„ბათიაშვილის დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული, ჩვენი გადაწყვეტილება ასე არ უნდა გამოჩნდეს“

„ბათიაშვილის დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული, ჩვენი გადაწყვეტილება ასე არ უნდა გამოჩნდეს“

„ნაციონალური მოძრაობა“ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას საპნის ოპერას ადარებს და პარტიულ სტრატეგიაზე აპელირებს, „თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლებას უკანონო მოსმენა-მიყურადებაში ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი, ქვეყნისთვის აცილებულ საფრთხეებზე აპელირებს და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროვოკაციებზე აქცენტირებს.

უკრაინულ ვებ-გვერდზე, ყოფილი ხელისულების წარმომადგენლებს შორის გამართული საუბრების ამსახველი ფარული ჩანაწერები თითქმის ყოველ დღე ქვეყნდება და ნაციონალებიც ჩანაწერების ავთენტურობას საუბრის შინაარსიდან გამომდინარე ადასტურებენ.

ოპოზიციონერი ნუგზარ წიკლაური ფარულ ჩანაწერების მიხედვით სააკაშვილთან მოსალოდნელ „ქლეშზე“ საუბრობდა, თუმცა დეპუტატი საჯაროდ, ჩანაწერების ავთენტურობას არ ადასტურებს.

როგორც for.ge-ს წიკლაურმა განუცხადა, მას სააკაშვილთან რამდენიმე ათეული საუბარი ჰქონია, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის დაცვის საკითხებზე. მისი მტკიცებით, ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა და მისი გამოშვება „ფე-ეზ-ბე“-მ როგორ გადაწყვიტა, არ იცის.

„მიმაჩნია, რომ ეს ჩანაწერები ავთენტური არ არის. გამოძიებას მხოლოდ იმ კითხვებზე გავეცი პასუხი, რაც აინტერესებდათ, მაგრამ საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს ჩანაწერები ავთენტური არ არის. რაც შეეხება იმას, რომ „რუსთავი 2“-ს შესაბამისი დაცვა უნდა ჰქონდეს, ეს საჯაროდაც მითქვამს და მომავალშიც ვიტყვი. ერთ-ერთი ის ადამიანი ვიქნები, რომელიც თავისუფალ სიტყვას დავიცავ. უკანონო ჩანაწერებით პოლიტიკური კაპიტალის შეგროვების დრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, - აცხადებს წიკლაური. 

გიორგი ვაშაძე კი ირწმუნება, რომ ჩანაწერებში საუბარია მშვიდობიან დემონსტრაციაზე. for.ge-სთან საუბარში ვაშაძე აცხადებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება კონსტიტუციით გარანტირებულია და პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, ხოლო ფარულ ჩანაწერებში რაიმე ძალისმიერ მეთოდებზე საუბარი არ არის.

„იქ ნახსენებია „ბოევიკი“, რომელიც შეიძლება ვინმემ სხვა კუთხით განმარტოს. რაღაც შემთხვევაში, ფიზიკური ძალის მქონე ადამიანების არსებობა აუცილებელია, რომლებიც დაცვას შეძლებენ. ვხედავთ, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფები თავს ჩვენს ოფისებს ესხმიან. „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა, ეს ხელისუფლება მშვიდობიანად გავისტუმროთ და ამისთვის კონსტიტუციურ ბერკეტებს გამოვიყენებთ.  საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ ხელისუფლებისგან გასროლას უნდა ველოდოთ. ამაზე შესაბამისი მზაობა უნდა იყოს და სამოქმედო გეგმა უნდა გვქონდეს“, - აცხადებს ვაშაძე, რომელიც ბურჯნაძისა და ბათიაშვილის ფარულ ჩანაწერებს იხსენებს.

კანონმდებლის თქმით, ბათიაშვილი იმ ადამიანს ესაუბრებოდა, რომელსაც შეიარაღებული ამბოხი ჰქონდა დაწყებული, ხოლო ბურჯანაძე ჩანაწერებში „გრუ“-ს სპეცრაზმის ჩამოყვანაზე საუბრობდა, მაგრამ მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

„ბურჯანაძის მიერ უფრო უარესი ტერმინოლოგია იყო გამოყენებული, სადაც პირდაპირ საუბარი იყო სისხლისღვრაზე, მაგრამ რადგან უბრალო საუბარი იყო, ამაზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა. ვფიქრობ, რომ მისი ქმედებები უფრო მეტ საფრთხეს შეიცავდა. საუბრების დროს რა ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ამაზე აქცენტი არ უნდა გაკეთდეს“, - ამბობს ვაშაძე, რომლის პათოსს იზიარებს ნაციონალი ტარიელ ლონდარიძე.

ლონდარიძე for.ge-სთან საუბარში ყურადღებას მედიის თავისუფლებაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სიტყვის თავისუფლებას იცავს. დეპუტატის განცხადებით, „რუსთავი 2“ წითელი ხაზი იყო, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის წყალგამყოფია.

„ხელისუფლებისთვის არაერთხელ მოგვიწოდებია, რომ ტელევიზიების „დათრევაზე“ თავი დაენებინა. ჩვენი ქმედებები კანონის ფარგლებში ხორციელდება. ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე შემთხვევაში, კანონის მიღმა გავედით. თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცას აპირებს, მაგრამ ეს სრული ილუზიაა და შეთქმულების ნაწილია. ხელისუფლებას სურს, ნაციონალებისგან მტრის ხატი შექმნას, რადგან მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ“, - განაცხადა ლონდარიძემ, რომელსაც კითხვით მივმართეთ, თავად ხელისუფლებაში რომ იყოს, ოპოზიციის იმ ფარულ ჩანაწერებზე რა რეაქცია ექნებოდა, სადაც საუბარი მოსალოდნელ სისხლისღვრაზეა?

ლონდარიძე ამბობს, რომ საზოგადოების ჩართულობამ და ჟურნალისტების სიმამაცემ შედეგი გამოიღო და ხელისუფლებამ თავისი სურვილები მყისიერად ვერ შეასრულა.

„როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა პრეცედენტი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის, ასე ვეცდებით, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავიბრუნოთ ხელისუფლება“, - დასძინა ლონდარიძემ.

ნაციონალების მსგავსად, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე ჩანაწერების მოპოვების გზებით ინტერესდება და for.ge-სთან საუბარში ვარაუდს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება უკანონო მოსმენებს კვლავ ახორციელებს.

შავგულიძის განმარტებით, სააკაშვილის მიმართვა, - „ბარიკადებით უნდა დახვდნენ და მოსალოდნელია, გასროლაც კი“, შეიძლება ყურს ცუდად ხვდება, მაგრამ იქ ხელისუფლების დამხობისკენ არანაირი მოწოდება არ არის გაკეთებული.

დეპუტატი ფიქრობს, რომ აღნიშნული ჩანაწერი კანონით გათვალისწინებულ რაიმე დანაშაულს არ შეიცავს.

„იქ საუბარია, თუ ძალადობრივი შემოჭრა მოხდება, ცოტა უფრო მეტად დაიცვით თავიო. ყურს ხვდება სიტყვა - „ბოევიკებიც“, რომელიც შეიძლება ჯანიანი ბიჭებით ჩაანაცვლო. იქ მოწოდება არ არის, რომ გარეთ გამოდით და ვინმეს თავს დაესხითო. რაც მოვისმინე, იქ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობის არც მოწოდებაა და არც დანაშაულისკენ მიმართული ქმედებაა. მთავარია, ეს ჩანაწერები საიდან გაჩნდა და მთავარი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ მაქვს“, - ამბობს შავგულიძე.

კანონმდებელის მოსაზრებით, ჩანაწერების მოპოვების ორი შესაძლო ვარიანტი არსებობს - ან ხელისუფლება აგრძელებს უკანონო მოსმენებს და დანაშაულს სჩადის, ან ამ ჩანაწერებს რუსეთის სპეცსამსახურები მოიპოვებენ და ჩვენი ხელისუფლება მათთან თანამშრომლობს.

„ან ეს მასალები თუნდაც უკრაინის სპეცსამსახურების მიერ არის მოპოვებული და ხელისუფლება მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იყენებს არალეგიტიმური ნიშნებისთვის. ამ ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელებისთვის პრეტენზია ჩვენი ხელისუფლების მიმართ უნდა ითქვას. გამოძიება სწორედ აქ უნდა დაიწყოს“, - აღნიშნავს შავგულიძე.

უკრაინულ ვებ-გვერდზე - uarevo.in.ua ფარულ ჩანაწერებს ვინ აქვეყნებს, ეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკი არ იცის, თუმცა, დეპუტატი for.ge-სთან ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გეგმებზე ამახვილებს.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილი სახელმწიფო მოღვაწე კი არ არის, არამედ პროვოკატორია, რომელიც პრობლეებს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინას.

„ნაციონალების ლოგიკით რომ ვისაუბროთ, მაშინ უკრაინელები უფრო არიან დაინტერესებულნი, რომ ოდიოზური სააკაშვილის ქმედებები როგორმე გამოავლინონ. თუკი ამ ჩანაწერებს სერიოზულად ჩავუფიქრდებით, ნახავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნიათო თავის მართლებას მიჰყო ხელი, რადგან მათ სხვა გზა არ დარჩენიათ. გივი თარგამაძემ ან წიკლაურმა, სხვა რა უნდა გააკეთონ? როგორც ბათიაშვილის დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული, ჩვენი გადაწყვეტილება ასევე არ უნდა გამოჩნდეს. საქმის შესწავლა დეტალებში უნდა მოხდეს. ბათიაშვილს ხელი მოკიდეს და პატრიოტი ადამიანი ციხეში ჩააგდეს. ადამიანი ერთი ხელის მოსმით ციხეში რომ შევაგდოთ, გამოვა, რომ ნაციონალების გზას ვადგავართ. გამოძიება სიღრმეში უნდა ჩავიდეს. არ შეიძლება, ირაკლის მიმართ ჩადენილი უსამართლობა პარალელების გავლების მაგალითად გამოდგეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ ვებ-გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა დეპუტატების ფარული ჩანაწერების გარდა, დღეს, რომეო საჯაიასა და დათა ახალაიას საუბრებიც გამოქვეყნდა.