საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლი ამბობს, რომ მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. შესაბამისად, მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, კანონით ისჯება. თუმცა, ეს პრეცენდენტი საქართველოში არ არსებობს და როგორც ჩანს, არ იარსებებს და ამასვე ადასტურებს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის შემთხვევა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ევა გოცირიძე აცხადებს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე არნახული ზეწოლა ხორციელდება. როგორც გოცირიძე აცხადებს, არავის აქვს უფლება, ფეხქვეშ გათელოს მართლმსაჯულების ინტერესი, რაც დანაშაულს წარმოადგენს.
„მოსამართლეზე ყოველი მხრიდან ხორციელდება წარმოუდგენელი ზეწოლა. მიკვირს, როგორ უძლებს ის ამდენ ზეწოლას. ჩვენ გვევალება, ვაჩვენოთ მაღალი სტანდარტი. არავის აქვს უფლება, ხელყოს და ფეხქვეშ გათელოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, პრესტიჟი და მართმსაჯულების ინტერესი. ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე მართმსაჯულების აღსრულება უკვე პრობლემური გახდა იმიტომ, რომ ის ზეწოლა, რომელიც ხორციელდება მოსამართლე ურთმელიძეზე, ხორციელდება ყველა მოსამართლეზე.
ეს არის მოსამართლეების გაფრთხილება და დაშანტაჟება. თუ ისინი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ექნებათ იგივე რეაქცია, რაც ახლა ხდება. ზეწოლა ხორციელდება მთელს მართლმსაჯულებაზე და სხვა მომავალ საქმეზე, რომელიც შეიძლება სენსიტიური აღმოჩნდეს.
სხვათა შორის, მართლმსაჯულების ფუნქციონირების ხელის შეშლა დანაშაულს წარმოადგენს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში“, - აცხადებს ევა გოცირიძე.
ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად ურთმელიძემ ერთ-ერთი გახმაურებული სასამართლო დავა იმით დაასრულა, რომ ტელეკომპანიის 100%-იანი წილი მის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა და ტელევიზიის დროებითი მმართველიც დანიშნა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა მიზეზი, რატომაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ურთმელიძისგან მიმდინარე საქმეებზე ანგარიში მოითხოვა.
ნინო გვენეტაძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს ფორმატში, მოსამართლესთან კომუნიკაცია მისი ლეგიტიმური უფლებაა. ამის მიუხედავად მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მიუსვლელობის მიზეზი იმ განცხადებაში განმარტა, რომელიც იუსტიციის საბჭოს გადაუგზავა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მისი, როგორც „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლის შეხედულებები საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე გადაცემულია შუალედურ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში). რაც შეეხება საქმის არსებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებულ არგუმენტებს, მოსამართლე აღნიშნავს, რომ ისინი აისახებიან საბოლოო შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლეთა წარდგომა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ტოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის განმეორების სახიფათო ტენდენციას. ამიტომ, საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები და არ გამოვცხადდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე“, - ნათქვამია თამაზ ურთმელიძის განცხადებაში.
„მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარე, მოსამართლე მაია ბაქრაძე თვლის, რომ ურთმელიძემ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობით კანონმდებლობის დარღვევას გადაარჩინა როგორც საკუთარი თავი, ასევე იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე და მისი ყველა წევრი. მისივე თქმით, ურთმელიძის გამოცხდების შემთხვევაში, არ იყო გამორიცხული, რომ სხდომა არსებით განხილვაში გადაზრდილიყო, რაც კანონდარღვევა იქნებოდა.
„აღნიშნული დღის წესრიგით საბჭოს სხდომა არ უნდა წარმართულიყო. ეს საკითხი ამ რაკურსით განხილული არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ეს შეიძლება ერთი მხრივ, ყოფილიყო სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა, მეორე მხრივ კი, შეიძლება შეფასებულიყო როგორც არსებითი განხილვა და უნებლიედ აღმოვჩნდებოდით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის მონაწილეები. მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი“, - აცხადებს მაია ბაქრაძე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თვლის, რომ სწორი განცხადება გააკეთა, როდესაც მოსამართლეს შესთავაზა იუსტიციის საბჭოს ფორმატში საკითხების განხილვა. მისი თქმით, ურთმელიძის მიწვევა სხდომაზე არ უკავშირდებოდა მის საქმიანობაში ჩარევას.
„არც ერთი კანონი ამ შემთხვევაში არ დარღვეულა. მთელი ჩემი პროფესიული მოღვაწეობის განმავლობაში, ჩემი თავისთვის არასდროს მიმიცია უფლება, რომ მოსამართლისთვის კონკრეტულ საქმეზე რაიმე ანგარიში მომეთხოვა. მე თვითონ გახლდით მოსამართლე და ვიცი რას ნიშნავს ეს. ვფიქრობ, შეგნებულად არის უტრირებული და შესაძლოა, თქვენც მიგიძღვით წვლილი იმაში, რომ არასწორად გადაეცით ინფორმაცია, რომ საბჭოში დაბარებულია მოსამართლე.
დაბარება ნიშნავს იმას, რომ აქ არის იმპერატიული ტონი, როდესაც მისი სურვილი არ არის გათვალისწინებული და მოსამართლე არის დაბარებული. მოწვევაში კი, არის დათქმა გაკეთებული, რომ მისი სურვილის შემთხვევაში, მოსამართლე მივიდოდა საბჭოზე. მან არ დააკმაყოფილა მოწვევა და გამოაგზავნა წერილი“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება თამაზ ურთმელიძის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება კანონს და კონსტიტუციას.
„როგორც არ უნდა შეიფუთოს ეს სიტუაცია და ვთქვათ, რომ მოსამართლე არა გადაწყვეტილების შინაარსზე ისაუბრებდა, არამედ მას სხვა კითხვები დაესმებოდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი გარკვეული ანგარიშის ჩასაბარებლად დავიბარეთ საბჭოს სხდომაზე. რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ანგარიშის ჩასაბარებლად არ დაგვიბარებია, გვენეტაძის გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელია. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს საქმის სწორად და კანონიერად განხილვას“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ევა გოცირიძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს ევალება, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა იმიტომ, რომ არავის მიეცეს უფლება, არც პოლიტიკოსებს, არც ხელისუფლებას და არც უცხოელებს, რომლებიც უცხოეთიდან აკეთებენ განცხადებას იმის შესახებ, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„ეს არის აბსურდი. რომელი გადაწყვეტილება ითარგმნა და რანაირად გააკეთეს ასეთი დასკვნა უცხოეთიდან? ჩვენ ახლა უნდა ვაჩვენოთ ჩვენი სტანდარტები და ვუთხრათ, რომ ამის უფლება არ აქვთ“, - აცხადებს ევა გოცირიძე.