ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის A 321-ის კატასტროფის მიზეზი, ლაინერზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიძლება გამხდარიყო.
CNN ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით დღეს ავრცელებს ინფორმაციას: „სინაის ნახევარკუნძულზე რუსული ავიალაინერის კატასტროფის მიზეზი შესაძლებელია ყოფილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებულ იქნა „ისლამური სახელმწიფოს“ ან მასთან დაახლოებული ორგანიზაციის მიერ“, - აღნიშნავს გამოცემა და წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ბომბი შეძლებელია ჩამონტაჟებული ყოფილიყო თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში.
ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ ლაინერი Airbus A321, რომელიც რეისს არულებდა შარმ-ალ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით, სინაის ნახევარკუნძულზე აფეთქდა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 224 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები.
აფეთქებიდან რამდენიმე საათში ტერორისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავის თავზე აიღო მომხდარი ფაქტი. „თვითმფრინავში, რომელიც ჩვენ ავაფეთქეთ, 220 რუსი ჯვაროსანი იჯდა, ისინი, ყველა დაიღუპა“, - განაცხადეს ტერორისტებმა.
ეგვიპტის სახელმწიფომ მაშინვე უარყო ამ კატასტროფაში ტერორისტების მონაწილეობა და განაცხადა, რომ აფეთქება ტექნიკური მიზეზების გამო მოხდა. ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ-ფათთაჰ ალ-სისი კატეგორიულად უარყოფს ამ პროცესში ტერორისტების ჩართულობას და მათ განცხადებას „უსაფუძვლო სპეკულაციას“ უწოდებს.
„სინაის ნახევარკუნძულზე, თვითმფრინავის აფეთქების რაიონი, მთლიანად კონტროლდება ეგვიპტის ხელისუფლების და სამართალდამცავების მიერ“, - განაცხადა პრეზიდენტმა და ყველა მხარეს მოუწოდა თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისგან.
თვითმფრინავის აფეთქებაში ტერორისტების მონაწილეობას ასევე გამორიცხავს რუსული მხარეც. რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС თვითმფრინავში მყოფთა ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას, რომ გარდაცვლილთა სხეულებზე არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობის კვალი არ აღინიშნებოდა.
გუშინ საღამოს „ისლამურმა სახელმწიფომ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ საქმეში მონაწილეობის შესახებ.
ეს განცხადება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაახლოებულმა ჯგუფმა „სინაის ვილაიეთმა“ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მათ მიუძღვნეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შეერთების წლითავს. „ჩვენ ვერავინ გვაიძულებს ავხსნათ, ეს როგორ გავაკეთეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც CNN აცხადებს, ამერიკულმა ინფრაწითელმა სატელიტმა თანამგზავრმა, სინაის ნახევარკუნძულზე ბომბი აფეთქებისთვის დამახასიათებელი ცეცხლი დააფიქსირა. ამერიკული სადაზვერვო სამსახურები კი აფიქსირებენ, რომ აფეთქებამდე რამდენიმე ხნით ადრე, სინაის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ისლამისტების დიდი მოძრაობა შეინიშნებოდა, რამაც არა მარტო ეგვიპტის, არამედ სხვა ქვეყნების სპეცსამახურები დააინტერესა.
ამ დროისთვის, ბრიტანეთის და ირლანდიის ავიაკომპანიებმა შარმ -ალ-შეიხთან ყველა ავიარეისი შეაჩერეს.
ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთიც, ავიაკატასტროფის შესაძლო მიზეზად, თვითმფრინავის ბორტზე, სწორედ ბომბის აფეთქებას ასახელებს.
„ბოლოდროინდელი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი შესაძლებელია გამხდარიყო ასაფეთქებელი მოწყობილობა“,-ოფიციალურად განაცხადა პრემიერ-მინისტრის ქემერონის კანცელარიამ.
SkyNews-ის ინფორმაციით, ეს განცხადება ბრიტანეთის მთავრობამ, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა.
რუსი ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე სერგეი მედვედკო აცხადებს, რომ სინაის ნახევარკუნძულს არც ერთი ქვეყნის სამართლადამცავები არ აკონტროლობენ და სავსებით შესძლებელია, ეს ტერაქტი ტერორიტების ხელით განხორციელებულიყო.
„ახლა, ეს საშიში ზონაა. ტერორისტულ ჯგუფში არ არიან მარტო ეგვიპტელები, მათ ნახევარზე მეტს ბედუინების ტომების დაქირავებული მებრძოლები შეადგენენ. მათ არ გააჩნიათ ტანკები და ისეთი ძლიერი სამხედრო შეიარაღება,როგორიც სირიაში მებრძოლებს გააჩნიათ, თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შეიარაღებაში საზენიტო რაკეტები იყოს“, - განაცხადა ჟურნალისტმა რადიოსდგურ „Говорит Москва“-ში.
სანამ აშშ-ს და ბრიტანეთის დაზვერვა ავიალაინერის აფეთქებაში ტერორისტების ჩართულობაზე საუბრობს და ეგვიპტე და რუსეთი კატეგორიულად უარყოფენ ამ ფაქტს, ოჯახის წევრები დაღუპულთა იდენტიფიცირებას ცდილობენ, სინაის ნახევარკუნძულზე, თვითმფრინავის აფეთქების ადგილას ისევ მუშაობენ ეგვიპტელი და რუსი სპეციალისტები, რომლებიც საბოლოო დასკვნას რამდენიმე დღეში დადებენ.