ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე პარლამენტის დატოვებას გეგმავს და ის საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად კოალიციაში რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. პოლიტიკურ კულუარებში კი, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის რეპლიკაზე მიანიშნებენ.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილმა ზურაბ ტყემალაძესა და გოგი თოფაძეს მიმართა - „იმედია, მომავალ პარლამენტში შესვლა არ გინდათ“.
for.ge-სთან საუბარში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ივანიშვილის აღნიშნულ რეპლიკას ვერ იხსენებს, თუმცა, წინასწარ აცხადებს, რომ მას მომავალ პარლამენტში შესვლა სურს.
ტყემალაძე გვარწმუნებს, რომ თოფაძემ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო.
„თოფაძე პარლამენტის დატოვების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც კანონპროექტს გაიტანს. ალბათ, ეს ცვლილებები მომავალ კვირას იქნება ინიცირებული. რაც შეეხება ივანიშვილის რეპლიკას, ყოველ შემთხვევაში, ასეთი რაღაც მე არ მახსოვს. წინასწარ შემიძლია განგიცხადო, რომ პრეტენზია მაქვს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ. კოალიციაში ჩვენს დარჩენას არაფერი ემუქრება, მაგრამ მყარი და მუდმივი არაფერია“, - აცხადებს ტყემალაძე.
გოგი თოფაძემ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება თუ რატომ მიიღო, ის საკუთარ მოტივაციაზე განცხადებაში საუბრობს, მაგრამ კანონმდებელი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.
დეპუტატი ამბობს, რომ ის პარლამენტიდან მას შემდეგ წავა, რაც ბუნებრივი ბიომრავალფეროვნების დაცვის თაობაზე, ასევე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინტროდუქციის შესახებ კანონპროექტების ინიცირებას მოახდენს და ცვლილებებს მიიღებს.
თუკი პარლამენტის პროცედურებს გავითვალისწინებთ, აღნიშნული კანონპროექტების ინიცირება და განხილვა დაჩქარებული წესით თუ არ მოხდება, თოფაძეს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა მინუმუმ საგაზაფხულო სესიამდე მოუწევს.
რაც შეეხება განცხადების პათოსს, დეპუტატი ირწმუნება, მას არ სურს, „ნებსით თუ უნებლიედ რაიმე დისონანსი შეიტანოს კოალიციის ერთობაში“.
თოფაძის ცნობით, კოალიცია ერთი ნიშნით ჩამოყალიბდა და თავიდანვე არავისთვის საიდუმლო არ ყოფილა, რომ მასში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა არ გააჩნდათ.
„ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით პოლიტიკური ასპარეზიდან ყოფილი ხელისუფლების მოცილება მოვახერხეთ, რაც ქვეყნის გადარჩენის ტოლფასად მიგვაჩნდა და მიგვაჩნია კიდეც. ჩვენ უპირობო მზადყოფნა გვაერთიანებდა, რომ ქვეყანაში არსებული უკვე სრულიად აუტანელი არაადამიანური და საკუთარი მოსახლეობისადმი მტრობით გაჟღენთილი ვითარება ერთხელ და სამუდამოდ შეგვეცვალა და მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, კვლავაც ამ მზადყოფნის ერთგული ვრჩები“, - აღნიშნავს თოფაძე.
კანონმდებელი განცხადებაში ამბობს, რომ ის არ მალავს, რომ კოალიციაში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობაა მასსა და მის კოლეგებს შორის.
„შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა დღესაც არსებობდეს, მაგრამ ეს სხვადასხვაობა არასოდეს შეხებია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანას თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების ევროპულ ოჯახში გაწევრიანების თაობაზე. პოლიტიკაში ყოფნა თუ პარლამენტის წევრობა, ჩემთვის არასდროს ყოფილა თვითმიზანი და მხოლოდ იმიტომ ვარჩიე ეს ასპარეზი, წარსულში ნათლად რომ ვხედავდი ქვეყნის განვითარების არასწორ, არამართებულ გეზს. არაერთხელ საჯაროდ განმიცხადებია, რა უიმედო პერსპექტივას უქმნიდა ქვეყანას წინა ხელისუფლებების მანკიერი, მავნებლური სტრატეგია და სამწუხაროდ, ბევრი ჩემი და ჩვენი პარტიის (თანამოაზრეების) პროგნოზი არაერთხელ გამართლდა კიდეც“, - ამბობს თოფაძე, რომლის კომენტარებიც ამ მოწვევის პარლამენტში თამაზ მეჭიაურის განცხადებების შემდეგ, ყველაზე სკანდალურია.
გოგი თოფაძის ბოლო სკანდალური განცხადება სტალინს უკავშირდება, სადაც ის საზოგადოებას სახლის კედლებზე სტალინის სურათის ჩამოკიდებას ურჩევდა. უმრავლესობის წევრთა ნაწილმა თოფაძის განცხადებაზე იცინა, ზოგი გაბრაზდა, ზოგმა კი, ფრაქციას თოფაძის „გაჩერება-გაჩუმება“ შეუთვალა. for.ge-ს ინფორმაციით, მათ შორის, იყო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელმაც თამაზ ყაჭეიშვილს პირად სუაბარში უთხრა, რომ თოფაძე ხელისუფლებას უხერხულ ვითარებაში აყენებდა, რის გამოც მას ზომიერი კომენტარები უნდა გაეკეთებინა.
საბოლოო ჯამში, გოგი თოფაძემ ვისი რეკომენდაცია და რჩევა გაითვალისწინა, ამის თქმა რთულია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ის პარლამენტს დატოვებს, მის ადგილს პარლამენტში მისი დისშვილი - ზაზა ჭილაძე დაიკავებს, რომელიც მწერალ ოთარ ჭილაძის შვილია.