ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 9 სახელმწიფო ნატო-ს რეგიონში ალიანსის სამხედრო ძალების გაფართოების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა. იოჰანისის განცხადებით, საჭიროა ევროპის საზღვრების გაძლიერება.
რუმინეთის გარდა, აღნიშნულ ინიციატივას ბულგარეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, უნგრეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა დაუჭირეს მხარი.
Reuters-ის ინფორმაციით, ამავე დროს ბალტიისპირეთის ქვეყნები - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი აპირებენ ნატოს-ს მიმართონ ოფიციალური მოთხოვნით, რათა მათ ტერიტორიაზე განთავსებულ იქნას ალიანსის სპეციალური დანაყოფი, რომელიც დაახლოებით, 5000 ჯარისკაცს მოიცავს. ლიტვის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის მინდაუტა ნეიმონტასის განცხადებით, ამ ზომების მიღება უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება.
თუმცა, ლიტველ სამხედრო წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია რომელ საფრთხეზეა საუბარი. რამდენიმე ხნით ადრე ბრიტანული გამოცემა The Times სანდო წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბრიტანეთს და ალიანსს ამავე შინარსის თხოვნა გაუგზავნეს, ოღონს იქ მიზეზიც დასახელდა - კრემლის მხრიდან მომდინარე საშიშროება.
კონკრეტულად რომელ საშიშროებაზე საუბრობენ დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ამას ხმამაღლა არავინ აღნიშნავს. ეფუძნება თუ არა აღმოსავლეთ ევროპის თხოვნა კრემლიდან მომდინარე საშიროებას თუ ამას ზედ დაერთო აღმოსავლეთ რეგიონში განვითარებული მოვლენები, „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ჯიჰადის გამოცხადება და ის ასიათასობით დევნილი აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებთან, რომლებიც ევროპამ „მიიწვია“.
როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, საფრთხეები, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს გააჩნია, გლობალური ხაიათისაა და გადაწყვეტილება, რომელიც ალიანის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს, აბსოლუტურად ადეკვატური ხასიათისაა.
„ისინი არ გამორიცხავენ შემდგომი გართულებების საფრთხეს - ასიმეტრიულ საფრთხეებს. აქ შეიძლება ვივარაუდოთ ის სიტუაცია, რაც ახლო აღმოსავლეთში ვითარდება, ასევე გაათვალისწინებულია ის გარემოება, რომ რუსეთი ფაქტიურდ ჩართულია ამ კონფლიქტში და სირიაში დაბომბვის და იერიშის მიტანის წერტილები კითხვებს იწვევს. ალიანსის წევრი ქვეყნების სადაზვერვო მონაცემები და წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება რუსეთის მიერ წარმოდგენილ გეგემებს და მეორეს მხრივ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ევროპაში მიმდინარეობს საზღვრების ხელახალი დადგენა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ უკრაინის და საქართველოს ოკუპაციას. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის შეჯამებით, ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი და ლოგიკურია, ისინი იყენებენ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება“, - აცხადებს ჩიქოვანი და აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი იმ საფრთხეებზე, რომელიც მოასწავებს შეიარაღებულ კონფლიქტს ამ ქვეყნების ტერიტორიაზე, მაგრამ ალიანსის კონტიგენტის გაზრდას ამ ქვეყნების ტერიტორიაზე აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ტაქტიკური და სტრატეგიული მიზანი.
მაშინ, როდესაც რუსული მხარე გამუდმებით სთხოვს დასავლეთს - ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას სირიაში მიმდინარე საკითხებთან თანამშრომლობას, ის დასავლეთიდან მუდმივად უარს იღებს. ლავროვის უწყების ეს განცხადებები მხოლოდ პრესისთვისაა გამიზნული თუ რეალური შეთავაზებაა დასავლეთისთვის? ირაკლი ჩიქოვანს მიაჩნია, რომ ნებისმიერი მსოფლიო დონის აქტორი უნდა მოქმედებდეს ერთი და იგივე პრინციპების და ერთი და იგივე ღირებულებების საფუძველზე, რუსეთის, როგორც საერთაშორისო პარტნიორის ქმედებები კი დასავლეთის უნდობლობას იწვევს, რადგან არ შეიძლება ერთი ხელით აკეთო უსაფრთხო და უზრუნველყოფილი საქმეები და მეორე ხელით წაშალო ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა და საერთაშორისო ღირებულების პრინციპები.
„ყველა ქვეყანას სხვადასხვა ფორმით აქვს გამოცხადებული სანქციები რუსეთისთვის და ასეთი სანქციების არსებობა აპრიორი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიმართ, როგორც პარტნიორის მიმართ, ნდობა არის დაკარგული“, - აღნიშნავს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ევროპას საფრთხეები უკვე უდგას მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით, რადგან შარშან ევროკავშირის ტერიტორიული წყლები 225 ათასმა დევნილმა გადაკვეთა და მიაწყდა ევროპის ნაპირებს და წელს უკვე, ცხრა თვის მონაცემებით, ამ რიცხვმა შარშანდელ ჯამურ მონაცემებს გადაამეტა. ჩიქოვანის აზრით, პრობლემა ცალსახაა და ამ ვითარებაში, საქართველო მიზანი, მეგობარ ქვეყნებთან ერთად, ნაკლები ზიანის მიღებაა.
„საქართველო არის სტრატეგიული მდებარეობის ქვეყანა. ჩვენ გამოვდივართ როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა და გამოვდივართ სახელმწიფო, რომელსაც სურს ნატო-ში სრულფასოვანი გაწევრიანება, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაზე უკეთესი თანამშრომლობის მექანიზმები გაგვაჩნია ალიანსთან. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად, მინიმალური ზიანი მიიღოს საქართველომ, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. რადგან კარგად გვესმის, ამ კონფლიქტებს თავისი ეკონომიკური გამოვლინება გააჩნია.
მეორე მხრივ, რეგიონში მიმდინარეობს გარკვეული ცვლილებები, ესეც პრაკტიკულად უკვე განხორციელებულია და არსებითი წინაღობები აღარ გააჩნია, ვგულისხმობ ირანის მიმართ სანქციების მოხსნას, რომელსაც უდიდესი ეკონომიკური მოთამაშე შემოჰყავს ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში. ამიტომ, ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ეს მეტად წაადგება არა მარტო ჩვენს, არამედ რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც“,-აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.