პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ ქალის ხელი აკლია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა დროშა დაუვარდა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსი“ სამწუხაროდ, ანგარიშგასაწევ ძალად იქცა.
რა მინიშნება გააკეთა კოალიციის სხდომაზე ყოფილმა პრემიერმა და იქნება თუ არა დავით უსუფაშვილი მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე, ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც ლევან ბერძენიშვილთან ჩავწერეთ:
საქართველოში „ქინძების რევოლუცია“ არ მოხდა, მაგრამ შუალედური არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ირმა ინაშვილი საპროტესტო გამოსვლებს აანონსებს. როგორ აფასებთ, მის გადაწყვეტილებას?
- ინაშვილის პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა მეორედ მიიღო და მას ცხოვრებაში შეხვდება წარმატება, წარუმატებლობა, გამარჯვება და დამარცხება. პოლიტიკაში ია-ვარდით მოფენილი გზა არავისთვის არის. შედარებით ახალმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ, რომ მოგებაც იქნება და წაგებაც. პოლიტიკოსს მოგებების მიხედვით არ აფასებენ, რადგან მოგებულ კაცს არ ასამართლებენ. ადამიანს დამარცხების შემთხვევაში აკრიტიკებენ და ღირსეული დამარცხება პოლიტიკის მთავარი შემადგენელი ნაწილია. გამარჯვების შერგება ყველამ მშვენივრად იცის, ხოლო დამარცხების ატანა პოლიტიკაში ხელოვნებაა. არ ვიცი, ინაშვილი რატომ იყო დარწმუნებული, რომ ის უფრო ბევრად ძლიერია, ვიდრე კოალიციის კანდიდატი. მისი ტაქტიკა ნაყოფიერი არ აღმოჩნდა, რომ მას კოალიცია და „რესპუბლიკური პარტია“ რამენაირად გაეყო. მან ამ თვალსაზრისით შეცდომა დაუშვა. ის უფრო გულწრფელი უნდა ყოფილიყო. თუკი ის ნატოს წინააღმდეგია და რუსეთს გულშემატკივრობს, მას ალბათ, ამაზე უნდა ელაპარაკა. მისი დამოკიდებულება მე არ მომეწონებოდა, მაგრამ შეიძლება, მისთვის ვიღაცას მეტი ხმა მიეცა. პოლიტიკაში ყველას არსებობას და ბრძოლას მივესალმები. მიმაჩნია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ პრორუსული ძალაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ავკრძალოთ. ინაშვილი ჩემი პრობლემა მას შემდეგ გახდა, რაც მან გამოაცხადა, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ გააუქმებს. მაპატიეთ, მაგრამ 40 წლის წინ პარტია იმისთვის არ შეგვიქმნია, რომ ინაშვილმა გააუქმოს. პარტიების გაუქმება სამინისტროებს არ შეუძლიათ.
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ინაშვილს მიზანში „რესპუბლიკური პარტია“ ჰყავს ამოყვანილი? თქვენ რატომ გერჩით?
- იმიტომ, რომ მას არჩევნები „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მოუგო. ის თვლის, რომ მას არჩევნები რესპუბლიკელებმა მოუგეს და არა - ხელისუფლებამ. მას შეუძლია, ასე ჩათვალოს, ეს რესპუბლიკელებს არ გვეწყინება.
შუალედურ არჩევნებში ინაშვილმა საკმაოდ დიდი შედეგი დადო, მას ხიდაშელმა 500-ზე ცოტა მეტი ხმით აჯობა. ამ ფაქტს რითი ხსნით? ეს თქვენთვის რა გზავნილია?
- ხელისუფლებისთვის სერიოზული გზავნილი გაკეთდა, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის ძალიან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ. გამოიკვეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა ოპოზიციაც არსებობს. უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს, რომ ინაშვილი და „პატრიოტთა ალიანსი“ ანგარიშგასაწევი მეტოქეა. როცა ამ ბრძოლაში შევდიოდით, ვიცოდით, რომ ეს ძალა ანგარიშგასაწევია. შეიძლება ვიღაცის ნათქვამი არ მოგწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ანგარიში არ უნდა გაუწიო. „ნაციონალური მოძრაობაც“ არ მომწონს, მაგრამ მას ანგარიშს როგორ არ გავუწევ, როცა ვიცი, რომ მის უკან ინტელექტუალური და სხვა ტიპის რესურსები დგას. საწყენია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ ეს ასეა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ჩვენი იდეოლოგია დავიცვათ.
მოსალოდნელია, რომ განსხვავებული იდეოლოგიის მიუხედავად, „პატრიოტთა ალიანსი“ „თავისუფალი დემოკრატებისა“ და ნაციონალების ალტერნატივად ჩამოყალიბდეს? ინაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ადამიანების ხმებს ხომ არ წაიღებს?
- ის ნაციონალებისა და რესპუბლიკელების ხმებს ვერ წაიღებს, მაგრამ ის იმ ფლანგზე იბრძვის, რომლისთვისაც ბურჯანაძე იბრძვის. შესაძლოა, შალვა ნათელაშვილიც.
რომელ ფლანგზე აქცენტირებთ?
- ეს ის ფლანგია, რომელიც ხელისუფლებით უკმაყოფილოა, მხარს ნაციონალებს ვერ დაუჭერს და ევროპულ ინტეგრაციაზე უარს ამბობს. საქართველოში ასეთები არიან, მაგრამ ისინი უმრავლესობაში არასოდეს იქნებიან. ისე მოვკვდები, რომ ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ასეთი ძალა ამომრჩევლის 10-15 პროცენტია და ამ შედეგისთვის ბურჯანაძე-ინაშვილი-ნათელაშვილი იბრძოლებენ.
თქვენ ამბობთ, რომ საერთო ჯამში, მომავალ არჩევნებზე ეს სამი ძალა 10-15 პროცენტს აიღებს. ვინაიდან, ისინი პრორუსულ ძალად მოიაზრებიან, პარლამენტში რა პროცესების განვითარებას უნდა ველოდოთ?
- ამ პარლამენტში ოფიციალურად აღიარებული არცერთი „რუსი“ არ გვყავს, მაგრამ გულში „ამირანები“ არიან, რომლებიც რაღაცას მღერიან. ეს ასე არ გაგრძელდება და მომავალ პარლამენტში პრორუსული ძალა წარმოდგენილი იქნება, მაგრამ საქართველოში პოლიტიკა ფარისევლურია და ამიტომ ვფიქრობ, რომ ვიღაცეები ვერ გაბედავენ ბოლომდე ისეთები იყვნენ, როგორებიც არიან. ინაშვილის ბრძოლაში მისი ნაკლი ის იყო, რომ მას უფრო მკვეთრად უნდა ეთქვა, ვინ არის. მან თქვა, რომ ევროპაც არის, სომხებიც უყვარს, აზერბაიჯანელებიც და პატრიოტიც არის. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო გულწრფელი ბურჯანაძეა, ხოლო ის გულში რას ფიქრობს, არ ვიცი. მგონი, ის გულში პრორუსი ნაკლებადაა. პარლამენტში ის ჰარმონია, რომელიც ახლა გვაქვს, რომ ორმხრივი პარტიზანული გადაწყვეტილება აბსოლუტური უმრავლესობის მივიღოთ, აღარ იქნება.
თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს აჟიოტაჟი მოჰყვა, სადაც ის კოალიციის საარჩევნო შტაბში, ბიულეტინებს ითვლის. ამ ფაქტის გამო, თქვენმა ოპონენტებმა ხიდაშელი მკაცრად გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ თავდაცვის მინისტრი მსგავს საკითხებში არ უნდა ერეოდეს. მათ რას უპასუხებთ?
- ხიდაშელმა ის ფუნქცია შეასრულა, რისი გაკეთებაც პირველ კლასელს შეუძლია. ბიულეტინები ბაჩოსაც დაეთვალა, მას ამას ვინ უშლიდა? საარჩევნო ბიულეტინებს ვანო მერაბიშვილი არ ითვლიდა? საარჩევნო უბნებზე სააკაშვილი იდგა და რაზე გველაპარაკებიან? არჩევნებში მოქმედი მინისტრების მონაწილეობა კანონად სააკაშვილის დროს იქცა. ახალაიას ხმების დათვლას ვინ ედავება? - მას იმას ედავებიან, რომ ტერორისტი იყო და ხალხს ცემით კლავდა. ჩანაწერებში მისმა ძმამ დაგვითვალა, 400 „მუნ კოჩიო“ და „მუნ პრობლემაო“. ისინი ახლა „ბოევიკებს“ ითვლიან. ხიდაშელი მინისტრისთვის შეუფერებელ, პატარა ოფისს მენეჯერის საქმეს ასრულებდა და მან მეგვარის მიმართ სიყვარული გამოავლინა, რომელიც მისი ნათესავიც კი არ არის. ამით რომელიმე კანონი დაირღვა? - პირიქით, ამხელა ქალი, რომელსაც ნატო და დიდი ამბები აბარია, ბიულეტინებს ითვლიდა.
თუმცა, „პატრიოტთა ალიანსმა“ განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა არჩევნებში სამხედროების ჩართვას...
- სამხედროები ადამიანები არ არიან და ხმას არ უნდა აძლევდნენ? ვინაიდან, მათ, ქართველი სამხედროები არ მოსწონთ, რადგან ისინი ნატოში იწვრთნებიან და ავღანეთში იბრძვიან, ამიტომ, სამხედროებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჩამოვართვათ? ვინაიდან, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, ხმის მიცემის უფლება იქნებ მეც ამიკრძალონ. კანონი არსად დაგვირღვევია. ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვა და საქართველოს პარლამენტმა რა დაკარგა?
თამარ ხიდაშელის სახით რა შეიძინა?
- ის დაიკარგა, რომ პარლამენტში ინაშვილი აქტიური გამომსვლელი იქნებოდა და ერთი-ორჯერ მაგარი სკანდალი აიწეოდა. ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენდა, მარტო ოთხშაბათობით უნდა ეყვირა და ოთხშაბათობით თითო-თითო სკანდალური განცხადება დავკარგეთ. რა შევიძინეთ? - პარლამენტში უმაღლესი დონის უცხო ენის მცოდნე, უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი შემოვიდა. ამას ხაზს იმის გამო ვუსვამ, რომ კადრები გვიჭირს. თამარ ხიდაშელის მსგავსი ადამიანები საქართველოში ძალიან ცოტაა.
პარლამენტში?
- ამ მხრივ, საქართველოზე უარესადაა საქმე. ეს ადამიანი პარლამენტისთვის დაბადებულია და ეს ჩვენთვის შენაძენია. მას გაცილებით კომფორტული ცხოვრება არასამთავრობო სექტორში ჰქონდა და კომპრომისებზე არ მიდიოდა. ისე ნუ დავინახავთ, რომ მან განსაკუთრებული ცხოვრება მოიწყო. შარშან და წელს, ხიდაშელისა და კორძაიას სახით ისეთი შენაძენები გვაქვს, ნეტა, სხვასაც ჰქონდეს. პარტია კვოტირების მომხრეა და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ვიცით, პარტიას რა აკლია.
რა აკლია?
- აშკარად, ფრაქციასა და პარტიას, ქალის ხელი აკლდა. ხიდაშელი მინისტრი გახდა და მისი ხელი დაგვაკლდა. საგარეჯოს ვეტყოდი, რომ ხიდაშელის სახით პარლამენტმა დიდი განძი მოიპოვა.
დავით უსუფაშვილმა კოალიციას მეტი მუშაობისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მან ივარაუდა, რომ თქვენ წახვალთ და სხვა მოვა. რაზე მიანიშნებს პარლამენტის თავმჯდომარე?
- იმას გულისხმობს, რომ არჩევნები 80/20 არ მოგვიგია. ჩვენ არჩევნები 50/45-ზე მოვიგეთ. ანგარიშგასაწევი კიდევ რამდენიმე პარტიაა, რომელთა შორის არიან - ნაციონალები და „თავისუფალი დემოკრატები“. მეტოქე ბევრია. შესაბამისად, ალიანსი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს და ძალიან სერიოზულად უნდა მოემზადოს. ახლა ნაციონალებს დროშა დაუვარდათ. სააკაშვილმა მშობლიურ პარტიას ყელი გამოჭრა. ამ პარტიამ თავი თავის დაღუპვასაც არ დაანება და ნაფტალინს ვერ მოეშვა. მათთვის სააკაშვილი უკვე ტვირთია. ის უკრაინისთვის დიდი ფიგურაა და შეიძლება, ის პრემიერ-მინისტრიც გახდეს, ან გაერო-ს ხელმძღვანელი, მაგრამ ის საქართველოსთვის ტვირთია. ნაციონალებს მისმა საუბრებმა, რომ მტკიცედ დადგნენ და „ბოევიკები“ მოამზადონ, კარგი არაფერი მოუტანა.
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების საუბრები იყო სახელმწიფოს წინააღდეგ მიმართული ქმედებები, თუ პოლიტიკური ჭორაობა?
- სააკაშვილის მხრიდან ადგილი აქვს უაღრესად უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს ატარებს. ეს მხოლოდ ლაპარაკია და ის ქმედებებზე არ გადასულა. თუმცა, თუ მას ვაცლით, გადავა. სააკაშვილი ქართულ კანონმდებლობას რომ არ დაიცავს, იქედანაც ჩანს, რომ თურმე, მას მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურების დაწყება ეწყინა. პირიქით, ნაწყენი მე ვარ, რადგან ის უცხო ქვეყნის მოქალაქე დიდი ხანია გახდა და მოქალაქეობას ინარჩუნებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ვიყო, შემრცხვებოდა, რომ ჩემი პარტიის ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქე და გუბერნატორი იყოს. გიორგი სააკაძე ჩემი გმირი არ არის. შეიძლება, სააკაძე ვიღაცის გმირია, ჩემი გმირი არ არის.
რატომ?
- იმიტომ, რომ სამი ქვეყნის გმირობას არ ვაღიარებ. გმირობა დავით აღმაშენებლის და ილია ჭავჭავაძის ვიცი. სტალინისა და გიორგი სააკაძის გმირობის ამბავი არ ვიცი. ყველას თავისი გემოვნება აქვს. სტალინს მხოლოდ იმიტომ კი არ ვაკრიტიკებ, რომ კაციჭამია იყო, არამედ იმიტომ, რომ კაცი თავის ქვეყანაში ვერ დაეტია. იმ კაცის არ მჯერა, რომელიც წარმატებას თავის ქვეყანაში არ მიაღწევს.
სტალინთან დაკავშირებით, თქვენი გუნდის წევრებს სხვა დამოკიდებულება აქვთ. გოგი თოფაძე საზოგადოებას მოუწოდებს, კედლებზე სტალინის სურათები დაკიდონ...
- სტალინის თაობაზე თოფაძის მოსაზრება არ გავიზიარეთ და დეპუტატებმა განცხადებაც გავავრცელეთ. თოფაძეს მკვეთრად არ ვეთანხმებით. მას საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ მეც ვერავინ დამიშლის იმას, რომ მას მკვეთრად არ დავეთანხმო.
თქვენ თოფაძეს ემიჯნებით, მაგრამ მის შეფასებებს ევროპაში ისმენენ. ანუ, ის ქვეყანას პრობლემებს უქმნის...
- ეს გამონათქვამები პრობლემას საქართველოს უქმნის და მას პასუხი ამიტომ გავეცით. ბატონ გოგის არ უფიქრია, რომ ქვეყნისთვის ზიანი მიეყენებინა, მან ის თქვა, რასაც ფიქრობს. პოლიტიკაში საკუთარი აზრების გასაჯაროვების ფუფუნება არ არსებობს და მან სათანადო კრიტიკაც მიიღო.
რადგან თოფაძეზე ვსაუბრობთ, გკითხავთ. for.ge-ის ინფორმაციით, კოალიციის ერთ-ერთ შეხვედრაზე, ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვლმა თოფაძე-ტყემალაძეს მიმართა - „იმედია, მომავალ პარლამენტში შესვლა არ გინდათო“. მოსალოდნელია, რომ 2016 წლის არჩევნებზე, კოალიცია არსებული სახით აღარ წარსდგეს?
- ისეთ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ, სადაც ამ პიროვნებებს ასეთი რაღაც უთხრეს, მაგრამ ისეთ შეხვედრას ვესწრებოდი, სადაც დასკვნის გამოტანა იყო შესაძლებელი, რომ არსებული შემადგენლობის ნახევარი მომავალი პარლამენტის მოწვევაში ვერ იქნება. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა აზრი გამოთქვა, რომ იმ ნაწილში მოხვდება ცვლილებები, რომელზეც ისინი პასუხს აგებენ. პარტია „ქართული ოცნების“ შიგნით რა მოხდება, ეს მათი გადასაწყვეტია. რესპუბლიკელებს გვინდა, რომ კოალიციაში ვიყოთ. შუალედურმა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ შანსი გვაქვს, ერთად ვიბრძოლოთ.
კოალიციაში ახალი სახეები იქნებიან?
- რა თქმა უნდა, იქნებიან.
კოალიციის საარჩევნო სიას ვინ შეადგენს? პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ, რომ სიაზე ივანიშვილი მუშაობს...
- „რესპუბლიკური პარტიის“ სიას, ჩვენ შევადგენთ.
როგორ ფიქრობთ, პარლამენტის თავმჯდომარე ისევ დავით უსუფაშვილი იქნება?
- თუკი საქართველოს ახალი მეტეორი დაეცა, დიდი იურისტი დაიბადა და მე გამომეპარა, არ ვიცი. ჯერჯერობით, უკეთესს კანდიდატურას არ ვიცნობ. თუკი პარლამენტში რესპუბლიკელები არ იქნებიან წარმოდგენილნი, უსუფაშვილი სპიკერი ვერ იქნება. თუ ერთად გავედით, შესაძლოა, ეს ასე იყოს. პარტიაში კორძაია და ხიდაშელი გვყავს, რომლებიც ახალი სახეები არიან. პარტიის თავმჯდომარე გვყავს, რომელიც პარტიის ასაკისაა. ცვლილებები ჩვენს რიგებშიც იქნება და სხვა პარტიებშიც.