ხმალაძის იურისტები ორ მოსამართლეს „რუსთავი 2“-ის სარჩელთან დაკავშირებით, არაობიექტურობაში ადანაშაულებენ

ხმალაძის იურისტები ორ მოსამართლეს „რუსთავი 2“-ის სარჩელთან დაკავშირებით, არაობიექტურობაში ადანაშაულებენ

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარეს კონსტანტინე ვარძელაშვილსა და კოლეგიის წევრს, მაია კოპალეიშვილს მიკერძოვებასა და არაობიექტურობაში ამხელს და „რუსთავი 2“-ის სარჩელებზე აღნიშნული პირების აცილებას ითხოვს.

საკანონმდებლო ორგანომ საკუთარი შუამდგომლობის თაობაზე, დღეს, თავდაპირველად განცხადება გაავრცელა, მოგვიანებით კი, for.ge-ს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განუმარტეს, რომ სარჩელებთან დაკავშირებით, პარლამენტის პოზიციას ვახტანგ ხმალაძის კომიტეტის აპარატის იურისტები დაიცავენ.

იურისტები შუამდგომლობაში იმ გარემოებებს განმარტავენ, რის გამოც, ისინი აღნიშნული მოსამართლეების მიმართ საკუთარ ეჭვებს გამოთქვამენ. კერძოდ, პარლამენტის ცნობით, ვარძელაშვილსა და კოპალეიშვილს მოსარჩელე მხარის – „რუსთავი 2“-ის დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან ახლობლური ურთიერთობა აკავშირებთ.

მათი ინფორმაციით, ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია გვარამიას განათლების მინისტრობის დროს მისი პირველი მოადგილე იყო, ხოლო კოპალეიშვილი გვარამიას მოადგილე იყო როგორც იუსტიციის მინისტრობის დროს, ასევე განათლების მინისტრობისას.

საკანონმდებლო ორგანოს შეფასებით, მოსამართლეების მხრიდან განსახილველი საქმისადმი მიკერძოებული დამოკიდებულება ნათლად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მიღებისა და განხილვის ადრეულ სტადიებზე უკვე გამოვლინდა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით, „რუსთავი 2“-ის მიერ სარჩელის შეტანამდე, სხვა მოსარჩელეებმა მიმართეს, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში - 2 ნოემბერს ჩანიშნა. პარლამენტს შესაძლებლობა არ მიეცა, რომ „რუსთავი 2“-ის სარჩელის დარეგისტრირებისა და მისი განხილვის დროის თაობაზე რაიმე ინფორმაცია მიეღო. საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ „რუსთავი 2“-ის სარჩელის მიღების, დარეგისტრირებისა და შემდგომი მსვლელობის პროცესი შეგნებულად და წინასწარ გამიზნულად იყო გაუმჭვირვალე, რათა სასამართლოს „რუსთავი 2“-ის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება სწორედ 2 ნოემბერს მიეღო“, - განმარტავს პარლამენტი.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის იურისტები ყურადღებას „რუსთავი 2“-ს სარჩელზე მიღებული საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილზე ამახვილებენ და აცხადებენ, რომ დოკუმენტში მსჯელობა საერთოდ არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეს შეიცავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება მესამე პირებისთვის.

„საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც უნდა შეაფასოს. აღნიშნულ გარემოებათა გამო, პარლამენტმა მიიჩნია, რომ ვარძელაშვილი და კოპალეიშვილი „რუსთავი 2“-ის მიმართ მიკერძოებულად და არაობიექტურად მოქმედებენ და მოსალოდნელია, მათი მიკერძოებული მიდგომა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისასაც“, - აღნიშნავენ იურისტები განცხადებაში, რომელთა პათოსს იზიარებს თავად ვახტანგ ხმალაძე.

კანონმდებელი for.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მოსამართლეთა აცილების თაობაზე, პარლამენტის შუამდგლომლობა პროცესის მხოლოდ სამართლებრივ მხარეს ეხება.

ხმალაძის განმარტებით, ვინაიდან, პარლამენტი მოპასუხე მხარეა, ის იმის თქმას არ მოერიდება, რომ საკანონმდებლო ორგანო არა მარტო უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა ყველა ის მექანიზმი გამოიყენოს, რომელიც სასამართლო განხილვისას მხარეს აქვს.

დეპუტატი აქცენტებს დოკუმენტში მოყვანილ ფაქტებზე აკეთებს და ამბობს, რომ სასამართლო აცხადებდა, რომ „რუსთავი2“-ის სარჩელი დარეგისტრირებული არ იყო, მოგვიანებით კი, აღმოჩნდა, რომ დარეგისტრირებული იყო.

„სარჩელი, რომელიც ამავე საკითხს ეხებოდა, უფრო ადრე და უფრო გვიან შეტანილ სარჩელებთან არ გააერთიანეს. ასევე პირველ ორ სარჩელზე სხდომა დანიშნული ორშაბათს იყო და როცა ჩვენი წარმომადგენელი სხდომაზე მივიდა, მოსარჩელეებმა სარჩელზე უარი გამოაცხადეს. შესაბამისად, გამწესრიგებელი სხდომა აღარ შედგებოდა. ამის შემდეგ, მას სასამართლოდან დაურეკეს და უთხრეს, რომ „რუსთავი 2“-ის სარჩელთან დაკავშირებით, 12:00 საათისათვის სასამართლოს განჩინება ან საოქმო ჩანაწერი გამოცხადდებოდა. ეს გამოცხადებამდე 20 წუთით ადრე მოხდა და გამოცხადდა, რომ სარჩელი ნორმის მოქმედების შეჩერების ნაწილში დაკმაყოფილდა და არსებითად განსახილველად მიიღეს. უფრო მეტიც, მოპასუხე მხარემ არც კი ვიცოდით, რომ ასეთი სხდომა იმართებოდა“, - აცხადებს ხმალაძე, რომელიც მოსამართლეებზე საუბრისას მინიშნებას „ერთ პოლიტიკურ გუნდზე“ აკეთებს და ამბობს, რომ მათ ამ პარტიასთან გარკვეული ურთიერთობები გააჩნდათ.

იქედან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ინტერესებს იურუდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის იურისტები იცავენ, მმართველი გუნდის სხვა წევრებს შუამდგომლობის შინაარსზე საუბარი უჭირთ და ისინი აქცენტს განცხადებაში გაჟღერებულ ფაქტებზე ამახვილებენ, ნაციონალები საკითხს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ და ამბობენ, რომ პარლამენტი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს აჩვენებს, რომ უქმად არ არის.

„თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ თუ ეჭვი არსებობს, რომ შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე რაღაც პირადი განწყობებით ხელმძღვანელობს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოტანილი განაჩენის დაუყონებლივ აღსრულების პროცესის შეჩერების მიზნით მიმართა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ტელეკომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, ტელევიზიის ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრეს.