საქართველოში შესაძლოა, სამხედრო სავალდებულო სამსახური - წვევამდელთა სისტემა გაუქმდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი აღნიშნულ საკითხზე თავდაცვის სამინისტრო და პარლამენტი შეთანხმდებიან.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი წვევამდელთა სისტემის გაუქმების ან რეფორმის მომხრეა, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი მიიჩნევს, რომ კომბინირებული სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს.
ხიდაშელი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე საჯარო დისკუსია გაიმართება და საბოლოო სიტყვას პარლამენტი იტყვის.
მინისტრის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს პრინციპული პოზიციაა, რომ ამ სისტემის დატოვება არ შეიძლება. მისი შეფასებით, თუ სამხედრო სავალდებულო გაწვევა ძალაში დარჩება, სამხედროები საბრძოლო ოპერაციებისთვის უნდა მომზადდნენ და მათ დღეს მოქმედი წესის მსგავსად, მხოლოდ ყარაულის ფუნქცია არ უნდა ჰქონდეთ.
„არ შეიძლება, გაწვევა დავტოვოთ. ჩვენ ახალგაზრდებს ჯარში ვიწვევთ, სინამდვილეში კი, ისინი ყარაულში გვყავს გაწვეული და არა ჯარში. ეს ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას წყდებიან, რათა ყარაულში იყვნენ და არა - სამშობლოს სამსახურში. ხვალ და ზეგ, ისინი იმ მიზნებისა და ამოცანებისთვის გამოსადეგი არ იქნებიან, რისთვისაც სინამდვილეში, გაწვევა უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნავს მინისტრი.
ხიდაშელის მოსაზრებით, თუკი გაწვევის სამსახური დარჩება, მაშინ სასურველი იქნება გაწვევის ვადა ექვს თვემდე შემცირდეს და ჯარისკაცებს, რომლებიც გაწვევამდე დასაქმებულები იყვნენ, სამსახური როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში ჯარის დასრულებამდე შეუნარჩუნდეთ.
„ამ ადამიანებს სამსახური უნდა შეუნარჩუნდეთ, რომ ერთი წლის შემდეგ, ისინი ქუჩაში არ დარჩნენ და სამსახურს არ ეძებდნენ“, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე ხიდაშელმა, რომლის პოზიციას არ იზიარებს სესიაშვილი.
for.ge-სთან საუბარში სესიაშვილი აცხადებს, რომ თუკი წვევამდელების სისტემა გაუქმდება, მაშინ კადრები საკონტრაქტო მომსახურებით უნდა შეივსოს და ამ საკითხზე დისკუსიის გამართვა აუცილებელია.
„თავდაცვის სამინისტროს დღესაც შეუძლია, წვევამდელებზე უარი თქვას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კანონი უნდა გავაუქმოთ. შსს-სა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში წვევამდელები მსახურობენ. ამ სისტემაზე უარის თქმა მათაც შეუძლიათ. ჩემი პოზიციაა, რომ კომბინირებული მოდელი ჩამოყალიბდეს. დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროში წვევამდელები ყარაულის ფუნქციას ასრულებენ, მაგრამ ისინი არიან პოტენციურად რეზერვისტები. ისინი საომარ მოქმედებებში ჩვეულებრივ მონაწილეობას მიღებენ, თუკი რეზერვი იქნება“, - აღნიშნავს დეპუტატი.
სესიაშვილის განცხადებით, წვევამდელები სასჯელაღსრულების უწყებაში იმ უნარ-ჩვევებს ვერ იღებენ, რაც შეიარაღებულ ძალებს სჭირდება.
„ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენ წვევამდელები იმ უწყებებში უნდა მივმართოთ, ვისაც ეს სჭირდება. მას შემდეგ, რაც წვევამდელები გარკვეული პერიოდი იქ იმსახურებენ, ისინი თავდაცვის სამინისტროში უნდა გადავიყვანოთ და ის მომზადება ჩავუტაროთ, რაც სამხედრო მოსამსახურეს სჭირდება. ჩემს იდეას კომბინირებულ ვარიანტს რატომ ვეძახი? - მაგალითად, წვევამდელი ექვსი თვე სასჯელაღსრლებაში უნდა ვამსახუროთ, სხვა დრო კი, მისი რეზერვის მომზადებას უნდა დავუთმოთ. მას მეთაური ეყოლება და საკუთარი გეგმა ეცოდინება“, - განაცხადა სესიაშვილმა.
სესიაშვილის პოზიციას არ იზიარებს ოპოზიციონერი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების თაობაზე პარლამენტში ცვლილებები აქვს ინიცირებული. სანამ, შესაბამისი კომიტეტები აღნიშნული კანონპროექტის განხილვას დაიწყებენ, მანამდე, for.ge-ს აღნიშნული სისტემის ნაკლოვანებებზე ჯაფარიძე ესაუბრა.
დეპუტატის თქმით, წვევამდელთა სისტემაზე ცივილიზებული ქვეყნების აბსოლიტურმა უმრავლესობამ უარი თქვა, საქართველოში კი, ეს სისტემა კორუფციისა და გაჭირვებული ოჯახებისგან გაწვევის გადავადების სანაცვლოდ ფულის გამოძალვის წყაროდ იქცა. მისი შეფასებით, ამ ახალგაზრდებს, სავალდებულო სამსახურის სახელით, სახელმწიფო როგორც უფასო მუშახელს ისე იყენებს.
„მათ ჯართან კავშირი საერთოდ არ აქვთ. იძულებით გაწვეულ ახალგაზრდებს სხვადასხვა სახელმწიფო ობიექტების დაცვაში დგომა უწევთ, ან მათ შრომას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იყენებენ. ამ სისტემაზე დახარჯული პირდაპირი თუ ირიბი ხარჯი არამიზნობრივი ხარჯია და რეალურად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის გაცილებით ეფექტური იქნება ამ ხარჯის პროფესიული არმიისკენ გადამისამართება“, - აცხადებს ჯაფარიძე.
კანონმდებელის განმარტებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება გამოიწვევს ამ სამსახურის ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი ბიუროკრატიური ხარჯების შემცირებას, ასევე არაპროფესიული არმიის შესანახად გამოყოფილი ფინანსური რესურსის უფრო მიზნობრივად ხარჯვას, შედეგად კი, თავდაცვისუნარიანობა გაძლიერება.
რაც შეეხება რეზერვის სისტემას, მინისტრის ცნობით, რეზერვის შესახებ დოკუმენტი საჯარო დისკუსიისთვის მზად წლის ბოლოსთვის იქნება.
ხიდაშელის განმარტებით, ეს იქნება კონცეფცია 21-ე საუკუნის რეზერვის შესახებ, რომელიც ჰიბრიდული ომების პირობებში მუშაობს და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას შეძლებს.
თავდაცვის მინისტრს კონკრეტული ზომების მიღება მიაჩნია საჭიროდ ისეთი გამოწვევის წინააღმდეგაც, როგორიც პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული ომია.
„თავდაცვის სამინისტრო ამ მიზნით თანამშრომლობას მედიისა და პიარის სპეციალისტებსაც შესთავაზებს. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ნებაყოფლობითი იქნება და პროგრამაში ჩართული ადამიანები გადამზადების შემდეგ პროპაგანდის წინააღმდეგ სახელმწიფოსთან ერთად იბრძოლებენ“, - ამბობს ხიდაშელი.
ზემოთ აღნიშნული საკითხების გარდა, მინისტრმა ყურადღება სამხედრო განათლების საკითხსაც დაუთმო და განაცხადა, რომ 2016 წლიდან თავდაცვის აკადემიაში სამაგისტრო პროგრამები დაიწყება და პროფესიული კუთხით, საკმაოდ დიდი სამხედრო კონტინგენტის მომზადება იქნება შესაძლებელი.
ასევე მინისტრმა გამოსვლისას კვალიფიციური კადრების შერჩევის პროცესში თანამონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შესთავაზა და აღნიშნა, რომ შესაბამის სფეროში კომპეტენტურ არასამთავრობოებს ამ მიზნით სპეციალურ მოსაწვევებს გაუგზავნიან.