იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლო არის უფრო დამოუკიდებელი ვიდრე ადრე, მაგრამ ძალიან ბევრი უკლია გერმანიამდე. ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ ძველი საქმეები არ უნდა გადაიხედოს და თვლის, რომ ძალიან ფაქიზად უნდა მოვეკიდოთ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვას.
„მე, ზოგადად არ მაქვს დადებითი განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ძველი საქმეები რაც არის, გადაიხედოს. თუ რაიმე გამოვლინდა, თუ ახალი გარემოებაა, რაც იძლევა საფუძველს, რომ გადაიხედოს გადაწყვეტილება, ამას მივესალმები, მაგრამ ის, რომ მასიურად გადაიხედოს ყველა გადაწყვეტილება იმის მიხედვით, თუ სამართლიანობას ვინ როგორ აღიქვამს, ეს ქაოსს გამოიწვევს. საბოლოო ჯამში, ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი და თუ პარლამენტი რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, უნდა დავემორჩილოთ“, - აცხადებს ლევან მურუსიძე.
სანამ მურუსიძე ცდილობს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მანტია მოირგოს, მისწინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება იწყება. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, პროფესორი, სამართლის დოქტორი თამარ ლალიაშვილი აცხადებს, რომ არ დაუშვებენ მურუსიძის ჩანაფიქრის განხორციელებას.
„მას სურს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადაინიშნოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ის იყოს მოსამართლე. ახლა ცდილობს კლანი შექმნას. საშინელება ხდება იუსტიციის საბჭოში. მორჩილებაში ჰყავს მოსამართლეები, რომლებსაც თავს ახვევს თავის გადაწყვეტილებებს, ისინიც უსიტყვოდ ახორციელებენ. იმიტომ, რომ დისციპლინარული დევნის დაწყებასთან დაკავშირებით ძალა-უფლება მურუსიძის ხელშია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ ლალიაშვილმა.
ეს ის მურუსიძეა, რომელსაც პრივილეგირებულ და სანდო მოსამართლეთა სიაში საპატიო ადგილი ეკავა და ამის დასტურია ის ფაქტებიც, რომ ყველა გახმაურებულ საქმეში, სადაც ხელისუფლების ინტერესები იკვეთებოდა, ხელს ლევან მურუსიძე აწერს. მურუსიძე სასამართლო სისტემაში კოტე კუბლაშვილის მარჯვენა ხელი იყო და მისი განაჩენი არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტი.
ლევან მურუსიძე 2005 წელს მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევის წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გათავისუფლების პროცესში. მოსამართლეებმა მათი უკანონო განთავისუფლება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს. სტრასბურგის სასამართლოში დაიწყო საქმის განხილვა „მერაბ ტურავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. მურუსიძის მიერ განთავისუფლებული მოსამართლეების უფლებას გერმანელი ადვოკატი იცავს.
როგორც ყოფილი მოსამართლეები აცხადებენ, ლევან მურუსიძე ის ადამიანი იყო, რომელმაც ისინი უკანონოდ გაანთავისუფლა. მათივე განცხადებით, წლების მანძილზე, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მართლმსაჯულებას ადეიშვილის დავალებით ახორციელებდა.
თამარ ლალიაშვილი აცხადებს, რომ მურუსიძის ბიოგრაფიაში არის ფაქტები და მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ის იყო პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი და მისი თანამადებობაზე დანიშნავნაც სწორედ ამით იყო განპირობებული.
„საქმე, რომელიც ჩვენ მოსამართლეებს შეგვეხებოდა და რომელთა მიმართ დაიწყო დევნა, ეს იყო სასამართლო სისტემის ნგრევა, სასამართლო სისტემის მორჩილებაში მოყვანა, რასაც მიაღწეს. მურუსიძე არ იყო გადაწყვეტილებების მიმღები. მას შესაბამისი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე უნდა მოეწერა ხელი. ის არის ერთი-ერთი ჩვეულებრივი აღმასრულებელი.
სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც რომელიც წლების განამშვლობაში არღვევდა კანონს, დღეს გვევლინება როგორც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი. მურუსიძე პირდაპირ ხელს უშლის მართლმსაჯულების და რეფორმების განხორციელებას. თუ ჩვენ გამოვაქვეყნებთ მის საგმირო საქმეებს, ვნახავათ, რომ იმდენი ფაქტობრივი გარემოებებია მასთან დაკავშირებით, რომ თავისუფლად შეიძლება ჩავთვლოთ როგორც კრიმინალი.
ეს ადამიანი ამ დრომდე აგრძელებს უკანონო მოქმედებებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი ბედავს და გამოდის იმ საზოგადეობის წინაშე, რომელთა წინაშე საშინელებებს ახორციელებდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ ლალიაშვილი.
მისივე თქმით, მურუსიზე უახლოეს წარსულში იმის აუცილებლობასაც ვერ ხედავდა, რომ ციხეში ადამიანის წამების ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო გამოძიება ჩატარებულიყო, ან როგორც მინიმუმ, სასამართლოს ამ ფაქტის გათვალისწინებით ემსჯელა იმ ჩვენებებზე, რომელიც საქმეში იდო და რომელიც მოლაშვილისგან არაადამიანური წამების შედეგად მიიღეს...
მაშ ასე, მოსამართლეების საქმე არ არის ერთადერთი საქმე, რომელშიც ლევან მურუსიძის ხელმოწერა ფიგურირებს. მურუსიძე არეერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს და მათ შორის არის შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული სანდრო გირგვლიანის გახმაურებული საქმე. სწორედ, ლევან მურუსიძე იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, რომლის მონაწილეობითაც უზენაესმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა.
მურუსიძის მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა შეეცვალა და უნდა გაეზიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ დაზარალებულ ლევან ბუხაიძის ყველა ჩვენება არასარწმუნოა, რის გამოც მისი არც ერთი ჩვენება არ უნდა გაეზიარებინა.
„საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ალანიამ, აფციაურმა და ღაჭავამ სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ავტომანქანაში ჩასვეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთის მუქარით. მით უფრო, ამაში მონაწილეობა არ მიუღია მიხეილ ბიბილურიძეს, რომელიც ოქროყანაში მოგვიანებით მივიდა. ამიტომ მსჯავრდებულებს არ ჩაუდენიათ სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება“, - ამ განჩინებას ხელს აწერს ლევან მურუსიძე.
გარდა ამისა, მურუსიძის ბიოგრაფიაში არის კიდევ ერთი გახმაურებული საქმის, კონტროლის პალატის ყოფილი ხელძღვანელის, სულხან მოლაშვილის საქმე, რომელმაც წამებისა და არადამიანური მოპრობის მიუხედავად მოლაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მაშინ მურუსიძე „ლიბერალთან“ საუბარში აცხადებდა, რომ მას აინტერესებდა ჩაიდინა თუ არა პიროვნებამ დანაშაული. ციხეს რაც შეეხება, მისი განცხადებით, ამის გამოძიება სხვა სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა. მურუსიძე განმარტავს, რომ მან არ იცის წამების ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლოს პასუხისმგებლობა რაში მდგომარეობს.
თამარ ლალიაშვილი კი აცხადებს, რომ მურუსიძემ მოლაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა.
„მოლაშვილი აწამეს და ამ დროს მურუსიძემ ყოველგავრი მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ის მონაწილეობდა სანდრო გირგვლიანის საქმეში, რომელიც ასევე პოლიტიკურად იყო მოტივირებული. სანდრო გირგვლიანის საქმეში ევროპული სახელმწიფო ამბობს, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირებმა, საქართველოს პრეზიდენტმა და სასამართლომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დამნაშავეებს სამართლებრივი პასუხისმგებლისათვის თავი აერიდებინათ. აი, ეს მურუსიძე დღეს ბედავს გამოვიდეს იმ საზოგადოების წინაშე, რომელსაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ ლალიაშვილი.