„15 მილიარდის სესხის სანაცვლოდ კომერციულ ბანკებს გირაოში 300 მილიარდ ლარზე მეტი ქონება უდევთ“

„15 მილიარდის სესხის სანაცვლოდ კომერციულ ბანკებს გირაოში 300 მილიარდ ლარზე მეტი ქონება უდევთ“

კომერციული ბანკები საქართველოში პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან და მხოლოდ მოგების გადასახადს იხდიან. შესაბამისად, უკანასკნელი წლებია, ბანკები დიდ მოგებაზე გადიან. მაგალითად, აგვისტოსთან შედარებით, სექტემბრის თვეში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 86 მილიონი ლარით გაიზარდა და 377 მილიონი ლარი შეადგინა. 2014 წელს კი საბანკო სექტორის მოგება 475 მილიონი ლარი იყო. ამ დროს კი საბანკო სექტორმა 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით მხოლოდ 80 მილიონი შეიტანა.

რას ნიშნავს საბანკო სექტორის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნა და რამდენად აზარალებს საქართველოს ეკონომიკას ის ფაქტი, რომ ყველაზე მომგებიანი სექტორიდან სახელმწიფო ყველაზე მცირე სარგებელს იღებს?!

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი დავით ასლანიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კომერციულ ბანკებში წლების განმავლობაში დაგროვილია უზარმაზარი რაოდენობის გირაო. გაცემული 15-მილიარდიანი სესხის სანაცვლოდ, საქართველოს კომერციულ ბანკებს გირაოში 300 მილიარდ ლარზე მეტი ქონება უდევთ.

ეს მაშინ, როცა ამერიკის კონგრესმა, მთავრობამ კომერციულ ბანკებს არასაბანკო საქმიანობაში წილის ქონა და მონაწილეობა აუკრძალა, ანუ კომერციულ ბანკებს არ ჰქონდათ საფონდო ბირჟაზე თანხების განთავსების, არაპროფილურ აქციებში თანხის ჩადების უფლება და ეს აკრძალვა 2000 წლამდე მოქმედებდა. სამწუხაროდ, 2000 წლამდე არსებული კანონი ბილ კლინტონმა გააუქმა და ბანკებს კვლავ მიეცათ უფლება, არასაბანკო საქმიანობაში დაებანდებინათ რესურსები, შეეძინათ სამშენებლო კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, საფონდო ბირჟაზე ეთამაშათ და სხვა. ამან სულ რაღაც შვიდ წელიწადში დიდ რეცესიად წოდებული მეორე მსოფლიო კრიზისი გამოიწვია, რასაც ჩვენ დღემდე ვიმკით.

„მას შემდეგ, რაც კლინტონმა შეზღუდვა მოუხსნა კომერციულ ბანკებს, მსოფლიოში მასიურად მიბაძეს ამერიკის ახალ სტრატეგიას. კახა ბენდუქიძის ინიციატივით, საქართველოშიც გატარდა ეს ლიბერალური სტრატეგია და, 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, 4-6 წლის მანძილზე მოქმედებდა. მას შემდეგ, რაც ამერიკა მიხვდა, რომ კლინტონის გადაწყვეტილება შეცდომა იყო, შეზღუდვა კვლავ დაუწესდათ ბანკებს, მათ აეკრძალათ არაპროფილურ საქმიანობაში ცხვირის ჩაყოფა, ჩვენთან ეს აკრძალვა დღესაც უკან დაბრუნებული არ არის. შედეგად, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ფლობენ ფინანსურ წყაროს, საფონდო ბირჟებს და სხვა. ანუ საქართველოში თუ ფული დაგჭირდება, მარტო ბანკში მიდიხარ, უცხოეთში კი თუ ფული დაგჭირდება, მიდიხარ საფონდო ბაზარზე. ჩვენთან საფონდო ბაზარზე რომც მიხვიდე, იქაც კომერციული ბანკი დაგვხვდება, რადგან ბანკებმა იყიდეს ბირჟა, ბროკერები მხოლოდ კომერციული ბანკები არიან და ალტერნატიული რესურსი არ გაქვს. გარდა ამისა, გაიხსენეთ, რა ვითარებაა სამშენებლო და სადაზღვევო ბიზნესში. ფაქტობრივად, ბანკებმა მეტი და მეტი მოგების მიღების მიზნით საკმაოდ დიდი რისკები აიღეს და მიზიდული რესურსი არასაბანკო მიმართულებით დააბანდეს, რითაც გაზარდეს აქტივები, აჩვენებენ უფრო მაღალი მოგების მარჟას. ამავე დროს, თანხები დგას არდაბრუნების რისკის ქვეშ, შესაძლებელია, ფასების ვარდნის პერიოდში ან ბიზნესის გაურესების კვალობაზე, მთელი ამ აქტივის ფასმა მოიკლოს. ლონდონის ბირჟაზე ორი ბანკია გასული საქართველოდან, მათ რაიმე რეალური ზრდა არ აქვთ. შესაბამისად, მათ დამატებითი რესურსები სჭირდებათ, არა მარტო ამ ორ ბანკს, სხვა ბანკებსაც, რომ მათ არაპროფილურ აქტივებში მოახდინონ დამატებითი რესურსის ჩართვა“, - აცხადებს დავით ასლანიშვილი და განმარტავს, რომ მივიღეთ არაორდინარული სიტუაცია, როცა საქართველოში ერთი ლარის სესხის სანაცვლოდ, რეალურად 20 ლარის ქონებაა დაგირავებული.

ფაქტობრივად, საქართველოში არსებული მთელი საინტერესო აქტივები, უძრავი ქონება, კომპანიები თუ ფირმები უკვე დიდი ხანია, ჩაგირავებულია კომერციულ ბანკებში. ანუ ნაცვლად იმისა, რომ 15 მილიარდი ლარის სანაცვლოდ, დაგირავებული ყოფილიყო 30-35 მილიარდი ლარის ქონება, ათჯერ მეტია დაგირავებული. ჩვენი ბანკი სესხს იძლევა იურიდიული პირების მიმართ და მათ, საერთაშორისო სტანდარტისგან განსხვავებით, გაცილებით მძიმე პირობებს სთხოვს. ფაქტობრივად, იურიდიულ პირებს სესხის აღება თუ სურთ, მათ აიძულებენ, მილიონიანი საწარმო დააგირავონ, პარალელურად, ამ კომპანიასთან დაკავშირებული ყველა პირი ვალდებულია, ასევე, მთელი თავისი ქონებით დაგირავდეს კომერციულ ბანკში.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, დროთა განმავლობაში საბანკო სისტემა, ფაქტობრივად, მახინჯ სისტემად იქცა. თავის დროზე, როცა საბანკო სექტორს შეღავათები დაუწესდა, ამის მიზანი იყო ეკონომიკური ფონის გამოცოცხლება და იმ რთული კოლაფსური მდგომარეობიდან საქართველოს ეკონომიკის გამოყვანა, რაშიც აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და შიდააშლილობის პერიოდში. მართლაც, თავის დროზე საბანკო სექტორმა დიდი როლი შეასრულა ეკონომიკის გამოცოცხლებაში, სამეურნეო ურთიერთობების ფორმირებაში, პირველადი კაპიტალის დაგროვებაში, მაგრამ მუდმივი ამ ქვეყნად არაფერია და საჭიროა, ახალი რეალობის გათვალისწინებით, ბანკებმა მეტი სოციალური პასუხისმგებლობა აიღონ საზოგადოების წინაშე.

„მათ შეღავათები დაუდგინეს იმისთვის, რომ ეკონომიკას მოემსახურონ. ამ დროს კი ბევრ ბიზნესში აშკარად იგრძნობა საბანკო სფეროს ინტერესების გაგრძელება, მათ შორის, სამშენებლო, სამედიცინო და რიგი სხვა სფეროს ორგანიზაციები. ფაქტობრივად, ისინი წამოადგენენ კონგლომერატს და თავისუფალ კონკურენტულ რეჟიმს ხელს არ უწყობენ. ამიტომ პარლამენტი ამ მიმართულებით უნდა დაფიქრდეს და გადახედოს ასეთ მდგომარეობას. მით უმეტეს, არსებობს ევროპული, ამერიკული პრეცედენტები. შეუძლებელია, საბანკო სექტორის მოგება იზრდებოდეს, როცა ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, ეს ჰგავს ნადიმს შავი ჭირის დროს“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.