ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი გუგული მაღრაძე უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს მოუწოდებს საერთაშორისო დონის შეხვედრებსა და სხდომებს დაესწრონ და მასში აქტიური მონაწილეობაც მიიღონ. მაღრაძის გაღიზიანება ევრონესტის სოციალურ საკითხთა, საგანმანათლებლო, კულტურის და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის სხდომამ გამოიწვია, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველად ჩატარდა.
საქართველოს პარლამენტში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, სხდომის დაწყებამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე, ქართველი დეპუტატებისგან განსხვავებით, პირველად, ევროპარლამენტარები გამოჩნდნენ და მათ საკუთარი ადგილებიც დაიკავეს, მოგვიანებით კი, მმართველი გუნდის წევრებთან პირად საუბრებში კოლეგების დამოკიდებულების გამო, მაღრაძემ გაღიზიანება არ დამალა და ის უმრავლესობის წევრებს დაემუქრა - „დეპუტატებს ირაკლისთან ჩავუშვებ, რადგან ისინი სხდომებს არ ესწრებიან“.
მაღრაძეს თემურ ჭკუასელმა, ირაკლი სესიაშვილმა და ზურაბ ტყემალაძემ განუმარტეს, რომ ისინი ევრონესტის აღნიშნული კომიტეტის წევრები საერთოდ არ იყვნენ, მაგრამ სესიას პატივისცემის ნიშნად ესწრებოდნენ. აღნიშნული დეპუტატების რეპლიკამ მაღრაძე გააჩუმა და სხდომაზე აქტიურობითაც გამოიჩინა თავი, მაგრამ დეპუტატმა for.ge-სთან საკუთარი გაღიზიანება არ დამალა და იმ პრობლემაზე ხმამაღლა ისაუბრა, რომელზეც ცოტა ხნის წინ, ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმაც გაამახვილა.
მაღრაძის შეფასებით, დელეგაციის წევრობა მხოლოდ უცხოეთში სიარული არ არის, დელეგაციის წევრობა ადგილზე მუშაობას ნიშნავს. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ადამიანები შეხვედრებს არ ესწრებიან.
„შეხვედრებზე ზოგი საპატიო მიზეზით არ მოდის, ზოგი არასაპატიო მიზეზით. როდესაც დელეგაციის წევრი ხარ, დელეგაციის წევრობა მხოლოდ უცხოეთში სიარული არ არის, დელეგაციის წევრობა ადგილზე მუშაობას ნიშნავს, რადგან დელეგაციებში ბევრი სამუშაოა“, - განუცხადა for.ge-ს მაღრაძემ.
კანონმდებელი განსაკუთრებით საკუთარ თანაგუნდელებს მოუწოდებს დელეგაციებში უფრო მეტად იაქტიურონ.
„ჩემს კოლეგა დეპუტატებს მივმართავ, რომ ვინაიდან დელეგაციის წევრები არიან, ასეთი ტიპის შეხვედრებს დაესწრონ, რადგან აქ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა ხდება. ასეთ შეხვედრებზე არდასწრება, უხერხულია. ბოლოს და ბოლოს, ასეთი ტიპის შეხვედრებზე ერთ საათში ისეთ ინფორმაციებს იღებ, რომლის მოძებნასაც შეიძლება წლები დასჭირდეს, რადგან აქ ცნობები ექსპერტების მიერ შეკრებილია“, - აღნიშნავს მაღრაძე.
დეპუტატი განსაკუთრებულ რჩევებს უმრავლესობის იმ წევრებსაც აძლევს, რომელთაც საქმიანობის გაგრძელების სურვილი მომავალ პარლამენტშიც აქვთ.
„განსაკუთრებით იმ პირებს მივმართავ, რომელთაც პრეტენზია აქვთ, რომ შემდეგი პარლამენტის წევრობა უნდათ. მათ, ვისაც თვალსაწიერის გაფართოება და პარლამენტარობა სურთ, უნდა იცოდნენ, რომ დეპუტატობა ასეთი ტიპის მუშაობასაც ნიშნავს. ჩემი პრეტენზია ყველა დეპუტატს ეხება. ყველა ვალდებულია, შეხვედრებს დაესწროს, მითუმეტეს, როცა ამ დელეგაციის წევრები არიან“, - განაცხადა მაღრაძემ, რომლის შეფასების შემდეგ, for.ge დაინტერესდა, საქართველოს პარლამენტის შემადგენლობიდან ვინ არის ევრონესტის დელეგაციის წევრი.
პარლამენტის ვებ-გვერდზე მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი შემადგენლობის წევრები არიან - ვიქტორ დოლიძე, ანი მიროტაძე, გია ჟორჟოლიანი, გიგა ბუკია, ეკა ბესელია, ფრიდონ საყვარელიძე, ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი, ხოლო სათადარიგო შემადგენლობაში არიან - გუგული მაღრაძე, გიორგი ვოლსკი, გოგლა ჟვანია, თინათინ ბოკუჩავა და ენზელ მკოიანი.
მართალია, ქართული დელეგაციის ზემოთ აღნიშნული შემადგენლობის ყველა წევრი სოციალურ საკითხთა, საგანმანათლებლო, კულტურის და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტში გაწევრიანებული არ არის და შესაძლოა, მათ ამ კომიტეტის სხდომაზე დასწრების პირდაპირი ვალდებულებაც არ ჰქონდათ, მაგრამ ვინაიდან, ქვეყანაში - საქართველოს პარლამენტში მსგავსი დონის შეხვედრა პირველად ჩატარდა, ალბათ, სასურველი იქნებოდა, რომ სესიას 15 კანონმდებელიდან მინიმუმ ათი დეპუტატი მაინც დასწრებოდა.
for.ge იმ საკითხითაც დაინტერესდა, დღევანდელ სხდომას თუ ვინ დაესწრო. სხდომა ვიქტორ დოლიძემ და ლევან ბერძენიშვილმა გახსნეს, ხოლო მას დელეგაციის წევრებიდან დაესწრნენ - მიროტაძე, ჟორჟოლიანი, კანდელაკი და მაღრაძე. ამ დროს, დელეგაციის სხვა წევრები სად იმყოფებოდნენ და უფრო მნიშნელოვანი რომელი საქმით იყვნენ დაკავებულნი, ალბათ, ამ საკითხით მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა უნდა დაინტერესდეს.
ვინაიდან, ევრონესტის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე ქართველი დეპუტატების დასწრება და აქტიურობა საკუთარი თვალით ვიხილე, პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ჭორები გამახსენდა იმის თაობაზე, რომ საზღვარგარეთ ვიზიტებში წასული ზოგიერთი დეპუტატი საერთაშორისო დონის შეხვედრის ნაცვლად, ხშირად დროს ბრენდულ მაღაზიებში სიარულსა და ლამაზი ქუჩების დათვალიერებას უთმობს. როგორც ჩანს, ქართველი დეპუტატები უცხოეთში სიარულისას დროის ფასსა და მნიშვნელობას ვერ ხვდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კვორუმის სახით პრობლემას არც საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებს შეუქმნიდნენ და საერთაშორისო შეხვედრებაც დაესწრებოდნენ.
გუგული მაღრაძის შენიშვნას, რეკომენდაციას თუ რჩევას გაითვალისწინებენ თუ არა მისი კოლეგები, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ მაღრაძემ აღნიშნული კომიტეტის დასრულების შემდეგ, ევროპარლამენტარებთან „სელფებიც“ გადაიღო და სტუმრებიც გააცილა.