„სურათი არ შეიცვლება თუ ხელისუფლება სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებს“

„სურათი არ შეიცვლება თუ ხელისუფლება სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებს“

შემოდგომაზე პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის ზრდას ჯერ კიდევ ზაფხულში პროგნოზირებდნენ, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი იყო პროცესები სახიფათო ზღვარს ასე თუ მიუახლოვდებოდა. „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ სასამართლო დავას მოჰყვა ჩანაწერების გამოქვეყნება - სააკაშვილის საუბარმა გვარამიასა და ბოკერიასთან, არა მხოლოდ მოქალაქეები, არამედ, ნაციონალების ერთი ნაწილიც კი გააოგნა და აცხადებდნენ, რომ მათ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ.

საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღსრულების ნორმის შეჩერების თაობაზე არსებული დაძაბულობა დროებით განმუხტა, თუმცა ძნელად პროგნოზირებადია, რადიკალი ნაციონალები როდის რას მოიმოქმედებენ.

რამდენად რეალურია საფრთხე და თეორიულად, რისი შანსი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება

ვახტანგ ძაბირაძე: ცოტა რთულია საუბარი, ნაციონალებს რისი სურვილი აქვთ, მაგრამ ფაქტები, რომელიც გამოქვეყნდა, მინიმუმ, იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, სიტყვის თავისუფლება, კერძოდ „რუსთავი 2“ გამოეყენებინა ქვეყანაში არასტაბილური ვითარების შესაქმნელად და ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოსაგებად - ეს რაც შეეხება უახლოეს დღეებში განვითარებულ მოვლენებს. მაგრამ, ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც - შორსგამიზნული და ნელი მოქმედების - ეს გახლავთ აქედანვე ფორმირება საზოგადოებრივი აზრისა, იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ 2016 წლის არჩევნებს გააყალბებს.

ორივე პოზიცია მიმართულია არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ აზრის ფორმირებისთვის, რადგან ქვეყნის შიგნით „ნაციონალურ მოძრაობას“ საყრდენი არ აქვს საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც პატიული ხაზით არ არის დაკავშირებული მასთან. საზოგადოების ფართო მასებსა და ნეიტრალურ ნაწილში მას გულშემატკივარი უბრალოდ, არ ჰყავს.

მოგეხსენებათ, რა დამოკიდებულებაც გამოიკვეთა ევროსაბჭოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ან „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან. ეს ქმედებები მიმართულია იმისაკენ, რომ ამ ორგანიზაციებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო ნეგატიური დამოკიდებულება შეიქმნას.

შეიძლება ითქვას, რომ ასე იწყებსნაციონალური მოძრაობათავის საარჩევნო კამპანიას? როდესაც ხელისუფლებაში იყო, არაოფიციალურად, მაგრამ ფაქტობრივად, ერთი წლით ადრე იწყებდა ამ მიმართულებით მუშაობას...

- ეს უბრალოდ, საზოგადოებრივი აზრის შექმნისა და ხელისუფლების დისკრედიტირების მცდელობა იყო - მანამდე მრავალი მეთოდი მოსინჯეს - რუსეთის აგრესია, „გაზპრომი“, ადამიანის უფლებები - ვერც ერთი მიმართულებით ვერ მოახერხეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება - ვერ მოახერხეს ისეთი მუხტის შეტანა, რომელიც განწყობებს მათ სასარგებლოდ შემოაბრუნებდა.

შემდეგი ნაბიჯი, ანუ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა არსებული სიტუაციის გარდატეხის მცდელობა იყო, რადგან ვერანაირი საარჩევნო კამპანია, ვერ უშველის, თუ საზოგადოებრივი აზრის შექმნა ვერ მოახერხეს. აქედან გამომდინარე, მიმართეს ყველაზე ნაცად ხერხს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება და „რუსთავი 2“-ის შეზღუდვა.

გარდა ამისა, ვერც პოლიტიკური სპექტრი შემოიკრიბეს - თუ დააკვირდით, საწყის ეტაპზე მოახერხეს პოლიტიკური პარტიების წამოგება ანკესზე, დაიწყეს ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკი და ა.შ. ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ არ იყო ვადამდელი არჩევნები მისაღები და ისინი გამოეთიშნენ. ნელ-ნელა, ეს სპექტრიც დაიშალა. ვერც საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში შეძლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციური პარტიების შემოკრება.

აქ სხვა პრობლემაც აქვს ნაცმოძრაობას - მას არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების შემოკრება, არამედ მათში ლიდერის პოზიციის შენარჩუნება სურს, ამიტომ ვერც ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსი მოხერხდა.

მოკლედ, მოუმრავლდათ მცდელობა დაპირისპირების შექმნის, თუმცა, ნაციონალებმა კარგად იციან, რომ საზოგადოებას ვერ გახლეჩენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროვოცირებას ვერ მოახერხებენ. ამიტომაც იყო სახიფათო მათი სტრატეგია, გათვლილი ხელისუფლების პროვოცირებაზე.

გარდა ამისა დაიწყეს მუშაობა იმ მიმართულებითაც, რომ დავის საგანი იყოს შეცვლილი - ლაპარაკობენ საიდან და როგორ იყო ეს ფირები მოპოვებული და არა იმაზე, თუ რა შინაარსის მატარებელი იყო. გამოძიებამ ჯერ ის უნდა გაარკვიოს, ეს ყველაფერი საფრთხის შემცველია თუ არა, ან ბოევიკები მართლა ბოევიკები არიან როგორც სააკაშვილი ამბობდა, თუ კუნთმაგარი ბიჭები, როგორც გვარამია აცხადებდა. ამის შემდეგ შეიძლება ძიება იმითაც დაინტერესდეს, ეს ფირები რა გზით იყო მოპოვებუილი და მე, პირადად, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მთავარია დადასტურება - ავთენტურია თუ არა.

მართალია, სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ ვიცით, რომ ბოლომდე არაფერი არ არის დამთავრებული, იმის გათვალისწინებით, როგორი შემართებით ცდილობდნენნაციონალური მოძრაობისლიდერები რევოლუციური სიტუაციის შექმნას. არის ალბათობა, რომრუსთავი 2“ იქნება ეს, თუ სხვა საბაბი, ისე გამოიყენოს ნაცმოძრაობამ, რომ ის განწყობა დააბრუნოს ქვეყანაში, რაც იყო 2003 წელს?

- აბსურდია 2003 წლის სცენარის გამეორება 2015 წელს. მაშინ ფონიც სხვა გახლდათ და „ნაციონალური მოძრაობაც“ სხვა რანგში იყო წარმოდგენილი. მაშინ მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერდა მხარს, იმის მიუხედავად, რომ მებრძოლი აქტივისტები ბევრი არ ჰყავდათ. დღეს სხვა სიტუაციაა და თუ მათ რაღაცის სურვილი აქვთ, არ ნიშნავს, რომ შეუძლიათ ქვეყანაში დაპირისპირების გამოწვევა.

მმართველი პარტიის მიმართაც საზოგადოებაში არის იმედგაცრუება, მაგრამ არა - აგრესია. ეს სრულიად განსხვავებულ სურათს ქმნის და კიდევ ერთი - თუ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველი დაკარგა, ეს არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გაჩნდა სიმპათიები. „ნაციონალური მოძრაობა“ თუ რამეს გაბედავს და დაიწყებს, ეს მოხდება იმ 1500 აქტივისტის თუ კუნთმაგარი ბიჭის ამარა, რაც მას ჰყავს, სხვა რესურსი, უბრალოდ, არ გააჩნია.

როგორც ჩანს, და ვხედავთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია გარე მხარდაჭერა და ეს კვლავ გაგრძელდება, იმის მიუხედავად, რას ილაპარაკებს სააკაშვილი, ან რას გამოაქვეყნებენ, მაგრამ ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა მათ საერთოდ არ აქვთ და ეს გაჩნდება მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში - ხელისუფლება თუ არაადეკვატურად იმოქმედებს.

თუ ხელისუფლება სწორ სტრატეგიას აირჩევს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის არანაირი შანსი არ გააჩნია. მაგრამ, ეს ერთი წელი მუდმივად იქნება მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ ხელისუფლება აუცილებლად გამოიყვანოს წონასწორობიდან.

დავუშვათ, ლობიზმის თუ სხვა გარემოებების წყალობით დასავლეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა ნაციონალების მიმართ. როდესაც ვამბობთ, რომ არჩევნების გზით გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნიათ და ვერც რევოლუციურ სიტუაციას შექმნიან, თან სააკაშვილიც ამბობს რომ საქართველო მის ინტერესებში პენსიონერიობის შემდეგ შევა, ჩნდება კითხვა - რისთვის შეიძლება იბრძოდესნაციონალური მოძრაობა“?

- გარე ფაქტორი მათ სჭირდებათ ქვეყნის შიგნით საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსაპოვებლად, რომ აი, ნახეთ რას ფიქრობს დასავლეთი. ცოტა ხნის წინ სააკაშვილი ისევ რუსეთზე ლაპარაკობდა, რომ როდემდე უნდა წამოვეგოთ რუსულ ხაფანგს. „გაზპრომზეც“ ბევრი ვერაფერი თქვეს, რადგან საქართველოში ლამის არ დარჩენილა ობიექტი, სააკაშვილმა რუსებს რომ არ მიჰყიდა. თუმცა, მაინც რუსულ ფაქტორს იყენებენ საზოგადოებაში ეჭვის დასათესად, რომ ადრე თუ გვიან, ევრაზიის კავშირში შევალთ.

მართალია, ამ მიმართულებითაც დაკეტა „ქართულმა ოცნებამ“ მათთვის ყველა ხვრელი, მაგრამ ეს ის ერთადერთი თემაა, რაშიც ლობისტების დახმარებით ნაციონალებმა შეიძლება წარმატებას მიაღწიონ.

რაც შეეხება დასავლეთის მხარდაჭერას, ეს არის დამატებითი ფაქტორი და არა განმსაზღვრელი. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თემის მოძებნას ვერ შეძლებს, ეს გარე ფაქტორები მხოლოდ და მხოლოდ გარე ფაქტორებად დარჩება.

ძალზე მნიშვნელოვანია, როგორ ჩატარდება არჩევნები, თუ ხელისუფლება ისევე ჩაატარებს ამ არჩევნებსაც როგორც წინა ორს, მაშინ ჩათვალეთ, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.

სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციურ ფლანგზე არ არის ლიდერი პარტია, რომელსაც აქვს პოტენცია, რომ „ოცნებიდან“ წამოსული ამომრჩეველი მიიზიდოს. შესაძლოა, დღეს „ნაციონალური მოძრაობაა“ ლიდერი ოპოზიციური პარტია რომელსაც ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ მთელი მისი რესურსი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის.

ისიც რეალობაა რომ „ოცნების“ იმედგაცრუებული ამომრჩევლის ხმებს სხვადასხვა პარტიები ინაწილებენ, მაგრამ არა „ნაციონალური მოძრაობა“ - ეს სურათი გვაქვს დღეს და ასე დარჩება თუ ხელისუფლება რაღაც სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებს.