯდარიყო და ოქმები შეეყვანა, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა?“, - ამბობს მაჭავარიანი.

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი პროცესების დრამატიზებას არ ახდენს. როგორც for.ge-ს ჩიქოვანმა განუცხადა, თუკი „პატრიოტთა ალიანსს“ არჩევნების გაყალბების თაობაზე ეჭვი აქვს, მან სამართლებრივი ბერკეტები უნდა გამოიყენოს და თუკი კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება, ეს სასამართლოში უნდა დასვას. ჩიქოვანის თქმით, საარჩევნო კოდექსი ჩვენთან სრულყოფას საჭიროებს.

„თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსად, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე ყურადღებას ოპონენტების სამართლებრივ ბრალდებებზე ამახვილებს და for.ge-სთან საუბარში აქცენტებს საკუთარ არგუმენტებზე აკეთებს. ხმალაძის თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ არგუმენტებია, რომ მინისტრები აგიტაციას ეწეოდნენ, მაგრამ საგარეჯოში თამარ ხიდაშელის მხარდასაჭერად ჩავიდნენ არა მხოლოდ აგულაშვილი და ხიდაშელი, არამედ პრემიერი და ლამის ყველა მინისტრი. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეც.

„რატომღაც, ისინი პოსტებიდან მხოლოდ აგულაშვილისა და ხიდაშელის გადაყენებას ითხოვენ და რატომ? - პასუხი თქვენთვის მომინდვია. კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. დავა ბევრჯერ იყო, მაგრამ კანონში წერია, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ ეკრძალებათ, მაგრამ მათ ეს არასამუშაო დროს უნდა გააკეთონ“, - ამბობს ხმალაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოპონენტების იმ ბრალდებებსაც ეხმაურება, სადაც ისინი არჩევნების გაყალბების პროცესში სამხედროების მონაწილეობაზე საუბრობენ და ინტერესდება, სამხედრო მოსამსახურეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს, თუ არა.

„ალბათ, ყველა იტყვის, რომ უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც სხვები. მათ არჩევნებში სად უნდა მიიღონ მონაწილეობა? - სამხედრო მოსამსახურეთა ისეთი კატეგორიაა, რომელიც სამსახურში დილით მიდის, საღამოს შინ ბრუნდება. ასეთი პირებისთვის კანონი ამბობს, რომ ისინი ხმას თავისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით აძლევენ. სასაზღვრო პოლიციის კატეგორიაა, რომლებიც გარკვეულ ადგილას 24 საათის განმავლობაში მსახურობენ და ეს ვადიანი სამსახურია. ანუ, ისინი ე.წ. ყაზარმულ რეჟიმში იმყოფებიან და გარეთ ვერ გავლენ. მათი მორიგეობა ძალიან ხანმოკლეა და მათ ხმა სად უნდა მისცენ? - ბუნებრივია, ყაზარმის ტერიტორიაზე, რომელიც რომელიღაც საარჩევნო ოლქის ტერიტორიაა. ლოგიკურად, მათ ხმა იქ უნდა მისცენ, სადაც მათი დისლოკაციის ადგილია. არჩევნების დღეს, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში მათი გაშვება არ შეიძლება, რადგან შეიძლება საფრთხის წინაშე სახელმწიფო დადგეს, რადგან ერთი დღის მანძილზე, ყაზარმა უნდა მოიშალოს და ის ცარიელი უნდა იყოს, რისი გაკეთებაც არ შეიძლება“, - აცხადებს ხმალაძე.

კანონმდებელი ზოგადად, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, საარჩევნო პროცესებში სამხედროების გამოყენების პრაქტიკას იხსენებს და ამბობს, რომ სამხედროები საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ არაერთ ხელისუფლებას გამოუყენებია.

„ეს როგორ? - იქ, სადაც ხედავდნენ, რომ მათ უჭირდათ, არჩევნების წინ, იმ საარჩევნო ოლქში რამდენიმე ასეული სამხედრო გადაჰყავდათ და ამით უპირატესობას ქმნიდნენ. საგარეჯოსთან დაკავშირებით, რა მოხდა? - ეს სამხედრო ნაწილი მუხროვანის სამხედრო ბაზაზე 2015 წლის იანვარში, ან თებერვალში განლაგდა. ამ დროს საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი იყო და რაიმე აზრი არც კი ტრიალებდა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე. ხიდაშელი მინისტრი გაზაფხულის ბოლოს გახდა, ამ დროს, ის სამხედრო ნაწილი იქ იდგა. რა უნდა გვექნა? სამხედრო ბაზა გადაგვეყვანა? იმის გამო, რომ ვინმეს ეჭვი არ გასჩენოდა, სამხედროები როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ამიტომ, ბაზა გადაგვეყვანა? შემდეგ, იმ ოლქში რომ დანიშნულიყო არჩევნები, სადაც სამხედროებს წაიყვანდნენ, შემდეგ იქედანაც უნდა წაეყვანათ? სამხედროები უნდა ვაწოწიალოთ და სხვაგან წავიყვანოთ? - ეს სწორი არ იქნება“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ხმალაძის მოსაზრებით, ხიდაშელისა და ინაშვილის ხმათა სხვაობას ყველა სამხედროს ხმა რომ გამოაკლონ, ხიდაშელი მას მცირედით მაინც უგებს.

„ვის შეუძლია დაიფიცოს, რომ ყველა სამხედრომ ხმა ხიდაშელს მისცა? ასეთი რაღაც აბსურდია და არ ხდება. თუნდაც ასე ყოფილიყო, ხიდაშელი იგებდა. სამართლებრივი საფუძველი არცერთ ბრალდებას არ აქვს“, - დასძენს ხმალაძე, რომლის პათოსს იზიარებს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი.

for.ge-ის საშუალებით, ბერძენიშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შიმშილობის აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

დეპუტატის შეფასებით, შიმშილობა პოლიტიკური ბრძოლის უკიდურესი ფორმაა და ის ძალიან გაოცებულია იმით, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ ამ ფორმას მაშინ მიმართა, როცა ამის რეალური საფუძველი არ არსებობს. კანონმდებელის განცხადებით, ოპონენტებმა არჩევნები სასამართლოში გაასაჩივრეს და ძალიან სამწუხაროა, რომ ინაშვილი შიმშილობს.

„ამ შიმშილობას ის ვერ მოჰყვება, რასაც ისინი ამბობენ, რადგან პოლიტიკაში საკითხები ასე მარტივად არ წყდება. ის, რომ თამარ ხიდაშელი დეპუტატი არ გახდება, თინა ხიდაშელს მინისტრობიდან გადააყენებენ და უკანა რიცხვით ინაშვილი დეპუტატი გახდება, ეს არ მოხდება. მას ბევრი მხარდაჭერი ჰყავს, მაგრამ ამდენი ხალხის გამოყვანა სხვებსაც შეუძლია. მათ პოლიტიკურ ბრძოლას ვთავაზობთ და მათ გამო, ერთი ხმის გამო, შედეგები თავიდან დავითვალეთ. შიმშილობის ფორმა რადიკალურია და მისი მომხრე არ ვარ, მითუმეტეს, როცა მანდილოსანი შიმშილობს. მიმაჩნია, რომ ხიდაშელსა და აგულაშვილს არც ერთი კანონი არ დაურღვევიათ. ვფიქრობ, რომ მათი ეს ქმედება პოლიტიკური ბრძოლის ფორმაა, მაგრამ არჩევნების შედეგებს არავინ გადახედავს იმის გამო, რომ რომელიღაც მხარე შიმშილობს“, - აცხადებს დეპუტატი.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ ინაშვილს კოალიციასა და რესპუბლიკელებს შორის განხეთქილების ჩაგდება სურს.

„მას შეეძლო, პარლამენტიდან ჩემი გაწვევაც მოეთხოვა, რადგან საკმაოდ კრიტიკულად მივმართე. საშიმშილოდ ისეთი ხალხი ჯდება, რომ სჯობს, თავის დირექტორებს პირდაპირ დაუძახონ და ისინი აშიმშილონ. ემზარ კვიციანი რუსეთში გახიზნული იყო და მართლმსაჯულებას ემალებოდა. თურმე, გაირკვა, რომ ის სიმართლისთვის მებრძოლი და მოშიმშილეა. ირმა ინაშვილის ადგილზე, ამ ნაწილთან დგომას მოვერიდებოდი, რადგან როცა გამიჭირდება, ვიცი, რომელ ქვეყანაში გავიქცევი. ვინც რუსეთში გაიქცევა, იმისგან იმის მტკიცება, რომ რუსეთუმე არ მიწოდონ... აბა, კვიციანი სადაური ძალაა? - მათ საკუთარი საქმე თავად იციან. არ ვიცი, ეს ამბავი როგორ დასრულდება, მაგრამ არ მახსოვს, რომ შიმშილობა კარგი შედეგით დასრულებულიყო“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომელიც მის მიმართ ინაშვილის გამონათქვამებსაც ეხმაურება.

კანონმდებელი ინაშვილს ურჩევს, დისტანციას ნუ დაფარავს და ერთმანეთს ბინძურ ლაპარაკში ნუ შეეჯიბრებიან, რადგან თავად არისტოფანეს 11 კომედიის მთარგმნელია, რომლის გამონათქვამებიც „პატრიოტთა ალიანსს“ არ დაესიზმრება.

„ინაშვილმა იმ ზღვარს გადააბიჯა, სადაც პოლიტიკოსები არ საუბრობენ. დისტანციის დაფარვა არ ღირს, ისევე როგორც ერთმანეთის მიმართ ცუდი სიტყვების თქმა. როცა ჩემს მიმართ სიტყვა ბებერი და ცხოველი იხარჯება, ვიტყვი, რომ ეს არ მწყენია, მაგრამ იმის მეშინია, ვინმემ არ იფიქროს, „კოკასა შიგან რაც არის, იგივე გადმოდინდებისო“. მას ამ სფეროში გადასვლას არ ვურჩევ, რადგან ის თუ ჟურნალისტია, მე ფილოლოგი ვარ და ბინძურ ლაპარაკში ერთმანეთს ნუ შევეჯიბრებით, რადგან მე არისტოფანეს მთარგმნელი ვარ და 11 კომედია მაქვს ნათარგმნი და არისტოფანეს ისეთი ენა აქვს, ინაშვილს არ დაესიზმრება. მას ისეთი ჩანაფიქრები და გამოთქმები აქვს, ეს შეიძლება, მთელ „პატრიოტთა ალიანსს“ არ ჰქონდეს. არ მიხარია, რომ მას წარმატებები ექნება, მაგრამ ექნება. არ მიხარია, რომ ის შიმშილობს“, - აცხადებს ბერძენიშვილი. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ინტერესდება, „პატრიოტთა ალიანსმა“ მისი პოსტიდან გადაყენება რატომ არ მოითხოვა, რომელიც საგარეჯოში, საარჩევნო კამპანიის დროს, ხიდაშელს დაჰყვებოდა?

for.ge-ს სესიაშვილი არწმუნებს, რომ ხიდაშელსა და აგულაშვილს კანონი არ დაურღვევიათ და თუკი ადგილი კანონდარღვევას ჰქონდა, მათ შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ.

სესიაშვილის ცნობით, „პატრიოტთა ალიანსი“ ისე იქცეოდა, როგორც თავის დროზე, არჩევნებზე მიშას ზონდერები იქცეოდნენ.

„გიგლა შვებულებაში იყო და თინა არასამუშაო საათებში. იქ მეც ვიყავი და ჩემს გადაყენებას რატომ არ ითხოვენ? თუკი ვინმე მარცხს ვერ ეგუება, რა გავაკეთოთ? შეგიძლიათ, ნახოთ, რომ ყველგან „პატრიოტთა ალიანსის“ სურათებია გაკრული და ჩვენი კი, ჩამოხეულია. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს შემოვარდნები იყო და ისინი ისე იქცეოდნენ, გეგონებოდათ, რომ ოპოზიციაში ჩვენ ვიყავით. ეს ყველაფერი ვითმინეთ, რადგან სახელისუფლებო გუნდს მეტი პასუხისმგებლობა აქვს. იმ ბავშებს დევნა არ დავუწყეთ, რომლებიც ღამით პლაკატებს ხევდნენ. ხიდაშელი საგარეჯოში 20:00 საათზე ჩავიდოდა თუ არა, ამით არჩევნების შედეგები არ შეიცვლებოდა, რადგან მათ უკვე ხმები ჰქონდათ მიღებული“, - აღნიშნავს სესიაშვილი, რომლის მსგავსად, ოპონენტებს სასამართლოს გზისკენ მიუთითებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

როგორც for.ge-ს ტყემალაძემ განუცხადა, ყველას აქვს უფლება საკუთარი მოთხოვნა დააყენოს, მაგრამ მათ სასამართლოს უნდა მიმართონ.

„თუკი რაიმე დანაშაული გამოიკვეთა, მინისტრების გადაყენების პერსპექტივა არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ უნდა გადააყენონ?“, - ამბობს ტყემალაძე.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუკრი ქანთარია კი აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ სარჩელი სასამართლოში აქვს შეტანილი და სასამართლო გაარკვევს, დარღვევები მართლა იყო თუ არა.

for.ge-სთან საუბარში ქანთარია აღნიშნავს, რომ მასზე შთაბეჭდილება არ მოახდინა იმან, როცა თავდაცვის მინისტრი ხმების დათვლით დაკავებული იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ხიდაშელს კანონი დაურღვევია.

„რესპუბლიკელები ამბობენ, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ისინი იურისტები არიან და ასეთ რაღაცას არ გააკეთებდნენ. თუკი ხარვეზია, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს. ამის გამო გადადგნენ-გადმოდგნენ, მგონია, რომ ეს პიარზეა გათვლილი. ირმა ემოციური ქალბატონია და მას ვურჩევდი, რომ მოვლენებს რეალურად შეხედოს, რადგან შიმშილობამ ემოციური მუხტი 90-იანი წლებიდან დაკარგა და არ მგონია, მათ რაიმე ემოციური მუხტი შექმნან. სჯობს, საკუთარი ჯანმრთელობა არ დააზარალონ“, - დასძინა ქანთარიამ.

ზემოთ აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, for.ge „ეროვნული ფორუმის“ განწყობითაც დაინტერესდა, მაგრამ ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე ტრადიციისამებრ, ჩვენს კითხვებს გაექცა.

სანიკიძისგან განსხვავებით, ჩვენს კითხვას უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელმაც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს შიმშილობის აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

სპიკერის თქმით, სამწუხაროდ, ქვეყანას შიმშილობის ბევრი ტალღა და ამასთან დაკავშირებული ემოციები ახსოვს. უსუფაშვილის განცხადებით, თუკი წაგებული მხარე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მას უნდა მოუსმინონ და უნდა შეხედონ, რა არგუმენტები აქვთ.

„რომ ვთვლიდე, არჩევნები გაყალბდა, მაშინ ამას თავად ვიტყოდი. შეიძლება არ მეშიმშილა, მაგრამ სხვანაირად გამომეხატა პოზიცია. დამკვირვებლები ქვეყანაზე იმიტომ არსებობენ, რომ ასეთ დროს, მათ თავისი აზრი თქვან და ჩვენც მათ უნდა დავუჯეროთ, ვიდრე მეტი ყურადღება გამარჯვებულ-დამარცხებული მხარეების კომენტარებს მივაქციოთ. მოშიმშილე ადამიანებისგან ბევრს ძალიან ახლოს ვიცნობ და მათ ვთხოვ, იქნებ, სხვა გზებითაც მოხერხდეს იმავეს თქმა და არა შიმშილობით, რომლის გამოცდილებაც გვაქვს. აღარ მინდა, რომ ეს გამოცდილება გაგრძელდეს“, - განუცხადა for.ge-ს უსუფაშვილმა.

რაც შეეხება მინისტრების განწყობას, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი „პატრიოტთა ალიანსს“ მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს.

შეგახსენებთ, რომ შუალედურ არჩევნებში, თამარ ხიდაშელმა ირმა ინაშვილი დაამარცხა. საგარეჯოში კი, შუალედური არჩევნები იმის გამო ჩატარდა, რომ თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი გახდა.