საქართველოში ოფიციალური ვიზიტამდე BBC-იმ აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით ევროპაში არსებული დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის ფონზე, აზერბაიჯანი ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციას არ აპირებს. BBC-ის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა ევროპა გააფრთხილა, რომ ის აზერბაიჯანის საქმეებში არ უნდა ერეოდეს.
„კეთდებოდა განცხადებები, რომ ჩვენ ევროპაში ინტეგრაცია გვჭირდება. მინდა გითხრათ - არა, ინტეგრაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს, განსაკუთრებით - დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის პერიოდში. ჩვენ არასდროს არავინ არ გვეხმარებოდა. ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით მივაღწიეთ. დახმარებას არავისგან არ ველოდებით და არც გვჭირდება. ჩვენს საქმეებში ნუ ერევით. აზერბაიჯანი ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
პოლიტოლოგი, გიორგი მჭედლიშვილი ამბობს, რომ ალიევის განცხადება გათვლილია შიდა ბაზრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი თვითონ როგორც სახელმწიფო არ არის ძალიან ისლამისტური, მაგრამ საზოგადოების ნაწილი შესაბამისად არის განწყობილი და ამიტომაც, საზოგადოებაში ეს ფრაზა პოლიტიკურად კარგად იყიდება.
for.ge პოლიტოლოგ გიორგი მჭედლიშვილს ესაუბრა.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ევროსაბჭოს და ეუთოს წევრი ქვეყნაა, აზერბაიჯანის პირველი პირი ამბობს, რომ ევროპაში არსებული დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის ფონზე, აზერბაიჯანი ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციას არ აპირებს. რამდენად სწორი სვლა გააკეთა ამ შემთხვევაში ალევმა?
გიორგი მჭედლიშვილი: ალიევის ეს განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანის შიდა და გარკვეულწილად, საგარეო პოლიტიკა ნაკლებად დასავლური გახდა, რაც ძალიან სამწუხაროა ჩვენი რეგიონისთვის იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური წონიდან გამომდინარე, ეს რეგიონისთვის, როგორც სამხრეთ კავკასიის პროდასავლური ვექტორისთვის, კარგი არ იქნება.
იცით, რომ 2011 წელს აზერბაიჯანი შეუერთდა ნეიტრალური ქვეყნების ორგანიზაციას და გახდა ნეიტრალური ქვეყანა. ბოლო რამდენიმე წელიწადია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის და მინისტრების განცხადებები და დოკუმენტები ფაქტობრივად, რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების ანალოგია - რომ, დასავლეთი ჩვენ გვანგრევს, დასავლეთს უნდა ჩვენი დასუსტება და ა.შ. რაც უფრო ავტორიტარული და არადემოკრატიული რეჟიმის საქციელია.
ალიევის ეს განცხადება თანხვედრაში მოდის რუსეთის პოლიტიკასთან დასავლეთან მიმართებაში?
- რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, აზერბაიჯანმა რუსეთთან რამდენიმე ხელშეკრულება დაიდო იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით.
შესაძლებელია, რომ აზერბაიჯანი პრორუსული სახელმწიფო გახდეს და ისევე როგორც სომხეთი, აზერბაიჯანი გახდეს ევრაზიული კავშირის წევრი?
- აზერბაიჯანი არ გახდება ევრაზიული კავშირის წევრი, იმიტომ, რომ ამ გაერთიანების წევრი არის სომხეთი. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა აზერბაიჯანი მოიგო, რადგან აზერბაიჯანს უკვე გაუქრა პროდასავლური ვექტორი და ეს არის მთავარი რუსეთისთვის. რუსეთს არ აინტერესებს საბჭოთა კავშირი იყოს 15 რესპუბლიკით, ან აზერბაიჯანი იყოს ამ კოლექტიური თავდაცვის სისტემაში. დღეს რუსეთისთვის მთავარია აზერბაიჯანი არ იყოს პროდასავლური.
მთავარია დასავლეთმა ფეხი არ მოიკიდოს აზერბაიჯანში და ქვეყანას არ ჰქონდეს ეს პროგრესი. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი დღეს პოლიტიკურად უფრო ჩამორჩენილი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს და ეუთოს წევრი ქვეყანაა, აზერბაიჯანი არაევროპული ქვეყანა ხდება. რაც მთავარია, აზერბაიჯანს არც უნდა ევროკავშირში გაწევრიანება და ნატოში გაწევრიანებაზე საუბარიც არ არის. ეს კი სრულიად საკმარისია რუსეთისთვის.
თუკი დასავლეთის ქმედებაში არსებობს ისლამოფობია, მაშინ საინტერესოა რატომ დუმს თურქეთი, რომელიც არის ნატოს წვერი ქვეყანა და პრეტენზია აქვს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა?
- აზერბაიჯანი და თურქეთი მაინც იქნებიან სტრატეგიული პარტნიორები იმის მიუხედავად, რა განაცხადა აზერბაიჯანმა. ალიევის ეს განცხადება გათვლილია შიდა ბაზრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი თვითონ როგორც სახელმწიფო, არ არის ძალიან ისლამისტური, მაგრამ საზოგადოების ნაწილი შესაბამისად არის განწყობილი და საზოგადოებაში ეს ფრაზა პოლიტიკურად კარგად იყიდება. მოსახლეობის ნაწილისთვის ეს განცხადება დასტურია იმისა, რომ ევროპა არ არის კარგი იმიტომ, რომ ევროპელებს არ უყვართ მუსულმანები.
ალიევის ამ საკმად სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით რა რექციას შეიძლება ველოდოთ დასაველთისგან?
- სამწუხაროდ, დასავლეთმა დაკარგა ინიციატივა. შეიძლება გამოხატოს წუხილი და გააგრძელოს თავისი ფასეულობების დევნა. სამწუხაროდ, დასავლეთის არასწორმა რიტორიკამ განაპირობა ის, რომ აზერბაიჯანი უფრო ავტორიტარული გახდა. აზერბაიჯანი ხედავდა, რომ ევროპას სჭირდება მისი ენერგორესურსები, ბუნებრივი აირი, ნავთობი და ამიტომ, ალიევს გაუჩნდა იდეა, რომ შეუძლია აბსოლუტურად უგულებელყოს ადამიანის უფლებები და დემოკრატიული განვითარება აზერბაიჯანში. ევროპა, რომელიც ფასეულობებზე აგებული ინსტიტუტია, მიუღებელია ასეთი ტიპის სახელმწიფოს არსებობა. სამწუხროდ, აზერბაიჯანი უფრო და უფრო არადემოკრატული სახელმწიფო ხდება.